ვინ გადაუხდის კომპენსაციას დაზარალებულ მესაკუთრეებს - კვირის პალიტრა

ვინ გადაუხდის კომპენსაციას დაზარალებულ მესაკუთრეებს

წართმეული ბიზნესისა და ქონების დაბრუნება ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომლის გადაჭრას, პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემდეგ, საზოგადოებაში ელიან. გასულ წლებში ჩამორთმეული საკუთრება, უმეტესწილად, სახელმწიფოს მიჰქონდა და ხშირად რაღაც მანქანებით კერძო პირთა ხელში ხვდებოდა. ნებისმიერ საქმეში მონაწილეობდნენ სახელმწიფო მოხელეები. მათი პასუხისმგებლობის საკითხი ალბათ დადგება, მაგრამ ისმის კითხვა - ვინ გადაუხდის დაზარალებულებს?

კონკრეტულ მოხელეს კიდეც რომ მოეთხოვოს პასუხი შესაბამისი მუხლებით, მას შესაძლოა არ აღმოაჩნდეს დაზარალებულისთვის გადასახდელი თანხა. გამოდის, "ახლები" გამოიძიებენ "ძველების" დანაშაულებს და შემდეგ დაკისრებულ კომპენსაციას თვითონვე გადაიხდიან?! როგორც ჩანს, ხშირ შემთხვევაში სწორედ ასე მოხდება, ხოლო რამდენის გაღება მოუწევს ბიუჯეტს ამ მიზნით, ჯერჯერობით, მიახლოებითაც ვერავინ ამბობს.

ბოლო წლებში საზოგადოება ბიზნესის დალუქვის, წართმევისა და გასხვისების არაერთი ფაქტის მოწმე გახდა. მაგალითისთვის რამდენიმე მათგანის გახსენებაც კმარა. კომპანია „არტი ჯგუფი“, რომლის მფლობელიც ქიბარ ხალვაში გახლდათ, 1996 წელს დაფუძნდა და პირველადი მოხმარების საგნების უმსხვილესი დისტრიბუტორი იყო საქართველოში. 2007 წლის 24 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა "არტი ჯგუფი" ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დალუქა. მოგვიანებით კომპანია საბაჟო წესების დარღვევაში დაადანაშაულეს და სოლიდური ჯარიმის გადახდა დააკისრეს. უფრო მძიმე აღმოჩნდა კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ მფლობელ ანზორ ქოქოლაძის ხვედრი, რომელმაც 22 თვე ციხეში გაატარა. ანზორ ქოქოლაძე "ელიტ ელექტრონიქსის" წილის წართმევას უკანონოდ მიიჩნევს და სტრასბურის სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილი აქვს.

2008 წლის აგვისტოში შემოსავლების სამსახურმა დააყადაღა გოჩა ძასოხოვის კუთვნილი საწარმოები: კერძოდ, აგარის შაქრის ქარხანა, ვაშლის, ყურძნისა და მანდარინის კონცენტრატების ქარხნები გურჯაანში, ქობულეთსა და აგარაში, პომიდვრის საცდელი მეურნეობები მარნეულში, ხეხილის ბაღები შიდა ქართლსა და კახეთში, „აგროინვესტბანკი“ და სასტუმრო „ივერია“ - ქობულეთში. ქონების ნაწილს სახელმწიფო დაეპატრონა, ნაწილს კი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა "უპატრონეს".

მამია სანადირაძე "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გახლდათ. მისი განცხადებით, კომპანიის საკონტროლო პაკეტი GMC ჯგუფს მან იძულებით მიჰყიდა. სანადირაძე იმ უსამართლო ქმედებების გამო ჩივის, რაც წლების განმავლობაში „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ ხორციელდებოდა. ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება: რონი ფუქსი, ზეევ ფრენკელი, დავით ბეგიაშვილი, გიორგი გეგელია, რუსლან გალოგრე, ჯემალ ლეონიძე, ბაკურ კიღურაძე და სხვ. ადამიანებს, რომლებსაც ქონება უკანონოდ ჩამოართვეს, მუდმივად შეჰქონდათ და დღემდე შეაქვთ საჩივრები ქართულ თუ ევროპულ სასამართლოებში. ვინ უნდა აანაზღაუროს უკვე წართმეული ქონება, ევალება თუ არა ამის გაკეთება სახელმწიფოს, ქვეყნის ბიუჯეტს? - მსგავსი კითხვები დღესდღეობით საკმაოდ ხშირად გაისმის.

ავთანდილ სილაგაძე (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): - ბოლო წლებში უამრავი ასეთი ფაქტი გახმაურებულა პრესითა თუ ტელევიზიით. ყოფილა შემთხვევა, ნაშუაღამევს სამ-ოთხ საათზეც კი გადაუფორმებიათ ამა თუ იმ ბიზნესმენის ქონება. ზოგჯერ მესაკუთრე იძულებული იყო, განცხადება დაეწერა და თავისი ბიზნესი სახელმწიფოსათვის "ნებაყოფლობით ეჩუქებინა". უმეტეს შემთხვევაში კი ეს ძალადობრივი გზით ხდებოდა, ამიტომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და წართმეული ქონება თავის მფლობელებს უკან უნდა დაუბრუნდეს.

თუ დადასტურდება, რომ ეს უკანონობა სახელმწიფოს ჩარევით მოხდა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისრება, მაგრამ როცა ორი კერძო პირი დავობს, დაზარალებული მხარის ინტერესებიც სახელმწიფო ორგანოებმა უნდა დაიცვან. საკმაოდ ხშირად სვამენ კითხვას: ძველი მთავრობის მიერ დაგროვილი დავალიანება ამ მთავრობამ რატომ უნდა გადაიხადოს? - თუ დადასტურდება, რომ სახელმწიფომ ეს ქონება ძალადობრივი გზით გადაიფორმა, ბუნებრივია, დაზარალებულს კომპენსაცია სახელმწიფომ უნდა მისცეს. აქ რამდენიმე გზა არსებობს: დაზარალებულ პირს, შესაძლოა, ქონება დაუბრუნონ უკან, ან ფულადი ანაზღაურება მისცენ. ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის აღება აუცილებლად მოუწევს. თუ კერძო პირები დავობენ ერთმანეთთან, მაშინ კერძო პირს მოუწევს თანხის ან ქონების დაბრუნება. ამ შემთხვევაში სამართლიანი პოზიცია უნდა დაიკავონ ოფიციალურმა ორგანოებმა. დაზარალებულ მესაკუთრეს შეიძლება მისცენ კომპენსაცია ფულადი, ან მატერიალური სახით, ან სულაც სანაცვლო ქონება შესთავაზონ, იგივე შეიძლება მოხდეს კერძო პირების შემთხვევაშიც.

- ეს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად ხომ არ დააწვება?

- რასაკვირველია, სოლიდური თანხა იქნება გადასახდელი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა დავა სტრასბურის სასამართლოში რომ გაგრძელდეს, ათიდან ცხრა დაზარალებული მოიგებს და სახელმწიფოს იმხელა ჯარიმები დაეკისრება, რომ მასთან შედარებით ეს ტვირთი უმნიშვნელო იქნება. ევროპული სასამართლო სულაც არ გაითვალისწინებს, რომ ეს ყველაფერი ძველი მთავრობის დროს მოხდა, რადგან ის მხოლოდ ერთ რამეს ითვალისწინებს: როგორ უნდა აღდგეს სამართალი. სწორედ ამიტომ განაცხადა ახალმა მთავრობამ, რომ მოდავე მხარეები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ და ყველა გაუგებრობა ერთმანეთთან გაარკვიონ. რამდენადაც ვიცი, ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და სადაც ეს ხერხი არ გაჭრის, იქ სამართალდამცავი ორგანოები უნდა ჩაერიონ.

ვაჟა ბერიძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): - უდავოა, წართმეული ქონება ან ბიზნესი უკან უნდა დაბრუნდეს სამართლის პრინციპების დაცვით. ის უკანონობა, რაც ბოლო წლებში მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს. ბუნებრივია, ამისთვის საჭიროა შესაბამისი პროცედურების დაცვა ყველა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქონების ჩამორთმევა სამართლიანობის აღდგენის დროშით ხდებოდა, თუმცა ამით მეტწილად სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები სარგებლობდნენ და ძალიან დიდ ფულსაც აკეთებდნენ. რაოდენ კურიოზულიც უნდა იყოს, სახელმწიფოს შეეძლო მესაკუთრისთვის მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა და სხვ. უსასყიდლოდ, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე ჩამოერთმია. ხელისუფლებასთან შეზრდილი კლანები სარგებლობდნენ ძლიერი "კრიშით" და ძალიან ბევრი ქონება და საწარმო მიითვისეს.

ყველა ფაქტზე შესაბამისი საქმე უნდა აღიძრას. ახალი ხელისუფლების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მოდავე მხარეები უნდა მორიგდნენ, მაგრამ სადაც წართმეული ქონება უკვე გასხვისებულია, პირთა ბრალეულობა სამართლებრივი გზით უნდა განისაზღვროს, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურება სახელმწიფომ უნდა იკისროს. მართალია, ზუსტად იგივე სიტუაცია არა, მაგრამ საკუთრების წართმევის შემთხვევები ბევრ განვითარებად ქვეყანაში ყოფილა, განსაკუთრებით, ლათინურ ამერიკასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. გარკვეული ფორმით სახლები, მიწები და სხვა ტიპის საკუთრება დაბრუნდა ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში. მაგალითად, პოლონეთის ქალაქ პოზნანში ყოფილმა მესაკუთრემ მოითხოვა საცხოვრებელი კორპუსის უკან დაბრუნება, რომელიც ერთ დროს მას ეკუთვნოდა. იქ უკვე ცხოვრობდნენ სხვები, ვისაც ბინები ნაყიდი ჰქონდა. საბოლოოდ კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს: ყოფილმა მესაკუთრემ აღიდგინა უფლებები ამ ქონებაზე, ხოლო იქ მცხოვრებ ადამიანებს მის სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრათ, მაგრამ ისე, რომ ეს გადასახადი ამ ხალხს მძიმე ტვირთად არ დასწოლია. ერთი სიტყვით, გზა არსებობს, შესაძლოა სახელმწიფომ სხვა სახითაც გადაუხადოს კომპენსაცია დაზარალებულ მესაკუთრეებს, მთავარია, ეს პროცესი დაიწყოს და სამართლიანად წარიმართოს.

ხათუნა ჩიგოგიძე