ინტერნეტს ხარისხს უწუნებენ - კვირის პალიტრა

ინტერნეტს ხარისხს უწუნებენ

მარეგულირებელი კომისია პროვაიდერების მომსახურების ხარისხს გამოიკვლევს

ინტერნეტბაზრის კვლევას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იწყებს. მიზეზი ინტერნეტის ხარისხითა და სიჩქარით მომხმარებლის უკმაყოფილებაა. დღეს ბაზარზე 45 პროვაიდერი საქმიანობს, თუმცა ავტორიზაცია 100-მდე სუბიექტმა გაიარა. ინტერნეტმომსახურების ბაზრის 40%-ზე მეტი "სილქნეტის" წილია, "კავკასუს ონლაინის" წილად 30%-ზე მეტი მოდის, ხოლო "ეგრისის“ - 11%. სხვა პროვაიდერები დარჩენილ 9%-ს ინაწილებენ. "ეკოპალიტრამ“ კომისიისგან სცადა გაეგო, რის საფუძველზე გადაწყდა კვლევის დაწყება.

მარეგულირებლიდან გვაცნობეს, რომ თვით კომისიისა და მსხვილი ინტერნეტპროვაიდერების გვერდებზე, ასევე კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ინტერნეტის ხარისხთან დაკავშირებით საჩივრები შედიოდა. აგრეთვე სოციალურ ქსელში შექმნილია გვერდი სახელწოდებით "შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე", რომელშიც 21,4 ათასზე მეტი ადამიანი გაწევრდა.

"მომხმარებლების მიერ გამოთქმული უკმაყოფილების გამო მივიჩნიეთ, რომ შესაძლოა ინტერნეტპროვაიდერი კომპანიები მართლაც არ აწვდიან მომხმარებლებს ხელშეკრულებაში მითითებულ სიჩქარეს. ამიტომაც გვსურს მოვაწყოთ მონიტორინგი. თუმცა შესაძლოა ეს სულაც არ ხდება განზრახ და სხვადასხვა გარემოება და ტექნიკური პრობლემები არსებობს. კომისიას რეალური მიზეზების დადგენა სურს", - განგვიცხადეს ეროვნულ კომისიაში. მსგავსი კვლევა საქართველოში პირველად ეწყობა. წლების განმავლობაში ინტერნეტბაზარი ვითარდება, თუმცა კვლევის მიზანი არა ხარისხის ცვლილების დადგენაა, არამედ მისი შესაბამისობა ხელშეკრულებებში შეტანილ პარამეტრებთან.

კომისიაში არ აქვთ დოკუმენტურად დასაბუთებული ინფორმაცია ინტერნეტის ხარისხისა და ღირებულების შესახებ საქართველოს მეზობელ ან მსგავსი ეკონომიკის მქონე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. თუმცა განმარტავენ, რომ რაც განვითარებულია ქსელი, იმდენად დაბალია იმ ქვეყანაში ტარიფი, რაც მასშტაბურობით მიღებულ ეკონომიას ეყრდნობა.

კვლევის მიზანი კომპანიების სანქცირება არ არის. სამი თვის თავზე პირველად შედეგებს პროვაიდერებთან ერთად განიხილავენ, შემდეგ ყოველ სამ თვეში მიღებული შედეგები კი საჯარო იქნება. კომისიის თქმით, მათ აქამდე არ ჰქონდათ საშუალება დანამდვილებით დაედგინათ, მართალია თუ არა ის აბონენტი, რომელიც ამბობს, რომ სათანადო სიჩქარე არ მიეწოდება.

"მონიტორინგი კარგი საშუალებაა, რათა ჯერ პრობლემები აღმოვაჩინოთ და შემდეგ მათი მოგვარება ვცადოთ... ვფიქრობთ, უნდა შეიქმნას ერთიანი ინტერნეტგაცვლის ცენტრი, რომელშიც მოხდება ლოკალურ დონეზე ტრაფიკის გაცვლა. ამ ცენტრის შექმნა ხელს შეუწყობს ადგილობრივ რესურსებზე წვდომას, ასევე, პატარა კომპანიების განვითარებას. ეს კი, თავის მხრივ, კონკურენციას გააღრმავებს", - განუცხადეს "ეკოპალიტრას" მარეგულირებელ კომისიაში.

ხარისხის მონიტორინგს ტენდერში გამარჯვებული ბრიტანული კომპანია Red-M Wireless Limited-ი სამი წლის განმავლობაში წარმართავს. ის თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში განხორციელდება და ქვეყნის სამ უმსხვილეს პროვაიდერს შეეხება.