"ეს ის ბიუჯეტი აღარ გახლავთ..." - კვირის პალიტრა

"ეს ის ბიუჯეტი აღარ გახლავთ..."

ლაზიკა არ აშენდება. ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებისა თუ შეწყვეტის საკითხები სათითაოდ განიხილება

ჯერ კიდევ მოქმედმა მთავრობამ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე წარმოადგინა, რომელშიც, მათი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო დაპირებებია შესული. კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი აუცილებლად გადაიხედება და მასში ბევრი რამ შეიცვლება. თუმცა მანამდე შესაძლოა წლევანდელი ბიუჯეტის შესრულების პრობლემაც დადგეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ბიუჯეტის შემოსავლებმა 4,544 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს წლიური საპროგნოზო მაჩვენებლის 64,4%-ია. ხარჯების სახით ბიუჯეტიდან ამ რვა თვეში 4,186 მილიარდი ლარი გავიდა, წლიური გეგმის 61,7%. საბიუჯეტო ხარჯების ყველაზე დიდი წილი სოციალურ უზრუნველყოფაზე, გრანტებსა და "სხვა ხარჯებზე" მოდის. სწორედ ბიუჯეტის ეს ბუნდოვანი მუხლი მიაჩნიათ დამოუკიდებელ ექსპერტებს იმ ძირითად "ნაღმად", რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება "აფეთქდეს".

2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი რომ დიდწილად "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიაზე იყო მორგებული, ამას კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" საპარლამენტო არჩევნებამდეც აღნიშნავდა. არასამთავრობოებს განსაკუთრებით საეჭვოდ ეჩვენებოდათ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, სადაც ზოგი ხარჯი, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ამომრჩევლის ხმების მოსაპოვებლად იყო გამიზნული. ამასთან, თუ 2011 წლის ბიუჯეტში 3000-მდე სხვადასხვა სახის დეტალური ჩანაწერი იყო, 2012 წლის ბიუჯეტში ის 1500-მდე შეამცირეს.

"ხელისუფლება ოსტატურად ცდილობს, ბიუჯეტში გადამალოს ისეთი ხარჯები, რომელთა აშკარად გამოჩენა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იქნება. 2012 წლის ბიუჯეტი არ შეიცავს ინფორმაციას წინა წლის ხარჯების შესახებ, რათა ადვილი შესადარებელი არ იქნეს არასაარჩევნო 2011 და საარჩევნო 2012 წლის ხარჯები.

2012 წელს რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დაფინანსება თითქმის ექვსჯერ გაიზარდა და მათი უმეტესობა კრედიტებით ფინანსდება. ინფრასტრუქტურული პროექტები კარგი „კოზირია“ ხელისუფლების ხელში. ამ ღონისძიებებს, ტრადიციულად, მმართველი პარტიის საარჩევნო კანდიდატები ესწრებიან, აქტიურად შუქდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და, შესაბამისად, სახელისუფლებო გუნდისთვის ხილულ აქტივს ქმნის", - ნათქვამია კოალიციის ანგარიშში.

როგორც კი არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა გამოვლინდა, მოქმედმა მთავრობამ რამდენიმე მასშტაბური პროექტის მშენებლობა შეაჩერა. არაოფიციალური ინფორმაციით - უსახსრობის გამო. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: სახელისუფლებო ძალაუფლების გადაბარების პროცესში ხომ არ გველოდება საბიუჯეტო კრიზისი, რომელიც მოსახლეობის კისერზე გადაივლის და რას აპირებს ამ მიმართულებით ახალი მმართველი გუნდი?

ნოდარ ხადური (კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი): "წლევანდელი ბიუჯეტი იმდენად ბუნდოვნად და გაუმჭვირვალედ იყო შედგენილი, რომ დიდი ეჭვები არსებობდა არჩევნების შემდეგ საბიუჯეტო პროცესში სერიოზული პრობლემების წარმოქმნასთან დაკავშირებით. ახლა ვხედავთ, რომ რეალობა მართლაც ასეთია. ეს ეხება როგორც მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებას, ისე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მთავრობამ უკვე წარდგინა საქართველოს პარლამენტში. ცხადია, ის მნიშვნელოვნად შეიცვლება და უფრო რეალისტური გახდება. მოგეხსენებათ, ჩვენ მიერ უკვე დაწყებულია მოქმედებები იმ მიმართულებით, რომ ჩამოყალიბდეს მთავრობა, დაინიშნოს ფინანსთა მინისტრი, რომელიც უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას ბიუჯეტის აღსრულების პროცესში.

ორი თვეა დარჩენილი ბიუჯეტის შესრულებამდე და ამ ხნის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბიუჯეტმა თავისი ვალდებულებები შეასრულოს. თუმცა თქვენი მეშვეობით მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომელთა მოვალეობაც გახლავთ დღეს, არ მოდუნდნენ და ბიუჯეტის შესრულებას პრობლემები არ შეუქმნან, იქნებიან ეს ფინანსთა სამინისტროს, ხაზინისა თუ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები. მოვუწოდებ, მაქსიმალურად ეფექტურად ხარჯონ არსებული შემოსავლები, ნუ გაფლანგავენ ბიუჯეტს და ხელოვნურ პრობლემებს ნუ შექმნიან. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოვახერხებთ ყველა იმ ვალდებულების შესრულებას, რაც სახელმწიფოს აქვს აღებული, მათ შორის, წინასაარჩევნოდ ჩვენ მიერ გახმიანებული დაპირებების აღსრულებას, როგორც წლეულს, ასევე გაისად.

- 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია დაპირებები, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობა" აძლევდა ხალხს წინასაარჩევნოდ. შეიცვლება ბიუჯეტის ეს ნაწილი?

- ერთადერთი, რაც ბიუჯეტის პროექტშია ჩადებული, 1000-ლარიანი ვაუჩერია, სხვა არაფერი გათვალისწინებული არ არის, მათ შორის არც ის თანხა, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ჰპირდებოდნენ მოსახლეობას. მოგეხსენებათ, ყოფილი ხელისუფლება ამბობდა, რომ ოთხი წლის განმავლობაში 4 მილიარდი ლარის დახარჯვას აპირებდა სოფლის მეურნეობაში, არადა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ამ მიმართულებით მხოლოდ 160 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს სწორედ ის საკითხია, რის შესახებაც ბიძინა ივანიშვილი ხშირად ეკითხებოდა მთავრობას და ამაზე პასუხი არ ჰქონდათ - კონკრეტულად რა თანხაზე იყო საუბარი და დაიხარჯებოდა თუ არა რეალურად 1 მილიარდი ლარი სოფლის მეურნეობაში, თუკი ხელისუფლებაში ისევ ის ძალა დარჩებოდა.

საქართველოს მოსახლეობამ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდობლობა გამოუცხადა სწორედ იმის გამო, რომ მუდმივად ცრუობდნენ. წელიწადში 160 მილიონით 4 მილიარდის შეგროვებას რამდენი ხანი დასჭირდებოდა? 4 კი არა, ალბათ 30 წელი თუ ეყოფოდა.

ბუნებრივია, აუცილებლად შევცვლით მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს, ის გახდება უფრო რეალისტური და მორგებული იმ საჭიროებებზე, რომელიც საქართველოსა და ხალხს სჭირდება.

- სხვათა შორის, არჩევნების შემდეგ ბევრი სამშენებლო, სარეაბილიტაციო პროექტი შეჩერდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიუჯეტიდან ვალდებულებების დაფარვა ვერ ხდება...

- საბიუჯეტო პრობლემები დღეს არ დაწყებულა. რამდენიმე თვე დაფინანსების პრობლემები ჰქონდა ძალოვან უწყებებს. ამის მიუხედავად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტის სწორად ხარჯვის პირობებში, შესაძლებელია ყველა ეს პრობლემა გადაიჭრას. რაც შეეხება სამშენებლო პროექტებს, შესწავლა უნდა დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი შექმნის საგამოძიებო კომისიას, რომელიც შეისწავლის ყველა გარიგებას, სადაც სახელმწიფო სახსრების ხარჯვა ბევრ კითხვას აჩენს. ამ სახსრების ხარჯვა დღესაც გრძელდება. მას შემდეგ, რაც არჩევნები წააგო, "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო არაეფექტურად შეუდგა ბიუჯეტის გაფლანგვას და ეს სახსრები არ მიემართება იმ საჭიროებებისთვის, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

იმ ადამიანებს, ვინც წინასაარჩევნოდ გამოიყენა ბიუჯეტის ფული და მის ხარჯზე საარჩევნო აგიტაციისთვის ხუთ წრეს არტყამდნენ საქართველოს, მოუწევთ პასუხისმგებლობა, მათ შორის ფინანსურიც.

- ბიუჯეტის პროექტის შეცვლის შემდეგ გაუქმდება თუ არა ხელისუფლების ინიცირებული პროექტები?

- ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ლაზიკა არ აშენდება. ამის არც სახსრებია და არც აუცილებლობა, მით უფრო, რომ იქ გარემოს დაცვის პრობლემებთან გვაქვს საქმე. სხვა პროექტებთან დაკავშირებითაც ეკოლოგიური ექსპერტიზა უნდა მოეწყოს, ერთი ადამიანი არასოდეს გადაწყვეტს, რა უნდა აშენდეს და რა არა. ჩვენი ამოცანა არ არის მშენებლობების შეჩერება, მაგრამ ყველა პროექტი განიხილება. ეს არ იქნება ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილებები. არ გამოვრიცხავ, ზოგიერთ პროექტებზე უარის თქმამ მოგვიწიოს, რადგან შესაძლოა მათგან მიღებული შემოსავალი და სარგებელი უფრო ნაკლები იყოს, ვიდრე ზიანი, რომელსაც მისი განხორციელება მიაყენებს გარემოს ან ქვეყანას".

ირაკლია ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "საფრთხეს, რომ წლის ბოლომდე ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით რამე პრობლემა შეიქმნას, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. ბიუჯეტში ყოველთვიურად დაგეგმილია შემოსავლები და თუ ამ გეგმის მიხედვით მიდის ყველაფერი, ხარჯების დაფინანსებას საფრთხე არ უნდა შეექმნას. რა თქმა უნდა, თუ ძველ, შევარდნაძის დროინდელ მეთოდებს არ მიმართავდა ეს ხელისუფლება და წინასწარ გადახდებით არ ავსებდა ბიუჯეტს, რაც არ მგონია.

სხვა თემაა, თუ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე განხორციელდა ისეთი ტრანზაქციები, რომლებიც ბიუჯეტში გაწერილი არ ყოფილა, ან თუ სხვადასხვა მუხლიდან მოხმარდა თანხები წინასაარჩევნო პროექტებს. ამის გამორიცხვა არ შეიძლება. მაგრამ როცა ახალი ხელისუფლება ძველ ბიუჯეტს გადაიბარებს და ყველა შესრულებულ ტრანზაქციას ჩახედავს, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი კონკრეტული საუბარი. ტრანზაქციები, რომლებიც შესაძლოა გაიწერა სხვადასხვა სამინისტროს მისამართით, სხვადასხვა მუხლებში და იქიდან საარჩევნო პროგრამების დააფინანსეს, არ შეიძლება არ აღმოჩნდეს.

ბევრი ცვლილება შევა წლის ბოლომდე როგორც მოქმედ, ისე საგაისო ბიუჯეტში, რადგან ის "ნაციონალური მოძრაობის" პროექტებსა და პროგრამებზე იყო აწყობილი. იყო წინასაარჩევნოდ გათვლილი პროექტები, ასევე ისეთი მუხლები და მიმართულებები, როგორიც არის, მაგალითად, "სხვა ხარჯები", სადაც ერთ მილიარდ ლარამდე იყო გაწერილი. ეს ალბათ გადაიხედება და მეტი სიცხადე შევა.

მეორე თემაა, რამდენად ჰყოფნის არსებული საბიუჯეტო შემოსავლები იმ ვალდებულებებს, რაც ახალ მმართველ გუნდს აქვს აღებული და იმათაც, რაც ძველი ხელისუფლებიდან გადმოჰყვება ახლა მთავრობას. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა, ბუნებრივია, არის საგარეო ვალის აღება, მაგრამ ჩვენი საგარეო ვალი ბოლო დროს ისედაც იზრდება, "ქართული ოცნების" ეკონომიკური გუნდის მოსაზრებებიდან გამომდინარე კი მათ არ აქვთ სურვილი, ვალი კიდევ უფრო გაიზარდოს. როგორც ამბობენ, მათ აქვთ განსაზღვრული სათადარიგო რეზერვები, რომლითაც, შესაძლოა, ბიუჯეტი შეივსოს. თუმცა ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ჩანს და რეალურია, ეს დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვაა შიდა ვალდებულებებისა და ფასიანი ქაღალდების გამოცემით, აგრეთვე საგარეო ვალის აღება. რას გულისხმობს "ქართული ოცნება", სათადარიგო სვლებსა და რესურსში ეს ალბათ მათ უკეთ იციან.

ციფრების ენით

- საპარლამენტო არჩევნებში დახარჯული თანხის მოცულობა 96,769 მილიონი ლარია. 2012 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში ცესკო-ს დაფინანსებისთვის 47,385 მილიონი ლარი გაიწერა.

- სატელევიზიო რეკლამისთვის ხარჯების დასაფარავად ბიუჯეტიდან "ნაციონალური მოძრაობისთვის" 600 ათასი ლარი გამოიყო

- ბიუჯეტის მოცულობა 2011 წელს (ფაქტობრივი) იყო - 6,442 მილიარდი ლარი, 2012 წლის ბიუჯეტი გეგმით ჯერჯერობით 7,053 მილიარდი ლარია, ხოლო 2013 წლის ბიუჯეტი (დღევანდელი მდგომარეობით) - 7,234 მილიარდი ლარი.