ახალი მთავრობის ახალი ფასები - მოლოდინი წინსწრებით - კვირის პალიტრა

ახალი მთავრობის ახალი ფასები - მოლოდინი წინსწრებით

ახალი მთავრობა ახალ ფასებს გვპირდება. ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, საწვავი, პირველადი მოხმარების საგნები, მედიკამენტები და კვების პროდუქტები - კოალიცია "ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც მათი გუნდი ქვეყნის მართვას შეუდგება, მოსახლეობა ჩამოთვლილ პროდუქციაზე საგრძნობლად შეცვლილ ფასებს მიიღებს. შესაბამისად, მოსახლეობაშიც გაჩნდა იაფი ცხოვრებისა და დაბალი ფასების მოლოდინი და კითხვა - როდის, როგორ და რამდენით გაიაფდება დაპირებული პროდუქტები.

არჩევნების შემდეგ ცვლილებების ქარმა პოლიტიკის გარდა, ეკონომიკაში რომ დაქროლა, უკვე თვალში საცემია. ჯერ იყო და, მომავალი მთავრობის "ხათრით" ნავთობიმპორტიორებმა საწვავზე ფასები 8 თეთრით შეამცირეს, შეინიშნება ფასების ცვლილება მთელ რიგ მედიკამენტებზე, ხორცი გაიაფდა 2 ლარით კილოგრამზე. თბილისის საკრებულო, მოსახლეობისთვის კომუნალური ხარჯების შემსუბუქების მიზნით, ელექტროენერგიისა და დასუფთავების ტარიფების განცალკევებაზე მუშაობს. მერიაში განცალკევება არ მოსწონთ, თუმცა "შემსუბუქების სხვადასხვა ვარიანტზე" მუშაობენ. "ქართულ ოცნებაში" გადაჭრით ამბობენ, რომ გასაიაფებელი ჯერ კიდევ ბევრია.

დემურ გიორხელიძე (ეკონომიკის ექსპერტი, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი): - ისე ნუ გაიგებს ვინმე, რომ ფასები რამე სპეციალური აქტით შემცირდება. ასეთი რამის წარმოდგენაც კი რთულია, ხოლო განხორციელება დიდი უაზრობა იქნებოდა. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადმა ავტორიტეტმა იმოქმედა ზღვარგადასულ მონოპოლისტებზე, რომლებმაც გაუწიეს ანგარიში და მცირედით შეამცირეს ფასები საწვავზე, მაგრამ მერწმუნეთ, გაიაფების რეზერვი საკმაოდ დიდია. ახლო მომავალში ფასები რომ დაიწევს, ორი აზრი არ არსებობს. მიზეზი მარტივია: ხელისუფლება თამაშის საერთო წესებს დაამკვიდრებს ბიზნესისთვის, მოსპობს გაზულუქებულ ბიზნესჯგუფებს, რომლებიც პარაზიტობენ ხელისუფლების მხარდაჭერით და ცხრა წელიწადია, მოსახლეობას სულს ხდიან. კონკურენცია იქნება სამართლიანი და შესაძლებელი იქნება არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან ბიზნესის სამართლებრივად დაცვა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების ჩაურევლობა ბიზნესის გადანაწილებაში, ფულის "შეწერის" 9-წლიანი ტრადიციის დავიწყება ფასებს უკეთესობისკენ დაარეგულირებს. როცა ბაზრები ყველა აქტიური ადამიანისთვის იქნება გახსნილი, აღარ იქნება მონოპოლიური, კარტელური ფასები, რომლის თაობაზეც საუბარი ჯერ კიდევ რვა წლის წინ დავიწყე. კონკურენცია, სამართლიანი გარემო წონასწორულ დონეზე გაიყვანს ფასებს და აუცილებლად დაიწევს. ზემოგების სახით, ჩვენი გაზულუქებული ბიზნესელიტა წელიწადში $1,7-დან $2 მილიარდამდე იდებს ჯიბეში. ეს ხალხის ჯიბიდან ამოცლილი, ნაძარცვი ფულია.

- გაკეთდა განცხადება, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი შემცირდება. შეგიძლიათ კონკრეტულად დაასახელოთ, რამდენით და კიდევ რომელ პროდუქტსა თუ მომსახურებაზეა მოსალოდნელი ფასის შემცირება?

- ეს დეტალურად გაწერილი პროგრამაა, რომელსაც კონკრეტული დაანგარიშება ახლავს, მასზე კოალიციის ეკონომიკური გუნდი ჩემი ხელმძღვანელობით მუშაობდა.

არსებობს შესანიშნავი საშუალებები, ბუნებრივ აირზე ფასი თითქმის განახევრდეს. კონკრეტულ ციფრს შეგნებულად არ დავასახელებ, რადგან ეს ბიძინა ივანიშვილის პრეროგატივაა. ცხადია, მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ელექტროენერგიაზე ტარიფი, ამის ყველა შესაძლებლობა არსებობს.

- კვების პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები, ფარმაცევტული პროდუქცია, აქაც შეგვიძლია ვიხილოთ ფასების შემცირება?

- ფარმაცევტული ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე "გაღორებული" ბაზარია და ის ზემოგების სახით, წელიწადში დაახლოებით $800 მილიონს იღებს მოქალაქეების ჯიბიდან. ამ ბაზარზე პრივილეგირებული კომპანიების მოსპობით, ბაზრის გახსნით - ინდივიდუალურ პირსაც კი უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შემოიტანოს და გაყიდოს მედიკამენტები - თამაშის ახალი წესების დაწესებით შესაძლებელი იქნება ფასების მნიშვნელოვნად შემცირება. მით უფრო, რომ ფარმაცევტულ პროდუქციაზე არსებული ფასები უსინდისო და მძარცველურია.

იმავეს თქმა შეიძლება კვების პროდუქტებზე. ეს ბაზარი მონოპოლიების ხელშია, თითოეულ იმპორტირებულ პროდუქტს თავისი პატრონი ჰყავს დიდმოხელის სახით. სწორედ ეს არის "არაკორუმპირებული" მთავრობის რეალური სახე, რომელიც სინამდვილეში თავიდან ფეხებამდე კორუფციაშია ჩაძირული. მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა დააწესებს თამაშის წესებს, სამართლებრივ ნორმებს, რომელთა დაცვა ბაზრის ყველა მოთამაშეს დაევალება, კვების პროდუქტების ბაზრის განვითარებას დიდი პერსპექტივა აქვს. ზემოგებებით, ხელოვნურად გაბერილი ფასები აუცილებლად დაიკლებს. ფასების შესამცირებლად არ ვაპირებთ რამე ბრძანების გამოცემას და საბჭოთა მეთოდებით ფასების დაწესებას. ეკონომიკას ეს არ სჭირდება.

იოსებ არჩვაძე (ეკონომიკის ექსპერტი): - ბიზნესისადმი ხელისუფლებისგან პოლიტიკური და სოციალური შეკვეთები რომ აღარ იქნება, ეს უკვე თავისთავად იმოქმედებს ფასების შემცირებაზე. ფასებში ე.წ. უსაფრთხოების ბალიში იყო გათვალისწინებული, სწორედ ამ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან თავის დასაზღვევად. თუ ბიზნესი დარწმუნდა, რომ სახელმწიფოს მასთან საქმიანი ურთიერთობა ექნება და ოფიციალური გადასახადების გარდა, დამატებით ღალას არ მოითხოვს, მაშინ "უსაფრთხოების ბალიშის" აუცილებლობაც აღარ იქნება. ეს ფასებს საგრძნობლად დაწევს. თუმცა ეს არ უკავშირდება მონოპოლიური საქმიანობისგან დამკვიდრებულ ფასებს. უნდა გაგრძელდეს მუშაობა და ბაზარზე მონოპოლიები რომ აღარ დარჩება, ესეც სასიკეთოდ აისახება ფასებზე.

ფასწარმოქმნა და ინფლაცია გარკვეულწილად ნდობას ემყარება. თუ გაჩნდა განცდა, რომ მაგალითად, მაღაზიაში შესული "მყიდველები" არ აღმოჩნდებიან საგადასახადოს მიერ დამატებით გაგზავნილი აგენტები და გადასახადის ამკრეფსა და გადამხდელს შორის ნორმალური ურთიერთობები დამკვიდრდება, ბიზნესს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდება, რაც ფასებს შეამცირებს. რადგან იმავე დონის მოგებაზე გასვლას ბიზნესი ნაკლები ხარჯით შეძლებს.

რა თქმა უნდა, ბუნებრივი აირის ტარიფი ძალიან მაღალია და უნდა შემცირდეს. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ ავანსად ბევრი ვალდებულება იკისრა. საუბარია პენსიის ზრდაზე, საარსებო მინიმუმის ზრდაზე და სხვ. ასეთ პირობებში ტარიფების შემცირება მაინც ზრდის საბიუჯეტო დაძაბულობას. გაზი ისეთი პროდუქტი არ არის, რომ იმაზე მეტი მოიხმარო, ვიდრე რეალურად გჭირდება. როგორც წესი, გაზის მოხმარება და ოჯახის შემოსავალი, მისი კეთილდღეობა ურთიერთდამოკიდებულია.

მინდა, ჩემი მოსაზრება გავახმიანო, რომ რაღაც მინიმუმის დონეზე არსებობდეს შემცირებული ტარიფი ყველა მომხმარებლისთვის, რომლის ზემოთ მოხმარება უფრო მაღალი ტარიფით ანაზღაურდება. პირობითად, თუ ახლა 1 კუბ/მ გაზი დაახლოებით 51 თეთრი ღირს, განსაზღვრული გაანგარიშებით შესაძლებელია, თვეში 30 კუბ/მ-მდე მოხმარება გაიაფდეს და ტარიფი 30-40 თეთრამდე შემცირდეს. ხოლო მეტის მოხმარებისთვის ტარიფი იყოს არა 51 თეთრი, არამედ 60. ჩანდეს, რომ სოციალურად დაცულია ყველა, შემოსავლისა და კეთილდღეობის მიუხედავად. ამით კი გამოინახება დამატებითი სახსრები, რათა მართლაც გაიზარდოს საპენსიო უზრუნველყოფა. ეს სოციალური ჯგუფი ბოლო წლებში მარგინალური გახდა და რომ არა ოჯახის წევრების დახმარება, მათ ფიზიკურად არსებობაც კი გაუჭირდებოდათ. მას შემდეგ, რაც ამერიკაში მთელი დატვირთვით ამუშავდა სოციალური პროგრამები, ღარიბთა რაოდენობა 65 წელს გადაცილებულთა შორის განახევრდა.

- ამით ხომ არ ვაღიარებთ, რომ წარმავალ ხელისუფლებას ელექტროენერგიაზე სამართლიანი ტარიფი ჰქონდა დაწესებული - რაც ნაკლებს ხარჯავდი, მით უფრო იაფად ყიდულობდი დენს...

- ვერ დაგეთანხმებით, მე სრულიად განსხვავებულ მიდგომას გთავაზობთ. ელექტროენერგიაზე დაწესებულია არა პროგრესული გადასახადი, არამედ რეპრესიული ტარიფი. ანუ თუ 100 კვტ/სთ ელექტროენერგიას მოვიხმარ, ერთ ტარიფს ვიხდი, მაგრამ თუ ზღვარს გადაცდა ერთი კილოვატით მაინც, უკვე გაზრდილი ტარიფით მიანგარიშებენ. ასეთი მიდგომა არც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს შეესაბამება, არც სოციალურ სამართლიანობას. ამიტომ იგივე პრინციპი, რაც ბუნებრივ აირთან დაკავშირებით ვახსენე, შესაძლოა ელექტროენერგიისთვისაც ამოქმედდეს. მაგალითად, პირველ 100 კილოვატზე ნაკლები ტარიფით გადავახდევინოთ მომხმარებელს, ხოლო გაზრდილი ტარიფით დანარჩენი დანახარჯი ვუანგარიშოთ. ეს უფრო სამართლიანი მიდგომა იქნება როგორც მომხმარებლის, ასევე ელექტროგამანაწილებელი კომპანიების მიმართ.