როგორ ჩავუჯდეთ წილში რკინიგზას! - კვირის პალიტრა

როგორ ჩავუჯდეთ წილში რკინიგზას!

"გადაზიდვისას იქმნებოდა მონოპოლია, რომლის არსებობის გარეშეც ბიუჯეტში 25%-ით მეტი შევიდოდა"

ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებები "საქართველოს რკინიგზასაც" შეეხო. მისი ხელმძღვანელი უკვე აღარ არის ირაკლი ეზუგბაია. "შიშიანობის" გადავარდნასთან ერთად, ისევე როგორც არაერთ სხვა დარგსა და საწარმოში, რკინიგზაშიც სასწრაფოდ იჩინა თავი წლობით დაგროვებულმა პრობლემებმა. "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებმა რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს და ხანმოკლე გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს.

იგეგმებოდა უფრო მასშტაბური გაფიცვაც. რკინიგზელებს ეკონომიკის სამინისტროდან სთხოვეს, გაფიცვებისგან თავი შეეკავებინათ, რადგან გარდამავალ ეტაპზე რეალურად გადაწყვეტილების მიმღები არ არსებობდა, ხოლო ახალი ხელმძღვანელი უახლოეს დღეებში დაინიშნებოდა. მალევე "საქართველოს რკინიგზაში" განაცხადეს, რომ კომპანია შეუფერხებლად მუშაობს. რკინიგზის თანამშრომელთა ერთი ნაწილი იმედოვნებს, რომ საქმეების გადაბარების შემდეგ კომპანიაში ფინანსური პოლიცია და პროკურატურა შევა და ისინი ყველა მოხელის ქმედებებს გამოიძიებენ. თუმცა წასვლის წინ ყოფილმა ხელმძღვანელმა საწარმოს მაჩვენებლები გამოაქვეყნდა, რომლებითაც თავიც კი მოიწონა.

გარემო, რომელიც ამ ორგანიზაციაში წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, ცხადია, ორიოდე დღეში ვერ შეიცვლებოდა. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა იმ კორუფციული სქემებისა და გარიგებების შესახებ გვიამბო, რომელიც ამ ორგანიზაციაშია დამკვიდრებული. მან ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა და გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა.

- დავიწყებ იმით, რომ "საქართველოს რკინიგზაში" ყველა ტენდერი მონოპოლიზებულია. ნებისმიერი ტენდერი ერთი და იმავე კომპანიებისა და პიროვნებების ხელშია. შესაძლოა ფირმის სახელწოდება განსხვავებული იყოს, მაგრამ მათ უკან ერთი და იგივე ადამიანები დგანან.

ხშირად ტენდერის პირობები ისეთია, რომ მათი შესრულება ბიზნესმენის უეჭველ დაღუპვას ნიშნავს. ამიტომ ტენდერში მონაწილეობს და იმარჯვებს ის, ვისაც წინასწარ უთანხმდებიან და დიდ შეღავათებს უწევენ. ამის დასტურად ერთ მაგალითს მოგიყვანთ: დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ რკინიგზამ გამოაცხადა ტენდერი, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენს, რომელიც წელიწადში 50 ათას ტონაზე მეტ ტვირთს გადაზიდავდა, 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობდნენ. თუ 1 ტონა ტვირთის გადაზიდვა, ვთქვათ, ფოთიდან გარდაბნამდე, ღირს 40 დოლარი, რკინიგზა ამ ტენდერში გამარჯვებულს 20 დოლარს ახდევინებს. ეს ძალიან დიდი შეღავათია, თუ არ გავითვალისწინებთ ერთ პირობას: ტენდერში იმარჯვებს ის, ვინც წინასწარ გადაიხდის 50 ათასი ტონა ტვირთის გადაზიდვის საფასურს, ანუ 1 მილიონ დოლარს. როგორც გითხარით, წინასწარ თითქმის ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ გადაიხდის ამხელა თანხას, რადგან ეს უეჭველ დაღუპვას ნიშნავს. ამიტომ მსგავს ტენდერებში, როგორც წესი, იმარჯვებს ის, ვინც ახლოს არის "იმპერატორთან" და მონოპოლიაც მზად არის: მარტო ერთ პირს აქვს უფლება, ტვირთი ნახევარ ფასად გადაზიდოს. ამგვარ გარიგებებში კორუფციის ნიშნები აშკარად იკვეთება: როცა მე ვიცი, რომ რკინიგზით 1 ტონა ტვირთის გადაზიდვა ღირს 40 დოლარი, ცხადია, აღარ მივმართავ "საქართველოს რკინიგზას" და მივმართავ იმ პირს, ადამიანს თუ კომპანიას, რომელსაც ტვირთის გადაზიდვის უფლება 20 დოლარად აქვს მოპოვებული. გადავუხდი 30 დოლარს, მე 10 დოლარის ეკონომიას გავაკეთებ, ის 20 დოლარს იხდის, 10 დოლარს კი საკუთარ ჯიბეში იდებს.

- და ბიუჯეტიც ზარალდება...

- რასაკვირველია. და ეს ხდება იმიტომ, რომ რკინიგზამ თავისი პრიორიტეტები ვიღაც სხვას გადასცა. ხომ შეიძლებოდა, ყველას გადაგვეხადა არა 40, არამედ 30 დოლარი? ამ თანხას ყველა ბიზნესმენი "საქართველოს რკინიგზაში" მიიტანდა და თან 10 დოლარის შეღავათიც გვექნებოდა. ახლა კი ყველა მიდის ტენდერში გამარჯვებულთან და მას უხდის ფულს. გამოდის, "საქართველოს რკინიგზა" ბიუჯეტს ხელოვნურად აზარალებს, ჩვენ კი იძულებულს გვხდის, ფული სახელმწიფოს კი არა, კერძო სტრუქტურებს ვუხადოთ. იქმნება მონოპოლია, რომლის არსებობის გარეშეც ბიუჯეტში შევიდოდა 25%-ით მეტი, ვიდრე დღეს შედის და ჩვენც არ ვიქნებოდით ჩამოკიდებული რომელიღაც მონოპოლიურ სტრუქტურაზე. ეს არის აბსურდი, რომელიც სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას.

მართალია, ეზუგბაია წავიდა, მაგრამ რკინიგზაში ეს მახინჯი სქემაც რჩება და ბევრი სხვაც. მერწმუნეთ, "საქართველოს რკინიგზაში" შესაცვლელია თითქმის ყველაფერი. მისცენ ყველას თანაბარი უფლებები, შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ვინც მეტ მარიფათს გამოიჩენს და ვინც ძლიერია, წარმატებასაც ის მოიპოვებს.

ირაკლი პეტრიაშვილი (საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე): - პირველ რიგში, უნდა ვთქვა ის, რაც დაზუსტებით ვიცი: "საქართველოს რკინიგზაში" დასაქმებულთა მდგომარეობა წლების განმავლობაში გაუსაძლისი იყო. დაბეჯითებით ვერ გეტყვით, რა ხდებოდა კომპანიაში ტენდერების დროს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ იქ მუშა-მოსამსახურეების მდგომარეობა გაუსაძლისი იყო, რკინიგზაში პროფკავშირების მუშაობას გამუდმებით ებრძოდნენ და მაშინვე ათავისუფლებდნენ ყველას, ვინც ჩვენს ორგანიზაციასთან ითანამშრომლებდა, ეს ეჭვი ლოგიკური უნდა იყოს.

სხვათა შორის, ცნობილი ფრაზა, რომ რკინიგზაში კარგი ხელფასებია, სრულიად ალოგიკურია, რადგან თუ ადმინისტრაციაში ვიღაცის ხელფასი 25 ათასი ლარია, ხოლო რიგითი მუშისა - 300, მაშინ საშუალო ხელფასი, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი იქნება. თუმცა ეს ვერაფრით უშველის რიგით რკინიგზელსა და მის ოჯახს. ვფიქრობ, გამოძიების საგანი უნდა გახდეს ყველაფერი - პრემიებისა და ხელფასების საკითხი, რკინიგზაში ტენდერებისა წარმართვა, ტვირთის გადაზიდვები და სხვ. სამწუხაროდ, ქვეყანაშიც და ამ სფეროშიც არაკონკურენტული გარემო ხელოვნურად იქმნებოდა. უსამართლო გარემომ კი ის გამოიწვია, რომ წლების განმავლობაში რკინიგზის თანამშრომლებს ისე ექცეოდნენ, როგორც მონებს.

დემურ გიორხელიძე (საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი): - "საქართველოს რკინიგზაში" რეფორმა უნდა განხორციელდეს, უნდა მოწესრიგდეს ტარიფებისა და მენეჯმენტის საკითხიც. არასწორი მენეჯმენტის გამო ამ სტრუქტურაში უამრავი თანხა იკარგება. სხვათა შორის, წლების განმავლობაში რკინიგზა იყო ხელისუფლების წარმომადგენელთა ახლობლებისა და ნათესავების დასაქმების ადგილი, მაშინ, როცა ის ადამიანები, ვინც ამ ორგანიზაციის მთავარ საყრდენს წარმოადგენენ, გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. არსებული განუკითხაობის გამო იჩაგრებოდნენ არა მარტო რკინიგზის თანამშრომლები, არამედ ყველა ის ბიზნესმენი, ვინც რკინიგზის მომსახურებით სარგებლობდა და ვისაც არ ჰყავდა გავლენიანი მფარველი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში. ვფიქრობთ, "საქართველოს რკინიგზაში" მასშტაბური რეორგანიზაცია უნდა დაიწყოს, თუ საჭირო იქნება, საზოგადოებას საკუთარ ხედვას გავაცნობთ ამასთან დაკავშირებით. დიდი იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს იქნება თანამედროვე, თავისუფალი კონკურენციის კანონებზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც, პირველ რიგში, მოემსახურება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და არა ვიწრო ჯგუფებისას.

ციფრების ენით

- "საქართველოს რკინიგზას" მოგება 2011 წელს 174,4 მილიონი ლარი იყო.

- კომპანიის სასესხო ვალდებულებები: 1) $500 მილიონი, 7,75%-იანი, დაფარვის ვადა 2022 წელი; 2) $27 მილიონი, 9,875%-იანი, დაფარვის ვადა 2015 წელი.

- სესხების მომსახურებას წელიწადში $40 მილიონი ხმარდება (რკინიგზის 2011 წლის საოპერაციო მოგების მეოთხედი).

ხათუნა ჩიგოგიძე