"ბევრს ჰგონია, რომ ხვალვე უნდა შეიცვალოს ყველაფერი" - კვირის პალიტრა

"ბევრს ჰგონია, რომ ხვალვე უნდა შეიცვალოს ყველაფერი"

ბენზინი, წამლები, შაქარი, ზეთი - ეს იმ პროდუქტის არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ბოლო დროს ფასების დაკლება შესამჩნევია. ეს საქონელი პირველადი საჭიროებისაა და მომხმარებელი მათ გაძვირებაზე საკმაოდ მტკივნეულად რეაგირებდა. მონოპოლიების დაშლითა და კონკურენციის გაზრდის გზით, ახალმა მთავრობამ სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურების გაიაფების პირობა დადო, რამაც დიდი მოლოდინები სწრაფად გააჩინა.

საწვავის ფასი თითქმის ყველა პროდუქტსა და მომსახურებაზე აისახება. როცა საწვავის ფასმა დაიკლო, ლოგიკურად, ეს სხვა საქონელზეც უნდა ასახულიყო. თუმცა გაიაფების ტენდენცია ჯერ მხოლოდ ფრაგმენტულია. ლაპარაკია სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებზე. მნიშვნელოვნად შემცირდა ზეთისა და შაქრის ფასი, ხოლო ქუჩაში გარემოვაჭრეების გამოჩენამ ფასები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზეც დაწია. სამომხმარებლო ფასების შემცირების მოლოდინი ახალი ხელისუფლების ჯერ კიდევ წინასაარჩევნო დანაპირებმა შექმნა. ზოგი რამ აცხადდა კიდეც, თუმცა ფართო მომხმარებელს მიაჩნია, რომ გაიაფების ტალღა უფრო მასშტაბური უნდა იყოს. რა, როდის და რამდენით შეიძლება გაიაფდეს საქართველოში? - ამ კითხვით ჩვენ დამოუკიდებელ ექსპერტებს მივმართეთ.

ირაკლი ლექვინაძე ("ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის" ექსპერტი): "მიმაჩნია, რომ მოლოდინი ცოტა გადაჭარბებულია. ბევრს ჰგონია, რომ ხვალვე უნდა შეიცვალოს ყველაფერი, რაც აქამდე მოსაწონი არ იყო. გაფიცვების გამწვავებული თემაც ამ განწყობის გამოძახილია. შესაძლოა, სხვა ფაქტორებიც უწყობდეს ხელს და ვინმეს ინიცირებულიც იყოს, მაგრამ მიდგომა თითქოს ამგვარია: აი, მოვიდნენ და რატომ არ არის მაღალი ხელფასი, პენსია, დაბალი ტარიფები და სხვ. ზოგ საკითხს დრო სჭირდება, ზოგი შეიძლება უფრო სწრაფად გადაწყდეს, მაგრამ მოლოდინი იმაზე მეტი და გადაჭარბებულია, ვიდრე რეალურად უნდა იყოს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალმა მთავრობამ ხშირად განმარტოს, რომელი საკითხის გადაწყვეტას რა დრო სჭირდება, მაგალითად, კონკრეტულად როდის გადაიხედება ტარიფები.

ადგილობრივ ბაზარზე გაიაფება უკვე იგრძნობა საწვავზე, მთელ რიგ მედიკამენტებზე. ეს უფრო იმის შედეგია, რომ ბიზნესი ხელისუფლების მხრიდან წნეხისგან გათავისუფლდა. სახსრები, რომლებიც სამთავრობო ღონისძიებების, პროექტების დაფინანსებას ხმარდებოდა, საიდან უნდა მოიტანა ბიზნესს, თუ ხარჯებში არ ასახავდა. ეს კი პროდუქციას აძვირებდა. ვისაც ბაზარზე შეზღუდული ჰქონდა კონკურენცია და ფასს ბაზარს თავად კარნახობდა, მიიჩნიეს, რომ ახლა სხვა ვითარებაა და სხვა წესებით თამაში ჯობს. ვერ ვიტყვით, რომ ფასთა საყოველთაო კლება შეინიშნება, მაგრამ ჩასახული ტენდენცია შესაძლოა გაიფების დასაწყისი იყოს.

მოლოდინი ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია. ცვლილებების დროს ყოველთვისაა ახალი ინიციატივები, ახალი გადაწყობები, პროექტები. ასეთ დროს ყველა საკუთარი შესაძლებლობების განხორციელების სივრცეს ეძებს. თუ რაღაც "წესრიგი" არსებობდა ძველი კონიუნქტურის პირობებში, ის მოიშალა და ახალი რეალობა მკვიდრდება. ამიტომ ადამიანები, რომლებსაც სურდათ საქმიანობის გაფართოება ან სულაც დაწყება და მიზეზთა გამო თავს იკავებდნენ, დღეს შეიძლება მეტ სივრცეს ხედავდნენ. გარდა ამისა, საინტერესოა ადამიანების ქცევა სამომხმარებლო ბაზარზე. თუ მოლოდინი დადებითია, ისინი მეტს ხარჯავენ, აქტიურდებიან ეკონომიკურ ურთიერთობებში.

პირდაპირ ვერ ვიტყვით, რომ ეს გააძვირებს ან გააიაფებს რაღაცას. თუ მოთხოვნა გაიზრდება და ამას მიწოდება ვერ მიჰყვება, შესაძლოა რაღაც გაძვირდეს. კონკურენცია თუ გაძლიერდა, ეს თავისთავად ნიშნავს გაიაფებულ ბაზარს.

როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ფასები უკვე შემცირებულია საკმაოდ ბევრი დასახელების მედიკამენტზე, საწვავზე, შაქარზე (შაქრის იმპორტი ერთი კომპანიის ხელშია და არ ისურვებს ხელისუფლების ყურადღების ქვეშ ზედმეტად მოქცევას). ცვლილებები მოხდება იმ ვერტიკალზე, რომელშიც დაზღვევის, კლინიკებისა და ფარმაცევტული სექტორის ბიზნესი ერთ ჯგუფშია მოქცეული და შესაბამისად, აქაც უნდა ველოდოთ ფასების დაწევას. ფასების კორექტირება მოხდება იმპორტის ძალიან ბევრ ჯგუფში - კვების პროდუქტების ნაწილში, მათ შორისაა მარილი, ასანთი და სხვ. უნდა გადაიხედოს თბილისის საქალაქო ტრანსპორტის ტარიფები, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის გადასახადი, მათ შორის კომპანიებისთვის და რა თქმა უნდა, გაუქმდეს ის უაზრო მიბმა, რომელიც დენისა და ნაგვის გადასახადის გაერთიანებას გულისხმობს".

ნოდარ ჭიჭინაძე ("ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე): "ფასებზე მოქმედებს შიდა და გარე ფაქტორები. ფასები დიდწილად შიდა ფაქტორებზე იყო დამოკიდებული და დღემდე ასე გრძელდება. მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები შიდა ბაზარზე ნაკლებად აისახებოდა. რაღაც იაფდებოდა, მაგრამ მიზეზთა გამო, და მათ შორის ყველაზე მთავარი - შეზღუდული კონკურენციის გამო, მთელი რიგი მიმართულებით გვქონდა მაღალი და ზრდადი ფასები, როცა მსოფლიოში იგივე პროდუქცია იაფდებოდა. მთელი რიგი შიდა ფაქტორების, მათ შორის, კონკურენციის ფაქტორის მოგვარება და პოლიტიკური წნეხის მოშლა მოიტანს იმას, რომ გაიაფება, რომელიც დაიწყო, მართალია, დიდი მასშტაბებით არა, მაგრამ მაინც, გაგრძელდება...

მომხმარებელი ყველაზე მგრძნობიარე სურსათისა და ნავთობპროდუქტის მიმართ არის. სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაცია პერიოდულად აქვეყნებს მონაცემებს, როგორ იცვლება ფასების დონე. ძირითადად ეს ინდექსი შედგება ხუთი კატეგორიის პროდუქტისგან: ხორცი, რძის პროდუქტი, მარცვლეული, ცხიმი და შაქარი. ბაზად აღებულია 2004 წელი, ხოლო ბოლო ინდექსში 2012 წლის ოქტომბრის მონაცემები გამოქვეყნდა. ამჟამად ფასების დონე 2004 წლის ფასების 213%-ია, ანუ გაზრდილია 113%-ით. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოში გაიაფება მიმდინარეობს ყველა ზემოხსენებული მიმართულებით. საკვები პროდუქციის ინდექსი დაახლოებით 15 პუნქტით შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 8%-ით გაიაფდა ბოლო ერთ წელიწადში. მათ შორის, რძის პროდუქტი 13%-ით, შაქარი - 20%-ით. ამის მიუხედავად, შიდა ბაზარზე ამ პროდუქციის ფასები მკვეთრად არ შემცირებულა. მეტსაც გეტყვით, საქართველოში პური და ხორცი ბევრად ძვირია, ვიდრე ამერიკაში. ამიტომ უნდა შეიქმნას სრულყოფილი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო, ამიტომ ბიზნესს უნდა დაუმკვიდრდეს განცდა, რომ თავისუფალია წნეხისგან, თავისუფალია ფასების განსაზღვრისას, არ ჰქონდეს შიშის და რისკის განცდა, რის გამოც მაღალ ფასს აწესებდა.

წელიწად-ნახევარია მსოფლიოში ფასები მცირდება. ვინაიდან დიდწილად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, ეს პროცესები გავლენას ჩვენზეც უნდა ახდენდეს. თუ შიდა ფაქტორები უხეშად არ დაემატება ბუნებრივად მიმდინარე მოვლენებს, საქართველოში ფასები სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა პროდუქციაზე ფეხს აუწყობს მსოფლიო ბაზრების ტენდენციებს. იმავდროულად, ყურადღება უნდა გამახვილდეს ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, რაც საშუალებას მოგვცემს, იმპორტზე დამოკიდებულება და ფასები შევამციროთ".