სანამ კრედიტები გაიაფდებოდეს... - კვირის პალიტრა

სანამ კრედიტები გაიაფდებოდეს...

რამდენად რეალურია სადეპოზიტო განაკვეთების შემცირება

საკრედიტო განაკვეთების შემცირებაზე დაწყებული მსჯელობა ბუნებრივად მივიდა სადეპოზიტო განაკვეთების შემცირების საკითხამდე. მაღალი განაკვეთების გამო, დანაზოგის მქონე პირთა საგრძნობი ნაწილი თანხის დეპოზიტზე განთავსებასა და შემოსავლის რისკის გარეშე მიღებას არჩევს. საქართველოში მოქმედ ბანკებში გრძელვადიან ანაბრებზე წლიური სარგებელი 10%-ს აჭარბებს, ზოგიერთი ადრე დადებული ხელშეკრულებით კი 15-17%-საც აღწევს და ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. სპეციალისტთა აზრით, ძვირი დეპოზიტები ეკონომიკას აზარალებს - პოტენციური მეწარმე ამჯობინებს, ფული საქმეში კი არ დააბანდოს, არამედ ბანკში შეინახოს. ბიზნესში თანხის ჩადებაზე უარი ართულებს უმუშევრობის დაძლევასაც. დეპოზიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები კრედიტებს აძვირებს, რაც ასევე ეკონომიკის წინსვლის შემაფერხებელია.

რატომ არ იაფდება დეპოზიტები? ახალი მთავრობის მოსვლასთან ერთად გამოითქვა მოსაზრება, რომ განაკვეთებმა საშუალოდ 1-1,5%-ით უნდა დაიკლოს და შესაბამისი მოწოდებაც გაისმა. მიზანი სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დაწევაა.

თუმცა ჩნდება რამდენიმე კითხვა: სარგებლის შემცირება ხომ არ გამოიწვევს დეპოზიტების ნაკლებობას? საბანკო სექტორიდან თანხის გადინება ხომ არ დაიწყება? მოკლედ, ხომ არ იქნება ეს "ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან"? დეპოზიტების პორტფელი საბანკო სექტორისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, დღეს მისი მოცულობა 8 მილიარდზე მეტია. ეჭვებს საბანკო სექტორის წარმომადგენლებიც იზიარებენ.

ნოდარ ჯავახიშვილი (ბანკ "ქართუს" გენერალური დირექტორი): - სიტყვა "უნდა" საბაზრო ეკონომიკისთვის მიუღებელია. როცა ვამბობთ - "უნდა დაიწიოს", ეს ნიშნავს, რომ ვიღაცის ნება უნდა შესრულდეს. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს განაკვეთების დაწევა, მაგრამ თუ ეს არ იქნება საბაზრო მოთხოვნა, შეიძლება ამ ნაბიჯს დეპოზიტების შემცირება მოჰყვეს. თუ ეს ბუნებრივი პროცესი იქნა, შედეგიც დადებითი იქნება, მაგრამ თუ ვიღაცის სურვილით, ძალდატანებით განხორციელდა, დეპოზიტების გადინება და აქედან გამომდინარე, განაკვეთების ზრდა სავსებით მოსალოდნელია.

მთავარია, რა იგულისხმება სიტყვაში "უნდა" - შესაბამისი ეკონომიკური საფუძვლების შექმნის სურვილი თუ ვინმეს ნება. ამას წინათ ჩვენს ბანკშიც გვქონდა დირექტორატის სხდომა და გადავწყვიტეთ, სადეპოზიტო განაკვეთები ცოტათი შევამციროთ. დავაკვირდებით, შემცირდება დეპოზიტების რაოდენობა, გაიზრდება თუ იგივე დარჩება. თუ დადებით შედეგს მივიღებთ, ეს მიგვანიშნებს, რომ პროცესს სწორად მივყვებით, თუ არადა, ნაჩქარევი ნაბიჯი აღმოჩნდება და შესაძლოა გადაწყვეტილება შევცვალოთ.

ეს ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს, თუმცა სახელმწიფოს შეუძლია წახალისება უფრო კონკურენტული გარემოს შექმნით. კლიენტს ურჩევნია, მუთაქის ნაცვლად ფული ბანკში შეინახოს. ვიდრე ბოლომდე არ არის გარკვეული, რას ნიშნავს "უნდა", არსებობს სადეპოზიტო ბაზრის შემცირების საშიშროებაც. შედეგად, ბანკებს საკრედიტო რესურსი შეუმცირდებათ. რაც შეეხება ხსენებულ 1-1,5%-ს, ნურავინ იფიქრებს, რომ ეს უმნიშვნელო ციფრია, 1-1,5% ჩვენი ბანკებისთვის ცოტა სულაც არ არის.

მერაბ კაკულია (ეკონომიკის ექსპერტი, ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი): - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, სხვა ქვეყნებთან შედარებით. რით არის ეს გამოწვეული? დეპოზიტებზე განაკვეთების დონე რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოთხოვნა საკრედიტო რესურსებზე. საქართველოში ის სტაბილურად მაღალია, რაც ბანკებს საშუალებას აძლევს, მაღალი საპროცენტო განაკვეთი შეინარჩუნონ როგორც სესხებზე, ისე დეპოზიტებზეც. აქედან გამომდინარე, როგორც კი საბანკო სისტემაში ლიკვიდობის დეფიციტის ნიშნები იკვეთება, რაც ბოლო წლებში არაერთხელ მომხდარა, ბანკები დაუყოვნებლივ იწყებენ ე.წ. აქციებს დეპოზიტების მოსაზიდად.

საპროცენტო განაკვეთები ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე უფრო მაღალი რომ არის, ვიდრე უცხოური ვალუტით მოზიდულზე, ამის ძირითადი მიზეზი ლარის მიმართ უნდობლობაა: ბოლო წლებში მისი გაცვლითი კურსის სტაბილურობის მიუხედავად, მოსახლეობა და ეკონომიკური სუბიექტები არ არიან დარწმუნებული, რომ ეროვნული ვალუტა მდგრადობას ხანგრძლივად შეინარჩუნებს. ეს უარყოფითად მოქმედებს დანაზოგების ლარში შენახვაზე. ლარით მოზიდული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აგრეთვე ინფლაცია. რაც უფრო მაღალია მისი ტემპი და ძლიერია ინფლაციის მოლოდინი, მით უფრო ძვირი უჯდება ბანკს ეროვნულ ვალუტაში საკრედიტო რესურსების ფორმირება. მართალია, ბოლო თვეებში ინფლაციის ტემპი საქართველოში მკვეთრად დაეცა და არც ინფლაციური მოლოდინია მაინცდამაინც მძაფრი, მით უმეტეს, ახალი მთავრობის მიერ გაცხადებული ანტიმონოპოლიური პოლიტიკისა და ტარიფების შესაძლო დაწევის ფონზე. მაგრამ საპროცენტო განაკვეთები ლარით მოზიდულ ვადიან დეპოზიტებზე ჯერ მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. ამის მიზეზია, ერთი მხრივ, ალბათ ის, რომ მოსახლეობას კარგად ახსოვს მოულოდნელი ინფლაციური რყევები, როგორიც ბოლოს 2011 წლის პირველ ნახევარში მოხდა და მეორე მხრივ, მის ქცევაზე გადამწყვეტ გავლენას ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის განცდა ახდენს.

- რამდენად რეალურია საბანკო დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების დაწევა?

- ზემოთქმულიდან გამომდინარე, ახლო მომავალში განაკვეთების რამე მნიშვნელოვანი დაწევა ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე, ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა. რაც შეეხება უცხოური ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებს, მათზე განაკვეთების შემცირება იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მიუწვდებათ ხელი ქართულ ბანკებს შედარებით იაფ და გრძელვადიან უცხოურ საკრედიტო რესურსებზე. რაც უფრო მეტ ასეთ რესურსს მოიზიდავენ ისინი, მით მეტი შესაძლებლობა ექნებათ, უცხოურ ვალუტაში სადეპოზიტო განაკვეთები შეამცირონ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროზონის კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და რამე სხვა მასშტაბური ჩავარდნის საფრთხე მსოფლიო ეკონომიკაში ჯერჯერობით არ ჩანს, შეიძლება ითქვას, რომ უცხოური წყაროებიდან საკრედიტო რესურსების მოზიდვა არ უნდა გართულდეს. რასაკვირველია, თუ ამას ხელს არ შეუშლის წამყვანი ქართული ბანკების დიდი დავალიანება უცხოელი კრედიტორების მიმართ.

ხათუნა ჩიგოგიძე