საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მონოპოლია დაიშლება - კვირის პალიტრა

საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მონოპოლია დაიშლება

...როგორც კი ტელერეიტინგები ხელიდან გამოეცლებათ

საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მონოპოლია იშლება. ”იმედი” პატარკაციშვილების ოჯახს გადაეცა და საინფორმაციო მაუწყებლობა შეწყვიტა, ”რუსთავი 2”-ისთვის ძველი მეპატრონეები იბრძვიან, სხვა პროსახელისუფლებოდ მიჩნეული არხების ბედიც გაურკვეველია - საბიუჯეტო დავალიანებები და შემოსავლების მოსალოდნელი შემცირება მათ სასიკეთოს არაფერს უქადის. არადა, არჩევნებამდე ყველაზე მეტი რეკლამა სწორედ ამ არხების წილად მოდიოდა. რეკლამიდან შემოსული მილიონებიც ერთ ადგილას იყრიდა თავს.

საქართველოში არსებულ ყველა რეიტინგულ არხზე რეკლამას მხოლოდ ერთი კომპანია, გაყიდვების სახლი ”ჯენერალ მედია” ყიდდა, რომლის უკანაც ხელისუფლებასთან ასოცირებული პირები იდგნენ. რეკლამის დამკვეთებს, ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის დატერორების შიშით, ისეთ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობა არ სურდათ, საიდანაც მთავრობის კრიტიკა ისმოდა. შესაბამისად, იმ 35 მილიონიდან, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად სატელევიზიო რეკლამის წილად მოდიოდა, ლომის წილი სწორედ პრონაციონალური არხებისა და მათ სარეკლამო დროს დაპატრონებული კომპანიის ჯიბეში მიჩხრიალებდა.

სარეკლამო ბაზრის მონოპოლისტი კომპანიის უკან პანამისა და ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ფირმები იდგნენ, რომელთა მფლობელები თუ მმართველები მუდმივად იცვლებოდნენ, მაგრამ ყველა მაინც ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან ნათესაურ ან ახლობლურ-მეგობრულ კავშირში იყო შემჩნეული. კეზერაშვილის სახელს უკავშირდებოდა ასევე გარე რეკლამის ბაზრის სრული კონტროლი, რასაც კომპანია ”აუთდორ.ჯი-ს” საშუალებით ახორციელებდა.

დათო ჯაში (სარეკლამო კომპანია ”ბატერფლაის” დირექტორი): ”ბაზრის ეს სეგმენტი გარკვეულწილად მონოპოლიზებული იყო, ამიტომ საჭიროა გადახედვა, უფრო კონკურენტული გარემოს შექმნა. ეს ახალ კომპანიებს გააჩენს, რაკი ბაზარზე ახალი ნიშა გაჩნდება. თუმცა ვფიქრობ, ბაზარი შემცირდება, რადგან დამკვეთი კომპანიები, რომლებიც ყველაზე დიდი მხარჯველები იყვნენ, ასე ადვილად რეკლამას აღარ განათავსებენ. მეტწილად წარმავალი მთავრობისგან მართული თუ მათი მფარველობით მოსარგებლე კომპანიები შეამცირებენ ხარჯებს. შემცირდება სარეკლამო ბაზრის შემოსავლებიც.

მართალია, გაჩნდა ახალი სატელევიზიო არხები, მაგრამ ეს სივრცე ჯერ კიდევ არ არის მომხიბლავი რეკლამის განთავსებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ არ არის შოუები, მრავალფეროვანი გადაცემები, სადაც შეგიძლია მიზნობრივ აუდიტორიაზე გათვლილი რეკლამა განათავსო. მას შემდეგ, რაც სატელევიზიო ფორმატები დაიხვეწება და უფრო მომხიბლავი და ინტერაქტიული გახდება, შესაძლებელია იმდენივე საეთერო დრო გაიყიდოს, რაც ”რუსთავი 2”-სა და ”იმედზე” იყიდებოდა.

საშუალოდ, ჩვენი ბაზრის საერთო სარეკლამო დანახარჯებში 80%-ზე მეტი სატელევიზიო დანახარჯები იყო. დანარჩენი ნაწილდებოდა გარე რეკლამაზე, რადიოზე, პრესაზე, ინტერნეტსა და რიტეილერებზე. ბოლო წლებში იმატებს სოციალური მედიის დატვირთვა. თუმცა ბაზარი მაინც მცირეა და შარშან, მაგალითად, მხოლოდ 2 მილიონ დოლარს აღწევდა. ევროპაში ტელემედიაზე რეკლამის დაახლოებით 60% მოდის. ევროპულ ინტერნეტს ადრე თუ გვიან ჩვენი დაეწევა. გარერეკლამაზე, იმედია, ტენდერები გამოცხადდება და ვითარება უფრო გახსნილი იქნება.

უკვე წამოვიდა თხოვნები დამკვეთების მხრიდან, სურთ, ”რუსთავი 2”-ის ბადე ”მაესტროს” ბადით შევუცვალოთ. თუმცა ახალ არხებს დიდი დრო დასჭირდებათ სატელევიზიოს ბადის სწორად გასამართავად. ამიტომ ახლა იქ რეკლამის განთავსება შეიძლება იაფი იყოს, მაგრამ არა მიზნობრივი”.

ეკატერინე სამადაშვილი (საერთაშორისო სარეკლამო კომპანია ”სტარკომ მედიავესტ გრუპის” გენერალური მენეჯერი): ”არსებობს მოლოდინი, გაჩნდება თუ არა რეკლამა ”ტვ-9”-სა და ”მაესტროზე”. რა თქმა უნდა, გაჩნდება, თუ მათ რეიტინგი ექნებათ. იყო დრო, როცა ”მაესტროსა” და ”კავკასიას” საკმაოდ მაღალი რეიტინგები ჰქონდათ და ჩვენც იქ რეკლამა მიგვქონდა. თუმცა შემდეგ თვით დამკვეთები გვეუბნებოდნენ: ”ზემოდან” შეგვაწუხეს და იქნებ ამ არხებზე ჩვენი რეკლამა მოხსნათო. ჩვენი სარეკლამო სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა ასეთია - სადაც რეიტინგია, რეკლამა იქ უნდა იყოს. ეს ყველაფერი ბაზრის დასარეგულირებელია. დაიკლებს ”რუსთავი 2”-სა და ”იმედს” რეიტინგები? მაშინ იქ რეკლამა აღარ იქნება. რაც უნდა პროსახელისუფლებო იყოს მედიასაშუალება, დამკვეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტი თავის მომხმარებელთან. თუ ეს კონტაქტი არ დამყარდა, რეკლამის განთავსებას აზრი არ აქვს. ეს ტყუილად გადაყრილი ფულია.

აქამდე მაღალი რეიტინგების არხებზე რეკლამის განთავსების უფლება ხელთ ჰქონდა ერთ კომპანიას და ისინი ყიდდნენ სატელევიზიო საეთერო დროის 97%-ს. იმ რეიტინგით, რაც აქამდე ”მაესტროს” ჰქონდა, ჩვენ იქ რეკლამას ვერ მივიტანდით. ახლა მას უკვე სხვა რეიტინგი აქვს და ჩვენ უკვე ვუშვებთ რეკლამებს ”მაესტროზეც” და ”მეცხრე არხზეც”, მოლაპარაკებებსაც ვაწარმოებთ. ყველა საერთაშორისო ბრენდი გავა ამ არხებზე.

დამკვეთებისთვის მე ვყიდულობ რეიტინგს, სხვებისგან განსხვავებით, ვინც წუთებს ყიდულობს. რომ გითხრათ, რომ რეიტინგის ფასი მაღალია თუნდაც ამიერკავკასიაში, არ ვიქნები მართალი. ფასი შესაბამისია. ეს იმან განაპირობა, რომ ბაზარზე საერთაშორისო კომპანია იყო შემოსული, რომელიც მოსკოვიდან არეგულირებდა ფასებს, აქ ცოტას იხდიდა, თუმცა ბაზარი იმით გააძლიერა, რომ საქართველოში საერთაშორისო ბრენდები გადმოვიდნენ. მაგრამ ძალიან დაბალი ფასებით შემოვიდნენ. სამომავლოდ ფასები უნდა დარეგულირდეს. სატელევიზიო რეკლამა მთელ მსოფლიოში ფუფუნებაა.

ინტერნეტი უკვე მძლავრი სარეკლამო საშუალებაა აშშ-ში, მიუხედავად ამდენი სატელევიზიო არხის არსებობისა. შვეიცარიაში კი დღემდე უყვართ ჟურნალების კითხვა და რეკლამა ყველაზე ძვირი იქ ჟურნალებშია. საქართველოში უკვე 1,8 მილიონი ინტერნეტის მომხმარებელია, ამიტომ ამ სარეკლამო სივრცის განვითარება ჩვენს ბაზარზე საკმაოდ წარმატებით შეიძლება. სარეკლამო ბაზარზე მდგომარეობა იცვლება - მას შემდეგ, რაც ”იმედი” პატარკაციშვილების ოჯახს გადაეცა, რეიტინგები შეიცვლება და როგორც კი იგი ხელიდან გამოეცლება, მონოპოლია დაიშლება.

ბიზნესი თავად დაარეგულირებს ამ ვითარებას. ძალიან დიდი დემოკრატიული ნაბიჯი მოხდა საქართველოს ცხოვრებაში. ჩვენი კომპანიის სათავო ოფისი ნიუ-იორკშია და ყველა გვილოცავს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს”.

როგორც სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან გავარკვიეთ, რეიტინგებით დღეს ტელევიზიაა პირველ ადგილზე, მეორეზეა გარერეკლამა, შემდეგ მოდის პრესა, მეოთხეზე კი ინტერნეტია. მეხუთე ადგილზე რადიოა, ხოლო მას მოსდევს რეკლამის სხვა საშუალებები - რეკლამა კინოთეატრებში, ავტობუსებზე, მეტროში და სხვ.