"ჭირსა შიგან გამაგრება" ახალი ბიზნესომბუდსმენისგან - კვირის პალიტრა

"ჭირსა შიგან გამაგრება" ახალი ბიზნესომბუდსმენისგან

სისხლის სამართლის წესით დასჯილი მეწარმეები ბიზნესის დამცველისთვის მიმართვას ვერ ბედავენ

კერძო სექტორს ახალი უფლებადამცველი ჰყავს. გიორგი პერტაიას შემდეგ, ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა "პროკრედიტ ბანკის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, მაია მერედოვამ დაიკავა. ახალი ბიზნესომბუდსმენი ქვეყანაში უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნის პირობას დებს და მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის შემთხვევაში, პატიმარი ბიზნესმენების საქმეებს გადახედოს.

- ადვილად დათანხმდით თუ არა შეთავაზებას, ბიზნესის დამცველის ფუნქციები შეგესრულებინათ და რა "მემკვიდრეობა" ჩაიბარეთ თქვენი წინამორბედისგან?

მაია მერედოვა (ბიზნესომბუდსმენი): "გულწრფელად რომ გითხრათ, ეს არცთუ ადვილი გადაწყვეტილება იყო. არ ველოდი ასეთ შემოთავაზებას. კერძო სექტორში ვმუშაობდი და სახელმწიფო უწყებაში გადასვლა არც მიფიქრია. ეს წინადადება კი საინტერესოდ მომეჩვენა. იმის გათვალისწინებით, რომ რვა წელიწადს საბანკო სექტორში ვიმუშავე, აქედან ექვს წელიწადს საქართველოს საბანკო სექტორში, კარგად ვიცნობ იმ პრობლემებს, რომლებსაც დღეს ბიზნესი აწყდება. "პროკრედიტ ბანკში", სადაც ჩვენ ვაფინანსებდით მცირე და საშუალო ბიზნესს, იოლად მიხვდებოდი, რა პრობლემები და საჭიროებები აქვთ მათ. ამ გამოცდილების შემდეგ, ვიფიქრე, რომ ბიზნესომბუდსმენის ფუნქციების შესრულება საინტერესო იქნება. აქ შემიძლია ჩემი გამოცდილება გამოვიყენო და ამით საქართველოში ბიზნესის განვითარებას დავეხმარო.

ამიტომაც დავთანხმდი შემოთავაზებას. თანაც ეს ხომ ნეიტრალური პოზიციაა. ბიზნესომბუდსმენს არ აქვს უფლება, არც ერთი პოლიტიკური ძალის ნაწილი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმწიფო უწყების ნაწილია, ჩვენ ბიზნესის უფლებების სადარაჯოზე ვდგავართ. ჩვენ ვართ უწყება, რომელიც ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის დგას და იცავს ბიზნესის უფლებებს, მათი დარღვევის შემთხვევაში.

ეს სამსახური არც ისე დიდი ხანია, 2011 წლიდან მოქმედებს და ჩემი წინამორბედისგან არ დამხვედრია გადაუწყვეტელი საკითხები. საქმეების დიდი ნაწილი, რომელიც შარშან შემოვიდა და ძირითადად საგადასახადო საკითხებს ეხებოდა, განხილულია. აღსანიშნავია, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატში არ არსებობს ბიუროკრატიული ბარიერი, ჩვენ უშუალო კავშირი გვაქვს სხვადასხვა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან. ამიტომ ყველა შემოსულ საჩივარზე რეაგირება სწრაფად ხდება. თუ საქმე საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება (ცვლილებებს, განმარტებას, ინტერპრეტირებას), მიზეზთა გამო, ამას მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ინდივიდუალური განცხადებების გადაწყვეტას. მხოლოდ შარშან რამდენიმე ათეული საკანონმდებლო ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსში ბიზნესომბუდსმენის ინიციატივით.

- გადასახადის გადამხდელების მიერ შემოტანილი საჩივრებიდან რამდენი დაკმაყოფილდა გასული წლის განმავლობაში?

- სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დაახლოებით 1000 განაცხადი იყო შემოსული.. აქედან 57% კერძო სექტორის სასარგებლოდ გადაწყდა, 28% არ გადაწყვეტილა ბიზნესის სასარგებლოდ და 15% ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, სადავო საკითხებია, რომელთა გადაწყვეტას დრო სჭირდება. ყველანაირი საჩივარი შემოდის. ზოგჯერ აშკარად ხედავ, რომ ბიზნესი მართალია, ზოგჯერ კი ბიზნესის მხრიდან აშკარა კანონდარღვევას აქვს ადგილი. ასეთ შემთხვევაში ვერაფერს ვშველით, რადგან ჩვენც კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ.

- აღნიშნეთ, რომ ბიზნესიდან მოდიხართ, როგორც ბიზნესომბუდსმენს, რა პრობლემებისგან მოგიწევთ კერძო სექტორის დაცვა?

- ძირითადი პრობლემა, რასაც დღეს მცირე და საშუალო ბიზნესი აწყდება, საგადასახადო საკითხებია. ასეთი მოცულობის კომპანიებს არ აქვთ შესაძლებლობა, ძვირად ღირებული აუდიტორი, კარგი ბუღალტერი დაიქირაონ. ხშირად მხოლოდ იმის გამო, რომ სწორად ვერ გაიგეს საგადასახადო კოდექსის ესა თუ ის პუნქტი, რადგან რთული ენით არის დაწერილი, არასწორ დარიცხვებს აკეთებენ. გარდა ამისა, კოდექსში ცვლილებები ხშირად შედის, ბიზნესს კი ყოველთვის არ მიუწვდება ხელი ამ ინფორმაციასთან. ეს პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს. გარდა ამისა, ვფიქრობ, დროა, ბიზნესი საქართველოში განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდეს. განსაკუთრებით ეს მცირე და საშუალო ბიზნესს ეხება. აუცილებელია, ბიზნესმა მოახდინოს კონცენტრირება ინოვაციებზე, თანამშრომლების კომპეტენციის გაუმჯობესებასა და ახალი ნოუ-ჰაუს დამკვიდრებაზე. სწორედ ამ გზით შეძლებენ კომპანიები კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებასა და გაზრდას. მსხვილი კომპანიები ამას ახერხებენ, მაგრამ ქართული ეკონომიკის უდიდესი ნაწილი სწორედ რომ მცირე და საშუალო ბიზნესზე დგას.

საქართველოში 2005 წელს ჩამოვედი. ვხედავდი, როგორ მუშაობდა ბიზნესი მაშინ და როგორ მუშაობს ახლა, როგორი კანონმდებლობა იყო მაშინ და როგორია ახლა. ბევრი რამ შეიცვალა ბიზნესის სასიკეთოდ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან ცოტაა ისეთი ბიზნესი, რომელიც რეალურად ვითარდება, იზრდება და დიდ ბიზნესად გადაიქცევა. კერძო სექტორი ამბობს, რომ პრობლემებს შორის აქტუალურია ძვირი საბანკო კრედიტები.

- სხვათა შორის, თქვენთვის, როგორც ყოფილი ბანკირისთვის, ეს კითხვაც უნდა დამესვა...

- ვიცი, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე საქართველოში საკმაოდ მაღალია, მაგრამ ბანკებსაც ფულად რესურსთან წვდომა საკმაოდ ძვირი უჯდებათ. ამიტომ ერთგვარ მოჯადოებულ წრეს ვიღებთ - ბანკები თავადაც ძვირად იღებენ ფულად რესურსებს, შემდეგ კი კრედიტებსაც ძვირად გასცემენ. ამიტომ ბიზნესი რასაც შოულობს, საპროცენტო განაკვეთების გადახდას უნდება. ვიმედოვნებ, მომავალში საქართველო განვითარდება და ბიზნესსაც ექნება წვდომა უფრო იაფ ფულად რესურსებზე.

- რამდენიმე კვირაა ამ თანამდებობაზე ხართ, შეხვდით უკვე კერძო სექტორის წარმომადგენლებს?

- რა თქმა უნდა, შემოსულია რამდენიმე განაცხადი, მათ შორის არის შემთხვევები, როცა მეწარმემ თავად დაარღვია კანონი და ახლა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. არის შემთხვევები, რომლებიც ეხება მიწის გაჭიანურებულ რეგისტრაციას ზოგიერთ რეგიონში. არის ბევრი საქმე, რომელიც საგადასახადო საკითხებს ეხება. ჩვენ გვირეკავენ ცხელ ხაზზე და გვეკითხებიან რჩევებს სალარო აპარატების, ლიცენზიებისა და გადასახადების დარიცხვასთან დაკავშირებით.

- უკვე რამდენიმე წელიწადია, კერძო სექტორი სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს - მაღალ ჯარიმა-საურავებზე, ხელყოფილ კერძო საკუთრებაზე და სხვ. მზად ხართ, სახელმწიფო უწყებებს ამის გამო დაუპირისპირდეთ? მით უმეტეს, რომ ბიზნესომბუდსმენის სამსახური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

- ჩვენ სახელმწიფო უწყების ნაწილი ვართ, მაგრამ ამ სამსახურის შექმნის იდეა კერძო სექტორის დაცვა იყო. თუ დავინახავთ, რომ ბიზნესის უფლება ირღვევა, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს, აუცილებლად კერძო სექტორის უფლებებს დავიცავთ. ზოგჯერ ხდება, და ეს ნორმალურია, რომ ბიზნესის ინტერესი ხელისუფლების ინტერესს არ ემთხვევა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ოფისი არსებობს, უკვე მეტყველებს, რომ ხელისუფლებას სურს, ბიზნესთან ინტენსიური დიალოგი წარმართოს და მათი უფლებების დაცვა უზრუნველყოს.

- გადასახადების დამალვისა და სხვა ბრალდებით, რამდენიმე ათეული ბიზნესმენი ციხის გისოსების მიღმა აღმოჩნდა. უმრავლესობას მიაჩნია, რომ სასჯელს უსამართლოდ იხდიან. მათ საქმეებს გადახედავთ?

- რა თქმა უნდა, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ უსამართლოდ მოექცნენ, ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ და ყველაფერი შესაძლებელი გავაკეთოთ. ასეთი საქმეები ჩვენთან ჯერ არ შემოსულა. იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანი გადასახადებს იხდის, მას შეუძლია კიდეც მოსთხოვოს სახელმწიფოს საკუთარი უფლებების დაცვა. თუ კომპანია მთლიანად ლეგალიზებულია და გადასახადებს პირნათლად იხდის, მას არავინ არ უნდა ეხებოდეს".