რკინიგზის "ურჩხული" წყალს დაეპატრონა - კვირის პალიტრა

რკინიგზის "ურჩხული" წყალს დაეპატრონა

ზვარეს მინერალური წყალი სამუდამოდ დაკარგულია?!

ხარაგაულის რაიონში სარკინიგზო გადასასვლელის მშენებლობამ ზვარეს მინერალური წყლის საბადოს გაუქმება გამოიწვია. ვინ და რატომ შეცვალა რკინიგზის მიმართულება მთავრობის ნებართვის გარეშე? ამ თემებზე მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ გადაცემა "საქმეში" ისაუბრა, რომელიც რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა ტვ"-ის ეთერით გადის.

ნინო ჩხობაძემ "საქმეში" აღნიშნა, რომ თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული ათი გვირაბიდან ოთხმა მიმართულება შეიცვალა. ამან გამოიწვია ერთი გვირაბის გამოსასვლელი პორტალის გატარება ზვარეს მინერალური წყლის საბადოზე. მისი თქმით, გვირაბიდან გამოსული გრუნტი პირდაპირ იყრება მდინარე ნუნისის ხევში, აგრეთვე გადაკეტილია მდინარე ხარაგაულის ხეობა.

"როცა თავდაპირველად გავეცანით ამ მონაკვეთზე სარკინიგზო გადასასვლელის მშენებლობისთვის გაცემული ნებართვის პირობებს, დავმშვიდდით, რადგან ზედმიწევნით იყო გაწერილი, რომ დაუშვებელი იყო ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები, არ შეიძლებოდა ზვარეს საბადოს ტერიტორიაზე რკინიგზის გატარება და სხვ. მაგრამ რეალურად მოხდა ის, რაც არ შეიძლებოდა მომხდარიყო. პირველ რიგში, შეიცვალა მარშრუტი და ხარაგაულის ხეობაში, ფაქტობრივად, გვაქვს ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი მდგომარეობა. მეორე პრობლემაა, რომ შესაძლოა ამ ყველაფრის გამო ნუნისიც დავკარგოთ, რადგან ამ სარკინიგზო გვირაბის პორტალის მშენებლობისას, დაახლოებით, 50 მეტრში ამოხეთქა წყალმა და ეს შესაძლოა იყოს ნუნისის მინერალური წყალი. სხვათა შორის, სამშენებლო სამუშაობებისას მოწყობილი აფეთქების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის სახლებიც კი დაიბზარა. მიგვაჩნია, რომ მშენებლობა უნდა შეჩერდეს და სპეციალური ჯგუფი შეიქმნას, რომელიც ზიანის ოდენობას დაადგენს. უნდა მოხდეს ამ ტერიტორიის რეაბილიტაცია და რკინიგზა აუცილებლად დაუბრუნდეს ძველ მარშრუტს".

ამ საკითხთან დაკავშირებით "ეკოპალიტრა" ნინო ჩხობაძეს დაუკავშირდა. ვცადეთ გარკვევა, ვინ შეცვალა სარკინიგზო გადასასვლელის პირვანდელი მარშრუტი და ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იმისთვის, რაც დღეს ხარაგაულის ხეობაში ხდება.

ნინო ჩხობაძე: "სწორედ ეგ საკითხი გვაინტერესებს ყველაზე მეტად. წესით, მარშრუტის შეცვლა მხოლოდ დამკვეთს შეეძლო, ანუ "საქართველოს რკინიგზას". ეს საკითხი აუცილებლად გამოსაკვლევია.

რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ცნობილი არ არის. ჩვენი ინფორმაციით, არ არსებობს დასაბუთება, რატომ შეიცვალა მარშრუტი - მანძილის შემოკლების, ხარჯების შემცირების თუ სხვა მიზეზით. სარკინიგზო გადასასვლელის თავდაპირველი მარშრუტი იყო შედარებით გრძელი, მაგრამ დიდწილად გვაცილებდა საფრთხეებს. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა იმ მარშრუტის არჩევა, რომელიც თავად ინვესტორს, როცა მომზადდა გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, რეალურად უარყოფილი ჰქონდა. ერთადერთი უწყება, რომელსაც შეეძლო შეეცვალა და ახალი მარშრუტი დაემტკიცებინა, გარემოს დაცვის სამინისტრო იყო. მას ეს ნებართვა არ გაუცია. მეტიც, უკვე შეცვლილი მარშრუტისა და ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, "საქართველოს რკინიგზა" გარემოს დაცვის სამინისტროსგან უნებართვოდ წარმართული სამუშაოს ლეგალიზებას ითხოვდა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პრობლემით თავის დროზე ადგილობრივი ხელისუფლება არ დაინტერესებულა. ზვარე და ნუნისი ის წყლებია, რომელიც ამ ხეობას ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ეს არის დანაშაულის ტოლფასი დამოკიდებულება რკინიგზის მხრიდან და ამით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები".

საქართველოს რკინიგზას კი ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. საპარტნიორო ფონდის გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ კონსტანტინე გუნცაძე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, გენერალური დირექტორის მოვალეობებს პირველი მოადგილე ოლეგ ბიჭიაშვილი შეასრულებს. კონკრეტული საკითხების შესახებ პასუხის გაცემას ახალი ხელმძღვანელობა, იმედია, მოკლედ ხანში შეძლებს და გაირკვევა, ვინ და რატომ შეცვალა სარკინიგზო გადასასვლელის პირვანდელი მარშრუტი, რამაც უკვე გამოიწვია აუნაზღაურებელი ზარალი.