ტურიზმი ძველ გზას ნაკლები ხარჯებით განაგრძობს - კვირის პალიტრა

ტურიზმი ძველ გზას ნაკლები ხარჯებით განაგრძობს

ახალი წლიდან ტურისტების რაოდენობა სხვა მეთოდოლოგიით დაითვლება

როგორი იქნება სახელმწიფო პოლიტიკა ტურიზმის განვითარების, პრივატიზებისა და ქონების მართვის თვალსაზრისით? - ეს კითხვები ხელისუფლებაში ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ ბუნებრივად გაჩნდა. ტურიზმის სფეროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საყვედურიც კი შეუთვალა, რომ ზამთრის სეზონისთვის სარეკლამო კამპანიის გარეშე დარჩნენ, რომელსაც ტურიზმის დეპარტამენტი სახელმწიფო სახსრებით წარმართავდა. აღმოჩნდა, რომ ეკონომიკის სამინისტრო მრავალმილიონიანი სარეკლამო კამპანიების ნაცვლად უფრო ეფექტურ და დაბალბიუჯეტიან სვლებს გეგმავს...

დიმიტრი ქუმსიშვილი (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე): "ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ ტურიზმი ჩვენთვის პრიორიტეტული სფეროა. ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული ქვეყნისთვის ტურიზმის განვითარების მნიშვნელობა და ამას ყველანაირად შეუწყობთ ხელს. კარგად გვესმის, რომ ტურისტული ინდუსტრიის განვითარება ნიშნავს ბევრ სამუშაო ადგილსა და შესაძლებლობას, შევავსოთ ჩვენი ქვეყნის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი. რამდენჯერმე შევხვდი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს.

ერთ-ერთი შეხვედრისას 70-მდე ტურისტული კომპანიის წარმომადგენელთან განვიხილეთ ტურისტული ბიზნესის პრობლემები, დარგის განვითარების გზები და ისიც, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ სახელმწიფომ და კერძო სექტორმა. შევთავაზე მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება, სადაც შვიდ-ცხრა წევრს თავად ტურისტული სექტორი აირჩევს. ისინი დაგვეხმარებიან ტურისტული ინდუსტრიის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ასევე შევხვდი შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციას და მრავალი საკითხი განვიხილეთ.

არ ვაპირებთ სარეკლამო კამპანიისთვის 10, 20 და 30 მილიონის დახარჯვას, თუმცა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პრომოცია აუცილებელია. გვაქვს დასაბუთებული გაანგარიშება, რომ შესაძლებელია გაცილებით ეფექტიანად დავხარჯოთ ფული და აქტივობა სოციალურ ქსელში გადავიტანოთ. ამერიკელების, ფრანგებისა და სხვათა გამოკითხვის მიხედვით, როცა ადამიანი მოგზაურობას გადაწყვეტს, სოციალურ ქსელში ნანახი რეკლამა, ფოტო თუ გამოხმაურება 75-80%-ით ახდენს გავლენას მის არჩევანზე. ანუ გაცილებით იაფად, შემოქმედებითი იდეებით უფრო მარტივია ამ ყველაფრის გაკეთება და უფრო კარგი შედეგის მიღწევა, ვიდრე რომელიმე ერთი კონკრეტული ქვეყნის ბაზარზე რეკლამირებისთვის ათეულობით მილიონის დახარჯვით. ამიტომ ჩვენი ქვეყნის რეკლამირებას დიდწილად ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში ვგეგმავთ.

მონაწილეობას მივიღებთ საერთაშორისო გამოფენებში. მხოლოდ გაისად 25 პრესტური და საინფორმაციო ტური მოეწყობა, რომელთა ფარგლებში მიზნობრივი ბაზრებიდან ჟურნალისტებსა და ტუროპერატორებს შემოვიყვანთ. ბევრი პროგრამაა დაგეგმილი როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ინსტიტუციური მიმართულებით. მათ შორის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, ახალი სტრუქტურების კონცეფციის ჩამოყალიბება, რასაც მოჰყვება ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოება.

საკანონმდებლო ცვლილებებს ტურისტული კომპანიების მხრიდან ორგვარი დამოკიდებულება შეხვდა. ნაწილი ითხოვს როგორც ტურისტული კომპანიების, ასევე გიდების სავალდებულო სერტიფიცირებას. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ბაზარი უნდა იყოს თავისუფალი და თავად არეგულირებდეს ამ ყველაფერს. როგორც სახელმწიფოს, მოგვწონს, როცა ბაზარზე მოქმედებს პროფესიონალი და სერტიფიკატსაც ფლობს, მაგრამ უფრო მართებულად მიგვაჩნია, სერტიფიკატები გასცეს არა სახელმწიფოს დაქვემდებარებულმა უწყებამ, არამედ დამოუკიდებელმა ასოციაციამ, გილდიამ და ა.შ. სერტიფიცირება არ უნდა იყოს სავალდებულო და განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქცეული. ვისაც სურს, იყოს სერტიფიცირებული გიდი, უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა და შესაბამისად, მისი მომსახურება შედარებით ძვირი ეღირება.

გაგრძელდება მშენებლობა გოდერძის უღელტეხილზე, აქ ოთხკილომეტრიან სათხილამურო ტრასას ორი საბაგირო მოემსახურება, აგრეთვე გაგრძელდება ტურისტული პროექტი მესტიაში და სვანეთის სათხილამურო ტრასების ინფრასტრუქტურა ექვს საბაგირომდე გაიზრდება.

- ყოველთვის კითხვას ბადებდა შემომსვლელ ტურისტთა რაოდენობა, რადგან ტურიზმის დეპარტამენტის გამოქვეყნებული სტატისტიკა იმ ადამიანებსაც ითვლიდა, ვინც სხვადასხვა, თუნდაც საქმიანი მიზნით გადმოკვეთდა საქართველოს საზღვარს.

- დაახლოებით ორი-სამი თვის წინ შეიქმნა ტურისტების დათვლის რეალური მეთოდოლოგია - როგორ, სად და რა კითხვარით უნდა გამოვკითხოთ ვიზიტიორები, რათა გავიგოთ, ვინ არის ტურისტი და ვინ არა. დიდი იმედი მაქვს, რომ გაისად ამ მეთოდოლოგიით კვლევებს მოვაწყობთ და რეალურ ციფრებს დავდებთ, რამდენია ტურისტი ქვეყანაში და რამდენი - უბრალოდ ვიზიტიორი.

- თქვენი კომპეტენციის ფარგლებშია სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის საკითხები. რა პრობლემები დაგხვდათ სამინისტროში ამ მიმართულებით?

- არის ფუნდამენტური და საოპერაციო პრობლემები. მოვიკითხე სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დოკუმენტი, რათა გავცნობოდი სახელმწიფოს დამოკიდებულებას თავისი ქონების მიმართ, სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. როგორ ფიქრობთ, რამდენგვერდიანი დოკუმენტი მოვიძიე? ერთადერთ გვერდზე იყო გაწერილი სახელმწიფო ქონების მართვის მთელი პოლიტიკა. სახელმწიფოს აქვს წილები სხვადასხვა საწარმოში, აქვს უძრავ-მოძრავი ქონება, მიწა და უამრავი სხვა რამ. ქონების მართვა მხოლოდ ქონების გაყიდვას ხომ არ გულისხმობს. უნდა არსებობდეს სამოქმედო დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება, უნდა გავყიდოთ თუ არა ესა თუ ის ქონება, როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება; იქნებ სახელმწიფოს ურჩევნია, ჯერ გაარემონტოს ქონება, მენეჯმენტი გამართოს და შემდეგ უფრო დიდ ფასად გაყიდოს. ანდა პირიქით, იქნებ სახელმწიფომ უნდა დაშალოს გასაყიდად გამზადებული შენობა-ნაგებობა და ის მიწა გაყიდოს, რომელზეც ეს შენობა დგას? ხომ უნდა არსებობდეს დოკუმენტი, რომლითაც სახელმწიფო ქონების მართვისას ვიხელმძღვანელებთ, სამწუხაროდ, ასეთი დოკუმენტი არ არსებობს.

- ეკონომიკის ერთი-ერთი ყოფილი მინისტრის ცნობილი ფრაზა მახსენდება, რომ ყველაფერი შეიძლება გაიყიდოს, სინდისის გარდა. სწორედ ეს ხომ არ ეწერა იმ ერთგვერდიან დოკუმენტში?..

- სწორედ ეგ პოლიტიკა იყო - ვყიდით ყველაფერს, მაგრამ როგორ? - ამის პასუხი მაინც უნდა არსებობდეს. საერთაშორისო ორგანიზაციები დაგვპირდნენ, რომ სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის შექმნაში დაგვეხმარებიან. საკმაოდ გაუმჭვირვალე იყო პრივატიზების პროცესიც, რომელიც ასევე იმ არარსებული პოლიტიკის ნაწილია. დღემდე და დღესაც, სახელმწიფო თავის ქონების გაყიდვაში საკმაოდ რეაქტიულია. ის ძალიან იშვიათად აქვეყნებდა გასაყიდი ობიექტების, მიწების ნუსხას და ამას ცვლილება სჭირდება. ქონება გასაყიდად ძირითადად მაშინ გამოდის, როცა დაინტერესებული პირი არსებობს. სწორედ ამის შემდეგ იწყებს სახელმწიფო კონკრეტულ ქმედებებს. როცა ქონების მართვის პოლიტიკა ჩამოყალიბდება, შევიმუშავებთ ქონების გასხვისების მეთოდებს, რომლებიც მეტ სარგებელს მოუტანს როგორც ქვეყანას, ისე ბიზნესს.

- შესაძლოა თუ არა, დღის წესრიგში დადგეს უკვე გასხვისებული ქონების უკან გამოთხოვების საკითხი, თუ დადასტურდება, რომ პრივატიზება დარღვევებით წარიმართა?

- პრივატიზება პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიხედება. მაგრამ თუ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე იქნება აღძრული და სასამართლო რომელიმე მხარეს დაზარალებულად ცნობს, იქნება ეს სახელმწიფო თუ მესამე პირი, გადაწყვეტილებას კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო მიიღებს.

- გადაუგზავნით პროკურატურას კონკრეტულ საქმეებს?

- ძალიან ბევრი საჩივარი შემოდის და კანონის მიხედვით ჩვენ ვალდებული ვართ, ეს საქმეები პროკურატურას გადავცეთ. საქმეები ეხება როგორც სახელმწიფო ქონების გასხვისების, ასევე ჩამორთმევის ფაქტებს.

ციფრების ენით

- აჭარაში 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში ჩავიდა 1 452 204 ვიზიტიორი, რაც შარშანდელ იმავე დროის მაჩვენებელზე 28%-ით მეტია, ხოლო შარშანწინდელზე - 63%-ით.

- აჭარაში წლეულს ჩასულთა შორის იყო 719 196 უცხოელი ვიზიტიორი, შარშანდელზე 78%-ით მეტი.

- 2011 წლის იანვარ-ოქტომბერში, აჭარას სტუმრობდა 404 830 უცხოელი ვიზიტიორი, ხოლო 2010 წლის იმავე პერიოდში კი - 288 856.

- უცხოელ ვიზიტიორთა 40,5% აჭარაში თურქეთიდან ჩავიდა (მთლიან ვიზიტიორთა 20%). შემდეგ მოდის სომხეთი - 14,1% (7,0%), ირანი - 9,9% (4,9%), აზერბაიჯანი - 8,3% (4,1%).