საარსებო მინიმუმი და პენსია "დაახლოვდებიან?!" - კვირის პალიტრა

საარსებო მინიმუმი და პენსია "დაახლოვდებიან?!"

"კონიუნქტურიდან გამომდინარე, საარსებო მინიმუმი მოცულობა ხელოვნურად იყო შემცირებული"

პენსიების ზრდაზე საქართველოში საუბარი არასოდეს შეწყვეტილა. "ნაციონალური" მთავრობა პენსიონერებს ასდოლარიან ანაზღაურებასაც ჰპირდებოდა, თუმცა დაპირება არ შესრულებულა. ამავე საკითხზე ახლახან არჩეული უმრავლესობის მთავრობის წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ, მათი განმარტებით, საქართველოში პენსია საარსებო მინიმუმს არ უნდა ჩამორჩებოდეს. გაზრდა ეტაპობრივად მოხდება, რაც მომავალ ბიუჯეტზეც იქნება დამოკიდებული. პირველ ეტაპზე, 2013 წელს, პენსია 155 ლარი გახდება. ახალი მთავრობა საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიასაც გადახედავს.

რამდენად რეალურია ამ დაპირების შესრულება ქვეყანაში, სადაც რეალური საარსებო მინიმუმის დადგენილ ოდენობაშიც არ ვართ დარწმუნებული? სპეციალისტების პასუხები არაერთგვაროვანია, თუმცა იმას კი აღიარებენ, რომ არსებული პენსია ელემენტარულ ხარჯებსაც ვერ წვდება და მისი მოცულობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს.

ვაჟა ბერიძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): - როცა პენსიისა და საარსებო მინიმუმის დაახლოებაზე ვლაპარაკობთ, ჯერ ამ უკანასკნელზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მოგეხსენებათ, საარსებო მინიმუმის ოფიციალური მაჩვენებელი საქართველოში 145,5 ლარია. რასაკვირველია, ეს თანხა არ ჰყოფნის ადამიანის სულიერ მოთხოვნილებებს, თეატრში თუ კინოში წასვლას, სპორტულ სანახაობებზე დასწრებას.

არადა ყველა ნორმალური ქვეყანა საარსებო მინიმუმს სწორედ ამ მოთხოვნილებების გათვალისწინებით ითვლის. ისიც არ არის მიზანშეწონილი, რომ სასურსათო და არასასურსათო ნაწილებს შორის შეფარდება 70/30-ზეა. რა თქმა უნდა, საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს ბოლო წლებში შეგნებულად ამცირებდნენ, რადგან ამით იფარებოდა მკვეთრი განსხვავება პენსიასა და საარსებო მინიმუმს შორის. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი ნიუანსი: შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის მომავალმა მინისტრმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ პენსია საარსებო მინიმუმს უნდა დაუახლოვდეს. მას არ უთქვამს სიტყვა "გაუტოლდეს", რადგან გამოცდილი სპეციალისტია და კარგად ერკვევა რეალობაში. სხვათა შორის, "ქართული ოცნების" პროგრამაშიც არ ყოფილა აღნიშნული, რომ პენსია დაუყოვნებლივ გაუტოლდება საარსებო მინიმუმს, თუმცა ითქვა, რომ პენსია უნდა გახდეს იმდენი, რომ მისით ადამიანმა არსებობა შეძლოს.

რამდენიმე ციფრი: სულ საქართველოში 660 ათასამდე ასაკით პენსიონერია. რაკი საშუალო პენსია 107 ლარია, ესე იგი, ყოველთვიურად პენსიებისთვის დაახლოებით 70 მილიონი ლარი იხარჯება (წელიწადში 840 მილიონი ლარი). თუ პენსია ამჟამინდელ საარსებო მინიმუმს გაუტოლდება (ანუ 145 ლარს), წელიწადში დაიხარჯება, სულ ცოტა, 1 მილიარდ 100 მილიონი ლარი. და თუ საარსებო მინიმუმს რეალურ მაჩვენებლამდე გავზრდით, მაშინ დაიხარჯება გაცილებით მეტიც.

- ბევრი სპეციალისტი შიშობს, რომ მიმოქცევაში ფულის ამ რაოდენობის გაშვება ინფლაციურ პროცესებს გამოიწვევს.

- მიმაჩნია, რომ პენსიის დაახლოება რეალურ საარსებო მინიმუმთან ინფლაციას არ გამოიწვევს. ჯერ ერთი, შესაბამისი საფინანსო უწყებები საჭირო მექანიზმებს აამოქმედებენ, რათა მიმოქცევაში დასაშვებზე მეტი ფულის მასა არ აღმოჩნდეს. ყველაფერი უნდა დააბალანსო, აწონ-დაწონო და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტო. საერთოდ, ინფლაციას იწვევს ფულის მასის ზრდა ეკონომიკაში, ხოლო პენსიების გასტუმრება სულ სხვა სფეროდან ხორციელდება.

ელგუჯა მექვაბიშვილი (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): - რასაკვირველია, კარგი იქნება, თუ პენსია საარსებო მინიმუმს დაუახლოვდება, მაგრამ ჯერ ის უნდა დადგინდეს, საარსებო მინიმუმი რამდენი იქნება. განვითარებულ ქვეყნებში საარსებო მინიმუმი უფრო მაღალია, ვიდრე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. საბოლოო ჯამში, საარსებო მინიმუმი დგინდება იმის მიხედვით, რომ ადამიანმა შეძლოს ნორმალურად არსებობაცა და კულტურული, სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც. მიმაჩნია, რომ არსებული საარსებო მინიმუმი მაქსიმალურად არის შემცირებული, მასში არ შედის ბევრი ისეთი რამ, რაც აუცილებელია ადამიანის არსებობისა და სიცოცხლისთვის. ბუნებრივია, საარსებო მინიმუმი უნდა გაიზარდოს. კონკრეტულად თანხის დასახელება ძნელია, ამას სპეციალური სტატისტიკური გაანგარიშება სჭირდება, რასაც სტატისტიკის დეპარტამენტი აკეთებს. პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ეს ციფრი ხელოვნურად იყო შემცირებული, თორემ სტატისტიკის სამსახურს რეალური მაჩვენებლის დადგენა თავისუფლად შეუძლია.

რაც შეეხება კითხვას - პენსიის საარსებო მინიმუმთან დაახლოება ინფლაციურ პროცესს ხომ არ გამოიწვევს - ვფიქრობ, ეს საფრთხე მართლაც არსებობს, იმიტომ რომ თუ გაიზრდება პენსია, ეს მიმოქცევაში ფულის რაოდენობის გაზრდის. ამიტომ საფუძვლიანად შესასწავლია, რა თანხის გაცემა შეიძლება პენსიის სახით. რა თქმა უნდა, ინფლაციის საფრთხე არსებობს, მაგრამ ამის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაც შესაძლებელია.

მართალია, ეროვნული ბანკი აკავებს ინფლაციურ პროცესებს, მაგრამ მისი მექანიზმებიც შეზღუდულია. ამიტომ ყველაზე უტყუარი საშუალება ამ საფრთხის თავიდან აცილებისა რეალური ეკონომიკის განვითარებაა.

ხათუნა ჩიგოგიძე