ფინანსური კრიზისი ევროპიდან არ მიდის - კვირის პალიტრა

ფინანსური კრიზისი ევროპიდან არ მიდის

ბოლო დროს ეკონომიკურმა კრიზისმა კვლავ შეუტია ევროპის ქვეყნებს და საპროტესტო ტალღებიც კვლავ ძალას იკრებს. რამდენიმე ქვეყანაში ხელისუფლება იძულებული გახდა, საკუთარი ფინანსური პოლიტიკა სულ უფრო მეტად დაუკავშიროს სიტყვას "ეკონომია", რაც იმ ქვეყნების მოსახლეობას სულაც არ ეპიტნავება. იმატებს დემონსტრაციების თუ გაფიცვების რიცხვი, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

ესპანეთის ხელისუფლებამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, სადაც არაერთი რეფორმაა გათვალისწინებული დეფიციტის შესამცირებლად. მაგრამ ხელისუფლება არ დებს უახლოეს მომავალში უმუშევრობის შემცირების პირობას, რომელმაც 25%-იან დონეს მიაღწია. მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სახელმწიფო ვალის შემცირებაა, უფრო ზუსტად კი მისი ზრდის შეჩერება, რადგან ამ ვალის პროცენტულმა გადასახდელებმა თითქმის 10 მილიარდ ევროს მიაღწია. ევროკავშირში მოიწონეს მადრიდის ანტიკრიზისული ზომები, სანაცვლოდ, უკმაყოფილოა ესპანეთის უამრავი მოქალაქე.

ათასობით ადამიანი კრიზისის შედეგებს ქუჩაში აპროტესტებს და დემონსტრანტებისა და პოლიციის შეხლა-შემოხლაც აღარავის უკვირს. ისიც ფაქტია, რომ დემონსტრაციებსა და პროტესტს ქვეყნის მდგომარეობაში დღემდე არაფერი შეუცვლია.

ეპიცენტრი საბერძნეთში რჩება

საბერძნეთში, ევროზონის კრიზისისგან დაზარალებულ პირველ ქვეყანაში, ესპანეთზე უარესი მდგომარეობაა. ათენს ევროკავშირმა და სავალუტო ფონდმა 2010 წელს 110 მილიარდი ევრო გამოუყვეს. მეორე 130-მილიარდიანი დახმარება წლეულს მარტში დაუმტკიცეს, რის სანაცვლოდაც საბერძნეთმა ხისტი ეკონომიკური რეფორმების გატარება დაიწყო. თუმცა უკვე მარტშივე ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საბერძნეთს კიდევ 50 მილიარდი დასჭირდებოდა. დღევანდელი მდგომარეობით საბერძნეთის ბიუჯეტის დეფიციტი იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე ელოდნენ, თითქმის 20 მილიარდი ევრო. ათენი ფინანსური დახმარების მორიგ ტრანშს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ამ დეფიციტს შეამცირებს.

გამოსვლები პორტუგალიურად

ეკონომიკური კრიზისი და პროტესტებია პორტუგალიაშიც. გასულ კვირებში ლისაბონში ათასობით დემონსტრანტმა პრეზიდენტის სასახლის წინ მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა გააპროტესტა, რომელიც ითვალისწინებს სოციალური გადასახადის 11-დან 18%-მდე გაზრდასაც. დემონსტრანტებს ეჭირათ პლაკატები წარწერით - "კმარა ხალხის ძარცვა!" ცოტა ხნით ადრე კი 100 ათასმა პორტუგალიელმა დემონსტრაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის წინ გამართა. შენობას პომიდვრები დაუშინეს. გასულ ხუთშაბათს მთლიანად გაიფიცა ლისაბონის მეტრო. ხელისუფლება გეგმავს საქალაქო ტრანსპორტის პრივატიზაციას, ოღონდ მანამდე ხელფასებს შეამცირებენ საბიუჯეტო ხარჯების დასაზოგავად. პროფკავშირები მეტროს კერძო კომპანიისთვის გადაცემას მკვეთრად ეწინააღმდეგებიან.

იტალიელები ნაკლებს ჭამენ

იტალიის ფერმერთა კავშირის ინფორმაციით, იტალიელი ოჯახების 61%-მა ბოლო დროს სასურსათო ხარჯები შეამცირა. 7%-ით შემცირდა რძის გაყიდვა, დაიკლო კარაქითა და თევზეულით ვაჭრობამ. ხალხი უარს ამბობს ძვირ პროდუქტზე და ბოსტნეულს უშუალოდ ფერმებში ყიდულობენ. ამ ტიპის ვაჭრობა ერთ წელიწადში 23%-ით გაიზარდა. იტალიის ვაჭრობის ასოციაციის შეფასებით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდზე უარესიც კი არის. საცალო გაყიდვა ივლისში 3,2%-ით შემცირდა და ბოლო თვეებში ეს კლება შეუქცევადი გახდა. თვით ყავის მოხმარებაც კი, რაც იტალიელებისთვის ლამის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტია, ბოლო ექვსწლიან მინიმუმამდე დაეცა - 5,68 კგ-მდე ერთ ადამიანზე. უმუშევრობის რეკორდული მაჩვენებლის გამო იტალიელი მეწარმეები უკვე ვეღარ აკეთებენ გათვლას შიდა მოთხოვნაზე. რა გასაკვირია, რომ ხელისუფლება ეკონომიკის 2,4%-ით შემცირებას მოელის.

საფრანგეთში უმუშევრობის რცხვენიათ

სწრაფად იზრდება უმუშევრობა ევროზონის მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში - საფრანგეთში. ოფიციალურად უკვე 3 მილიონი ფრანგია უმუშევარი, ვინც ყოველდღიურად ეძებს დროებით სამუშაოს მაინც, რათა საკვების ფული გამოიმუშაოს. შრომის ბაზარზე და ეკონომისტებს შორის პესიმიზმი მეფობს, რადგან მიაჩნიათ, რომ კრიზისის პიკი ჯერ გავლილი არ არის. ფრანგი ეკონომისტის, მატიე პლანის მტკიცებით, საფრანგეთში ყოველი ადამიანისთვის უმუშევრობა, უფულობის გარდა, პიროვნულ დრამასაც ნიშნავს - ეს არის სირცხვილი, სოციალური და პირადი მისწრაფებების დაკარგვა. "მე ცოტას ვცრუობ, - ამბობს უმუშევარი ჟილი ჟურნალისტთან საუბრისას, - ვუთითებ ყოფილ პროფესიას, სამსახურს, სადაც ადრე ვმუშაობდი. მაგრამ ვერ ვაღიარებ, რომ უმუშევარი ვარ. მრცხვენია".

უკანასკნელი მებრძოლი კრიზისთან

ევროკავშირის ერთადერთი ნათელი წერტილი გერმანიაა. უმუშევრობა აქ 6,8%-ია, სულ გერმანიაში 2,911 მილიონ უმუშევარს ითვლიან. ამ ფონზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კვლავ საუბრობს ევროკავშირის ეკონომიკურ პრობლემებზე და ამბობს, რომ გერმანია განზე გადგომას არ აპირებს.

უარესობისკენ შეცვალა ადრინდელი პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ეკონომიკის კიდევ უფრო შემცირება ივარაუდა. სსფ-ის ახალი ანგარიში ცნობილი 9 ოქტომბერს გახდება, თუმცა ზოგიერთი დეტალი უკვე გახმაურდა. ფონდის ხელმძღვანელმა კრისტიან ლაგარდმა, ვაშინგტონში გამოსვლისას, მსოფლიო მშპ-ის შემცირება წლეულს 3,5%-ით ივარაუდა, ხოლო გაისად - 3,9%-ით. ლაგარდის თქმით, მსოფლიოში "გაურკვევლობის" ეპიცენტრებად აშშ და ევროპა რჩებიან, ხოლო ცალკე ევროპა "კრიზისის ეპიცენტრად" მოიხსენია.

ინვესტორები ელოდნენ, რომ ევროპის ბანკი პრობლემური ქვეყნების ვალებს გამოისყიდდა, რაც კრიზისის გადაჭრის წინაპირობა გახდებოდა. თუმცა ბოლო შეხვედრებმა საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებს შორის რამდენიმე საკითხში უთანხმოება კიდევ ერთხელ გამოააშკარავა. შესაბამისად, არც კრიზისი აპირებს საკუთარი ნებით სადმე წასვლას.