"მე თბილისის ყველა ფონდი ვიცი, ...ყველა ფონდის ფული მომიპარავს?!" - კვირის პალიტრა

"მე თბილისის ყველა ფონდი ვიცი, ...ყველა ფონდის ფული მომიპარავს?!"

საკრებულოს წევრებმა გენერალურ პროკურორს თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობით დაინტერესება სთხოვეს

ბიუჯეტიდან გახარჯული ასეულობით მილიონი, უხარისხოდ შესრულებული და შეჩერებული მშენებლობები და, ფაქტობრივად, უსახლკაროდ დარჩენილი 400-მდე ოჯახი - ეს იმ შედეგების არასრული ჩამონათვალია, რაზეც პასუხისგება თბილისის განვითარების ფონდს ან მის დამფუძნებელ ქალაქის მერიას მოუწევს. საქართველოს მთავარი პროკურატურა ფონდის საქმიანობით უკვე დაინტერესდა, თუმცა არასამთავრობო სექტორის არაერთი კვლევაც საფუძვლიან ეჭვს ბადებდა, რომ ფონდების საქმიანობა სახელმწიფო ფულისა და ქონების მითვისების ერთ-ერთი საშუალება იყო.

ნიშანდობლივი იყო რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთწინადადებიანი განცხადება, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა საქმიანი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა. მერიის პრესცენტრს არ დაუკონკრეტებია ვიზიტის ამოცანა, მაგრამ სანაცვლოდ მე გამახსენდა თბილისის განვითარების ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე, მაინცდამაინც არჩევნების მეორე დღეს, სამკურნალოდ იტალიაში გაემგზავრა. არჩევნების შემდეგ შეჩერდა თითქმის ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო, რომლებსაც ფონდი აწარმოებდა. მაგალითად, პუშკინის ქუჩაზე, ზარ-ზეიმით აღმოჩენილ გალავანთან შენობების მხოლოდ ფასადი გაკეთდა, ისიც დაჩქარებული ტემპებით, რათა საარჩევნოდ პრეზიდენტს ახალი ქუჩის გახსნა მოესწრო. შენობების ფანჯრებზე ნარმის ფარდებია აკრული, რომ შიგნით ნანგრევები არ გამოჩნდეს. ხელუხლებელია შენობების უკანა მხარეც, მოსახლეობა ქირით არის გაყვანილი და მათთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ფონდმა საცხოვრებელ სახლებში ისინი გაისად აპრილში უნდა დააბრუნოს.

ფონდის ხელმძღვანელის გაუჩინარების შემდეგ, შენობებიდან გაყვანილ მოსახლეობას დროულად ქირის საფასურს ვერ უხდიან, სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების კონკრეტულ ვადებს ვერავინ ასახელებს. სხვათა შორის, მეტად საეჭვოა იმ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის გადათამაშების სქემა, რომლის თანახმადაც, თბილისელებს სოციალური შეღავათების დაფინანსება შეუწყვიტეს, სამაგიეროდ, თბილისის ბიუჯეტიდან ავარიული შენობების გამაგრებითი სამუშაოების დაფინანსება გაზარდეს. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ეს რომ არ გაეკეთებინათ, ათასობით ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში, მათ შორის, მუშები, რომლებსაც დღედაღამ ამუშავებდნენ მშენებლობებზე და ხელფასს თვეობით არ უხდიდნენ და მოსახლეობა, რომელიც სარეაბილიტაციო შენობებიდან გაიყვანეს და ქირის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებოდა.

სულხან სალაძე ("ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი): "თბილისის განვითარების ფონდი თბილისის მერიამ 2010 წელს დააფუძნა და მისი ძირითადი საქმიანობა უნდა ყოფილიყო თბილისის განვითარების პროცესში აქტიურად ჩართვა, მშენებლობები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. ამავე ტიპის ფონდი, რომელიც, ძირითადად, ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტებზე მუშაობდა, თბილისის მერიას უკვე ჰქონდა შექმნილი 2005 წელს და პარალელურად მეორე ფონდიც შექმნა. პირველი ფონდის ლიკვიდაცია 2012 წლის მარტში მოახდინა. ეს ფონდები მასშტაბურ დაფინანსებას იღებდნენ თბილისის ბიუჯეტიდან. რიგ შემთხვევაში, ეს თანხა ერთი ფონდიდან მეორეში გადადიოდა და ამ სქემით ვერავინ იგებდა, რა თანხა შედიოდა რეალურად თბილისის განვითარების ფონდში.

2010 წლიდან თბილისის მერიამ დაიწყო თბილისის განვითარების ფონდისთვის საკუთრებაში უძრავი ქონების გადაცემა, რომელიც ან მის ბალანსზე ირიცხებოდა და მის საკუთრებას წარმოადგენდა, ან ეკონომიკის სამინისტროსგან გადაეცემოდა. შედეგად, ქალაქის ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ფონდმა საკუთრებად დაირეგისტრირა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ფონდმა საკუთრებად მიღებული ქონების ნაწილი გაასხვისა. ეს ქონება რომ თბილისის მერიას გაესხვისებინა, ღია და გამჭვირვალე აუქციონი უნდა მოეწყო, ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო და მაღალ ფასს უნდა ემარჯვა. მაგრამ როცა ეს ქონება თბილისის განვითარების ფონდის მეშვეობით გასხვისდა, მან, როგორც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, დამოუკიდებლად შეარჩია მყიდველი.

უცნობია, რა ფორმით, რა პრინციპით არჩევდნენ ეს ფონდები კონკრეტულ კომპანიებს, რომლებსაც ესა თუ ის სამუშაო უნდა შეესრულებინათ, იყო თუ არა გამოცხადებული კონკურსები, სრულდებოდა თუ არა სამუშაოები და სხვ. ძალიან ბევრი კითხვა დღემდე პასუხგაუცემელი რჩება. სულ ამ ფონდებში ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა, 2005 წლიდან 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, 304 მილიონ ლარს აჭარბებს. ისევე, როგორც ქონების გასხვისებისას, აქაც მარტივი სქემა მოქმედებდა. მერია ამბობდა, რომ ამ თანხას ფონდში შენატანის სახით რიცხავდა, ამიტომ ფონდი, თავის მხრივ, კანონით ანგარიშვალდებულიც კი არ იყო დაეზუსტებინა, რისთვის დახარჯავდა შემდეგ ამ ფულს.

თბილისის განვითარების ფონდს დღემდე არ აქვს ვებგვერდი და სასამართლოში არაერთი დავა გვქონდა იმაზე, თუ რა იყო ამ ფონდის ფაქტობრივი მისამართი. ამგვარი ინფორმაციის მიღება კი ძალიან ძნელი იყო ფონდიდან, რაც მიანიშნებს, რომ მისი საქმიანობა არ ყოფილა ღია. ჩვენ გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, შეესაბამება თუ არა წლების განმავლობაში ფონდებში გადარიცხული თანხა იმ სამუშაოებს, რაც შეასრულეს. რა დაჯდა აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის მოედნის რეაბილიტაცია და რატომ არ შესრულდა ყველა ის დაპირება, რაც ამ პროექტების დაწყებამდე კეთდებოდა".

ზაზა გაბუნია (თბილისის საკრებულოს წევრი): "თბილისის მერიას ამ წლების განმავლობაში დაფუძნებული აქვს, სულ ცოტა, სამი ფონდი: ძველი თბილისის განვითარების, თბილისის განვითარებისა და გუდაურის განვითარების ფონდები. ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავარ პროკურორს შევხვდი და ვთხოვე, თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობით დაინტერესებულიყო. განსაკუთრებით საყურადღებო მოვლენები 1-ელი ოქტომბრის შემდეგ განვითარდა. ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი საბანაძემ საქართველო დატოვა. ჩვენი ინფორმაციით, ფონდიდან გატანილია თანხა, ნაღდი ფულის სახით, და დოკუმენტაცია. ამის შემდეგ კი ნაჩქარევად, არჩევნების შემდეგ დაიწყო ფონდის ლიკვიდაციის პროცესი. ამიტომ ბევრი წინაპირობა იყო საიმისოდ, რომ მთავარი პროკურორისთვის თხოვნით მიმემართა, გამოძიება დაწყებულიყო. მანამდე არაერთი მცდელობა მქონდა, როგორც საკრებულოს წევრს, ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიმეღო, მაგრამ უშედეგოდ. არჩილ კბილაშვილმა ბრძანა, რომ ისინი განიხილავენ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს, მათ შორის უკვე ლიკვიდირებული ფონდის აუდიტორული დასკვნის შედეგებსაც.

ბატონ საბანაძის ჯანმრთელობის გაუარესება მაინცდამაინც საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა. მანამდეც გვსურდა საკრებულოს წევრებს ფრაქციის სხდომაზე საბანაძის მიწვევა, მაგრამ ვერც ამას მივაღწიეთ. პროკურატურაში მისვლამდე მოვუწოდე კიდეც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, უზრუნველეყოთ თანაგუნდელთან კონტაქტი, მაგრამ არანაირი გამოხმაურება მათი მხრიდან არ ყოფილა.

ფონდში გადარიცხული თანხები იზრდებოდა და მცირდებოდა იმის მიხედვით, იყო თუ არა წელიწადი საარჩევნო. შეიძლება ითქვას, ამ თანხებს ფონდს თბილისის მერი ურიცხავდა იმდენს და მაშინ, როგორც ამას საჭიროდ მიიჩნევდა. ფონდი მთლიანად ეხმიანებოდა მერის პირად ინტერესებს. ფონდის ხელმძღვანელები და მმართველი საბჭოს წევრები უგულავასთან დაახლოებული ადამიანებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც მანამდე მაღალ თანამდებობაზე მუშაობდნენ ქალაქის მთავრობაში. მოკლედ, ისეთი გარემო ჰქონდათ შექმნილი, რომ არავის ჩაეყო ცხვირი ფონდის საქმიანობაში. ეს იყო გარკვეული თანხების მითვისებისა და მოგების საშუალება".