ფოტოგრაფია - ყველასთვის, ჯორჯ ისტმენისგან - კვირის პალიტრა

ფოტოგრაფია - ყველასთვის, ჯორჯ ისტმენისგან

ძნელი გზა მენაგვეობიდან ბიზნესის მწვერვალებამდე

ჯორჯ ისტმენი 1854 წელს დაიბადა აშშ-ის პატარა ქალაქ უოტერვილში. დალხენილი ბავშვობა არ ჰქონია. მამა არცთუ მდიდარი ბიზნესმენი იყო, ცხოვრება კი - მძიმე. ოჯახის თავკაცი ადრე გარდაიცვალა, მაშინ ჯორჯი მხოლოდ შვიდი წლის იყო. თავის გასატანად ოჯახი ოთახებს აქირავებდა. ეს არცთუ სასიამოვნო იყო, თანაც იმ დროისთვის - საშიშიც, მაგრამ ისტმენებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, მით უფრო, რომ ოჯახში სამი ბავშვი იყო. ჯორჯმა სკოლის დამთავრება ვერ შეძლო, მხოლოდ შვიდი კლასი გაასრულა და იძულებული შეიქნა, სამუშაო მოეძებნა. სკოლის მიერ გაცემულ დახასიათებაში ეწერა - "განსაკუთრებული მონაცემები არ აქვს".

ჯორჯმა სამუშაო სადაზღვევო კომპანიაში იშოვა, თუმცა ერთობ ბინძური - მისი მოვალეობა ჩასაფურთხებლების დასუფთავება და ნაგვის გატანა იყო, კვირაში 3 დოლარად. მაგრამ ისტმენს ესმოდა, რომ მისი მუშაობა აუცილებელი იყო ოჯახისთვის და ის სულაც არ ეზიზღებოდა.

ყმაწვილი ფიქრობდა, რომ თუ პატიოსნად და ერთგულად გააკეთებდა თავის საქმეს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დააწინაურებდნენ. თუმცა ცდებოდა, ასე სულაც არ მომხდარა. ამიტომ ბიჭი კონკურენტ კომპანიაში გადავიდა. კარიერული წინსვლაც იქედან დაიწყო. 17 წლის ისტმენის ხელფასი $42 იყო თვეში. რამდენიმე დღე სახანძროშიც მუშაობდა, საიდანაც კიდევ $8-ს იღებდა.

პირველი წარმატება ისტმენს 20 წლის ასაკში ეწვია, როცა როჩესტერის ბანკში დაიწყო მუშაობა. მორცხვობის მიუხედავად, ყმაწვილმა მკაცრი შერჩევა გადალახა. ისტმენს ინვესტიციები აინტერესებდა და კარგადაც ერკვეოდა ამ საკითხში. ცოტა ხნის შემდეგ წარმატებულმა დაბანდებებმა ცოტაოდენი ფული მოუტანა, რომლის ნაწილი უძრავ ქონებაში ჩადო. ამ სფეროში მუშაობის გამო, ჯორჯს ხშირად უწევდა სხვადასხვა ქალაქში გამგზავრება. ერთხელაც, 24 წლის ისტმენმა კარიბის ზღვის კუნძულ ჰაიტიზე მგზავრობის ფოტოაპარატით აღბეჭდვა გადაწყვიტა. მაგრამ საჭირო მოწყობილობები იმხელა აღმოჩნდა, რომ მისთვის მთელი საზიდრის დაქირავება იქნებოდა საჭირო. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამან უბიძგა ისტმენს საკუთარი ფოტოაპარატის შექმნისკენ. ვოიაჟი ჩაიშალა, ისტმენი კი კომპაქტური ფოტოაპარატის შექმნის იდეამ შეიპყრო, ისეთის, რომელსაც უბრალო ადამიანები მოიხმარდნენ.

ფირფიტიდან ფირამდე

დღისით ჯორჯი "ჯენერალ ილექტრიკის" (GE) ქარხანაში მუშაობდა, საღამოობით კი ფოტოსაქმის შესახებ ლიტერატურას კითხულობდა. აღარც ახსოვდა, რა იყო ნორმალური ცხოვრება. სამუშაო მაგიდაზე იძინებდა, დილით კი GE-ში სამუშაოდ მიდიოდა. 1878 წელს ისტმენმა წაიკითხა ინგლისელ ჩარლზ ბენეტის სტატია, რომელიც მშრალი ფირფიტებისთვის განკუთვნილი ემულსიის დამზადებას ეძღვნებოდა. ისტმენის აღიარებით, სწორედ ამ სტატიამ დააყენა სწორ გზაზე.

უძილოდ გატარებული მრავალი ღამის შემდეგ ჯორჯ ისტმენმა მსოფლიოს მყარი ფირფიტების წარმოების ახალი ტექნოლოგია წარუდგინა და მალე დააპატენტა კიდეც. მან ჯერ მშრალი ფირფიტების მწარმოებელი მანქანა შექმნა 1879 წელს, ფირფიტების გამოშვება კი მომდევნო წელს დაიწყო. 1881 წელს დააფუძნა "ისტმენის მშრალი ფირფიტების კომპანია" (Eastman Dry Plate Company). სულ რაღაც ორ წელიწადში ისტმენი უკვე რულონურ ფირს უშვებდა. ის თითქმის ყველა იმ ფოტოაპარატს ერგებოდა, რომლებიც მინის ფირფიტებზე იყო გათვლილი.

ისტმენმა მამამისის ძველი მეგობრის, ჰარი სტრონგის ფინანსური დახმარებით 1884-ში დააარსა "ისტმენის მშრალი ფირფიტებისა და ფირების კომპანია" (Eastman Dry Plate and Film Company) და მთავარი ბუღალტერის ადგილი დაიკავა. პრეზიდენტად უფრო გამოცდილი სტრონგი დაინიშნა.

1888 წელს ისტმენმა ქალაქ როჩესტერში შენობის მთელი სართული აიღო იჯარით. ამ წელს გამოვიდა პირველი ფოტოაპარატი "კოდაკის" მარკით. სახელი ისტმენმა მოიფიქრა. "კ" - ჩემი საყვარელი ასო-ნიშანია ანბანში. იგი მე ძლიერად და დასამახსოვრებლად მეჩვენება. უამრავი კომბინაცია შევადგინე სიტყვებისა, რომელთა თავსა და ბოლოში "კ" იქნებოდა. "კოდაკი" ჩემი ცდების შედეგია", - ამბობდა ისტმენი. ფოტოაპარატი ყუთის მაგვარი კამერა იყო, 100-კადრიანი ფირი ეტეოდა და $25 დოლარი ღირდა. იმავე წელს "კოდაკი" სასაქონლო ნიშნად დაარეგისტირერეს. 1889 წელს შეიქმნა კონცერნი Eastman Company, სამი წლის შემდეგ მას Eastman Kodak Company ეწოდა, 1901 წელს კი ნიუ-ჯერსის შტატში დარეგისტრირდა, როგორც Eastman Kodak Company of New Jersey...

მასობრივი ფოტოგრაფიის სათავეებთან

გაზეთებში გამოჩნდა "კოდაკის" რეკლამა, რომელიც იუწყებოდა, რომ მალე მყიდველი, შუშის მშრალი ფირფიტების ნაცვლად, სინათლის მიმართ ზემგრძნობიარე ფირს მიიღებდა, თანაც ის გაცილებით ეკონომიური და მოსახერხებელი იქნებოდა. ასეც მოხდა, ფოტოგრაფირების ეს მეთოდი ერთობ პოპულარული გახდა. ისტმენის კომპანია ფირის გასაუმჯობესებლად მუდმივად მუშაობდა. რადგან პროფესიონალი ფოტოგრაფები მაშინ ფირს არ სწყალობდნენ, წარმატების მისაღწევად ისტმენმა გადაწყვიტა, ფოტოგრაფირება ფართო მასებისთვის გაეხადა ხელმისაწვდომი. ამისთვის ფოტოგადაღების პროცესი და თვით აპარატი უნდა გაემარტივებინა.

ასე დაიწყო 1888 წელს "კოდაკის" ცნობილი სარეკლამო კომპანია - "თქვენ ხელს აჭერთ ფოტოპარატის ღილაკს, დანარჩენს კი ჩვენ ვაკეთებთ". სლოგანი თავად ჯორჯ ისტმენმა მოიფიქრა. ფოტოგადაღების ახალმა მეთოდმა პოპულარობა მოიპოვა. "კოდაკის" მარკას ყველა და ყველგან ცნობდნენ. მისი ყვითელი ლოგოტიპი კი დღემდე არ შეცვლილა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე "ნაცნობი" ბრენდია.

მასობრივი ფოტოგრაფიის სათავესთან ისტმენი იდგა, მაგრამ თვითონ ფოტოებზე იშვიათად ჩნდებოდა. მას თითქმის ვერავინ ცნობდა შეხვედრებზე, ის არ ისწრაფვოდა პოპულარობისა და სახელისკენ, უბრალოდ იმას აკეთებდა, რაც საჭიროდ მიაჩნდა. არადა, "კოდაკში" მოღვაწეობის გარდა, ისტმენი თავისი ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული ქველმოქმედი იყო, ასმილიონიანი შეწირულობით. განსაკუთრებულ ყურადღებას უნივერსიტეტებს აქცევდა, სადაც "კოდაკის" მომავალი კადრები იზრდებოდნენ. ქველმოქმედი ბევრ ფულს ხარჯავდა კბილის სამკურნალო კლინიკების მხარდასაჭერად, რადგან იმ დროისთვის ისინი მეტად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ჯორჯს გატაცებით უყვარდა კლასიკური მუსიკა. აფინანსებდა როჩესტერის ფილარმონიის ორკესტრს, მისთვის ქალაქში თეატრიც დააარსა. საერთოდ, როჩესტერისთვის მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეების ნუსხა ძალიან გრძელია. ისტმენის ბიოგრაფიას უნივერსიტეტებში ასწავლიან, მშობლიურ ქალაქ როჩესტერში კი მას ყველა დროის საუკეთესო მოღვაწედ მიიჩნევენ.

ლეგენდები სიკვდილის შემდეგ

პირად ცხოვრებაში ისტმენი მარტოხელა ადამიანი გახლდათ. მთელ ენერგიას საზოგადო საქმეებს ახმარდა და პირადი ცხოვრების მოსაწყობად დროც არ რჩებოდა. გატაცებული იყო კულინარიითა და დურგლობით, და ორივე სფეროში ერთობ წარმატებულიც გახლდათ. კომპანიაში ისტმენი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა, 1911 წელს ბანკიც დააარსა.

30-იან წლებში ისტმენმა გაიგო, რომ უკურნებელი სენით იყო ავად. მაგრამ საშინელი ტკივილებით სიკვდილი მის გეგმებში არ შედიოდა. 1932 წელს მან მეგობრებს მისწერა: "ჩემო მეგობრებო, ჩემი საქმე დავასრულე. რაღას ველოდო?" და წერილის დასრულებისთანავე თავი მოიკლა.

ისტმენის თვითმკვლელობის შესახებ იმასაც ამბობენ, რომ ამის მიზეზი ავადმყოფობა კი არა, მისი სიმარტოვე იყო. ზოგიერთის აზრით კი, ისტმენმა ყველაფერს მიაღწია, რაზეც შეეძლო ეოცნება. ყველა გეგმა განახორციელა და უბრალოდ, აღარ იცოდა, რისთვის ეცოცხლა. ასეა თუ ისე, მის სიკვდილზე დღემდე ლეგენდები დადის, მაგრამ იქნებ ჯორჯ ისტმენს სწორედ ეს სურდა?

როჩესტერში 1949 წელს მის სახლში ფოტოგრაფიის მუზეუმი გაიხსნა, რომელიც ხუთ წელიწადში აშშ-ის ნაციონალური ისტორიული ძეგლების სიაში შეიყვანეს. 2009 წელს ისტმენს როჩესტერის უნივერსიტეტში ძეგლი დაუდგეს. რაც შეეხება მის კომპანიას, "კოდაკმა" გადაიტანა უმწვავესი კონკურენცია იაპონურ კონკურენტ "ფუჯისთან", ციფრულ აპარატებზე, კომპიუტერული პრინტერებსა და სხვა სიახლეებზე გადაწყობის სირთულეები, მაგრამ საქმე მაინც გაკოტრებამდე მივიდა. წლეულს იანვარში მან ფინანსურ გიგანტ "სიტიგრუპისგან" მიიღო ფინანსური მხარდაჭერა საქმიანობის გასაგრძელებლად, 18-თვიანი $950-მილიონიანი კრედიტი. 2013 წლის 15 თებერვლამდე კი ვალდებულია, რეორგანიზაციის გეგმა წარმოადგინოს.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ ისტმენმა 1920 წელს შექმნა შვილობილი კომპანია "კოდაკის" ქიმიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ის 1993 წელს ცალკე კორპორაციად გამოეყო. დღეს Eastman Chemical-ი ჟურნალ "ფორბსის" 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის ბოლო, 2012 წლის აპრილის რეიტინგში 1164-ე ადგილზეა $7,12-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით. მისი წლიური გაყიდვა $7,18 მილიარდია, 10 ქვეყანაში 19 ქარხანაში 10 ათასი ადამიანი მუშაობს და ქიმიური მრეწველობის მრავალფეროვან პროდუქციას ამზადებს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ