"სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დონე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში" - კვირის პალიტრა

"სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დონე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში"

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა რამდენჯერმე ახსენა, რომ საბანკო სექტორი ქვეყანაში პოლიტიზებულია და სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია. ჩვენი ინფორმაციით, საზოგადოების ნაწილი თავს იკავებს სასურველი სესხის აღებისგან - სწორედ სესხებზე პროცენტის დაწევის და უკეთესი პირობების მოლოდინში. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო დროს, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, გარდამავალ პერიოდში კომერციული ბანკები თავს იკავებენ მოცულობითი კრედიტების გაცემისგან. ჩვენ დავინტერესდით, როგორია ბანკების პოზიცია სესხებზე პროცენტის დაწევასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ უკვე არსებობს როგორც სახალხო, ასევე სამთავრობო მოლოდინი.

არჩევნებამდე ორი დღით ადრე, "ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისში გაჩენილმა ხანძარმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ერთ-ერთი ვერსიით ხანძრის დროს მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია განადგურდა... უცნაური ის არის, რომ სწორედ იმ დღეს, ხანძრამდე ცოტა ხნით ადრე, ზოგიერთ პატიმარს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბანკს მათ ანგარიშებზე ოპერირების პრობლემა შეექმნებოდა (ოჯახის წევრები პატიმრებს თანხებს სწორედ "ლიბერთი ბანკის" ანგარიშებზე ურიცხავენ). რა მოხდა რეალურად და შეიძლება თუ არა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა ყოფილიყო?

"გამომდინარე თავისი საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პოლიტიკიდან, "ლიბერთი ბანკი" არ სპეციალიზდება მოცულობითი კრედიტების გაცემაზე. შესაბამისად, თუ საქართველოს საბანკო სექტორში ასეთი რამ მოხდა, ბუნებრივია, ეს "ლიბერთი ბანკთან" არ არის დაკავშირებული.

საქართველოს საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტულია. საპროცენტო განაკვეთებს როგორც ანაბრებზე, ასევე სესხებზე, სწორედ ეს კონკურენტული გარემო განსაზღვრავს. შესაბამისად, "ლიბერთი ბანკის" საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკაც დამოკიდებული იქნება საბანკო სექტორში განვითარებულ ტენდენციებზე.

რაც შეეხება სათავო ოფისში გაჩენილ ხანძარს, შენობა ნაწილობრივ დაზიანდა. მეხანძრეების თავდაუზოგავი მუშაობით ხანძარი საკმაოდ მოკლე დროში იქნა ლოკალიზებული და ბანკს შეძლებისგვარად მინიმალური ზარალი მიადგა. ამ ფაქტმა განსაზღვრული ხარვეზები გამოიწვია "ლიბერთი ბანკის" ბანკომატების ქსელის მუშაობაში, რაც დაუყოვნებლივ ეცნობა ჩვენს მომხმარებლებს სხვადასხვა მედიასაშუალებით. ბანკომატების უხარვეზო მუშაობა 29 სექტემბერს სრულად აღდგა. ყოველგვარი ეჭვი წინასწარ არსებული ინფორმაციის შესახებ, რომ პატიმრებს ანგარიშებზე ოპერირების პრობლემა შეექმნებოდათ, საფუძველს მოკლებულია", - აცხადებენ "ლიბერტი ბანკში".

ვახტანგ ბუცხრიკიძე ("თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი): "სესხების საპროცენტო განაკვეთები დამოკიდებულია ბევრ შიდა და გარე ფაქტორზე, მაგრამ მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ანაბრების საპროცენტო განაკვეთებზე. "თიბისი ბანკის" მაგალითი რომ ავიღოთ, 2012 წლის დასაწყისიდან დღემდე, ფიზიკური პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, საშუალოდ, 2%-ით, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესსესხების საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, დაახლოებით, 1%-ით. ეს იმ ფონზე, როცა საერთოდ არ შემცირებულა ანაბრების საპროცენტო განაკვეთები.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2013 წლის განმავლობაში საქართველოს საბანკო ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები დაიკლებს ანაბრებზეც, რაც მოგვცემს საშუალებას, სესხებზე საპროცენტო განაკვეთები უფრო მკვეთრად დავწიოთ".

"ეკოპალიტრამ" შეკითხვებით მიმართა მერაბ კაკულიას - საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელსა და ეროვნული ბანკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს.

- პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას რამდენჯერმე ახსენა, რომ საბანკო სექტორი ქვეყანაში პოლიტიზებულია და სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია. იზიარებთ თუ არა ამ შეხედულებას?

მერაბ კაკულია: - საბანკო სისტემა საქართველოში პოლიტიკურ გავლენას მეტ-ნაკლებად ყოველთვის განიცდიდა, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში ამ მოვლენის მასშტაბმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, რასაც ადასტურებს ბანკ "ქართუს" მიმართ განხორციელებული დამსჯელი აქციები, პოლიტიკური ნიშნით ასობით იურიდიული და ფიზიკური პირის ანგარიშების დაყადაღება და საბარათო ოპერაციების კონტროლი. ყოველივე ეს უარყოფითად აისახა საბანკო სისტემის მიმართ საზოგადოების განწყობაზე. რაც შეეხება სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დონეს, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, კერძოდ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, იგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

- ჩვენი ინფორმაციით, საზოგადოების ნაწილი თავს იკავებს სასურველი სესხის აღებისგან - სწორედ სესხებზე პროცენტის დაწევისა და უკეთესი პირობების მოლოდინში. რამდენად რეალურია და შესაძლებელი, ფინანსურმა ინსტიტუტებმა გადახედონ საპროცენტო სარგებელს კრედიტებზე, როცა ისინი აცხადებენ, რომ თავადაც ძვირი უჯდებათ ფინანსური რესურსის მოზიდვა, ხოლო განაკვეთებს ბაზარი არეგულირებს?

- საპროცენტო განაკვეთების დონეს, უშუალოდ საკრედიტო რესურსის ფასის გარდა, განსაზღვრავს ბანკის საოპერაციო ხარჯები, რისკის კომპენსაცია (ე.წ. რისკის პრემია) და მოგების განსაზღვრული ნორმა. რესურსების მოზიდვის ფასი ბოლო წლებში შედარებით სტაბილურია, საშუალოდ 7-8%. სასესხო განაკვეთი კი ბაზარზე საშუალოდ 18-19%-ია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საოპერაციო ხარჯების წილი სასესხო განაკვეთის სტრუქტურაში არცთუ დიდია, სხვაობა რესურსისა და კრედიტის ფასებს შორის ძირითადად რისკის პრემიასა და მოგების კომპონენტზე მოდის. სწორედ მათ ხარჯზე შეიძლება კრედიტის გაიაფება, თუმცა დირექტიულად, ზემოდან მითითებით ეს არ მოხდება: აუცილებელია ისეთი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, რომელიც გააუმჯობესებს კონკურენტულ გარემოს და ბანკებს საკრედიტო განაკვეთების შემცირებისკენ უბიძგებს.

- როგორ შეაფასებდით კონკურენციის ხარისხს საქართველოს საბანკო სექტორში?

- კონკურენცია სექტორში ერთობ ფრაგმენტულია. შედარებით მსხვილი კორპორაციული კლიენტურის სეგმენტში კონკურენცია ძირითადად სამ-ოთხ წამყვან ბანკს შორის მიმდინარეობს და საკმაოდ მძაფრიცაა. შედეგად, მათი კლიენტები სესხებს ყველაზე დაბალი განაკვეთით იღებენ. საქმე ის არის, რომ მსხვილი სამეწარმეო სტრუქტურების კრედიტუნარიანობა და სესხის უზრუნველყოფის ხარისხი, როგორც წესი, მაღალია. ეს კი რისკის პრემიის შემცირებისა და საპროცენტო განაკვეთების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას იძლევა.

განსხვავებული სურათია ბაზრის საცალო სეგმენტში, რომელიც ძირითადად ფიზიკურ პირებს ემსახურება (სამომხმარებლო, იპოთეკური და სხვა სახის საკრედიტო პროდუქტები). მიუხედავად იმისა, რომ ლიდერ ბანკებს, საკუთარი ზომიდან გამომდინარე, ამ სეგმენტზე კრედიტის გაიაფების მეტი შესაძლებლობა აქვთ, ისინი "ფეხს უწყობენ" შედარებით მცირე ბანკებს და მაინცდამაინც არ ცდილობენ საპროცენტო განაკვეთების დაწევას. ამის ერთ-ერთი მიზეზია რისკის უფრო მაღალი დონე ბაზრის ამ სეგმენტში. ამიტომ აქ საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად უფრო მაღალია, ვიდრე კორპორაციულ სეგმენტში, რაც არსებითად ზრდის საპროცენტო განაკვეთების საერთო დონეს ეკონომიკაში.

- და მაინც, რამდენად შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთების შემცირება ახლო მომავალში?

- კრედიტის მნიშვნელოვანი გაიაფება ბაზრის კორპორაციულ სეგმენტში, რომელიც შედარებით მსხვილი კომპანიებითაა წარმოდგენილი, ახლო მომავალში ნაკლებად სავარაუდოა. საკრედიტო განაკვეთები აქ ისედაც ყველაზე დაბალია. გარდა ამისა, ამ სეგმენტში აშკარად გამოიკვეთა პოლიტიკური რისკი, რაც მსხვილი მეწარმეების დიდი ნაწილის პოლიტიკურ ანგაჟირებულობასთანაა დაკავშირებული. წარმავალ ხელისუფლებასთან არაფორმალური კავშირების გამოვლენამ ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, გაზრდილი საკრედიტო რისკის ზონაში მოაქციოს. მეორე მხრივ, ბოლო დროს ლიდერი ბანკები თავიანთ სტრატეგიაში მეტ აქცენტს აკეთებენ წვრილ და საშუალო კომპანიებზე (აქამდე ეკონომიკის ეს სფერო მათ ნაკლებად აინტერესებდათ), ცდილობენ უფრო მეტად ჩაწვდნენ მათ პრობლემებს და უფრო მისაღები განაკვეთები შესთავაზონ. მართალია, ეს საოპერაციო ხარჯების ზრდასა და რისკის პრემიის შემცირებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ პორტფელის ამგვარ დივერსიფიკაციას შეუძლია საგრძნობლად გაანეიტრალოს მსხვილ კლიენტურასთან დაკავშირებული რისკები და კლიენტურის ბაზა არსებითად გააფართოოს.

სესხების მნიშვნელოვანი გაიაფება არც ბაზრის საცალო სეგმენტზე იქნება ადვილი, რადგანაც სამომხმარებლო კრედიტებზე საკრედიტო რისკი მჭიდროდაა დაკავშირებული სამუშაო ადგილების, ხოლო იპოთეკურ კრედიტებზე - უძრავი ქონების ფასების სტაბილურობასთან. როგორც ერთი, ისე მეორე, ქვეყანაში საერთო-ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული. მართალია, უცხოეთიდან უფრო იაფი და გრძელვადიანი საკრედიტო რესურსების მოზიდვით ბანკებს შეუძლიათ სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების რამდენადმე დაწევა, მაგრამ ეს ამგვარი კრედიტების ხელმისაწვდომობას არსებითად ვერ გაზრდის.