”გამყიდველების დაბნევას ცდილობენ, რათა მერე ჯარიმა გამოუწერონ” - კვირის პალიტრა

”გამყიდველების დაბნევას ცდილობენ, რათა მერე ჯარიმა გამოუწერონ”

თბილისში ლამის მაღაზია და წვრილი სავაჭრო ობიექტიც კი არ დარჩა, ბოლო დროს შემოსავლების სამსახურს არ დაეჯარიმებინოს. ხშირად დაჯარიმების მიზეზად სალარო აპარატის გამოუყენებლობა სახელდება, რაც პირველ ჯერზე 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგი და სამმაგი ოდენობით ჯარიმდება.

შემოსავლების სამსახურის მიერ მაღაზიების და წვრილი სავაჭრო ობიექტების ინსპექტირება იმდენად გახშირდა, რომ მეწარმეებში ბუნებრივად გაჩნდა ეჭვი -ხელისუფლება საბიუჯეტო კრიზისის შევსებას ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობს. ამიტომ იმას, რაც ბოლო დროს, ზოგადად, ბიზნესის თავს ხდება, საგადასახადო ტერორიც კი შეარქვეს.

”ეკოპალიტრამ” რამდენიმე დაჯარიმებული წვრილი სავაჭრო ობიექტი და მაღაზია მოინახულა. შემოსავლების სამსახურთან შესაძლო გართულებების გამო მეწარმეები ვინაობის გამჟღავნებას ერიდებიან, მაგრამ პირად საუბრებში იმ ფანდებზე გვიამბობენ, რომლებსაც საგადასახადოს ინსპექტორები ჯარიმის გამოსაწერად იყენებენ.

”ადრე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები თვეში ან კვირაში ერთხელ შემოდიოდნენ იმის შესამოწმებლად, ვიყენებთ თუ არა მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორებისას სალარო აპარატს, ახლა უკვე კვირაში რამდენჯერმე ”გვსტუმრობენ”. ყველა მომხმარებელს ეჭვის თვალით ვუყურებთ და ყველა საგადასახადოს მოგზავნილი გვგონია, ამიტომ ერთი ასანთიც რომ შეიძინონ, იმასაც სალარო აპარატში აღვნუსხავთ და მომხმარებელს ჩეკს ვაძლევთ. ანუ შემოსავლების სამსახურს დაჯარიმების არანაირ საბაბს არ ვაძლევთ. მაგრამ, როგორც სანდო წყაროსგან გავიგეთ, წლის ბოლო ახლოვდება და საბიუჯეტო გეგმა ჰქონიათ შესასრულებელი. მხოლოდ წვრილი სავაჭრო ობიექტებიდან, ჯარიმების სახით, 25 მილიონი ლარი უნდა შეიტანონ ბიუჯეტში, ამიტომ ხშირად თავად პროვოცირებენ. მაგალითად, ერთი ასეთი ხრიკი აქვთ. მაღაზიაში ორნი შემოდიან. სანამ ერთი სიგარეტს ყიდულობს, მეორე გამყიდველს ასანთს სთხოვს. თუ გამყიდველი დაიბნა და მეორე მომხმარებელს ასანთის კოლოფი მანამ მიაწოდა, სანამ სიგარეტის მყიდველს ჩეკს ამოურტყამს, 500-ლარიანი ჯარიმა არ ასცდება. თბილისში მაღაზია და წვრილი სავაჭრო ობიექტი აღარ დარჩა, ერთხელ მაინც რომ არ იყოს დაჯარიმებული. ზოგს კი 1500-ლარიანი ჯარიმები დღემდე გადაუხდელი აქვს. დაახლოებით ერთი თვის წინ, შემოსავლების სამსახური უფლებას გაძლევდა, ჯარიმა ნაწილ-ნაწილ გადაგეხადა, ახლა კი ამ შეღავათსაც არ გვიკეთებენ და სრული თანხის გადახდას გვთხოვენ. ამ კრიზისის დროს ასეთმა წნეხმა, ფაქტობრივად, წელში გაგვწყვიტა, ამიტომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში ბევრი მაღაზია და სავაჭრო ობიექტი დაიხურა”, -შემოგვჩივლა სასურსათო მაღაზიის მეპატრონემ.

თბილისში თვალში საცემია დალუქული მაღაზიების სიმრავლეც. დალუქვის საბაბი შეიძლება გახდეს როგორც ჯარიმის გადაუხდელობა, ასევე ეჭვი გადასახადების დამალვის შესახებ, რაც მათი მხრიდან საქონლის დეტალურ აღწერას საჭიროებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მუშაობა განაახლა ”მარკეტმა ვორონცოვზე”, რომელიც შემოსავლების სამსახურს გადასახადების დამალვის ბრალდებით ჰქონდა დალუქული. როგორც მარკეტის მენეჯმენტში გვითხრეს, აღწერა თვისა და ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რაოდენ დიდი მატერიალური ზარალი მიადგა ამ ხნის განმავლობაში ბიზნესს, რომელიც ძირითადად საკვები პროდუქტებით ვაჭრობს.

”საგადასახადოს იმდენი მაღაზია აქვს დალუქული, რომ აღწერას ვერ აუდიან. ამისათვის არც ტექნიკური და არც ადამიანური რესურსი არ ჰყოფნით, მაგრამ სულაც არ ანაღვლებთ, როგორ აფერხებს ამგვარი დამოკიდებულება ბიზნესს. ხელისუფლება ერთი ხელით თითქოს ბიზნესის ლიბერალიზაციას უწყობს ხელს, მეორე ხელით კი კერძო სექტორის მოხრჩობას ცდილობს. ყველა ღონესა და საშუალებას მიმართავენ, ოღონდ კი ბიზნესს უკანასკნელი ფინანსური რესურსიც წაართვან და ბიუჯეტი შეავსონ. იმაზე არავინ ფიქრობს, რომ ხვალ ბიზნესს საარსებო ფული არ ექნება და მოკვდება. სალარო აპარატების გამო დაჯარიმების თემა უკვე გაცვეთილია, ახლა დაჯარიმებისა და, შესაბამისად, ფულის აკრეფის კიდევ ერთ ხერხს მიაგნეს. რამდენიმე დღის წინ, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა 100-ლარიანი ჯარიმა მხოლოდ იმის გამო გამომიწერა, რომ დახლზე შემოდებულ საპონს ფასის ეტიკეტი არ ერტყა. წებოვანი ქაღალდია და ალბათ ხელის შეხებისას ჩამოვარდა. როგორც საგადასახადოს ინსპექტორმა განმიმარტა, ეს მომხმარებლის უფლებების დარღვევაა და შესაბამის ფულად ჯარიმას ითვლისწინებს. ახლა იძულებული ვარ, ყველა საქონელს საფასო ბირკა მივარტყა და თან ყოველ წუთს ვაკონტროლო, რომ შემთხვევით არ ჩამოვარდეს და დაჯარიმების მიზეზი არ გახდეს”, -გვითხრეს საოჯახო საქონლით მოვაჭრე მარკეტში.

”მოულოდნელად შემოვარდებიან, დაიწყებენ შემოწმებას და უმიზეზოდ წერენ ჯარიმებს. ან მოდიან როგორც მყიდველები და სალარო აპარატიდან ჩეკის ამოწერამდე მაღაზიიდან გარბიან. დახლს ხომ ვერ მიატოვებ და ყველა მომხმარებელს სათითაოდ ხომ ვერ გაეკიდები, ჩეკი რომ გზაში დააწიო. შემოსავლების სამსახურის მხრიდან, ფაქტობრივად, ტერორში ვართ. დაბნეულობისგან 6-ლარიანი ჩეკის ნაცვლად 6000-ლარიანიც კი ამომირტყამს! ეს კი ცალკე საწვალებელი პროცედურაა: განცხადება უნდა დაწერო საგადასახადო სამსახურში, რომ სალარო აპარატის მონაცემები გაგისწორონ. არადა, ჩვენ ხომ დამქირავებლის წინაშეც გვაქვს პასუხისმგებლობა და რაც მეტ ჯარიმას გამოგვიწერენ, მით მეტია სამსახურის დაკარგვის შანსი”, -შემოგვჩივლეს კიდევ ერთ მაღაზიაში.

თბილისს გარეთ მდებარე ერთ-ერთ მარკეტს კი საგადასახადო სამსახური შეედავა, რომ იქ გაყიდულ საქონელს თანხობრივად აღნუსხავდნენ, ხოლო დასახელებები მითითებული არ იყო. ბევრს ედავენ თუ ცოტას, საბოლოოდ, ობიექტს დაახლოებით სამწლიანი ბრუნვა მთლიანად მოგებაში ჩაუთვალეს და საურავების გათვალისწინებით, 2 მილიონი ლარიც დაარიცხეს, თითქოს ობიექტს არც ხარჯი ჰქონია და საქონელიც უფასოდ ჩნდებოდა დახლებზე...

”ეკოპალიტრა” დალუქული მაღაზიების მეპატრონეებსაც ესაუბრა. უმეტესობას მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა უსამართლოდ დააჯარიმა, პლუს დალუქვის გამო ჯარიმაზე ორჯერ და მეტი ღირებულების პროდუქტი უფუჭდებათ. სასამართლო დავები დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული და არც იმის გარანტია არსებობს, რომ საქმე მათ სასარგებლოდ გადაწყდება. მიუხედავად ამისა, მეწარმეები მაინც აპირებენ დავას, რადგან იმხელა ჯარიმა თუ საურავი აქვთ დაკისრებული, რომ მათი დიდი ნაწილი გადახდას, უბრალოდ, ვერ შეძლებს.