საწვავის ბაზრის სქემა - კომპანიები და მფლობელები - კვირის პალიტრა

საწვავის ბაზრის სქემა - კომპანიები და მფლობელები

ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა ბიზნესსექტორის მონოპოლიზების შესახებ არაერთხელ თქმულა და ალბათ ამდენივე უარყოფა მოგვისმენია - თავად ბიზნესის წარმომადგენლებისგან თუ აწ უკვე ყოფილი ხელისუფლებისგან. იქ, სადაც ფაქტობრივად არ არსებობს ქმედითი ორგანო, რომელიც სულ ცოტა, ბაზარზე არსებულ ვითარებას შეისწავლის და კომპეტენტურ დასკვნას დადებს ქვეყანაში არსებული კონკურენტული ან არაკონკურენტული გარემოს შესახებ, რამის მტკიცება ან უარყოფა ყველაზე ადვილი საქმეა.

სხვათა შორის, იმავე მსოფლიო ბანკის რეიტინგებით, რომელიც თურმე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი განმსაზღვრელია, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობით საქართველო 139 ქვეყანას შორის 135-ე ადგილზეა. შიდა ბაზარზე კონკურენციის ხარისხით 124-ე ადგილზე ვართ, ხოლო საკუთრების უფლებების დაცვის თვალსაზრისით - 120-ზე. ეს იმათთვის, ვინც მხოლოდ იმას აქცევს ყურადღებას, რომ ბიზნესის წამოწყების სიადვილის თვალსაზრისით თურმე საპატიო მე-9 ადგილზე ვყოფილვართ. ამ ყველაფრის შემდეგ მიდი და "აკეთე" ასე ადვილად წამოწყებული ბიზნესი!

როგორ კეთდებოდა, უფრო ზუსტად კი "შენდებოდა" ბიზნესი რეალურად საქართველოში, ამას არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები ცხადყოფს. ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მოაწყო, საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზრის მოთამაშეებს, მათ შორის ბაზრის წილობრივ გადანაწილებას, ერთნაირ ფასებსა და კონკურენციის ხელოვნურად შეზღუდვას ეხება. შეგახსენებთ, რომ საწვავის ბაზარზე 2004 წლამდე რამდენიმე ათეული ეკონომიკური სუბიექტი მოქმედებდა, ახლა კი ბაზარს ოთხი-ხუთი კომპანია ინაწილებს.

"2006-2011 წლებში საწვავის საცალო ბაზარზე მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვის წილი საერთო ბრუნვაში 20%-დან 7%-მდე შემცირდა, ხოლო ასეთ საწარმოებში დასაქმებულთა წილი საერთო დასაქმებაში – 47%-დან 17%-მდე.

ქართულ ბაზარზე საწვავის ფასების დინამიკას ერთგვარი ანომალია ახასიათებს. მათზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე "პლატსის“ ფასების ზრდას ქართულ ბაზარზე საწვავის ფასის მატება მოსდევს, თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე "პლატსის“ ფასების კლება, უმეტეს შემთხვევაში, ქართულ ბაზარზე საწვავის ფასის შემცირებას არ იწვევს. ბაზარზე მოქმედი ყველა კომპანიის ფასების დინამიკა თვალში საცემად მსგავსია – შეინიშნება არსებითი პარალელიზმი როგორც სხვადასხვა კომპანიის მიერ დაწესებულ ფასებს შორის, ასევე ამ ფასების ცვლილებისას.

დაკვირვებისას გამოვლენილი ტენდენციები არსებით გავლენას ახდენს კონკურენციაზე ამ ბიზნესსექტორში და ის შესაძლოა კომპანიების ანტიკონკურენტულ ქმედებებზე მიუთითებდეს. ეს უარყოფითად აისახება როგორც მომხმარებელზე, ისე ქვეყნის მთელ ეკონომიკაზე. ეს ყველაფერი საჭიროებს კონკურენციის წესებისა და პრინციპების დაცვას სახელმწიფო ზედამხედველობით.

ბოლო წლებში საწვავით საცალო ვაჭრობის ბაზარზე დაკვირვება აჩვენებს, რომ აქ მოქმედი სუბიექტები მსხვილდებიან. კერძოდ, თუ "ვარდების რევოლუციამდე“ საწვავით საცალო ვაჭრობის ბაზარზე რამდენიმე ათეული ეკონომიკური აგენტი მოქმედებდა, ბოლო დროს მათი რაოდენობა არსებითად შემცირდა და დღეს ბაზარზე ხუთი ფირმა დომინირებს. აღსანიშნავია, რომ ფარული (კარტელური) შეთანხმებისა და შეთანხმებული ქმედების ალბათობა მით უფრო დიდია, რაც უფრო ცოტა ეკონომიკური აგენტი მოქმედებს შესაბამის ბაზარზე.

დღეისთვის საწვავის ბაზარზე ჩამოყალიბებულია ოლიგოპოლიური სტრუქტურა", - ნათქვამია კვლევაში, რომელიც წლეულს გამოქვეყნდა. ამ კვლევის თანახმად, ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული ოლიგოპოლიური სტრუქტურა ასე გამოიყურება:

- შპს "ლუკოილ ჯორჯია“, რომელიც ბაზარზე 2002 წლიდან მოქმედებს, 100%-ით ჰოლანდიურ კომპანია Lukoil Europe Holdings B.V.-ს ეკუთვნის. "ლუკოილ ჯორჯიას“ საქართველოს მასშტაბით 60 ავტოგასამართი სადგური აქვს. არსებული ინფორმაციით, კომპანიას საწვავი ბულგარეთის ნავთობგადამმუშავებელი საწარმოებიდან შემოაქვს. საინტერესოა, რომ "ლუკოილ ჯორჯიას“ მარკეტინგულ და ექსკლუზიურ სადისტრიბუციო მომსახურებას უწევს შპს "უნიგრუპი“, რომლის პარტნიორები არიან გიორგი პირველი და დავით კეზერაშვილი. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, კომპანია "გალფის" ერთ-ერთი მფლობელია, რომელიც, წესით, ბაზარზე "ლუკოილ ჯორჯიასთან" უნდა კონკურირებდეს.

- "სან პეტროლიუმ ჯორჯია“ კომპანია "გალფის“ ავტოგასამართი სადგურებს ოპერირებს. შპს 2010 წლის ნოემბერში "სონოლ ოილ პროდაკტსის" სახელით დაფუძნდა და ბაზარზე მანამდე მოქმედი კომპანიების – "სენტას“, "ეკოსა“ და "მაგნატის“ სამართალმემკვიდრეა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე ახალშემოსულმა კომპანიამ მანამდე არსებული კომპანიების ადგილი დაიკავა. რის ფასად? - ეს უკვე სხვა საქმეა. სხვათა შორის, ავტოგასამართი სადგურების ქსელ "მაგნატის" ერთ-ერთს ხელმძღვანელ ჯემალ ლეონიძეს, 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. "გალფის" 100%-იან საპარტნიორო წილს ამერიკული კომპანია Energy Investment Venture Ltd-ი ფლობს. ამასთან, "გალფის“ სახელი ღიად უკავშირდება დავით კეზერაშვილს. კომპანიის დირექტორი ისრაელის მოქალაქე იანივ ადამია, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი - ოთარ ქათამაძე, რომელიც "ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორ ზაზა ქათამაძის შვილია. "სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ქვეყნის მასშტაბით 130 ბენზინგასამართი სადგური აქვს. მათ ერთ ნაწილს "გალფის“ ბრენდი აერთიანებს. კომპანიის წარმომადგენლების რწმუნებით, საწვავი შემოაქვთ ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან და აზერბაიჯანიდან.

- ბაზრის კიდევ ერთი მოთამაშე კომპანიაა "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“, რომელიც 2006 წელ "სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ დააფუძნა. სწორედ ის ფლობს კომპანიის 100%-იან წილს. "სოკარ ენერჯი ჯორჯია“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილი კომპანიაა. მას დომინანტის პოზიცია უჭირავს აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან შემოსული ნავთობპროდუქტების იმპორტზე. "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორია დავით ზუბიტაშვილი, კომპანიას 92 ავტოგასამართი სადგური აქვს.

- ბაზრის კიდევ ერთი მოთამაშე, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ ამ ბიზნესში უკვე 12 წელია მოქმედებს. კომპანიის აქციონერები არიან ძმები სამსონ და ლევან ფხაკაძეები, "ვისოლ პეტროლიუმი“ და "სილქ როუდ ჯგუფი“. "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ ბაზარზე მანამდე მოქმედი "კანარგო დეველოპმენტის“ სამართალმემკვიდრეა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 75 ავტოგასამართ სადგურს ფლობს და იტალიური საწვავი შემოაქვს.

- შპს "რომპეტროლ საქართველო“ ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა, რომლის მეპატრონეები ნიდერლანდებსა და პანამაში რეგისტრირებული კომპანიები არიან, რაც, ბუნებრივია, ბევრ კითხვას ბადებს კომპანიის უკან მდგომ ადამიანებთან დაკავშირებით. "რომპეტროლ საქართველოს“ ყაზახეთის მოქალაქე ნურკენ მურზაგალიევი მართავს. კომპანიის წილად 51 ავტოგასამართი სადგური მოდის.

ერეკლე ურუშაძე ("საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პროექტის მენეჯერი): "ჩვენი აზრით, ის რამდენიმე ტენდენცია, რომელიც შეინიშნება ბაზარზე, მაგალითად ის, რომ ერთნაირია ამ კომპანიების მიერ დაწესებული ფასები, ფასი იცვლება ერთდროულად, ერთი და იმავე მოცულობით - ეს შეიძლება იყოს მანიშნებელი, რომ მათი მხრიდან ეს არის განსაზღვრული ანტიკონკურენტული ქმედება, კარტელური გარიგებები და ოლიგოპოლიური ვითარება. რესპონდენტები, რომელიც ჩვენ ამ კვლევის ფარგლებში გამოვკითხეთ, ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ არსებობს არაფორმალური ბარიერები ამ ბაზარზე შესასვლელად და ისინი, ვისაც სათანადო პოლიტიკური კავშირები არ ჰქონდათ, ამ ბაზარზე შესვლას ვერ შეძლებდნენ.

ბუნებრივია, ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ რეკომენდაციით მივმართეთ მაშინდელ ხელისუფლებას, შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოს, მოეწყო ბაზრის სრულფასოვანი კვლევა, რათა საბოლოოდ დადგინდეს, არის თუ არა არაკონკურენტული მდგომარეობა ამ ბაზარზე. შემდეგ ამას შესაბამისი მოქმედება უნდა მოჰყვეს. თუმცა ეს სააგენტო, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების მიუხედავად, ჯერჯერობით მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების კონტროლით არის დაკავებული და ვფიქრობ, კონკურენტული გარემოს შესწავლის მიმართულებით არც არაფერი გაუკეთებია.

სააგენტოს უფლებამოსილება უნდა გაიზარდოს, მას ბაზრის დამოუკიდებლად კვლევის საშუალება უნდა ჰქონდეს. დღევანდელი კანონმდებლობით, სააგენტოს დღის წესრიგს მთავრობა უდგენს და მას არ შეუძლია, ამას გვერდი აუაროს, ანდა თავისით გადაწყვიტოს ბაზრის კვლევის მოწყობა, და არც რამე მნიშვნელოვანი სანქციების დაწესების უფლება აქვს".

როგორც უკვე გაცხადდა, ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი პარლამენტი განიხილავს, იქნება კანონპროექტი თავისუფალი კონკურენციის შესახებ. შეიქმნება თავისუფალი კონკურენციის სააგენტო, რომელსაც ბაზრის კონტროლის უფლებამოსილება ექნება. გაჩნდება შესაძლებლობა, სრული დამაჯერებლობით შეფასდეს ვითარება კონკრეტულ ბაზრებზე, რათა მონოპოლიურ ვითარებას საბოლოოდ დაერქვას მონოპოლიური, ოლიგოპოლიურს - ოლიგოპოლიური და ლიტონი უარყოფებისთვის საფუძველი აღარ დარჩეს. ამის შემდეგ კი კონკურენციის გაზრდაზე მუშაობაც შეიძლება.