ბიზნესეგზეკუცია ”უდავოდ” - კვირის პალიტრა

ბიზნესეგზეკუცია ”უდავოდ”

საგადასახადოსა და სასამართლოს შორის დაკარგული სამართალი

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიზნესმენებს საგადასახადო ძალიან ცუდად ექცევა. ეს ერთგვარ აღიარებას ჰგავდა, მაგრამ პასუხისმგებლობა ქვეყნიდან გაქცეულ ბიზნესმენებსა და დაქცეულ ობიექტებზე არავის ეკისრება. საგადასახადო ორგანოების მუშაობა დიდი ხანია რეკეტს დაემსგავსა. ბიზნესმენებისთვის ”ფულის დაწერის” ახალ-ახალი მეთოდები კი არ ილევა. ერთხანს მოდური იყო ფინანსურ პოლიციაში ბიზნესმენის ”ყავის დასალევად” დაბარება. არადა, ყავის ფასი ნახევარი მილიონი დოლარიდან იწყებოდა. მოგვიანებით ინკასოების ”შეცდომით” დადება შემოვიდა, ამჯერად კი ”მოდური” დალუქვა გახდა. საგადასახადოს ეს, რა თქმა უნდა, არ გაუვიდოდა, სასამართლოში მაინც რომ იყოს ვითარება მოწესრიგებული. სამწუხაროდ, სისტემა ისეა აწყობილი, რომ სასამართლოში დავას და თქვენ წარმოიდგინეთ, მოგებასაც კი ბიზნესმენისთვის არავითარი აზრი არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში დაზარალებული მაინც ბიზნესმენია.

პაატა სალია (ადვოკატი): -ცოტა ხნის წინ რამდენიმე რესტორნის მფლობელმა მომმართა. საგადასახადო შევიდა რესტორნებში, დათვალეს, ერთ კონკრეტულ დღეს რამდენი კლიენტი ჰყავდა რესტორანს და მიიჩნიეს, რომ ყოველდღე ზუსტად იმდენი კლიენტი უნდა ჰყოლოდა. ჯარიმებიც ამის მიხედვით დაარიცხეს. პრობლემების მიუხედავად, რესტორნების მფლობელები აღარ გამოჩენილან. სამწუხაროდ, გადამხდელების ძირითადი ნაწილი ფიქრობს, რომ საგადასახადოსთან ჭიდილსა და სასამართლოში ჩივილს აზრი არ აქვს, რადგან გადამხდელი ნებისმიერ შემთხვევაში წაგებული რჩება.

-ბოლო დროს ტელეეთერით მუდმივად ტრიალებს სარეკლამო რგოლი, სადაც გვიმტკიცებენ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული დავების 70% გადასახადების გადამხდელის სასარგებლოდ სრულდება.

-ხშირად სასამართლო პროცესის მოგება გამარჯვებას სულაც არ ნიშნავს. შესაძლოა გადამხდელმა პროცესი მოიგოს, მაგრამ სინამდვილეში დამარცხებული და განადგურებულია. საქმე ისაა, რომ სასამართლო, დავის საგნის არსებითად გადაწყვეტის გარეშე, საქმეს კვლავ ადმინისტრაციულ ორგანოში, ანუ საგადასახადოში აბრუნებს ხელახლა შესასწავლად. საგადასახადოც კვლავ ძველებურად, უფრო სწორედ, ”თავისებურად” ითვლის, მერე გადამხდელი კვლავაც არ ეთანხმება და ასე დაუსრულებლად. ეს ითვლება პროცესის მოგებად...

სამართლებრივადაც სრული აბსურდი გამოდის. თუ ძირითადი დარიცხული თანხა 25 ათას ლარს აჭარბებს, გადამხდელს სისხლის სამართლის საქმესაც აღუძრავენ. კომპანიას შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს 25 ათასის ქონება. იძულებითაც რომ დაიწყოს ამ ქონების ამოღება, სახელმწიფო ვერაფერს ამოიღებს. ამ ვითარებას მოარგეს სისხლის სამართლის კოდექსიც. ისე, რომ არავინ ელოდება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაიჭერენ ადამიანს, რაც აბადია, ყველაფერს გაუყიდიან და ფულს მაინც მიატანინებენ.

არსებობს ასეთი ავიაკომპანია ”გერმანია”. ახლა ფრენა შეწყვეტილი აქვთ. დააქცია საგადასახადომ, მხოლოდ იმიტომ, რომ ბიუჯეტში ზედმეტი 200 ათასი ლარის გადასახადი ჰქონდა გადახდილი და თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა. ფულის მოთხოვნა ასე არ უნდაო და კომპანიას, სრულიად უსაფუძვლოდ, უკან მოთხოვნილ თანხაზე ორჯერ მეტი ჯარიმა დაარიცხეს. დღეს ადამიანი, რომელიც პატიოსნად იხდიდა გადასახადებს, შესაძლოა სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასაჯონ.

ყველაფერ ამას ის უბედურებაც ემატება, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულება დაუყოვნებლივ შეიძლება. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაც არ არის საჭირო ბიზნესმენის ქონების აუქციონზე გასაყიდად. მქონდა ასეთი შემთხვევა: პირველ ინსტანციაში დავა საგადასახადომ მოიგო, სააპელაციო სასამართლოში საქმე ჩემი კლიენტის სასარგებლოდ გადაწყდა და დავა უკვე უზენაესში მიმდინარეობდა, როცა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყეს! ასე რომ, ტელევიზიით გადაცემული სტატისტიკა წმინდა წყლის რეკლამაა და მეტი არაფერი. კანონი ისეა შედგენილი, რომ უზენაეს სასამართლოში საქმის მოგება ბევრს არაფერს წყვეტს. შესაძლოა საქმე მოიგო, მაგრამ ქონება გაყიდული დაგხვდეს, ბიზნესი -განადგურებული...

-ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს კომპენსაციის გაცემა ხომ ეკისრება?

-ოდესმე, შემდეგ ცხოვრებაში. ეს კომპენსაცია შინმოუსვლელივითაა, რომელიც არც მოგეცემა და არც დაგეკარგება. ბიზნესში დრო ფულია და როცა ქონებას გიყიდიან, აწყობილ საქმეს გინგრევენ, მერე კომპენსაციისთვის წლობით გატარებენ (ათას მიზეზს მოძებნიან, ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არისო და სხვა), ამას ჰქვია საქმის მოგება?

რეალურად ამ სფეროში ძალიან ცუდი ამბები ხდება. შეიძლება, ასე მოექცეს სახელმწიფო ბიზნესმენს? საგადასახადო ინსპექტორებისთვის მთავარი კანონი კი არ არა, სურვილებია. ცოტა ხნის წინ ერთი ჩემი კლიენტი სათამაშო აპარატის გამო დააჯარიმეს. აპარატი ერთი იყო, მაგრამ ოთხი მხრიდან შეიძლებოდა თამაში. კანონი გადასახადის ერთხელ გადახდას ითვალისწინებდა, მაგრამ საგადასახადომ აიკვიატა, ეს ოთხი აპარატიაო. როცა ვკითხე, სად, რომელ კანონში წერია ეს-მეთქი, მიპასუხეს -საგადასახადო ვარ და რადგან ასე ვამბობ, ესე იგი, ასეაო. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, კანონში რაც არ წერია, ის არ შეიძლება გადამხდელის საწინააღმდეგოდ გამოიყენო. ჩვენთან კი პირიქითაა. თუ რამე მეწარმის სასარგებლოდ არ წერია კანონში, ყველაფერს მის საწინააღმდეგოდ იყენებენ.

საგადასახადო ორგანო, ფაქტობრივად, ოფიციალური რეკეტორი გახდა. ერთ დროს, ვითომ შემთხვევით, ბიზნესმენებს ანგარიშებიდან ფულს აჭრიდნენ, უბოდიშებდნენ და უკან აღარაფერს უბრუნებდნენ.

-ეს როგორ?

-თუ საგადასახადოსთან დავა ჰქონდა რომელიმე ბიზნესმენს, ვითომ შეცდომით ინკასოს ადებდნენ (როცა საგადასახადო დავალიანება აღიარებული არ არის, საგადასახადოს უფლება არ აქვს, ანგარიშებიდან თანხები ჩამოაჭრას). ანგარიშებიდან თანხის ჩამოჭრა პარასკეობით, ექვსის ნახევარზე ხდებოდა. ბუნებრივია, ბიზნესმენი ვეღარ ასწრებდა სიტუაციის იმავე დღეს გარკვევას. ორშაბათს საგადასახადოში ბოდიშს მოიხდიდნენ ”შეცდომისთვის” და ეტყოდნენ, რა მოხდა, მაინც ხომ გაქვს დავალიანება და იმაში გავქვითავთო.

-ბოლო დროს ”საგადასახადო მოდაში” ობიექტების დალუქვა-დაყადაღება შემოვიდა. დარღვევისას ობიექტის დალუქვა აუცილებელი ნორმაა?

-დარღვევის აღმოჩენა ან თუნდაც ობიექტის დაყადაღება არ ნიშნავს საქმიანობისთვის ხელის შეშლას. არავითარი უფლება არ აქვთ, შეაჩერონ სამეწარმეო საქმიანობა, თუ საქმე კრიმინალს არ ეხება და დანაშაული არ იკვეთება. მაგრამ ასე ხომ უფრო ადვილია ბიზნესმენის გატყავება? პასუხისმგებლობის აღებასაც ყველა გაურბის. ინსპექტორები შეიძლება დაგეთანხმონ, გეუბნებიან, მართალი ხარ, მაგრამ შარის თავი სად მაქვს, მე დაგიწერ და შენ სასამართლოში იდავე ან ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრეო. პასუხისმგებლობას სასამართლოს პირველი ინსტანციაც გაურბის -აპელაციამ გადაწყვიტოსო. აპელაციასაც ურჩევნია, პასუხისმგებლობა უზენაესმა აიღოს. ამასობაში კი უზნაესმა შეიძლება გითხრას, ეს კონკრეტული საქმე სასამართლო პრაქტიკის განვითარებისთვის არ არის საინტერესოო და საერთოდ არ მიიღოს სარჩელი წარმოებაში...

ჩვენი განვითარება ძირითადად ინვესტიციებზეა დამოკიდებული. ინვესტორს რომ წესიერად მუშაობისა და განვითარების საშუალება მისცენ, მაინცდამაინც პრეზიდენტთან უნდა იყოს ნასადილევი და პირადად მისგან უნდა ჰქონდეს გარანტიები მიღებული? ეს ხომ არანორმალურია. მართალია, საგადასახადო კანონმდებლობა გადასახადის განაკვეთების მხრივ გაცილებით უკეთესია, ვიდრე ევროპაში, აღარც კომპანიის დაფუძნებაა პრობლემა, მაგრამ სამაგიეროდ ჩრდილოვანი მხარეა სასტიკი. იმდენად სუბიექტურია საგადასახადოს თანამშრომლების დამოკიდებულება კანონისა და გადამხდელების მიმართ, რომ ეს რეკეტს ემსგავსება. თანაც ამ ყველაფერს კამპანიური ხასიათიც აქვს. საგადახადოს ბოლოდროინდელი მუშაობა კვირაიას რეიდებს დაემსგავსა. ხან ტანსაცმელების მაღაზიებს ჩამოუვლიან ერთბაშად, ხან რესტორნებს დაერევიან, ხანაც სუპერმარკეტებს.

პირველი რგოლი გეუბნება: ახლა დაგაჯარიმებ, მაგრამ რა პრობლემაა, გაასაჩივრებ და მოგიხსნიანო. კარგად იციან შემდგომი პროცედურები. ინსპექტორი გაჯარიმებს, შემოსავლების სამსახურში გეუბნებიან, შესაძლოა ამ საკითხში მართალი იყოთ, მაგრამ მოდით, ზემოთ გადაწყვიტონო. ზემოთ გეუბნებიან, ჩვენ ასე მიგვაჩნია და თუ არ მოგწონს, წადი სასამართლოშიო. სასამართლოში კი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაა მთავარი. ასე რომ, სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე.