კეთილი რჩევიდან - "კენონის" იმპერიამდე - კვირის პალიტრა

კეთილი რჩევიდან - "კენონის" იმპერიამდე

იაპონელი ინჟინრების საოცარი მიღწევები

ბიზნესლიტერატურაში კომპანია "კენონს" ხშირად იხსენებენ, როგორც ჭეშმარიტ სამურაის. მართლაც, ეს იაპონური კომპანია დაარსების დღიდანვე მისდევდა ამ ცნობილ მეომართა ტაქტიკას - გამოწვლილვით შეისწავლოს მოწინააღმდეგე, რათა შემდეგ მისივე იარაღით დაამარცხოს.

ორმა ახალგაზრდა ტოკიოელმა ინჟინერმა, გორო იოშიდამ და საბურა უჩიდამ, 1933 წელს დააარსა ფირმა, რომელსაც "ზუსტი ოპტიკური ხელსაწყოების ლაბორატორია" ერქვა. ინჟინრების მიზანი საკუთარი ფოტოაპარატის შექმნა იყო, ისეთის, რომელიც ბაზრის ლიდერ გერმანულ კომპანიებს Leica-სა და Contex-ს დაჯაბნიდა. იმ დროისთვის ეს გაუგონარი სითამამე გახლდათ. ყველაფერი კი ერთი სასიკეთო მინიშნებიდან დაიწყო.

ამერიკელის რჩევა

იოშიდა 1900 წელს დაიბადა ჰიროსიმაში. სკოლის დასრულების შემდეგ ტოკიოში მოეწყო სამუშაოდ კინოკამერებისა და პროექტორების სარემონტო ფირმაში. 1920-იან წლებში ხშირად უწევდა შანხაიში დეტალების საყიდლად ჩასვლა. ერთხელ მას ამერიკელი მოვაჭრე რიჩარდ როი შეხვდა, რომელმაც ჰკითხა: "რატომ დადიხართ აქ კამერების დეტალების საყიდლად, როცა თავადაც შეგიძლიათ მისი დამზადება? იაპონია გემებსა და თვითმფრინავებს აგებს და ნუთუ ასეთ ადვილ ამოცანას ვერ გაუმკლავდება?" შეკითხვამ იოშიდა ჩააფიქრა. აღლომ უკარნახა, რომ მოქმედება არა კინოკამერებიდან, არამედ ფოტოაპარატებიდან დაეწყო, რომლებიც ადრევე იტაცებდა, მაგრამ საკმაოდ რთულ მოწყობილობებად მიაჩნდა. როის სიტყვებით წაქეზებულმა, მშობლიურ ქალაქში ჩასვლისას, კუთვნილი უცხოური ფოტოაპარატის დაშლა გადაწყვიტა.

"საკვირველია, მაგრამ არანაირი უნიკალური დეტალები არ მიპოვია, როგორიც, მაგალითად ალმასებია კინოკამერებში. ნაწილები დამზადებული იყო თითბრის, ალუმინის, რკინისა და რეზინისგან. გაოცებული დავრჩი, რომ ასეთი ხელმისაწვდომი მასალებისგან დამზადებული ფოტოაპარატები ასე ძვირი ღირდა!" - იხსენებდა გორო იოშიდა. მან საქმის წამოწყება გადაწყვიტა და თავისი დედინაცვლის შვილი, საბურა უჩიდა შეიამხანაგა, რომელიც მასზე ერთი წლით იყო უფროსი.

ახალგაზრდებმა რამდენიმე გერმანული ფოტოაპარატი შეიძინეს და გერმანელების ტექნოლოგიის შესწავლა დაიწყეს. უნდა ითქვას, რომ იმ დროისთვის ფოტოაპარატი საკმაოდ ძვირი სიამოვნება გახლდათ, იოშიდასა და უჩიდას კი ფული არ ჰქონდათ. მდგომარეობა მათი მეგობრის, გინეკოლოგ ტაკეში მიტარაის ჩარევამ შეცვალა. მან სწრაფად შეაფასა, რა პერსპექტივები იშლებოდა კომპანიის წინაშე წარმატების შემთხვევაში და დათანხმდა, თვითონ გაეღო საჭირო ხარჯები. რამდენიმე ხნის შემდეგ ტაკეში კომპანიის პრეზიდენტი გახდა.

ფოტოაპარატების "ქალღმერთი"

წელიწადიც არ იყო გასული, რომ კვლევების შემდეგ ინჟინრებმა ფირმის პირველი ფოტოაპარატი Kwanon-ი წარმოადგინეს. მას სახელი ბუდისტური გულმოწყალების ქალღმერთის პატივსაცემად უწოდეს (დანარჩენი სამყაროსთვის - Canon-ი). იაპონიაში ფოტოკამერა ისეთი პოპულარული გახდა, რომ მისი სახელი მალე თვით კომპანიასაც დაარქვეს. "კვანონის" ფოტოკამერა პირველი 35 მმ-იანი კამერა იყო იაპონიაში, იაპონელების მიერვე შექმნილი.

ქვეყნის შიგნით წარმატებამ პროდუქციის უცხოეთის ბაზარზე სწრაფი გასვლა განაპირობა. წინსვლას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ომისთვის მზადების პერიოდში იაპონიამ იმპორტის წესები გაამკაცრა, რისი წყალობითაც ფირმა "კვანონმა" გაცილებით ადვილად დაიკავა ძლიერი პოზიცია ქვეყნის შიგნით.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, კომპანიამ ბაზარზე Kwanon-ის მარკის ვერც ერთი ფოტოაპარატის გამოტანა ვერ შეძლო და მოდელის გაყიდვა სავაჭრო მარკა ჩანონ-ის სახელით დაიწყო. დღეს ძნელია თქმა, ზუსტად ასე იყო თუ არა, თუმცა ამას არც აქვს დიდი მნიშვნელობა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძველი სახელწოდება "კენონმა" სწრაფად, ერთ წელიწადში შეცვალა. სიტყვა Canon-ი "კანონს", "სტანდარტს" აღნიშნავს. იმავდროულად, Canon-ი გულმოწყალების ქალღმერთის სახელწოდების ლათინური ტრანსკრიპციაც არის.

კომპანიამ სამ-ოთხ წელიწადში გიგანტური ნაბიჯებით იწყო განვითარება და წარმოების გაფართოებისთვის დამატებითი ინვესტიციები გახდა საჭირო. მათი მიღება კი ერთადერთი გზით იყო შესაძლებელი - კომპანია საჯარო უნდა გამხდარიყო, რაც 1937 წელს მოხდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთვის "კენონი" უკვე ერთ-ერთი უმსხვილესი ფირმა იყო იაპონიაში. "ტოიოტასა" და "სონის" მსგავსად, "კენონმაც" მთელ რიგ რევოლუციურ ზომებს მიმართა, რომლებიც იმდროინდელი იაპონური მენეჯმენტისთვის უცხო იყო. ჯერ ერთი, დაქირავებულ მენეჯერებს, რომლებსაც კომპანიაში მაღალი თანამდებობის მიღწევა შეეძლოთ, სამსახურში იღებდნენ საკუთარი პროფესიონალიზმის და არა ხელმძღვანელობასთან კავშირების წყალობით. ამას ემატებოდა თანამშრომელთა სამედიცინო გამოკვლევების შემოღება, ხუთდღიანი სამუშაო კვირის დაწესება და სხვ. რაც მაშინდელი იაპონიისთვის უჩვეულო გახლდათ. ეს მმართველობითი წარმატებები ტაკეში მიტარაის სახელს უკავშირდება, რომელმაც "კენონში" პირველად დააბანდა თანხა. მისმა შორსმჭვრეტელობამ, ორ ინჟინერთან ერთად, დიდწილად განაპირობა კომპანიის სწრაფი წარმატება.

ბიზნესი ახალნაომარზე

მეორე მსოფლიო ომმა, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა იაპონურ კომპანიებზე, მით უმეტეს, რომ იაპონიამ ეს ომი წააგო. მიუხედავად ამისა, ომის დამთავრებიდან ერთი თვის თავზე "კენონი" უკვე მუშაობდა. მიტარაიმ ამერიკელ სამხედროებთან მოლაპარაკება შეძლო. ამერიკელებს მოსწონდათ იაპონური ფოტოაპარატი, რომელიც არა მარტო ამერიკულ ნაწარმზე იაფი ღირდა, არამედ ტექნიკური თვალსაზრისით აღემატებოდა კიდეც. ბევრი ამტკიცებდა, რომ იაპონელები უკეთესს ამზადებდნენ. ომის დამთავრების შემდეგ, გასაგები მიზეზების გამო, გერმანული კამერები იაპონურს კონკურენციას ვეღარ უწევდა. კომპანიის შემდგომი მოქმედება მსოფლიო ბაზარზე გასვლისკენ იყო მიმართული. ამისთვის ეწოდა სახელი Canon Camera Co. Inc. იაპონელებს სურდათ, მთელ მსოფლიოს გაეგო, რომ კომპანია ფოტოკამერების წარმოებით იყო დაკავებული.

"კენონისთვის" ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმატებად იქცა პირველი ადგილის დაკავება სან-ფრანცისკოს გამოფენაზე, სადაც საუკეთესო ფოტოაპარატად მოდელი Canon-IIB აღიარეს. ამერიკელებმა სწრაფად შეიყვარეს "კენონი". ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ მრავალი მათგანი აპარატს იაპონიაში სამხედრო სამსახურისას გაეცნო. მაშინ ისინი "კენონის" რადიომიმღებებს ყიდულობდნენ (რომელთა დამზადება ფირმამ 40-იან წლებში შეწყვიტა). აშშ-ში წარმატებას მოჰყვა წარმატება ევროპაშიც.

"იმიჯის ფილოსოფია"

XX საუკუნის შუა ხანებში კომპანიაში დაინერგა კორპორაციული კულტურა, რომლის ქვაკუთხედიც კიოსეის ფილოსოფია გახდა. ამ სწავლების არსი შემდეგშია - მსხვილი კომპანიები პასუხს აგებენ საზოგადოების მომავალზე, თითოეულ ადამიანზე. ამიტომაც უნდა ეცადონ სამყაროსთან ჰარმონიულ შერწყმას, რაც უნდა ძნელი მისაღწევი იყოს ეს. კომპანიამ (და სხვა მსხვილმა ფირმებმა) არა მარტო თავის საქმიან პარტნიორებსა და კლიენტებთან უნდა მოაგვაროს ურთიერთობა, არამედ მთელ ერებთან. არსებითად, ლაპარაკი იყო "კენონის" იმიჯზე საზოგადოების თვალში. ის, რაც დასავლეთში ბიზნესიმიჯია, აღმოსავლეთში მთელი ფილოსოფიაა.

50-იანი წლების ბოლოს "კენონს" ძლიერი პოზიციები ეკავა აშშ-ში, იაპონიასა და ევროპაში. კომპანიამ სამოყვარულო ვიდეოკამერების შექმნაზე დაიწყო მუშაობა. ოღონდ ამჯერად არა გერმანულ ფირმებს ეჯიბრებოდნენ, როგორც ფოტოაპარატების წარმოებისას, არამედ ამერიკელ კონკურენტებს. 1956 წელს გამოვიდა ვიდეოკამერა Canon Cine 8, რომელსაც საოცარი წარმატება ხვდა. ორიოდე წლის შემდეგ ამას დაემატა "კენონის" საფირმო პროექტორი. მომდევნო წლებში იაპონელები ნაბიჯ-ნაბიჯ და მეთოდურად იუმჯობესებდნენ საბაზრო მდგომარეობას.

1970-იან წლებში იაპონელები "შეერკინენ" ცნობილ ამერიკულ კომპანია Xerox-ს, რომელიც ასლგადამღები აპარატების ბაზარზე მონოპოლისტი გახლდათ. ის ლიდერობდა გაყიდვით, მომხმარებელთა ნდობით და უამრავ პატენტსაც ფლობდა, რითაც კონკურენტი მცირე ფირმების დამარცხება შეეძლო. ბრძოლა თითქოს ამაო ჩანდა, თუმცა იაპონელები სხვა გზას დაადგნენ. მათ უფრო სრულყოფილი ასლის გადამღები მანქანა შექმნეს, რომელიც ჩვეულებრივ ქაღალდზე მუშაობდა. "კენონმა" ის 1970 წელს წარადგინა, მალე კი ლიცენზიების გაყიდვაც დაიწყო, რითაც Xეროხ-ს საგრძნობი დარტყმა მიაყენა.

12 წლის შემდეგ იაპონელებმა საოჯახო მოხმარების ასლგადამღები მანქანა გამოუშვეს, ცვლადი კარტრიჯით. ასეთი კარტრიჯები მალე ლაზერულ პრინტერებშიც გამოჩნდა. პირველი ასეთი პრინტერი "კენონმა" ჯერ კიდევ 1975 წელს წარადგინა, რითაც მაშინაც უკვე გიგანტ კონკურენტს, ამერიკულ "ჰიულეტ-პაკარდს" (HP) გაუსწრო. მეტიც, "კენონის" შემუშავებული სიახლე დაედო საფუძვლად HP-ისა და "ეპლის" მსგავს მოდელებს. ლაზერული პრინტერების შემდეგ კომპანიამ სხვა წარმატებაც მიითვალა - "კენონი" ერთ-ერთი ლიდერი გახდა ფერად ასლგადამღები აპარატების ბაზარზე.

დიდი მიღწევა იყო 1977 წელს ბაზარზე გამოტანილი მსოფლიოში პირველი ჭავლური პრინტერი. ამბობენ, რომ ასეთი პრინტერის შექმნის იდეა კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაებადა. მას შემთხვევით ხელიდან გაუვარდა სარჩილავი, რომელიც მელნით სავსე შპრიცს დაეცა. სარჩილავი ჩართული იყო და მაღალი ტემპერატურის მელანზე ზემოქმედებამ საინტერესო ეფექტები გამოიწვია. ოთხწლიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ შეიქმნა პრინტერი BJ-80 Bubble Jet-ი. დიახ, თავდაპირველად ამ პრინტერისთვის ბუშტულიანის (Bubble Jet) დარქმევა სურდათ და არა ჭავლურისა. თუმცა საბოლოოდ პრინტერს ეს სახელი არ შერჩენია, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ფირმამ რევოლუცია მოახდინა იმით, რომ პრინტერი ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

იმავე 70-იანი წლების ბოლოს შეიქმნა ერთ-ერთი უძლიერესი ალიანსი მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში "კენონსა" და "ჰიულეტ-პაკარდს" შორის. ბილ ჰიულეტი და დეივ პაკარდი განცვიფრებული იყვნენ იაპონელი ინჟინრების მიღწევებით. კონტრაქტის თანახმად, "კენონი" პრინტერის შიგთავსს ქმნიდა, ხოლო HP-ი კორპუსებზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, დიზაინსა და დისტრიბუციაზე მუშაობდა. ანუ "კენონის" გარეშე "ჰიულეტ-პაკარდის" პრინტერები არ იარსებებდა.

დღეს "კენონი" ვეებერთელა ჯგუფია, ორი ასეული ფირმით. "ფორბსის" მსოფლიოს 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის რეიტინგში (წლევანდელი აპრილის მდგომარეობით), მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $64,46 მილიარდია და 149-ე ადგილი უჭირავს. "კენონისთვის" მთელ მსოფლიოში 197 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს, წლიური გაყიდვა კი $46,21 მილიარდს აღწევს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ