ბიზნესი ხელისუფლების წნეხისგან უნდა გათავისუფლდეს, ბაზარზე აღარ უნდა არსებობდეს მონოპოლიები - კვირის პალიტრა

ბიზნესი ხელისუფლების წნეხისგან უნდა გათავისუფლდეს, ბაზარზე აღარ უნდა არსებობდეს მონოპოლიები

აღდგება არბიტრაჟი და ანტიმონოპოლიური სამსახური, გადაიხედება შრომის კოდექსი...

5 ოქტომბერს, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც თითქმის ორ საათს გაგრძელდა, ასზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ "ვისოლის", "ბორჯომის", "იუჯითის", "ოლიმპიური ვარსკვლავის", "საქართველოს ბანკის", "რიკო კრედიტის", ბანკ "რესპუბლიკის", "თიბისი ბანკის", "ჯიემსი ჯგუფის", "ავერსის", "ბაგრატიონი 1882"-ის, "ჯეოსელის" ხელმძღვანელები. ბიძინა ივანიშვილისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის განცხადებით, საქართველოში ბიზნესი ხელისუფლების წნეხისგან უნდა გათავისუფლდეს, ბაზარზე აღარ უნდა არსებობდეს მონოპოლიები, მაგალითად ისეთი, როგორიც ამჟამად ფარმაცევტულ სექტორშია. ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საბანკო სექტორი პოლიტიზებული არ უნდა იყოს და რომ ფინანსურ ინსტიტუტებს სესხებზე საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ, ეს კი მსესხებლებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს...

"ხელისუფლებაში ჩემს გუნდთან ერთად არ მოვდივარ ვინმეს დასასჯელად, პირიქით, სურვილი მაქვს ყველა ბიზნესმენი გავიცნო და მაქსიმალურად დავეხმარო პრობლემების მოგვარებაში", - ასეთი იყო მომავალი პრემიერ-მინისტრის განაცხადი. ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გადასახედია შრომის კოდექსი, რაშიც მონაწილეობა ბიზნესმენებმაც უნდა მიიღონ. ივანიშვილმა მოუწოდა ბიზნესმენებს, გათავისუფლდნენ და "ჩამოიფერთხონ" ისინი, ვინც კიდევ არის ჩამოკიდებული მათზე და აწუხებთ, გათავისუფლდნენ ამ წნეხისგან. მან სამომავლოდ არ გამორიცხა ბიზნესის გათავისუფლება მოგების გადასახადისგან, რადგან ამ გადასახადს არცთუ დიდი წილი აქვს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში.

ბიძინა ივანიშვილი (კოლაცია "ქართული ოცნების" ლიდერი): "საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მაქსიმალური მცდელობა იქნება ჩვენი მხრიდან და მე გარანტიაც მივეცი ბიზნესს, რომ ხელისუფლება და მოხელეები ვერ გაბედავენ და არ ჩაერევიან კერძო ბიზნესსა და კერძო საკუთრებაში. ეს უნდა გახდეს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისა და იმ დიდი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის საფუძველი, რასაც უმუშევრობა ჰქვია. მე ეს პირობა მივეცი და ასევე შევახსენე ბიზნესს, რომ ვისაც აქვს ურთიერთობა მონოპოლიებთან, კარტელურ შეთანხმებებთან, უარი თქვან ამაზე, რადგან ჩვენ არ დავუშვებთ დღევანდელი მდგომარეობის გაგრძელებას საქართველოში. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც წინა ხელისუფლებამ გააუქმა და შევქმნით სისტემას, სადაც პროკურატურა და სასამართლო იქნება ხალხისა და ბიზნესის სამსახურში".

ლევან ვასაძე (ბიზნესმენი, კომპანია "ბაგრატიონი 1882-ის" ხელმძღვანელი): "ზეწოლა რომ იყო ბიზნესზე ხელისუფლების მხრიდან, ეს ვინმესთვის საიდუმლოს წარმოადგენს? ბიზნესსაზოგადოებას აქვს იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილი, თავისი წარსულიდან გამომდინარე, კარგად ერკვევა ბიზნესის სატკივარში. ესმის ის მოდელი, რომლითაც ცივილურ, თანამედროვე სახელმწიფოში უნდა იყოს აგებული ურთიერთობები სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. ამ თვალსაზრისით ჩვენ, როგორც ქვეყანას, ერთ-ერთი უპირატესობა გვაქვს - საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჩვენ არ ვართ განებივრებული წიაღისეულით. იმ ქვეყნებში, სადაც დიდი წიაღისეული სიმდიდრეებია, როგორც წესი, ძალიან ძნელი ხდება ბიზნესისა და სახელმწიფოს გამიჯვნა.

იშვიათი გამონაკლისია ავსტრალია ან აშშ, სადაც დიდი ბუნებრივი სიმდიდრეა და მაინც მოახერხეს იქ სახელმწიფოსა და ბიზნესის ინტერესების გამიჯვნა. თუ არის ქვეყანაში პოლიტიკური ნება, რომ ბიზნესი და პოლიტიკა მართლა გაიმიჯნოს, მაშინ ეს ძალიან მარტივად ხდება ისეთი სტრუქტურის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა".

პაატა კურტანიძე (კომპანია "ავერსის" გენერალური დირექტორი): "შეხვედრისას რამდენჯერმე გაკეთდა აქცენტი მონოპოლიაზე და შემდეგ უკვე კონკრეტულად ფარმაცევტულ კომპანიებთან დაკავშირებით. ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლია არ არის. სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლებასთან მიწევს მტკიცება, რომ "ავერსი" არ არის მონოპოლისტი და იმედი მაქვს, შევძლებთ ამის დამტკიცებას. დადებითი, რაც განაცხადა ბატონმა ბიძინამ, ის არის, რომ მონოპოლისტის წოდების მინიჭება ვინმესთვის არ უნდა მოხდეს ეჭვების დონეზე. ამისთვის შეიქმნება ანტიმონოპოლიური სამსახური, მას ექნება კრიტერიუმები, რომლებითაც შეფასდება, ვინ არის მონოპოლისტი. თუ ანტიმონოპოლიურ სამსახურს ექნება პრეტენზია რომელიმე კომპანიის მიმართ, ეს გაირკვევა სასამართლოს გზით და შემდეგ კომპანია ამას გაითვალისწინებს.

- არც ოლიგოპოლია არ არის ფარმაცევტულ ბაზარზე?

- ოლიგოპოლია რას ნიშნავს?

- როცა ბაზარზე გავლენას რამდენიმე მსხვილი სუბიექტი ინაწილებს...

- მაინც რამდენი უნდა ინაწილებდეს?

- ორი, სამი ან ოთხი და ყველა ერთად ბაზრის დიდ წილს ფლობდეს, მაგალითად 50-60%-ს.

- ჩვენ, სამ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას გვაქვს ბაზრის დაახლოებით 47%. არის 456 იმპორტიორი და 2500 აფთიაქი. ამიტომ, სანამ მონოპოლისტს ან ოლიგოპოლისტს გვიწოდებთ, ჩამოაყალიბეთ კრიტერიუმები.

- მაშინ პირდაპირ გკითხავთ: შესაძლებელია, რომ ახლო მომავალში ვიხილოთ განსხვავებული ფასები სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიაში?

- დღეს რომ დასწიოს "ჯიპისიმ", "პე-ეს-პემ" ან "ფარმა დეპომ" ფასები, ჩვენ ეს ვიცით, მაქსიმუმ, მეორე დღეს, და იმავე დღეს ან იმავე ფასს ვსვამთ, ან უფრო ნაკლებს. რა გგონიათ, ფასს დავადებთ და ერთ წელიწადს აღარ ვუყურებთ, მედიკამენტს რა ფასად ვყიდით? ამაზე მუშაობს დაახლოებით 200 ადამიანი, რომ არ გამოგვეპაროს ფასის ცვლილება არც ერთ აფთიაქში. ამას გარდა, მომხმარებელი შემოდის და გვეუბნება: თქვენთან რატომ ღირს ამდენი, როცა აფთიაქში სხვა ფასად ვიყიდეო".

ლევან ფხაკაძე (კომპანია "ვისოლის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე): "საინტერესო შეხვედრა მოეწყო, კარგია რომ ეს ინიციატივა ბიძინა ივანიშვილისგან წამოვიდა. რაც შეეხება მონოპოლიებსა და გარიგებებს ბაზარზე, ბუნებრივია, ამას მოკვლევა სჭირდება. რაღაც სიმახინჯეები ბიზნესში არსებობდა და ნებისმიერი ბიზნესისთვის აუცილებელია ნორმალური კონკურენტული გარემო. ჩვენი კომპანია დიდი ხანია ბაზარზეა, ჩვენ არ შევუქმნივართ წინა ხელისუფლებას. მათი ხელისუფლებაში მოსვლისას უკვე საკმაოდ მყარი და ძლიერი პოზიციები გვქონდა ბაზარზე.

- ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ შესაძლოა, ნორმალურ კონკურენტულ პირობებში საწვავის ფასებმაც დაიკლოს. ერთ-ერთმა თქვენმა კონკურენტმა ფირმამ კონკრეტული ციფრი, 30 თეთრიც კი დაასახელა...

- თუ კომპანიებს სურთ, რომ რენტაბელობა ჰქონდეთ, ფასების ამ მოცულობით დაწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.