"დამოუკიდებელი" ბუმი საქართველოში შესაძლებელია - კვირის პალიტრა

"დამოუკიდებელი" ბუმი საქართველოში შესაძლებელია

ვარდებით მოსული ხელისუფლების მმართველობიდან ცხრა წელიწადი გავიდა. მიმდინარე არჩევნებით ქვეყნის არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მომავალიც განისაზღვრება. დასაქმება, ეკონომიკური განვითარება, სოფლის მეურნეობის განვითარება, სიღარიბის დაძლევა და ბიზნესისთვის საუკეთესო გარემოს შექმნა - ეს იმ დაპირებების მცირე ჩამონათვალია, რასაც ცხრა წლის განმავლობაში მმართველი გუნდისგან არაერთხელ ვისმენდით. რა შედეგი მივიღეთ რეალურად და რა შეიძლება მოგვიტანოს მიმდინარე არჩევნებმა? ამის შეფასება კავკასიის სოციალურ-ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, დავით ნარმანიას ვთხოვეთ.

დავით ნარმანია: "ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ საკმაოდ ამბიციური განაცხადი გააკეთა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. რაც მთავარია, მათ საზოგადოების მხრიდან ნდობის საკმაოდ მაღალი მანდატი ჰქონდათ. ეს ნიშნავდა, რომ საზოგადოება ენდობოდა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსულ ხელისუფლებას და უმეტესობას სჯეროდა, რომ ეს ხელისუფლება მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებდა. ხელისუფლებამ რევოლუციურ ტალღაზე დაიწყო ეკონომიკური ხასიათის რეფორმები, სხვა სახის რეფორმებთან ერთად. ეს იყო 2004 წელს წარმართული საგადასახადო რეფორმა, 2005 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული საგადასახადო კოდექსი, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად შემცირდა გადასახადების ოდენობა და განაკვეთები, გამარტივდა პროცედურები, ლიცენზია-ნებართვების აღება, ბიზნესისა და ქონების რეგისტრაცია და სხვ.

ამავე დროს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა არათუ მოევლო მონოპოლიებისთვის, არამედ მათი მარეგულირებელი, ანტიმონოპოლიური სამსახურის სახით, საერთოდ გააუქმა. ამას საფუძვლად ედო ე.წ. ლიბერტარიანული ეკონომიკური მიდგომა, რომლის თანახმად, სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში მინიმალური უნდა ყოფილიყო.

2006-2007 წლებში მართლაც აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინვესტორების ნდობაც გაიზარდა ქვეყნის მიმართ. ამ წლებში ინვესტიციების ისეთი მოცულობა შემოვიდა, რაც არც მანამდე და არც მას შემდეგ შემოსულა. 2006 წელს, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით $1,5 მილიარდზე მეტი შემოვიდა, ხოლო 2007 წელს $2 მილიარდს გადააჭარბა. მაგრამ იმ დროს უკვე გაუქმებული იყო მანამდე ავად თუ კარგად მომუშავე ანტიმონოპოლიური სამსახური და კანონი, რომელიც ამ საკითხებს არეგულირებდა.

კომპანიებს ხელ-ფეხი გაეხსნათ, მოელაპარაკებინათ ხელისუფლებასთან და ე.წ. კარტელური გარიგებების გზით გამხდარიყვნენ მონოპოლისტები ან ოლიგოპოლისტები. შედეგი სახეზე გვაქვს - ეკონომიკის რამდენიმე სექტორში დიდი დაკვირვების გარეშეც აღმოაჩენთ მონოპოლიურ და ოლიგოპოლიურ ბაზრებს. ისინი ერთდროულად ზრდიან ფასს, საერთო პოლიტიკით მოქმედებენ და ამავე დროს, ფორმალურად კონკურენტებად მიიჩნევიან. ისინი ერთმანეთთან გარიგებული არიან და ამისთვის არავინ სჯით.

ერთი მხრივ, ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პოლიტიკა აირჩია და 2006 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დოკუმენტს მოაწერა ხელი, 2009 წელს კი აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყანა გახდა. მეორე მხრივ, სინგაპურიზაციის პოლიტიკას წარმართავდა. სინგაპურიზაცია და ევროინტეგრაცია ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულებებია, ამიტომ ხელისუფლება შეცდა, როცა მათ შორის მკაფიო არჩევანი ვერ გააკეთა. არ ვამბობ, რომ სინგაპურიზაცია ცუდია, თუმცა იქ პირველ ადგილზე დგას ფულის კეთება, ბიზნესი და მომხმარებელი, ადამიანი და მისი უფლებები მეორე პლანზეა გადასროლილი. ევროინტეგრაციის შემთხვევაში მომხმარებლის უფლებების დაცვა და ადამიანია, როგორც სუბიექტი, წინა პლანზე წამოწეული. ამიტომ ჩვენ რამდენიმე წელიწადი მხოლოდ ამ არჩევანის გაუკეთებლობით დავკარგეთ. 2008 წელს რუსული აგრესია და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენა დაგვატყდა, რომ არა დონორთა დახმარება, ქვეყნის ეკონომიკა გაცილებით უფრო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. თუმცა $4,5 მილიარდიდან $2,5 მილიარდი კრედიტი იყო და ის საგარეო ვალს დაემატა.

- ხელისუფლების ყოფილი დიდმოხელეების მომგებიან ბიზნესებში გადასვლა საეჭვოდ დაემთხვა ფასების ზრდას მთელ რიგ მნიშვნელოვან პროდუქტებზე.

- მონოპოლია და ოლიგოპოლია ყოველთვის ორ რამესთან არის დაკავშირებული: გაზრდილ ფასებსა და გაუარესებულ სერვისთან. როცა იძულებული ხარ, ერთი და იმავე კომპანიის, ან ერთმანეთში გარიგებული კომპანიების საქონელი შეიძინო და სხვა გზა არ გაქვს, მიმწოდებელი ბოროტად სარგებლობს ამით, ზრდის ფასს და ხარისხს აუარესებს. მომხმარებელს კი სხვა არჩევანი არ აქვს. ამის მაგალითია ოლიგოპოლიური მდგომარეობა საწვავის ბაზარზე, როცა ერთსა და იმავე დღეს, ერთი და იმავე მოცულობით ძვირდება საწვავი. ხელისუფლებისა და განსაზღვრული ბიზნესწრეების ტანდემის შედეგია ეროვნული მარეგულირებელი კომისიების გადაწყვეტილებები, რომლებიც გადასინჯვას არ ექვემდებარება და რომლის მიხედვითაც არაადეკვატურად მაღალი ტარიფებია დაწესებული. გაძვირებების გამო, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებლები რომ გავაანალიზოთ, მეთოდოლოგიაში არსებული მანიპულაციების მიუხედავად, ფასების საერთო დონის ზრდა საკმაოდ მაღალია, რამაც მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი მნიშვნელოვნად დააქვეითა.

ჩვენი ხელისუფლება ხშირად ტრაბახობს გაზრდილი პენსიებით, თუმცა საქართველოში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დაბალი პენსიაა. 2003-2004 წლებში საშუალო შემოსავლის მსყიდველობითი უნარის შედარებისას დღეს არსებულთან, მკაფიოდ ჩანს, რომ მოსახლეობის განსაზღვრული ფენების ცხოვრების დონე გაუარესდა. საინტერესოა, რომ გამოცხადებული ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საქართველოში უარესდებოდა სოციალური მაჩვენებლები, იზრდებოდა უმუშევრობა, სიღარიბის ზღვარს მყოფი მოსახლეობის რაოდენობა.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით, საქართველო 144 ქვეყნიდან 131-ე ადგილზეა, სასამართლოს ეფექტიანობის თვალსაზრისით კი 144 ქვეყანას შორის - 95-ზე. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, სად უნდა დაიცვას ბიზნესმა საკუთარი უფლებები? ბევრმა ბიზნესმა უარი თქვა განვითარებაზე, ბევრმაც საქმიანობა საერთოდ შეწყვიტა. ამის გამოძახილია წინასაარჩევნო პროგრამებში გამოჩენილი სლოგანი - გავათავისუფლოთ ბიზნესი სახელმწიფო წნეხისგან.

- თუ არჩევნების შემდეგ ბიზნესი სახელისუფლებო წნეხისგან გათავისუფლდა, შეიძლება საქართველოში ერთგვარი ეკონომიკური ბუმი მხოლოდ ამ მიზეზითაც ვიხილოთ?

- ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ბევრი თვალსაზრისით საინტერესოა ინვესტორებისთვის. განვითარების პოტენციალი არსებობს მნიშვნელოვანი ინვესტიციის პირობებში, რა თქმა უნდა, თუ ხელისუფლების "რკინის ხელი" არ შეაფერხებს. ჯერ კიდევ არის სახელმწიფო ქონების ნაწილი, რომელიც შეიძლება გაიყიდოს და გამოჩნდეს ინვესტორი, რომელსაც ნორმალური ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში ინტერესი გაუჩნდებოდა. ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი ხიდი ზოგი მეზობლისთვის და სატრანზიტო ქვეყანა, საიდანაც შესაძლოა სარგებელი ნახოს ბიზნესმა და ქვეყანამ. ასე თუ ისე, საშუალო სეგმენტის ტურიზმიც გაგვაჩნია. განვითარების საფუძველი არსებობს. არჩევნების შემდგომ მოსულმა მთავრობამ მკაფიო ხაზი უნდა წარმართოს. ეკონომიკას არ უყვარს დღეს ერთის კეთება, ხვალ კი მეორისა, ეკონომიკური პოლიტიკა მწყობრი უნდა იყოს. ამისთვის საჭიროა ადამიანური და ფინანსური რესურსები. ვიცი, რომ დღეს არსებული გადახდისუნარიანობის პირობებში ცოტა გაჭირდება ბიუჯეტის ამბიციური მოცულობით შევსება, რათა იქიდან სხვადასხვა ვალდებულებები დაფინანსდეს. ამიტომ საგარეო წყაროებიდან ფულის მოზიდვა იქნება საჭირო, რათა დამატებითი ბიძგი მიეცეს ქვეყნის ეკონომიკას.