დენი - ცეცხლის ფასად - კვირის პალიტრა

დენი - ცეცხლის ფასად

"ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება 8-10 თეთრამდეა შესაძლებელი"

ელექტროენერგიის სიძვირის შესახებ საზოგადოებრივი აზრი დიდი ხანია, ჩამოყალიბებულია. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ ტარიფები გადახედვას საჭიროებს. საინტერესოა, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის (სეწმეკ) დადგენილებით, საქართველოში წარმოებული 1 კილოვატსაათი ელექტროენერგიის თვითღირებულება 4,45 თეთრია, მისი ე.წ. საცალო ღირებულება კი 16 თეთრი. 1 თეთრია დისპეტჩერიზაციისა და დანაკარგების ხარჯი. სპეციალისტთა გათვლებით, გამანაწილებელ კომპანიებს 1 კილოვატსაათი ელექტროენერგია დაახლოებით 6 თეთრი უჯდებათ, მაგრამ გაცილებით ძვირად ყიდიან. ენერგოსექტორში წარმოდგენილია ორი მსხვილი საცალო მოთამაშე - „თელასი" და „ენერგოპროჯორჯია" და უნდა ითქვას, რომ ტარიფების სიძვირეს ბაზარზე კონკურენციის არარსებობაც უწყობს ხელს.

მოსახლეობა ხშირად სვამს კითხვას - რატომ ღირს საქართველოში ელექტროენერგია ასე ძვირი? შეგახსენებთ, რომ საქართველოში დენის ტარიფი სამ საფეხურად იყოფა და თვეში 100 კილოვატამდე, 300-მდე და უფრო მეტის მოხმარებისთვის ტარიფი 11-დან 15 თეთრამდე იცვლება. კიდევ უფრო მწვავეა შეკითხვა - რატომ არის თბილისში გადაბმული ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადი?

ეს კითხვები დამაჯერებელი პასუხების გარეშე რჩებოდა, თუმცა უკვე გაჩნდა ბუნებრივი მოლოდინი, რომ ახალი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას მოჰყვება არა მხოლოდ "დენისა და ნაგვის" გადასახადების განცალკევება, არამედ ტარიფების შემცირებაც. ჩვენ დავინტერესდით, ელექტროენერგიის ტარიფის რამდენი თეთრით დაკლება შეიძლება იყოს რეალური.

გურამ ჩალაგაშვილი (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე): - ტარიფები, რომლებიც დადგენილია ჩვენს ქვეყანაში, რეალურ გათვლებს ეფუძნება, თანაც ეს არის მინიმალური ფასი, სადაც გათვალისწინებულია ყველა ხარჯი, რომელიც ელექტროენერგიის წარმოებასა და მიწოდებას ახლავს თან. ტარიფები რომ შემცირდეს, ენერგოკომპანიები ელექტროენერგიის ნორმალურ მიწოდებას ვეღარ შეძლებენ.

დავით ებრალიძე (ყოფილი ენერგოომბუდსმენი): - ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი შეიცავს გენერაციის, გადაცემისა და განაწილების კომპონენტებს. ყველაზე დიდი წილი ტარიფში გამანაწილებელ კომპანიებს უდევთ. ჩვენთან არსებული ტარიფის 74-75%-იანი წილი სწორედ გამანაწილებელ კომპანიებზე მოდის, ხოლო გენერაციისა და გადაცემის წილი ტარიფში გაცილებით ნაკლებია. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ყველაზე ნაკლებ მოგებაზე სწორედ გენერაციის კომპონენტი მუშაობს, როცა იმ ქვეყნებში, სადაც სატარიფო პოლიტიკა მოწესრიგებულია, ყველაფერი პირიქით ხდება. სწორედ ამიტომ, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ტარიფები არაჯანსაღი პოლიტიკის ნაყოფია.

გამანაწილებელი კომპანიები მნიშვნელოვან მოგებაზე მუშაობენ, თანაც ამ ბაზარზე მხოლოდ ორი მსხვილი კომპანიაა წარმოდგენილი - "თელასი" და "ენერგო პრო ჯორჯია". თამაშის წესებსაც სწორედ ეს ორი კომპანია ადგენს. ნორმალური კონკურენციის პირობებში ტარიფში გენერაციის კომპონენტის წილი უნდა გაიზარდოს, ხოლო განაწილების წილი უნდა შემცირდეს. როცა ენერგოომბუდსმენი ვიყავი, სპეციალისტებთან ერთად ბევრი ვიმუშავეთ ამ საკითხზე და დავადგინეთ, რომ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება შესაძლებელია 8-10 თეთრამდე. მას შემდეგ ამ სფეროში რაიმე ნახტომისებურ ცვლილება არ მომხდარა, სწორედ ამიტომ, ეს ციფრი დღესაც ოპტიმალურად არის მიჩნეული. სხვათა შორის, ძალიან აქტუალურია ახალი ჰესების მშენებლობის საკითხიც, რაზეც ხელისუფლება ბოლო ხანებში ბევრს ლაპარაკობდა. ჩემი აზრით, ეს არის ჩვენი ჰიდრორესურსის განიავება, რადგან ამ ახალი ჰესებიდან საქართველოს ენერგეტიკას არაფერი დარჩება, მთელი მოგება მიმართული იქნება თურქეთისკენ. ვფიქრობ, ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის დადებითი შედეგი არ მოჰყვება და ის უნდა გადაიხედოს.

თეიმურაზ ბერიძე (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): - საქართველოში სოციალური ფონი ჯერჯერობით არასახარბიელოა და მოსახლეობას გადასახადები მძიმე ტვირთად აწევს. რამდენად ოპტიმალურია ფასი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა იხდის? რომელი რგოლი აძვირებს ელექტროენერგიის ტარიფს ყველაზე მეტად? - რასაკვირველია, განაწილება. სწორედ შუამავალი კომპანიების დამსახურებაა, რომ ტარიფი ჩვენთან საკმაოდ მაღალია. თანაც ისინი ჩვენთან მონოპოლიურია, კომპანიები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მოგება ნახონ და "ზემოდან" მიღებული მითითებებიც შეასრულონ. ფაქტია, რომ ელექტროენერგიის ფასი ძირითადად უნდა შემცირდეს შუამავალი კომპანიების მოგების ხარჯზე. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის ფაქტიც რომ ჩვენთან ელექტროენერგიის გადასახადი ნაგავს მიაბეს. რაც უფრო მეტ ელექტროენერგიას ვხარჯავ, მით უფრო მეტი დასუფთავების გადასახადი რატომ უნდა ვიხადო? ასეთი რამ მსოფლიოში არ არსებობს, ნაგავი და ელექტროენერგია არც ერთ ქვეყანაში არ არის მიბმული ერთმანეთზე.

ციფრების ენით

- აზერბაიჯანში 1 კვტ/სთ ელექტროენერგია მოსახლეობისთვის 5,41 ცენტი, დაახლოებით 9 თეთრი ღირს. სომხეთში ტარიფი დაახლოებით 11 თეთრია.

- უკრაინასა და ბელორუსიაში 1 კვტ-ისთვის საშუალოდ 5 თეთრს იხდიან. ყაზახეთში - 7,5 თეთრს, მოლდოვაში - 11,4 თეთრს, თურქეთში - დაახლოებით 15 ცენტს ანუ 25 თეთრს.

- რუსეთში 1 კვტ/სთ ელექტროენერგია, საშუალოდ, 7 ცენტი, ანუ 11,5 თეთრი ღირს. მოსკოვში 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის საფასური 10 ცენტია ანუ 16,5 თეთრი.

ხათუნა ჩიგოგიძე