”დაც(მ)ული ბიზნესი” - კვირის პალიტრა

”დაც(მ)ული ბიზნესი”

”პრეზიდენტის ინიციატივა კარგი მესიჯი იყო, მაგრამ ვაი, რომ ბევრი ბიზნესი მანამდე მოყვა წნეხში”

ოფიციალურ ”რეკეტს” ვერც მსხვილი ბიზნესი გადაურჩა

საგადასახადო სამსახურების მუდმივი რეიდების შემდეგ ბევრი ბიზნესი ვალებშია ჩაფლული, ზოგი დალუქვამ იმდენად დააზარალა, რომ მუშაობა ვეღარ განაგრძო და დაიხურა. სავაჭრო ცენტრებში დღესაც ნახავთ მაღაზიებს, რომელთა კარი ნარინჯისფერი ქაღალდითაა დალუქული, წარწერით ”საგადასახადო შემოწმება”. ეს -რაც შესამჩნევია, უფრო მეტი ასეთი ფაქტი კი საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა. არაერთი საწარმო, მათ შორის თბილისს გარეთ, საგადასახადომ თვეობით გააჩერა, თუმცა მხოლოდ მსხვილი საქმეები გახმაურდა. ორივე მხარე ამ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავს. საგადასახადო რეიდების ”ჩუმად” ჩატარებას ამჯობინებს, ბიზნესი კი, უარესის შიშით, ხმამაღლა საუბარს ერიდება.

საგადასახადოს ტერორმა მასობრივი ხასიათი მიიღო და შეწუხებულიც იმდენად ბევრი დაგროვდა, რომ პრეზიდენტმა ამჯობინა, სანამ უკმაყოფილებას ბიზნესი გამოხატავდა, მათ გასაჭირზე თვითონ ეთქვა. სააკაშვილის მიერ ლოპოტის ტბის პირას მთავრობის სხდომაზე გამოთქმული ინიციატივებიდან ერთ-ერთი ბიზნესის ეს დალუქვას შეეხო. სწორია თუ არა ბიზნესის დალუქვა, -ეს ფინანსთა მინისტრმა უნდა გადაწყვიტოს. პროცესი 48 საათზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. თუმცა პრეზიდენტმა იქვე დაამატა, რომ საჭიროა საგადასახადოს თანამშრომლებმა უფრო აქტიურად და ეფექტურად იმუშაონ. აქტიურობა კი ინსპექტორების ენაზე ბიზნესისთვის რაც შეიძლება მეტი ჯარიმის დაკისრებას ნიშნავს, რადგან მადლობას სწორედ ბიუჯეტში მეტი თანხის შეტანისთვის ეუბნებიან.

თამაზ გველესიანი (”საფილოს” მფლობელი): ”ერთი თვე ზუსტად სეზონზე გაგვაჩერეს, კიდევ ერთი თვე ბიზნესის ხელახლა ასამუშავებლად დამჭირდა. 53 ათასი ლარის ჯარიმა დამაკისრეს, სრულიად უსამართლოდ. იყო დრო, სათვალეებს 70%-იანი ფასდაკლებით, თითქმის თავის ფასში ვყიდდით, მაგრამ საგადასახადო არ გვენდო -არ გვჯერა, რომ ასე იაფად გაყიდეთო და დაგვაჯარიმეს. თანაც პროდუქციის ფასები ინვოისში მითითებულის მიხედვით კი არა, თავიანთი კოდების შესაბამისად იანგარიშეს და მაქსიმალური ჯარიმა დაგვარიცხეს. ყაჩაღებივით იქცევიან. ინვენტარიზაციას 2-3 დღე ეყოფოდა, ამდენი ხნით კომპანიის გაჩერება საჭირო არ იყო. დარიცხული თანხიდან 32 ათასი ლარი შევიტანეთ ბიუჯეტში, დანარჩენი დღგ-ში ჩაითვალა. თანხა ეცოტავათ და კამერალური შემოწმება დაიწყეს.

როგორც გავიგეთ, ინსპექციის ხელმძღვანელს უთქვამს, ამხელა ქსელისთვის 53 ათასი ცოტაა, 200 ათასამდე გავუზარდოთო. კამერალურზე ჯარიმას თუ დაარიცხავენ, ბიუჯეტში ფული 20 დღის ვადაში უნდა გადაიხადო. თუ ვერ გადაიხდი, დაგაყადაღებენ. ხელმეორე დაყადაღება უკვე აღსასრულის ტოლფასი იქნება. მერე სასამართლოში უნდა იდავო, რომ თანხა დაიბრუნო. სასამართლოს ხარჯები ცალკე დაგეკისრება და დიდია შანსი, რომ წააგო და ისედაც დაღუპული ბიზნესი საბოლოოდ დაიღუპოს. ამიტომაც ბიზნესი იძულებული ხდება, დათმობაზე წავიდეს, საგადასახადოს დაეთანხმოს და თანხა გადაიხადოს.

თუ დარიცხულ ჯარიმას არ დაეთანხმება, მაღაზიას დალუქავენ და ჯარიმას სანამ არ აღიარებს, არ გახსნიან. კომპანია ვერ ვაჭრობს და შემოსავლებს კარგავს. არ უყურებენ, აქვს თუ არა შემოსავალი, რამდენია ბრუნვა, რამდენი კრედიტი აქვს აღებული, მომწოდებლისთვის რამდენი აქვს გადასახდელი. ნუ დამკეტავ თვეობით და იმის საშუალება მაინც მომეცი, რომ ვივაჭრო და ჯარიმა გადავიხადო. თუ დავიქეცი და შევწყვიტე მუშაობა, პოსტ ფაქტუმ პრეზიდენტის შეღავათი თუ ამნისტია აღარაფერს მიშველის. ნორმალურ ქვეყანაში კომპანიაში ”თეთრი ბუღალტერია” უნდა იყოს. ამას უკვე მივაღწიეთ, 2006 წლის შემდეგ კომპანიებმა ბიზნესი გამჭირვალე გახადეს. ამიტომ ზედმეტად შეშინება ბიზნესს აღარ სჭირდება”.

საგადასახადოს რამდენიმეთვიანმა შემოწმებამ, რასაც სოლიდური ჯარიმა მოჰყვა, ”ყაზბეგის” რუსთავის ქარხანა დახურვის პირას მიიყვანა. ”ყაზბეგის” დამფუძნებელ გოგი თოფაძის თქმით, საგადასახადო ქარხნის თანამშრომლების, ასევე იმ მაცივრებისა და დანადგარების დაბეგვრას ითხოვს, რასაც კომპანია რესტორნებსა და მაღაზიებს უსასყიდლოდ აძლევს. თოფაძე გადასახადს უკანონოდ მიიჩნევს და მის გადახდას არ აპირებს. ცხადია, დათმობაზე არც საგადასახადო სამსახური წავა და დიდია საშიშროება, ამ დავას ქარხნის 350 თანამშრომლის უმუშევრად დარჩენა მოჰყვეს. საგადასახადომ წვრილფეხობას რომ ”მიხედა”, ჯერი უფრო მსუყე ლუკმებზე მიდგა. შემოსავლების სამსახურმა გასულ კვირას ”ჯეოსელის” შემოწმება დაასრულა და არსებული ინფორმაციით, ფინანსური დარღვევებისთვის 100 მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი ადასტურებს, რომ ”ჯეოსელი” დააჯარიმეს, თუმცა, კომპანია ამ ინფორმაციას დღემდე ჯიუტად უარყოფს.

პაპუნა პეტრიაშვილი (ფინანსთა მინისტრის მოადგილე): -შესამოწმებელი ობიექტი სხვადასხვა ნიშნით ირჩევა. ზოგჯერ გეგმურია, ზოგჯერაც საგადასახადო სამსახური ითვალისწინებს, ბოლო შემოწმებიდან რამდენი დროა გასული, აგრეთვე, მაგალითად, კომპანიის ბრუნვას და სხვ.

-საგადასახადო არცთუ იშვიათად იმდენ ჯარიმას აკისრებს, რომ კომპანია მუშაობას ვეღარ აგრძელებს, კოტრდება და იხურება. მაკონტროლებელმა ამაზე არ უნდა იფიქროს?

-მაშ რა ქნას საგადასახადო ინსპექტორმა, ამის შიშით კომპანია აღარ შეამოწმოს? მერე რა უთხრას ხელმძღვანელობას, რაც ეკუთვნოდა, იმდენი რატომ არ დავაკისრეო? ამის გამო პასუხს მერე მას მოსთხოვენ. ის თავის საქმეს აკეთებს, რაც ევალება. რაც ეკუთვნის, იმას აკისრებენ. ზოგჯერ არის, რომ იხურება კიდეც, ზოგჯერ იხდიან.

-საგადასახადო ბიზნესს ადრეც ამოწმებდა, მაგრამ ასეთი ინტენსივობითა და სიმკაცრით არა...

-გეთანხმებით, შემოწმებებმა მოიმატა. რა, არ უნდა გაზრდილიყო? ეს ნიშნავს, რომ საგადასახადო კარგად ასრულებს თავის საქმეს.

ჯემალ ინაიშვილი (საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი): ”არ შეიძლება ბიზნესს უყურებდე, როგორც შემოსავლისა და დაბეგვრის ობიექტს. საგადასახადო სამსახური ობიექტური და მკაცრი უნდა იყოს, ასეა ყველგან, მაგრამ იმადროულად დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ქვეყანაში ბიზნესი არსებობდეს. თუ არ იქნება ძლიერი ბიზნესი, ბიუჯეტსაც არ ექნება საგადასახადო შემოსავლები. ხშირად შემოწმება ზედმეტად მკაცრია. ბიზნესისადმი მიდგომა უნდა შეიცვალოს, მაკონტროლებელმა გადაწყვეტილება კარგად უნდა აწონ-დაწონოს. თითოეული კომპანიის უკან მარტო დამფუძნებელი კი არა, იქ მომუშავე ადამიანებიც დგანან. თუ შემოწმება არაობიექტურად ჩატარდა, კომპანია ზედმეტად დაისაჯა, მუშაობას ვეღარ განაგრძობს. საგადასახადომ შეიძლება ერთჯერადად ამოიღოს გადასახადები, მაგრამ ხვალ გადასახადის გადამხდელი აღარ ეყოლება”.

გიორგი ისაკაძე (ბიზნესმენთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი): ”როგორც ჩანს, პრეზიდენტს ბიზნესის უკმაყოფილების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია. მივიდა ხმა, რა ხდებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ბიზნესის დალუქვა, დახურვა იოლია, მაგრამ მერე ამუშავებაა ძნელი. თუ სისხლის სამართლის დანაშაული და ქონების დატაცების შემთხვევაა, უნდა დაილუქოს, მაგრამ 48 საათზე მეტი არ უნდა გაგრძელდეს, თორემ ბიზნესისთვის დამღუპველი შედეგები მოჰყვება -დაკარგავს ბანკების, პარტნიორების ნდობას, ბაზრებს... ვისაც პრობლემები აქვს, მისთვის ეს ინიციატივა კარგი მესიჯი იყო, მაგრამ ვაი, რომ ბევრი ბიზნესი მანამდე მოყვა წნეხში”.

ფინანსთა მინისტრი აღიარებს, რომ ბიზნესის დაყადაღების გადაწყვეტილებას აქამდე ქვედა დონის ინსპექტორები იღებდნენ და მათი მუშაობა იდეალურისგან შორს იყო. ის მხოლოდ პატაკებს იბარებდა, ზოგჯერ ყოველდღიურად, ზოგჯერაც კვარტალურად.

კახა ბაინდურაშვილი (ფინანსთა მინისტრი): ”გადასახადების გადახდა არავის უყვარს. მით უმეტეს, ახლა ბიზნესს შემოსავალი შემცირებული აქვს და შედარებით უჭირთ. მესმის, წუხილი აქედან მოდის, მაგრამ შემოსავლების სამსახურს ეს საქმე რომ არ გაეკეთებინა, ქვეყანა ფისკალურად ჩამოიშლებოდა და ისეთი რისკების წინაშე დადგებოდა, როგორის წინაშეც დადგა ლატვია, როცა ქვეყანა ძლივს გადაურჩა დეფოლტს. არავის უნდა გაუჩნდეს ილუზია, რომ დამრღვევი საწარმო არ დაილუქება, ოღონდ საგადასახადო ინსპექტორების პროფესიონალიზმი გაკონტროლდება მეტად. საგადასახადო ინსპექტორი ვალდებულია, შეწყვიტოს ორგანიზაციის დალუქვა, რა წუთსაც მფლობელი სააღრიცხვო დოკუმენტაციას წარუდგენს. პრობლემა ის არის, რომ ეს დოკუმენტაცია ბევრს არ აქვს და დრო უნდა, ასე ვთქვათ, ”პოსლეზე” რომ შეადგინო. ეს არის მიზეზი, რომ ბიზნესი დიდი ხნით არის დალუქული”.

დალუქული ბიზნესების მფლობელებს პრეზიდენტის სიტყვების მოსმენის შემდეგ იმედი გაუჩნდათ, რომ მათ კარს ლუქს ახსნიდნენ და და მუშაობის დაწყების საშუალებას მისცემდნენ. თუმცა ამჟამადაც დაკეტილია ”ჯინს-გალერის” 8 მაღაზია, სადაც საგადასახადო 2 ნოემბერს შევიდა და ყველა მაღაზია ერთდროულად დალუქა. ლოპოტას სხდომამდე ცოტა ხნით ადრე გაიხსნა ”სუპერი” და ”ბაბილონი”, რომლებიც ასევე დალუქული იყო. განმეორებითი შემოწმება დაიწყეს ”ბელუქსშიც”... შემოწმებები გრძელდება და ბიზნესი თავს მშვიდად ვერ გრძნობს.

ნონა ქვლივიძე