ჩინეთს ეკონომიკისთვის მოსახლეობა აღარ ჰყოფნის(?!) - კვირის პალიტრა

ჩინეთს ეკონომიკისთვის მოსახლეობა აღარ ჰყოფნის(?!)

შესაძლოა, მთავრობამ შობადობაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნას...

ჩინეთის მთავრობასთან დაახლოებული ექსპერტთა ჯგუფი მთავრობას მოუწოდებს, სასწრაფოდ შეცვალონ შობადობის შეზღუდვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ცნობილია სახელწოდებით ”ერთი ოჯახი - ერთი შვილი”. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტების მტკიცებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ახლო მომავალში სამუშაო ძალის დეფიციტთან(!) მოუწევს შეჯახება, აგრეთვე მოსახლეობის დაბერებასა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შემცირებასთან.

შობადობის შეზღუდვა 1979 წლიდან მოქმედებს ჩინეთში, სადაც მსოფლიო მოსახლეობის მეხუთედი ცხოვრობს. ამ კანონის შემოღების მთავარი მიზეზი ხელისუფლების მხრიდან შიში იყო, რომ მოსახლეობის რიცხოვნობის კატასტროფულ ზრდას შეიძლებოდა ქვეყანაში წყლის, მიწისა და ენერგეტიკული რესურსების გადატვირთვა გამოეწვია. სოფლებში შეუძლიათ იყოლიონ ერთ შვილზე მეტი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი შვილი გოგონაა. არსებობს კიდევ რამდენიმე დაშვება, მაგალითად, ეთნიკური უმცირესობებისთვის. მაგრამ კანონდამრღვევი ჯარიმდება საკმაოდ დიდი თანხით, გადაუხდელობის შემთხვევაში კი მას იძულებითი აბორტი უკეთდება. შედეგად, საკმაოდ ბევრი ქალი იძულებითი სტერილიზაციის მსხვერპლი გახდა. სამართალდამცავების სტატისტიკით, მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც აკრძალვა მოქმედებს, 400 მილიონზე მეტი აბორტი გაკეთდა. ერთი ჩინელი ქალის მიერ შობადობის მაჩვენებელი კი 5,8 ბავშვიდან 1,8-მდე შემცირდა.

როგორც China Development Research Foundation-ის ექსპერტები ამბობენ, არსებულმა დემოგრაფიულმა პოლიტიკამ ჩინეთის მოსახლეობის დაბერება გამოიწვია, ქვეყნის მოსახლეობა 1,34 მილიარდ ადამიანს ითვლის. გაერო-ს მონაცემებით, შრომითი ძალის რაოდენობა 2050 წლისთვის 17%-ით შემცირდება. ახალგაზრდა მუშახელის შემცირებასთან ერთად, შეზღუდვამ უკვე გამოიწვია მნიშვნელოვანი გენდერული დისბალანსი. ძალიან ბევრი ოჯახი, როცა შეიტყობდა, რომ გოგონა ეყოლებოდათ, საკუთარი ნებით თანხმდებოდა ორსულობის შეწყვეტას, რადგან ვაჟს ჩინურ სამყაროში წარმატების მეტი შანსი აქვს. ამის გამო ჩინეთში ყოველ 120 ბიჭზე 100 გოგონა იბადება.

ექსპერტები სთავაზობენ მთავრობას, ორშვილიანობა ჯერ ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში დაუშვან, 2015 წლისთვის კი ეს დაშვება მთელ ჩინეთზე გავრცელდეს. ხოლო კიდევ ხუთი წლის შემდეგ მოიხსნას ყველა შეზღუდვა შობადობაზე. სანამ ჩინეთის მთავრობა კომენტარისგან თავს იკავებს, ცალკეული ექსპერტები იმასაც შენიშნავენ, რომ შეზღუდვები, შესაძლოა, მართლაც მოიხსნას, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ჩინეთს იაფი მუშახელი სჭირდება. ხოლო თუ სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდება და შესაბამისად, გაძვირდება მისი დაქირავება, შესაძლოა, ესოდენ ნაქები ჩინეთის ეკონომიკის საშუალოდ 10%-იანი ზრდა მიუღწეველ ოცნებად გადაიქცეს.

”დეილი ნიუსის” მიხედვით