რუსეთის ბაზარი - "ჩიტი ბდღვნად ღირს" - კვირის პალიტრა

რუსეთის ბაზარი - "ჩიტი ბდღვნად ღირს"

ექვსი წლის წინ დაკეტილი რუსეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის, შესაძლოა, გაიხსნას. თარიღების დასახელება ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა რუსეთისა და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებებში ამბობენ, რომ მხარეებს შორის სამუშაო პროცესი დაიწყო და ქართული ღვინო ძველ ბაზარს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება. სხვა საკითხია, მიაღწევს თუ არა პროდუქცია ბაზრამდე და როგორ შედეგს აჩვენებს.

რუსეთის ხელისუფლება საკუთარ ბაზარს პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად რომ იყენებს, ეს ძველი ამბავია. მსგავსი გადაწყვეტილებები რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშჩენკოს ხელით რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ მიუღია. რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების პირობა ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრების დროს დადო. ჯერ კიდევ აგვისტოში, აჭარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ჩვენ რუსულ ბაზარს თავისუფლად დავიბრუნებთ“, მსგავსი დაპირებები ივანიშვილმა არც კახეთში სტუმრობისას დაიშურა და არც სხვა რეგიონებში.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გამოჩნდა, რომ პრობლემის სწრაფი მოგვარება შეუძლებელია და როგორც ოქტომბრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, არავითარი ხელჩასაკიდი საბუთი და მტკიცებულება არ აქვს, რომ რუსეთის ბაზარი უეჭველად გაიხსნება. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებებით, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანას ხელისუფლება უშლიდა ხელს და მთავარი იყო, მას ბიზნესისთვის ხელი არ შეეშალა.

ახალმა მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის დანიშვნას დაემატა სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივა, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებები დაწყებულიყო. 15 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ქართული ღვინის რუსეთის ტერიტორიაზე დაშვების თაობაზე მუშაობა დაწყებულია. პასუხად საქართველოს მთავრობაში თქვეს, რომ პროცესს ყოველმხრივ ხელს შეუწყობენ. სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძის განმარტებით, დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცეს რუსეთის სანიტარიული ექიმის, გენადი ონიშჩენკოს მოთხოვნებს - სახელმწიფოს ხელი არ შეეშალა მსურველთათვის, აგრეთვე მისი სამსახურის ექსპერტებს დაინტერესებული საწარმოები ადგილზე უნდა მოენახულებინათ“.

რუსეთის ბაზარს კვლავ მნიშვნელოვნად მიიჩნევს „თბილღვინოს“ ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მოელის, რომ რუსეთის ბაზრის გახსნას ქართულ მეღვინეობაში ინვესტიციების შემოდინება და ჯანსაღი კონკურენცია მოჰყვება. „ტფილისის მარნის“ აღმასრულებელი დირექტორი, ენოლოგი გიორგი სამანიშვილი „ეკოპალიტრასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნება რეალურია:

გიორგი სამანიშვილი: „ამ ყველაფერს თვეები დასჭირდება და წლის ბოლომდე არ გამოვა. გაისადაც ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, არა მხოლოდ მეღვინეობის დარგზე, არამედ პოლიტიკურ ნებაზე. როგორც გამოჩნდა, მხოლოდ საქართველოს მთავრობის შეცვლა არ არის გარანტია, რომ ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზარი გაიხსნება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის მსო-ში შესვლას და რადგანაც საქართველო მსო-ს წევრი ქვეყანაა, ამიტომ უნდა მოხდეს რუსეთში საქართველოს პროდუქციის დაშვება. თუმცა ამ ყველაფერს დრო დასჭირდება.

რუსეთის ბაზრის გასხნას ქართული მეღვინეობის დარგისთვის ეკონომიკური სარგებელი, რა თქმა უნდა, ექნება. რუსეთის ბაზრის დაკეტვამდე რა მოცულობის ღვინოც იყიდებოდა, ის მოცულობა დღეს მიღწეულია. თუმცა რუსეთის ბაზარი რომ არ დაკეტილიყო, ცხადია, გაყიდვა გაცილებით მეტი იქნებოდა. რუსეთის ბაზრის გახსნა შეიცავს ხარისხის დაცემის საფრთხეს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა „ჩიტი ბდღვნად ღირს“.

როგორც ვიცი, 2005 წელს, ანუ, როცა რუსეთში ქართული ღვინის გაყიდვის პიკი იყო, საქართველოდან 30 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდა. დღეს, ბაზარი თუ გაიხსნა, ამდენი ღვინის გატანა ვერ მოხერხდება. მაქსიმუმ, 10 მილიონ ლიტრს შეიძლება მიაღწიოს წელიწადში. ეს დაახლოებით $20-25 მილიონის პროდუქციაა. ქართული ღვინის ნიშა რუსეთის ბაზარზე შენარჩუნებულია. ცხადია, არა იმ მასშტაბით, რაც ემბარგოს გამოცხადებისას იყო. ათ წელიწადსაც რომ არ გაიხსნას ბაზარი, ქართული ღვინის ნიშა უფრო შემცირებულად, მაგრამ მაინც იარსებებს“.

სოლიკო ცაიშვილი (კომპანია „ჩვენი ღვინის“ დამფუძნებელი): „ფული დიდი ცდუნებაა. თუ რუსეთის ბაზარზე ნებისმიერი ხარისხის ღვინის გაყიდვა იქნება შესაძლებელი, მაშინ ძნელი იქნება, მეღვინეებს ხარისხის შენარჩუნება მოსთხოვო. ზოგ ქვეყანაში ჩვენი ტერიტორიისხელა ვენახები აქვთ, ამიტომ არის საფრთხე, რუსეთის ბაზარმა მთლიანად შთანთქას ჩვენი მეღვინეობა და ხარისხი დავარდეს... შეუძლებელია ეკონომიკისა და ბიზნესის წინააღმდეგ წასლა, რუსეთის ბაზრის გახსნა კი ეკონომიკურ სარგებელს ნამდვილად მისცემს მეღვინეებს, მაგრამ, მეორე მხრივ, გვაქვს კარგი ღვინის დამზადების ამბიცია, თან ვამბობთ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, მაშინ სხვა გზა უნდა ავირჩიოთ. ეს გზა ევროპული და ამერიკის ბაზრებია, სადაც მხოლოდ მაღალი ხარისხის ღვინის გაყიდვა შეგვიძლია.

ქვევრის ღვინოს ვყიდით ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნებში - იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ასევე აშშ-ში. რუსეთის ბაზარზე ორიენტაცია რომ დავისახოთ მიზნად და რაც შეიძლება მეტი ვაწარმოოთ, ოღონდ ხარისხი აღარ იყოს ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მოცულობას გავზრდით, მაგრამ იგივე ღვინო აღარ გვექნება. მე პირადად, რუსეთში ღვინის გატანას არ ვგეგმავ. თუ მაგალითად, რუსეთიდან ვინმე ჩამოვა და უფრო მეტს გადაიხდის, ვიდრე უცხოელები იხდიან, რატომაც არა, გავყიდი. მაგრამ ასეთი რამ მოსალოდნელი არ არის“.