ეკონომიკა მარწუხებში - კვირის პალიტრა

ეკონომიკა მარწუხებში

”ელიტური კორუფცია იმიტომაც არსებობდა, რომ არსებობდნენ მონოპოლიები”

ახალი მთავრობა აცხადებს, რომ ელიტურ კორუფციასთან ბრძოლას იწყებს. პარლამენტში ერთ-ერთი პირველი განიხილება კანონპროექტი თავისუფალი კონკურენციის შესახებ. მისი მიღების შემდეგ შეიქმნება თავისუფალი კონკურენციის სააგენტო, რომელიც საქართველოს ბაზარს გააკონტროლებს. წლების წინ ეს ამოცანა ანტიმონოპოლიურ სამსახურს ეკისრებოდა, რომელიც 2004 წელს გაუქმდა და მის ნაცვლად თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო დააარსეს. თუმცა, დარგის სპეციალისტთა აზრით, ის საკუთარ მოვალეობებს ვერ ასრულებდა. ქვეყნის ეკონომიკა თანდათან მოექცა მონოპოლისტურ ან ოლიგოპოლიურ მარწუხებში და საბოლოოდ, ბიზნესსფეროების უმეტესობა მოიცვა.

ვახტანგ ხმალაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი): - დღეს ქართულ ბაზარზე არანაირი შემოწმება არ ხდება, არანაირი რეგულირება არ არსებობს. სააგენტოს, რომელსაც ქართული ბაზრის კონტროლი ევალება, ფაქტობრივად, უფლებები არ აქვს. იქ სულ რამდენიმე კაცი მუშაობს და აშკარაა, რომ საქმეს თავს ვერ ართმევენ.

აუცილებელია ამ უწყებისთვის რეალური ფუნქციების მინიჭება და ისეთი შემადგენლობის შექმნა, რომ საჭიროებისას ბაზარზე კონტროლი დაწესდეს. თუ რომელიმე კომპანიას ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა აქვს, მან ეს ბოროტად არ უნდა გამოიყენოს და თუ გამოიყენებს, სანქციები უნდა დაუწესდეს. სახელს მნიშვნელობა არ აქვს - ანტიმონოპოლიური სამსახური ერქმევა თუ თავისუფალი კონკურენციის სააგენტო, შინაარსი ერთი და იგივეა. მთავარია რეალური ფუნქციების მინიჭება და მოქმედი სტრუქტურის შექმნა. თუ ასე მოხდება, ელიტური კორუფციის წინააღმდეგ არანაირი სპეციალური კანონის მიღება საჭირო არ არის. კორუფცია - დანაშაულია და ის უნდა აღიკვეთოს.

მართალია, ქვედა ეშელონებში დღეს კორუფცია ძალიან შემცირებულია, მაგრამ ზედა დონეზე ელიტური კორუფცია აშკარაა. ბოლო წლებში ელიტური კორუფცია იმიტომ არსებობდა, რომ არსებობდნენ მონოპოლიები. მონოპოლიების არსებობა, ერთი მხრივ, ელიტურ კორუფციას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი ფასებს შეუსაბამოს ხდის რეალურ საბაზრო ვითარებასთან. საბოლოოდ, მომხმარებელთა უფლებები ილახება. ბუნებრივია, ეს პროდუქციის ხარისხზეც მოქმედებს, თუ კონკურენცია არ არის, ხარისხზე ლაპარაკი ზედმეტია.

თეიმურაზ ბერიძე (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): - კონკურენციის გარეშე საბაზრო ეკონომიკა ვერ განვითარდება. ყველაფერი, რაც ხელს უშლის კონკურენტულ გარემოს, ან უნდა აღმოიფხვრას, ან მინიმალურად შემცირდეს.

მონოპოლიაა, როცა ბაზარზე ერთი მწარმოებელი ან იმპორტიორია, დუოპოლია ორი მოვაჭრის ან მწარმოებლის ხელში ყალიბდება. ხოლო ოლიგოპოლიაა, როცა ბაზარზე რამდენიმე მწარმოებელი ან მოვაჭრეა. თანამედროვე ქართული ეკონომიკისთვის უფრო დამახასიათებელია ოლიგოპოლია და არა მონოპოლია. ოლიგოპოლიის ამოცანებში შედის მოგების მაქსიმალურად გაზრდა. ოლიგოპოლიის წარმომადგენლები ფასს თვითონ აწესებენ და ამით ბაზარზე ბატონობენ. ოლიგოპოლიები იღებენ გრძელვადიან მოგებას, რაც მათ სტაბილურ მდგომარეობას ანიჭებს, ოლიგოპოლიის წევრები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და ყველაფერი იციან ერთმანეთზე.

ჩვენთან ყველა ეს ნიშანი თუ ფაქტორი უკვე ჩამოყალიბებულია და არსებობს, თუმცა საქართველოს ეკონომიკას კიდევ ერთი თავისებურებაც ახასიათებს: ოლიგოპოლიები აქ არის არა იმდენად წარმოების სფეროში, არამედ უფრო ვაჭრობის სფეროში, რადგან საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა. მაგალითად, თუ ავიღებთ ფარმაცევტულ ბაზარს, აქ წამყვანი პოზიციები უკავია რამდენიმე ფირმას, მაგრამ მთავარი მათ შორის ”ავერსი”, GPშ-ი და ”პსპ”-ა, ამ კომპანიებს ბაზრის ლამის 50% უჭირავთ. მსგავსი ვითარებაა ნავთობის სექტორშიც, სადაც აგრეთვე რამდენიმე კომპანია დომინირებს. ეს კლასიკური ოლიგოპოლიური ბაზარია. ასეთივე მდგომარეობაა სურსათის ბაზარზეც, რადგან საქართველო დღეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტიორი ქვეყანაა. ხორცპროდუქტები იქნება თუ სხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია - ყველგან ვხედავთ მონოპოლიებისა და ოლიგოპოლიების არსებობას. ავიღოთ თუნდაც აზარტული თამაშების ბიზნესისა და ლატარიის გათამაშებების სფერო - საქართველოში ისიც მონოპოლიზებულია. შესაბამისად, ამ ბაზარზე შესვლაც ძალიან ძნელია.

- როგორ უნდა ვებრძოლოთ მონოპოლიებსა და ოლიგოპოლიებს?

- მთავარი ბერკეტი აქვს სახელმწიფოს. პირველ რიგში, ეს საკანონმდებლო ბაზაა. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში, 1890 წელს, აშშ-ის კონგრესმა მიიღო შერმანის კანონი, ხოლო 1914 წელს - კლინტონის კანონი, შემდეგ სხვა კანონებიც, სადაც ხაზგასმით წერია, რომ ყოველგვარი მოლაპარაკება, გაერთიანება, ან ფარული გარიგება, რომელიც მიმართულია საცალო ვაჭრობის შეზღუდვისაკენ, უკანონოდ ცხადდება. ანუ ეს არის კრიმინალი. ნებისმიერი პირი, რომელიც შეეცდება მონოპოლიზებას, გაერთიანებას, აღიარებული უნდა იქნას დამნაშავედ, გასამართლდეს და დაისაჯოს ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით. მეტად მკაცრი დამოკიდებულება იყო და არის აშშ-ის კანონმდებლობაში მონოპოლიების წინააღმდეგ. მსგავსი მიდგომა საქართველოშიც უნდა არსებობდეს, რათა გამოსწორდეს ჩავარდნა ბაზარზე და ქვეყანამ თავისუფალი კონკურენციის სიკეთე იგრძნოს.

ხათუნა ჩიგოგიძე