ორმაგი დანაშაული სასურსათო ბაზარზე - კვირის პალიტრა

ორმაგი დანაშაული სასურსათო ბაზარზე

”არსად, მთელ მსოფლიოში, გენმოდიფიცირებულ და ნატურალურ პროდუქტს ერთნაირი ფასი არ აქვს”

გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირებას საქართველოში კარგა ხანია ითხოვენ. საკითხს ახალი მთავრობა განიხილავს. როგორც ამბობენ, ახლო მომავალში პროდუქციის მარკირება აუცილებელი გახდება და ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ გაიგონ, დახლზე გამოტანილი პროდუქტიდან რომელი აკმაყოფილებს ევროკავშირის ”მწვანე” სტანდარტებს და რომელია გენური ინჟინერიის ”ცოდვილი” ნაყოფი. მართალია, ნატურალური პროდუქცია შედარებით ძვირი ეღირება, თუმცა მომხმარებელს ეცოდინება, რას ყიდულობს და რა ფასად.

მადონა კოიძე (საქართველოს მომხმარებელთა ასოციაციის თავმჯდომარე): - თავისუფალი არჩევანის გასაკეთებლად მომხმარებელს სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე. სხვათა შორის, საქართველოში აქამდეც არსებობდა ბრძანება მარკირების შესახებ, გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირებაც სავალდებულო იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ბრძანება არ სრულდებოდა. ამიტომ დღეს ერთ პროდუქტსაც ვერ იპოვნით სამომხმარებლო ბაზარზე, რომელიც მარკირებული იქნება. თუკი სახელმწიფო სამომხმარებლო ბაზარს სრულფასოვან მონიტორინგს გაუწევს და მარკირებაც სავალდებულო გახდება, მოიგებს მომხმარებელი, ვინაიდან მას არჩევანის გაკეთება გაუადვილდება.

ჯერჯერობით არ არის ერთმნიშვნელოვნად დასაბუთებული, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქცია ზიანის მომტანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მეცნიერებს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მე ვფიქრობ, მომხმარებლის გადასაწყვეტია, მოიხმარს თუ არა პროდუქციას, რომელიც ჯერჯერობით კვლევის სტადიაშია. აუცილებელია მომხმარებლის ორი ფუნდამენტური უფლების დაცვა - არჩევანის და ინფორმაციის მიღების.

ელგუჯა მექვაბიშვილი (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): - გენმოდიფიცირებული პროდუქციის შექმნის აუცილებლობა თავის დროზე გამოიწვია სასურსათო კრიზისმა, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო. ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობა შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე დადგა, განსაკუთრებით - აფრიკის ქვეყნები. გადაწყდა, ეს პრობლემა გენური ინჟინერიის წყალობით დაეძლიათ. მეცნიერები იმედოვნებდნენ, რომ ამ გზით გაიზრდებოდა მოსავლიანობაც და პროდუქციის რაოდენობაც. ეს იყო მოვლენა, რომელიც ეკონომიკურ ლიტერატურაში ”მწვანე რევოლუციის” სახელით არის ცნობილი.

სიახლეს, რა თქმა უნდა, თავისი შედეგი მოჰყვა და სურსათის რაოდენობა მსოფლიოში მართლაც გაიზარდა, მაგრამ ამას დაერთო მეორე მოვლენაც - აღმოჩნდა, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები შესაძლოა სახიფათო და საზიანო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, 2000 წელს ევროპის ქვეყნებმა მიიღეს სპეციალური კონვენცია, ე.წ. კარტახენას აქტი, რომელიც ითვალისწინებდა გენური ინჟინერიით შექმნილი პროდუქტის გადაადგილების შეზღუდვას. გენმოდიფიცირებულ პროდუქციას უნდა ჰქონოდა სპეციალური ნიშანი, რომლითაც მომხმარებელი პროდუქციის ტიპს გაიგებდა. საქართველო ამ კონვენციას გვიან შეუერთდა, პარლამენტში მისი რატიფიცირება 2010 წელს მოხდა. თუმცა მანამდეც და მის შემდეგაც ამ მოთხოვნებს საქართველოში ნაკლებად იცავდნენ. კიდევ ერთი ფაქტი: ევროკავშირმა 2004 წელს მიიღო კიდევ ერთი კანონი, რომელიც მოითხოვს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს მარკირებული. ანუ, მომხმარებელს უნდა მიეცეს საშუალება, ეს პროდუქტი ნატურალურისგან განასხვაოს. რომელ მათგანს იყიდის, ეს უკვე მომხმარებლის გადასაწყვეტია. რაც შეეხება საქართველოს, იმის გამო, რომ აქ თავის დროზე კონტროლის ყოველგვარი მექანიზმი მოისპო, ჩვენი ქვეყნის ბაზარი გაივსო გენმოდიფიცირებული პროდუქციით, რომელიც ძირითადად თურქეთიდან შემოდის. რა გავლენას ახდენს ამგვარი პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობაზე? - ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა საკმაოდ ძნელია. მარკირების საკითხის გადაწყვეტა აუცილებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში არსებული სასურსათო პროდუქციის 80% იმპორტირებულია და სავარაუდოდ, 50-60% გენმოდიფიცირებულია. სამწუხაროდ, ამის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. ასევე არ არსებობს არც ოფიციალური სტატისტიკა.

- ხომ არ ჩნდება საშიშროება, რომ მარკირების შემოღების შემდეგ სურსათის ფასი მოიმატებს?

- უცხოეთში ნატურალური პროდუქციის ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე გენმოდიფიცირებულისა, ისინი ერთმანეთისგან მკვეთრად არის გამიჯნული. რაც შეეხება სურსათის გაძვირების შესაძლებლობას, ვფიქრობ, მარკირების გამო თვითონ გენმოდიფიცირებული პროდუქციის ფასი არ უნდა გაიზარდოს, თუკი ეს პროდუქცია კონტრაბანდული არ არის. ნატურალური პროდუქტების ფასი კი მართლაც მოიმატებს, იმიტომ რომ მასზე მოთხოვნა გაიზრდება. მართალია, ჩვენი მოსახლეობის გადახდისუნარიანობა შეზღუდულია, მაგრამ თუ ადამიანი საკვებს ყიდულობს მაგალითად, ბავშვისთვის, ან ავადმყოფისთვის, მაქსიმალურად ეცდება, ”უცნაური წარმოშობის” პროდუქტი არ იყიდოს. თავისთავად ცხადია, რომ ნატურალურ პროდუქტზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც მის გაძვირებას გამოიწვევს. ეს კი წამახალისებელი იქნება ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

ამასთან, შეწყდება ის, რაც დღეს ხდება, მე ვიტყოდი, რომ დანაშაული: არსად, მთელ მსოფლიოში, გენმოდიფიცირებულ და ნატურალურ პროდუქტებს ერთნაირი ფასი არ აქვს. როცა მათ ერთნაირ ფასში ყიდი, ეს დანაშაულია, მომხმარებლის მოტყუებაზე დიდი დანაშაული. სამწუხაროდ იმპორტიორები, რომლებიც ასე იქცევიან, ანგრევენ არა მარტო მოსახლეობის ჯანმრთელობას, არამედ ჩვენს ეკონომიკასაც. მგონი, ამორალური საქციელია, როცა შენს თანამემამულეს სწირავ იმისთვის, რომ მან არასათანადო ხარისხის საკვები პროდუქტი შეიძინოს. ბოლოს და ბოლოს ჩვენი ბავშვების, მომავალი თაობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზეა საუბარი, ამიტომ, რაც უფრო მალე დაიწყება პროდუქციის მარკირება, მით უკეთესია, მათ შორის, ჩვენი ეკონომიკისთვისაც.

ხათუნა ჩიგოგიძე