მოჩქარეს - მოუგვიანდა! - კვირის პალიტრა

მოჩქარეს - მოუგვიანდა!

დავით ნარმანია: მშენებლობების ტემპის ძალად აჩქარებამ ხარისხის დონე საგრძნობლად დასცა

არასამთავრობო სექტორში მრავალწლიანი მუშაობისას დავით ნარმანია ყოველთვის გამოირჩეოდა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის თამამი კრიტიკით. დღეს თავად არის მთავრობის წევრი. ის, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გახდებოდა, ნოდარ ხადურისგან მოულოდნელად შეიტყო, "ქართული ოცნების" ოფისში ლიფტით მგზავრობისას. რა ვითარება დახვდა სამინისტროში, რომელსაც მილიარდიანი ბიუჯეტი ჰქონდა, რა დოკუმენტები გადაუგზავნა შესასწავლად პროკურატურას და რატომ აშენებდა იუსტიციის სამინისტრო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როცა ქვეყანაში შესაბამისი სამინისტრო არსებობდა - ამ და სხვა თემებზე დავით ნარმანიას ვესაუბრეთ.

დავით ნარმანია (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი): - საკმაოდ დიდი სამინისტროა, როგორც პროექტების რაოდენობით, ისე დაფინანსების თვალსაზრისით. წლის განმავლობაში, დაახლოებით, 250 საშუალო და მცირე პროექტი ხორციელდებოდა.

თუმცა წინა ხელისუფლების მუშაობის ძირითადი პრინციპი იყო სისწრაფე, ამიტომ ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც ჩემი მოადგილე ხელმძღვანელობს, სხვადასხვა პროექტის მაგალითზე ნახა, რომ სიჩქარეში ხარისხი საგრნობლად შემცირდა. ზოგიერთ პროექტში კომპანიები ვადებს არღვევენ. როგორც ჩანს, სამუშაოს შემსრულებლებს მცირე დროს აძლევდნენ და ისინიც ვადებში ვერ ეტეოდნენ. გამოვლინდა ცალკეული პრობლემური კომპანიები, მაგალითად, "ნიუ ენერჯი", რომელსაც 12 პროექტი ჰქონდა ამ სამინისტროსგან გადაცემული შესასრულებლად. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია სხვა სამინისტროებისგანაც იღებდა პროექტებს და ვადაგადაცილებებთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანებაც აქვს. ჩვენ ეს მასალები გადავაგზავნეთ ფინანსთა სამინისტროში დეტალური მოკვლევისთვის. რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ამ ფირმამ სახსრების უქონლობის გამო ვეღარ დაიწყო, ახალი ტენდერის გამოცხადება მოგვიწევს.

- სახურავიდან ჩამოსული წყალი წინა ხელისუფლებისას შესრულებული სამუშაოებისთვის ლამის სავიზიტო ბარათად გადაიქცა. საინტერესოა, დაეკისრება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა სამუშაოების უხარისხოდ შესრულებისა და ვადების დარღვევისთვის?

- ამ ეტაპზე ჩვენი სამინისტროს ჯგუფი კახეთში, სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვის სამუშაოებს სწავლობს. მათ 40-ზე მეტი კომპანია ასრულებდა. წვიმისას წყალი ზოგან ახლაც ჩამოდის. ეს ნიშნავს, რომ სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული. ამ კომპანიებს ერთწლიანი გარანტია აქვთ ნაკისრი, ამიტომ ამ ხარვეზების გამოსწორება მათვე მოუწევთ.

არის შემთხვევები, როცა გზების სწრაფად დაგების გამო ზოგ მონაკვეთზე მისი ხარისხი ძალიან დაბალია. ერთ დღე-ღამეშიც კი დაუგიათ გზა. გვხვდება შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემები, როცა ტექნიკური ზედამხედველი ხელს არ აწერს პროექტის ვარგისიანობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

აღმოჩნდა, რომ რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებდა, ნაწილს კი ეკონომიკის სამინისტრო, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით. მაგალითისთვის დავასახელებ პარლამენტის მშენებლობას ქუთაისში და "ბათუმის ტაუერს". ეს მაშინ, როცა ქვეყანაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არსებობს. თანაც ასეთი პროექტებისთვის სულაც არ არის აუცილებელი სახელმწიფო კომპანიების შექმნა, სამართლიანი ტენდერი უნდა მოაწყო და კერძო კომპანია შეარჩიო, სახელმწიფომ კი ზედამხედველობა უნდა წარმართოს.

ვადების დარღვევა თუ სუბიექტური გარემოებებით იყო გამოწვეული, შესაძლოა ხელშეკრულების პირობები გადაიხედოს. ხოლო ხარისხისთვის პასუხისმგებლობა შემსრულებელ კომპანიაზე ვრცელდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახური პროექტების ეფექტიანობას შეისწავლის და შეაფასებს. ვინმეს პასუხისმგებლობაზე წინასწარ რამეს თქმა ძნელია.

- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო უწყებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჰქონდა...

- ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ, ამ სამინისტროს სიდიდით მეორე ბიუჯეტი ჰქონდა - 2012 წელს, დაახლოებით, 1 მილიარდი ლარი. წლეულს ამ ბიუჯეტის სრულად ათვისება ვერ ხერხდება და როგორი იქნება შესრულების მაჩვენებელი, წლის ბოლოს გვეცოდინება. სახელმწიფო აუდიტის სამსახური კი ხარჯებს სწავლობს.

- რაღაც დროით ავტომაგისტრალის მშენებლობა შეჩერებული იყო. გეგმით ის უკვე ხაშურამდე უნდა იყოს მისული, თუმცა სამუშაოები გორთან მიმდინარეობს...

- ავტომაგისტრალის მშენებლობა გაგრძელდება, მაგრამ ოპტიმალურ ვადებში, გონივრული ფულადი და ადამიანური რესურსის გამოყენებით. ძირითადი სამუშაოები მსოფლიო ბანკის ეგიდით ხორციელდება. მათი წარმომადგენლები იყვნენ ჩვენთან სამინისტროში. შეთანხმება წინა ხელისუფლებასთანაც არსებობდა ავტომაგისტრალის სურამამდე მიყვანაზე. ჩვენი სამინისტროს გაუქმების შემდეგ, ამ პროექტზე მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობას ეკონომიკის სამინისტრო განაგრძობს.

- როგორც ვიცი, პროკურატურასაც გადაეგზავნა შესასწავლად ერთ-ერთი საქმე...

- საჩივარი შემოვიდა მოქალაქისგან, რომელსაც აქვს ინფორმაცია, რომ კახეთში კუვეიტელი ინვესტორების მიერ მიწების შესყიდვა, ერთგვარი ფინანსური პირამიდით ხდებოდა. ჩვენ ვალდებული ვიყავით, ამაზე რეაგირება მოგვეხდინა და განცხადება პროკურატურას გადავუგზავნეთ.

- ირკვევა, რომ ლაზიკის ზოგიერთი პროექტი მაინც განხორციელდება...

- როგორც ქალაქი, ლაზიკა აღარ აშენდება, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო დაინტერესებულია პორტის მშენებლობით. როგორც ამბობენ, დაინტერესება გამოხატა ზოგიერთმა ინვესტორმა. ჩვენი სამინისტრო ლაზიკაში ნაპირსამაგრ სამუშაოებს ასრულებდა, რაც პორტის მშენებლობას ხელს შეუშლის, ამიტომ ის შეწყდა. ლაზიკასთან დაკავშირებული სხვა საკითხები ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა. სხვათა შორის, დაქვემდებარებული სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩვენს სამინისტროსაც აქვს შექმნილი, რომელმაც ანაკლიაში, ბანაკიდან ლაზიკის მიმართულებით გზა გაიყვანა და ამისთვის ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. თავის დროზე ის საავტომობილო ტექნიკის სახელმწიფო კომპანიის ბაზაზე შეიქმნა.

ჩვენი სამინისტრო დევნილებისთვის კომპაქტური სახლების მშენებლობაშიც მონაწილეობდა, რამდენიმე მრავალბინიანი სახლის მშენებლობა ფოთსა და ზუგდიდში გაისადაც იგეგმება, რაც დონორებთან დადებული ხელშეკრულებით უკვე განსაზღვრულია. იქაც არის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები, რაც სიჩქარეს უკავშირდება. კობი-გუდაურის გზის მშენებლობა "ნიუ ენერჯის" ევალებოდა, მაგრამ პრობლემები შეექმნა და ვერ შეასრულა.

- საგაისოდ რა იგეგმება, ავტომაგისტრალის გარდა?

- საკმაოდ ბევრი პროექტია, მათ შორის შემოვლითი გზა იმერეთში - ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთი, შიდა გზების, წყლის სისტემების რეაბილიტაცია და სხვ.

- სამინისტროს გაუქმების რამდენიმე ვარიანტი განიხილება, შეჯერდით რომელიმე მოდელზე? თქვენ თავად რა მიგაჩნიათ უფრო მართებულად?

- საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული ჯერ არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება.

ჯერ გადასაწყვეტია, როგორ და რომელი უწყება წარმართავს დეცენტრალიზაციის რეფორმას, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა აღსრულდეს. მეც ასე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ობიექტების რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურა ეკონომიკის სამინისტროს საქმეა, თუმცა თუ რეალური დეცენტრალიზაცია გვინდა, რეგიონული განვითარება ცალკე უწყების არსებობას საჭიროებს. სხვაგვარად ეს რეფორმა ვერ განხორციელდება.

გზების მშენებლობა უნდა დაფინანსდეს რეგიონებში საჭიროებათა პერიოდულ კვლევებზე დაყრდნობით და არა ისე, როგორც ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალს მოუვა აზრად. ამიტომ ძირითადად მაინც წესრიგდებოდა ტურისტულ და კულტურულ ობიექტებთან მისასვლელი გზები, ხოლო რეგიონების სიღრმეში, სოფლებში მიმავალი გზები მოსაწესრიგებელია. აქ სხვა პრობლემაც არის - ეს გზები მუნიციპალიტეტების მოსავლელია, მათ ბიუჯეტი კი კაპიტალურ ხარჯებს ვერ სწვდება. დეცენტრალიზაციის შემდეგ მუნიციპალიტეტებს, წესით, მეტი შემოსავალი უნდა მიეცეთ, რათა ასეთი საკითხები თავად მოაგვარონ.

- დაახლოებით ერთ თვეში ფინანსთა მინისტრის მოადგილედ გადახვალთ, ფიქრობთ, რომ ეს სფერო უფრო ახლოსაა თქვენს საქმიანობასთან?

- ფინანსები ჩემს საქმიანობასთან, რა თქმა უნდა, უფრო ახლოს არის. როგორ გადანაწილდება ფუნქციები მინისტრის მოადგილეებს შორის ჩემი მისვლის მერე, ეს ალბათ შემდეგ გაირკვევა.

- სამინისტროს გაუქმების შემდეგ უწყების სხვა თანამშრომლებს რა ბედი ეწევათ?

- აქ ბევრი კარგი და პროფესიონალი კადრი მუშაობს. რეორგანიზაციისას მაქსიმალურად შევეცდებით, ახალი მენეჯმენტის ხელშიც შეინარჩუნონ თავისი სამსახური. აქ დაახლოებით 120 ადამიანი მუშაობს.

მოკლედ

- "ნიუ ენერჯი" დაარსდა 2004 წელს. საქმიანობის ძირითადი სფერო: კომუნიკაციების პროექტირება, დიაგნოსტიკა და მშენებლობა. კომპანიას ამჟამად პრობლემები აქვს როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე ენერგეტიკის სამინისტროსთანაც.

- "ნიუ ენერჯის“ დავალიანებები დაგროვილი აქვს როგორც ბანკების, ისე სახელმწიფოს მიმართ. საინტერესოა, რომ ის დავალიანების არსებობის მიუხედავადაც იგებდა ტენდერებს.

- კომპანიის მფარველად ახალ მთავრობაში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს მიჩნევენ. კერძოდ, მისი თანაკლასელია "ნიუ-ენერჯის" ხელმძღვანელი ლუხუმ კაპანაძე.