დაუბეგრავი მინიმუმი "რისკის ზონას" შექმნის? - კვირის პალიტრა

დაუბეგრავი მინიმუმი "რისკის ზონას" შექმნის?

"საშემოსავლო გადასახადის შემცირება მერჩივნა, თუმცა მანიპულაციების რისკს სწორი ადმინისტრირება შეამცირებს"

მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა გადაწყვიტა, საშემოსავლო გადასახადის შემცირების ნაცვლად, ქვეყანაში დაუბეგრავი მინიმუმის სისტემა შემოიღოს. ეს სოციალური შეღავათი შეეხება იმ პირებს, ვისი წლიური შემოსავალი 6 ათას ლარს არ აღემატება. შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ძველი მთავრობის მიერ იყო მიღებული, 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის 18%-მდე დაყვანას გულისხმობდა, ხოლო მომდევნო წლებში - 15%-მდეც. ითქვა ისიც, რომ დაუბეგრავი მინიმუმი საარსებო მინიმუმის მატებასთან ერთად უნდა გაიზარდოს.

სიახლემ განსაზღვრული ეჭვები გააჩინა: ხომ არ უბიძგებს ეს ბიზნესს, განსაკუთრებით, მცირე ბიზნესს, ხელფასების ხელოვნურად შემცირებისკენ, მათი დანაწევრების გზით, გადასახადისგან თავის ასარიდებლად. თუმცა ეკონომისტების მეორე ნაწილი აცხადებს, რომ დაბეგვრის მსგავსი სისტემა ბევრ მოწინავე ქვეყანაში მოქმედებს.

თემურ კოპალეიშვილი (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): - არ მგონია, რომ ძველი მთავრობა ნამდვილად აპირებდა საშემოსავლო გადასახადის შემცირებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საგადასახადო კოდექსში ეწერათ... ვფიქრობ, 82-ე მუხლში პირდაპირ ჩაიწერება, რომ საშემოსავლო გადასახადის რეალური განაკვეთი არის 20%. რაც შეეხება დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებას, ეს კარგი შეღავათი იქნება დაბალი შემოსავლის მქონე პირთათვის.

- არ შეიქმნება მანიპულაციების ან ჩრდილოვანი ეკონომიკის ხვედრით წილის გაზრდის რისკი?

- არ მგონია, მეწარმეებს მანიპულაციები ხელს აძლევდეთ. მართალია, 500 ლარზე ნაკლები შემოსავალი ვისაც აქვს, შეღავათი იმათზე გავრცელდება და შესაძლოა ვინმეს აზრად მოუვიდეს თანამშრომლებისთვის ქაღალდზე რეალურზე ნაკლები ხელფასის დაწერა. მაგრამ ფიზიკური პირი ამას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, თუ დამქირავებელთან არ შეთანხმდა. დამქირავებელი კი ამხელა რისკზე რისთვის უნდა წავიდეს? სხვათა შორის, დაუბეგრავი მინიმუმი 2005 წლამდეც იყო ჩვენს ქვეყანაში, ოღონდ ის ვრცელდებოდა დივიდენდებსა და პროცენტებზე, თუ ამ გზით მიღებული შემოსავალი არ აღემატებოდა 3 ათასი ლარს. ვფიქრობ, დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება უფრო სამართლიანია, ვიდრე საშემოსავლო გადასახადის 2%-ით შემცირება, იმიტომ რომ თუ განაკვეთი 20%-დან 18%-მდე შემცირდება, მაშინ ეს შეღავათი გავრცელდება ღარიბზეც და მილიონერზეც, რომლისთვისაც 2%-ს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დაბალი შემოსავლის მქონე პირისათვის კი ეს უმნიშვნელო თანხა იქნება. დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება დაბალშემოსავლიანი ფენისთვის არის კარგი.

დაუბეგრავი მინიმუმი გულისხმობს, რომ ფიზიკურ პირებს ყოველთვიურად დაუკავებენ შემოსავლის 20%-ს, რასაც ბიუჯეტში მეწარმე გადარიცხავს, ხოლო შემდეგ საგადასახადო ორგანოები კუთვნილ თანხას მცირეხელფასიანებს მე-13 ხელფასის სახით დაუბრუნებენ. მომავალში ალბათ დაბეგვრის პროგრესულ შკალაზე გადავალთ, განაკვეთების დაწესებაზე შემოსავლის სიდიდის მიხედვით. კეთილდღეობის ორი გზა არსებობს: შემოსავლების ზრდა და გადასახადების შემცირება. მე მგონი, შემოსავლების ზრდა უმჯობესია.

ირაკლი ლექვინაძე (ეკონომიკის ექსპერტი): - რა თქმა უნდა, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია და დაუბეგრავი მინიმუმის არსებობისას მანიპულაციების საფრთხეც იარსებებს. მაგრამ აქ ადმინისტრირების საკითხიც შემოდის. მთავარია, რამდენად სწორი იქნება ადმინისტრირება და ამ გადასახადის მობილიზება როგორ მოხერხდება. ასეთივე პრაქტიკა ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც შედარებით დაბალი ხელფასი აქვს. დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებას მე პირადად მერჩივნა, საშემოსავლო გადასახადი შემცირებულიყო, ეს მეტი შეღავათი იქნებოდა როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულისთვისაც, მაგრამ ამ ცვლილებით დაბალშემოსავლიან პირებს რაღაც შეღავათი მაინც მიეცემათ - თვეში, დაახლოებით, 30 ლარი 500 ლარზე ნაკლები ხელფასის მქონეთ.

მანიპულაციების რისკი, რა თქმა უნდა, იარსებებს: ხელფასის დანაწევრება, შემცირება, მაგრამ ამის გაკეთების მოტივაცია მეწარმეს ნაკლები ექნება სწორი ადმინისტრირების შემთხვევაში. ნებისმიერი რამ შეიძლება ჩაიდინონ, მაგრამ ამ შემთხვევაში მეწარმის მოტივაცია არ იქნება იმდენად მაღალი, რომ ხელფასები დაყოს, დაანაწევროს, ბუღალტერიაც გაირთულოს და საქმეც, რადგან შედეგი, რომელსაც მიიღებს, ამდენ წვალებად არ ღირს. ამიტომ დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება სასიკეთო ნაბიჯია, რომელიც შეეხება საქართველოში დასაქმებული ადამიანების დაახლოებით 35-40%-ს. თანხა, რომელიც შეღავათის სახით გამოთავისუფლდება, დაუბრუნდება პიროვნებას და არა იმ საწარმოს, ან კომპანიას, სადაც ის საქმიანობს. ამიტომ ეს შეღავათი ბიზნესს ნაკლებად შეეხება. ის შეეხება ამა თუ იმ ბიზნესში დასაქმებულ კონკრეტულ ადამიანებს.

ხათუნა ჩიგოგიძე