როგორ მოვკლათ საკადრო "შიმშილი" მაღალ რგოლებში - კვირის პალიტრა

როგორ მოვკლათ საკადრო "შიმშილი" მაღალ რგოლებში

ხელისუფლების ზედა და საშუალო რგოლებში მმართველი გუნდის რადიკალურმა ცვლილებამ საკადრო ბაზარზე დეფიციტის წარმოქმნას მისცა ბიძგი. სახელმწიფო სექტორმა, ეფექტური მართვის ამოცანის უკეთ შესასრულებლად, კერძო სექტორიდან მაღალი დონის მენეჯერები გაიწვია, უფრო ზუსტად კი წაიყვანა. ამან კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ წინა მმართველ პოლიტიკურ სპექტრში, კვალიფიციური და ამავე დროს საქმისადმი კეთილსინდისიერად განწყობილი რესურსის პრობლემა მწვავედ იდგა.

მეორე მხრივ, ქვეყანაში მომხდარი ცვლილების შემდეგ ბიზნესში ოპტიმიზმია, რაც მას განვითარებისკენ უბიძგებს. ესეც კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნის ამაღლებას ნიშნავს. მსხვილმა ბიზნესმა, საკადრო დეფიციტის შესავსებად, ბიზნესის საშუალო რგოლში მიაპყრო თვალი მენეჯერებს. ბიზნესი, ფაქტობრივად, კადრების სამჭედლო აღმოჩნდა გასული წლების განმავლობაში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორისთვის.

კერძო სექტორიდან სახელმწიფო უწყებებში კადრების გადინება ერთჯერადი პროცესია, რაც მმართველი გუნდის არსებითმა ცვლილებამ გამოიწვია, - მიაჩნიათ ექსპერტებს, თუმცა ამბობენ, რომ სახელმწიფო უწყებების მართვას სხვაგვარი გამოცდილება და მიდგომებიც სჭირდება. ეს სამართლიანია არა მხოლოდ ზედა, უმაღლესი რგოლისთვის. საჯარო სამსახურში საპასუხისმგებლო ფუნქციების შესრულება საშუალო და ქვედა რგოლის მენეჯერების საქმეა და უწყების გამართული მუშაობა სწორედ ამ პირამიდაზეა დამოკიდებული, რომლის სიმყარეს სხვადასხვა რანგის მოხელეები განაპირობებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია კიდევ ერთხელ დადგეს დღის წესრიგში სისტემის არაეფექტური მართვის პრობლემა, რომელიც ვნახეთ, რომ ადრე თუ გვიან კრახით სრულდება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ უნდა არსებობდეს გრძელვადიანი ხედვა კვალიფიციური საჯარო მოხელეების მომზადების თვალსაზრისით. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ სახელმწიფო უწყებებიდან კადრების მიგრაცია ბიზნესში მოხდეს, რაც ბუნებრივია გარდამავალ პერიოდში, მით უფრო, განვითარებადი ქვეყნისთვის.

გია ხუხაშვილი (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "საჯარო სექტორში ხელფასები ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე კომერციულ სექტორში, შესაბამისად, მასშტაბური მიგრაციის საფრთხეს კერძო სექტორიდან სახელმწიფო სექტორში კადრების გადადინებისა ვერ ვხედავ. ამიტომ ერთადერთი მოტივაცია, რაც შეიძლება კვალიფიციურ მენეჯერს კერძო სექტორიდან საჯარო სამსახურში წასვლისას ჰქონდეს, პატრიოტიზმია. საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის პრობლემა ნამდვილად დგას და მას სისტემური ხასიათი აქვს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა, არამედ იმიტომაც, რომ, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ კვალიფიციური კადრები გარყვნა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ანუ შეიყვანა უკანონო ქმედებების ხიბლში, ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი დავალებების ხიბლში და სხვ. თუნდაც რომ განვიხილოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც კუდ-ის მაღალჩინოსნები კვალიფიციური გამომძიებლებიც იყვნენ, მაგრამ ყოფილმა ხელისუფლებამ ეს ადამიანები, ფაქტობრივად, დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩააბა.

ეს ყველაფერი ქმნის განსაზღვრულ ვაკუუმს საკადრო პროფესიონალურ რესურსებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ სიცარიელის შევსება შესაძლებელია, არაფერი ამაში კატასტროფული არ არის, მაგრამ რაღაც დრო დასჭირდება. საჯარო და კერძო სექტორი კვალიფიციური, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი კადრებით თვალის დახამხამებაში ვერ დაკომპლექტება.

იმედი მაქვს, ეს პრობლემა რამდენიმე თვეში გადაწყდება. ქვედა რგოლებიდან ადამიანების გადანაცვლება უნდა მოხდეს უფრო ზედა მმართველ რგოლებში, ეს რესურსი ქვეყანაში ნამდვილად არსებობს, მოხდება მათი აღმოჩენა და გადამზადება, გააქტიურება. საკადრო სისტემის სტაბილიზაციას ერთი-ორი თვის განმავლობაში ველოდები, უბრალოდ, დღეს არის გაჭირვება ამ თვალსაზრისით"

პაპუნა ტოლიაშვილი ("სინერჯი ჯგუფის" ექსპერტი): "ყოფილ ხელისუფლებასთან ამ თემაზე აქტიურად ვმუშაობდით ბოლო ერთი წლის განმავლობაში. იყო გეგმა, ჩამოყალიბებულიყო საჯარო მოხელეთა მართვის სკოლა, რომლის ძირითადი დანიშნულება საშუალო და მაღალი რგოლის კადრების გადამზადება იქნებოდა სახელმწიფო სამსახურებში, რომლებიც მართვაში უშუალოდ მონაწილეობენ. განსაკუთრებით აქცენტი კეთდებოდა რეგიონების ნაწილის გაძლიერებაზე. კარიერული ზრდის იერარქია ისე უნდა ყოფილიყო აგებული, რომ მაღალ ეშელონებში ადამიანი არ უნდა მოსულიყო, სანამ რეგიონებში მართვის ეტაპს არ გაივლიდა. ეს მიდგომა არახალია, ეს მოდელი საბჭოთა პერიოდშიც არსებობდა და ამერიკაშიც ასეა, რადგან რეგიონი არის ყველაზე ცოცხალი ადგილი, რათა დაინახო ყველაზე რეალური პრობლემატიკა და იგრძნო მართვის მთელი სირთულე. ადამიანებისთვის, რომლებიც რეგიონებში პირველ დონეს მართავენ და იქ იძენენ გამოცდილებას რამდენიმე წლის განმავლობაში, შემდეგ გაცილებით რთული დავალებების ჩაბარებაც შეიძლება.

ჩვენთან რაც ხდებოდა, ძალიან დიდი სიმახინჯე იყო. ფაქტობრივად, ნულოვანი გამოცდილების მქონე ადამიანები საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ინიშნებოდნენ. ეს პრობლემა არა მხოლოდ საჯარო სამსახურში, კერძო სექტორშიც იდგა. დღევანდელმა ე.წ. ბიზნესელიტამ, შესაძლოა, დროთა განმავლობაში საკუთარი გამოცდილების წყალობით ისწავლა მართვა და, რა თქმა უნდა, ამ შემადგენლობას დროდადრო ერევა უფრო საფუძვლიანი, აკადემიური განათლების მქონდე კადრები. ეს მკვეთრად ამაღლებს ბიზნესში მართვის დონეს. რაც შეეხება საჯარო სამსახურის მაღალ დონეს, რომელსაც ძირითადად შეეხო ცვლილებები - სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ მმართველი პოლიტიკური ელიტისადმი ნდობის ფაქტორისა და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, აგრეთვე იმის შედეგად, რომ შვიდი-რვა წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ქვეყანას ერთი და იგივე გუნდი მართავდა, ახლანდელი ხელისუფლება იძულებული გახდა, კადრები გარედან, კერძო სექტორიდან ჩაენაცვლებინა. ეს კარგია, რადგან კერძო სექტორში მართვას სხვა დინამიკა აქვს და ის ადამიანები, ვინც კერძო სექტორიდან მივიდნენ საჯარო სამსახურში, სხვა სტილსა და სხვა ხედვებს შეიტანენ - უფრო რაციონალურს, მიზანზე ორიენტირებულსა და პრაქტიკულს, იქნება მეტი "ბიზნესური" მიდგომა, რაც დააჩქარებს ზოგიერთ პროცესს და უფრო მოქნილს გახდის.

მაგრამ ეს ვერ მოხსნის საჯარო სამსახურებში საშუალო და დაბალი რგოლის მენეჯმენტის პრობლემებს, რაც ყველაზე დიდი ხელის შემშლელი ბარიერია დღეს სახელმწიფოს მართვის თვალსაზრისით.

ამ საკითხზე ძალიან ბევრი ქვეყანა ფიქრობდა და ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცის განვითარებად ქვეყნებში. იდეა კი ამგვარია: დაახლოებით, 150-200 ადამიანი შეირჩეს, 25-30 წლისა, ამ საქმისთვის საჭირო მონაცემებით, გაფორმდეს შეთანხმებები რამდენიმე ქვეყნის სასწავლებლებთან, სადაც ისინი გაივლიან მომზადებას, პრაქტიკულ კურსს, სახელმწიფო ამისთვის თანხას დახარჯავს. ასეთი კონტინგენტის სახელმწიფო უწყებებში გადანაწილებით მოკლე დროში არსებითად შეიძლება შეიცვალოს მართვის ხარისხი. არადა, საკმაოდ დიდი რეზერვები არსებობს ბევრ სახელმწიფო უწყებაში და ის, რაც მათ ამოქმედებას უშლის ხელს, მართვის არაეფექტიანობაა".

როგორც ექსპერტები ფიქრობენ, ბიზნესმა უნდა იფიქროს კადრების კვალიფიკაციის გაზრდაზე, მოკლევადიანი და საშუალოვადიანი სასწავლო პროგრამების დაფინანსებით, განსაკუთრებით, საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით. მოთხოვნა უპასუხოდ არასოდეს რჩება, აუცილებლად გამოჩნდება ამ საჭიროების შევსების გზები, თუმცა კომპეტენციის ხარისხს გააჩნია.