რატომ მოდის საქართველოში 1500 მოსახლეზე თითო აფთიაქი - კვირის პალიტრა

რატომ მოდის საქართველოში 1500 მოსახლეზე თითო აფთიაქი

სანამ კომპეტენტური ორგანო ქვეყანაში მონოპოლიზებულ ბაზრებს არ შეისწავლის, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ძნელია ვინმეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში დადანაშაულება. თუმცა არსებობს დადასტურებული ფაქტები, გარემოებები, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ერთეული კომპანიები ბაზარზე უპირატესი მდგომარეობით სარგებლობენ და ზემოგებებს იდებენ ჯიბეში.

სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოში საშუალო ოჯახი შემოსავლის 34%-ს ჯანდაცვაზე ხარჯავს, საიდანაც ლომის წილი მედიკამენტების შეძენაზე მოდის. საინტერესოა, რომ გასული წლების განმავლობაში, მოსახლეობის ხარჯებში მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების წილი ყოველ წელს, დაახლოებით, 25%-ით იზრდებოდა, რასაც დიდწილად განაპირობებდა წამლებზე ფასების პერმანენტული ზრდა. მედიკამენტები მხოლოდ მაშინ იაფდებოდა, თუ ამას უმაღლესი პოლიტიკური პერსონა ისურვებდა. ასე მოხდა ცოტა ხნის წინაც, როცა ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა ფარმაცევტული კომპანია "ავერსი" პირდაპირ დაადანაშაულა მონოპოლიაში. ამ განცხადებიდან, ფაქტობრივად მეორე დღესვე, ფასები მთელ რიგ მედიკამენტებზე, თითქმის ყველა ფარმაცევტულ ქსელში ერთდროულად შემცირდა.

მონოპოლიაში შემჩნეული სხვა ბიზნესსექტორებისგან განსხვავებით, ფარმაცევტულ ბიზნესში ბაზარზე გავლენის მოპოვების სხვა სქემა იშიფრება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ბაზარზე ვერტიკალურ მონოპოლიას ფლობენ - აკონტროლებენ მედიკამენტების ბიზნესის ყველა რგოლს იმპორტიდან მის რეალიზაციამდე.

ერეკლე ურუშაძე ("საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტის მენეჯერი): "ფარმაცევტული ბაზარი ხასიათდება საბაზრო ძალაუფლების მკაფიო კონცენტრირებით რამდენიმე მსხვილი კომპანიის ხელში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში სამმა კომპანიამ – "ავერსმა", "პე-ეს-პე"-მ და "ჯიპისი"-მ იმგვარ მდგომარეობას მიაღწია, რომ მათ ფარმაცევტული ბაზრის იმპორტ-დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და წარმოების სექტორებში დომინირება შეუძლიათ. ჩვენი კვლევის თანახმად, ფარმაცევტული ბაზარი, უკეთეს შემთხვევაში, შესაძლოა, დახასიათდეს, როგორც ოლიგოპოლია ან ორი კომპანიის ვერტიკალური მონოპოლია, რომლებიც საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციას იმპორტ-დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და წარმოების სექტორებში დომინირებისთვის იყენებენ. ეს კი მედიკამენტებზე მაღალი ფასნამატების დაწესებას იწვევს. საქართველოში მედიკამენტების ფასზე დამატებული საშუალო ფასნამატი სხვა ევროპული ქვეყნების მაჩვენებლებზე ბევრად მაღალია.

"თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონი ბაზარზე დომინანტურ მდგომარეობას ასე განსაზღვრავს: როცა ბაზარზე რომელიმე კომპანიის წილი 40%-ზე მეტია. ამასთან ერთად კანონი ადგენს, რომ საბაზრო წილის 25%-ის ფლობა კონკურენციას მნიშვნელოვნად ზღუდავს. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების 70 მწარმოებელი ოპერირებს, მაგრამ წარმოების 90% ორ კომპანიაზე: "ავერსი რაციონალსა“ და "ჯი-ემ-პი“-ზე, ანუ იგივე "პე-ეს-პე“-ზე მოდის.

ამავე დროს "ავერსი“ და "პე-ეს-პე“ ყველაზე დიდი კომპანიებია იმპორტისა და დისტრიბუციის სექტორში, სადაც მათი ერთობლივი წილი 48%-ს შეადგენს. "ავერსისა“ და "პე-ეს-პე“-ს შემდეგ, ამ სექტორში ყველაზე დიდი კომპანიები "ჯიპისი“ და "ეიბისი ფარმაცია“ არიან, რომელთა ერთობლივი საბაზრო წილი 23%-ს შეადგენს.

საქართველოში მედიკამენტების საცალო გაყიდვების დაახლოებით 1400 კომპანიაა, რომელთაგან 46-ს ორი ან მეტი აფთიაქი აქვს, ხუთი ფარმაცევტული ქსელი კი 30 ან მეტ აფთიაქს ფლობს. საცალო გაყიდვების ყველაზე დიდ ქსელებს ბაზარზე ყველაზე მსხვილი იმპორტიორ-დისტრიბუტორები: "ავერსი“, "პე-ეს-პე“, "ჯიპისი“ და "ეიბისი ფარმაცია“ ფლობენ.

კვლევისას, რამდენიმე რესპონდენტმა გვითხრა, რომ სამ ყველაზე მსხვილ დისტრიბუტორსა და საცალო მოვაჭრეს შორის გავრცელებული პრაქტიკაა ერთმანეთთან იმ ფარმაცევტული პროდუქტების ფასების შეთანხმება, რომელთა მომწოდებლებთანაც მათ ექსკლუზიური კონტრაქტები აქვთ. ამ პრაქტიკამ შექმნა მდგომარეობა, როცა სამ ყველაზე მსხვილ კომპანიას ხელი ყველა პროდუქტზე მიუწვდება, ყველა სხვა აფთიაქი კი მათზეა დამოკიდებული. "სახალხო აფთიაქის“ მფლობელმა, რომელიც ერთ-ერთი შედარებით მცირე ფარმაცევტული ქსელია, განაცხადა, რომ მის კომპანიას სამ ძირითად იმპორტიორთან თანამშრომლობის გარეშე მედიკამენტების საჭირო რაოდენობით შეძენა არ შეუძლია, ეს კომპანიები ექსკლუზიურ კონტრაქტებს კვლავაც ინარჩუნებენ და მარაგის შესავსებად ყველა აფთიაქი "ავერსის“, "პე-ეს-პე“-სა და "ჯიპისი“-ს იმპორტირებულ საქონელზეა დამოკიდებული. მაშინაც კი, თუ თავადაც შემოაქვს მედიკამენტები იმპორტით.

ერთ-ერთმა ჩვენმა რესპონდენტმა ასეთი სქემაც გაშიფრა: მაგალითად, ერთ კომპანიას იმპორტით შემოაქვს მედიკამენტი X-ი, მეორეს კი მედიკამენტი Y-ი. ისინი ამ მედიკამენტებს ერთმანეთს უნაწილებენ, სხვა კომპანიებს კი ერთმანეთში შეთანხმებულ, ფიქსირებულ ფასად აძლევენ. მწარმოებლებთან კონტრაქტის გაფორმება კი სხვა იმპორტიორებს არ შეუძლიათ, ამიტომ ყველა აფთიაქი, რომელსაც უცხოური მედიკამენტებით ვაჭრობა სურს, რამდენიმე კომპანიაზეა დამოკიდებული“.

ფარმაცევტული ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში დაახლოებით 2400 აფთიაქია. ექსპერტების შეფასებით აფთიაქების ასეთი რაოდენობა საქართველოსთვის ძალიან დიდია, რადგან 1500 მოსახლეზე თითო აფთიაქი მოდის. თუმცა ამ ერთგვარ საბაზრო ანომალიას სპეციალისტები მოგების მაღალი მარჟების არსებობით ხსნიან, რაც ამ სექტორში კონკურენციის ნაკლებობით არის გამოწვეული.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდია საცალო გაყიდვების ბაზარზე "ეიბისი ფარმაციის“ გამოჩენა, რომელმაც "ფარმადეპოს“ ბრენდით ცნობილი ე.წ. იაფი აფთიაქები გახსნა. ამას მალევე მოჰყვა ბაზარზე "ფარმაცენტრის" აფთიაქების გამოჩენა. კვლევაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც "ფარმადეპომ“ აფთიაქები გახსნა და გაყიდვის აგრესიული კამპანიით ბევრი მომხმარებელი მიიზიდა, ბაზარზე ახალი საცალო მოვაჭრე "ფარმაცენტრი“ გააქტიურდა და "ფარმადეპოს“ მსგავსად, მედიკამენტები 20-25%-იანი ფასდაკლებით შესთავაზა მომხმარებელს. აღსანიშნავია, რომ "ფარმაცენტრის“ აფთიაქები ყოველთვის "ფარმადეპოს “ფილიალების ახლოს იხსნებოდა და მათი მომხმარებლის გადაბირებას ცდილობდა.

ერეკლე ურუშაძე: "არსებობს ირიბი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ადრინდელ მოსაზრებას, რომ "ფარმაცენტრი“ "პე-ეს-პე“-სთან იყო დაკავშირებული. "ფარმაცენტრის “ დირექტორად რეგისტრირებული იყო კახაბერ ფანჩულიძე, რომელიც "პე-ეს-პე“-ს დირექტორადაც მუშაობდა. ამასთან ერთად, "ფარმაცენტრის“ ადრინდელი იურიდიული მისამართი ინგოროყვას #1 იყო, რომელიც ამჟამად "პე-ეს-პე აფთიაქის“ მისამართია. მართალია, ამ მონაცემების საფუძველზე ჩვენ არ შეგვიძლია დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ "ფარმაცენტრი“ "პე-ეს-პე“-ს ჩრდილოვანი კომპანიაა, მაგრამ დაინტერესებულ მხარეებისთვის ჩამორთმეული ინტერვიუები, ადრე გამოქვეყნებული სტატიები და საჯარო რეესტრის მონაცემები სწორედ ამაზე მიუთითებს.

ფარმაცევტული ბაზრის კვლევისას იგივე პრობლემები გვხვდებოდა, რაც სხვა მონოპოლიური ბაზრების კვლევისას - კომპანიები უარს ამობდნენ ინფორმაციის მოწოდებაზე და მხოლოდ მაშინ გამოგვეხმაურნენ, როცა კვლევის დასკვნებით უკმაყოფილო დარჩნენ. პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ სამი ფირმა ბაზრის მნიშვნელოვან წილს აკონტროლებს, თუმცა ესეც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და ჯამურად, სხვადასხვა შეფასებით, 40-60%-ის ფარგლებში მერყეობს. მეორე პრობლემაა ის, რომ ისინი თითქმის სრულად აკონტროლებენ მედიკამენტების იმპორტს და სხვა კომპანიები მათგან ყიდულობენ წამლებს, აკონტროლებენ დისტრიბუციას, ადგილობრივი წარმოებაც მათ ხელშია, დაზღვევაც და ჰოსპიტალური სექტორშიც მონაწილეობენ. ეს კი აშკარა ინტერესთა კონფლიქტს ქმნის".

P.S. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ "პე-ეს-პე"-მ განცხადება გაავრცელა ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ის თავის საქმიანობას მუდმივად კანონმდებლობის შესაბამისად წარმართავს. თუ ახალი ანტიმონოპოლიური კანონის ტერმინთა (მონოპოლია, კარტელური გარიგება და სხვ.) განმარტებების მიხედვით, "პე-ეს-პე"-ს რომელიმე პარამეტრი შეეხება, კომპანია სათანადო ნაბიჯებს გადადგამს და საქმიანობას კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანს.

- "ავერსი" 1994 წელს დაფუძნდა და მუშაობა იმპორტისა და დისტრიბუციის სექტორში დაიწყო. 1998 წელს კომპანია საცალო გაყიდვების სექტორშიც დამკვიდრდა. 2002 წელს კომპანიამ ფარმაცევტული საწარმოების მშენებლობა დაიწყო და "ავერსი-რაციონალის" ბრენდით გამოუშვა პროდუქცია. "ავერსი-რაციონალი" წარმოების პროცესის მხოლოდ ბოლო ეტაპზეა ჩართული და ფაქტობრივად, დამზადებულ ფარმაცევტულ პროდუქტს ფუთავს. კომპანია საქართველოს მასშტაბით შვიდ კლინიკას ფლობს და ამჟამად კიდევ ორ ახალ კლინიკას აშენებს. საავადმყოფოების პრივატიზაციის გეგმის ფარგლებში, "ავერსი" აშენებს და მართავს სახელმწიფოსაგან შესყიდულ საავადმყოფოებს. "ავერსს" ასევე აქვს საკუთარი სადაზღვევო კომპანია "ალფა", რომელიც ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოციალური დაზღვევის მიმწოდებელია. კომპანიის აქციების 67%-ის მფლობელია "ავერსის" დამფუძნებელი პაატა კურტანიძე, აქციების დანარჩენი 33% ნიკოლოზ კურტანიძეს ეკუთვნის.

- "პე-ეს-პე" 1995 წელს დაფუძნდა, როგორც მედიკამენტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია. საცალო გაყიდვების ბაზარზე 1999 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ მოგვიანებით საკუთარი საწარმო "ჯი-ემ-პი" დააფუძნა, რომელმაც პირველი მედიკამენტი 1999 წელს გამოუშვა. "ჯი-ემ-პი" ასევე წამლების წარმოების ბოლო ეტაპებზეა ჩართული. "პე-ეს-პე" ფლობს მრავალპროფილიან საავადმყოფოს თბილისში, რომელიც მან პრივატიზაციის პროგრამის ფარგლებში შეიძინა. "ავერსის" მსგავსად, "პე-ეს-პე"-ც სადაზღვევო კომპანიის – "პე-ეს-პე ჯგუფის" მფლობელია. "პე-ეს-პე აფთიაქი" და "პე-ეს-პე ჯგუფი" მთლიანად "პე-ეს-პე"-ს დამფუძნებელ კახაბერ ოქრიაშვილს ეკუთვნის. კახაბერ ოქრიაშვილი "გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის" წევრი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო.

- "ჯიპისი" საქართველოში სიდიდით მესამე ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც იმპორტიორ-დისტრიბუტორის რანგში 1995 წელს დაფუძნდა. საცალო გაყიდვების ბაზარზე ფირმა დაახლოებით 1999 წელს შევიდა. ამჟამად კომპანია თბილისში დაახლოებით 40 აფთიაქს, რეგიონებში კი 10 აფთიაქს ფლობს. მან დააფუძნა საცალო გაყიდვების ახალი ქსელი "წითელი A". "ჯიპისი"-ს აქციების ყველაზე დიდ წილს მისი დამფუძნებელი დავით კილაძე ფლობს, დანარჩენი მფლობელების ვინაობა უცნობია.

- "ეიბისი ფარმაცია" 2000 წელს დაფუძნდა როგორც ნიშური პროდუქტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი. კომპანიამ ისარგებლა იმპორტის გაზრდილი შესაძლებლობებით, რომლებიც 2009 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შექმნა. იმპორტის სექტორში მისი წილი 2004-2012 წლებში 4%-დან 12%-მდე გაიზარდა და ამჟამად ბაზარზე სიდიდით მეოთხე კომპანიაა. 2009 წელს, "ეიბისი"-მ "ფარმადეპოს" ბრენდის ქვეშ მოქმედი აფთიაქების ქსელი გახსნა. "ეიბისი ფარმაციას" "ფარმადეპოს" ბრენდის ქვეშ მოქმედი დაახლოებით 30 აფთიაქი აქვს, რომლებიც დედაქალაქშია თავმოყრილი. "ეი-ბი-სი ფარმაციის" აქციათა 85% ენრიკო ბერიძე ფლობს, დანარჩენი 15% კი მიხეილ აბრამიძის საკუთრებაა.