თბილისური ტენდერების მრუდე სარკე - კვირის პალიტრა

თბილისური ტენდერების მრუდე სარკე

მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურატურა მერიის ცალკეულ სამსახურებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვით დაინტერესდა, გაჩნდა ლოგიკური კითხვა - გადაიხედება თუ არა მერიის მიერ სხვადასხვა დროს მოწყობილი ტენდერები? მით უფრო, თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ თბილისის მერია მსხვილ კონტრაქტებს ან საკუთარ კომპანიებთან აფორმებდა, ან სატენდერო პირობებს თავისი მფარველობის ქვეშ მყოფ კომპანიებს არგებდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საეჭვოდ მიჩნეული ტენდერის არაერთი მაგალითი დაგროვდა.

თბილისის საკრებულომ ქალაქის მერია ელიტურ კორუფციაში ჯერ კიდევ 2007-2009 წლებში დაადანაშაულა, როცა ძველი თბილისის რაიონის მაშინდელ გამგებელ ლაშა ფურცხვანიძის კუთვნილი შპს „გრინსერვისი" ქალაქში გამწვანების პროექტებს დაეპატრონა. მერიის სატენდერო სიაში შპს „გრინსერვისი" რამდენჯერმე მოხვდა და მხოლოდ შარშან 6-მილიონიანი შესყიდვებიც მიიღო. სხვადასხვა დროს "გრინსერვისმა" მწვანე ნარგავებითა და ყვავილებით გააფორმა გმირთა მოედნის ესტაკადა, პოლიციის შენობების მიმდებარე ბაღები, აეროპორტის გზის შუა ზოლი, ვერტიკალური ბაღი ავლაბარში, რუსთაველის გამზირი, პუშკინის სკვერი, ორბელიანის სკვერი, მთაწმინდის პარკი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტერიტორია, რიყის სკვერი და სხვ. ისევე, როგორც თავად ტენდერი, ეჭვს "გრინსერვისასა" და თბილისის მერიის შემდგომი თანამშრომლობაც ბადებდა, როცა ახალ-ახალი ნარგავების შემოტანის მიზნით დამატებითი ტენდერები ცხადდებოდა და ბიუჯეტიდან ამისთვის კოლოსალური თანხები იხარჯებოდა. ამავე დროს, არ არსებობდა კონტროლი, რეალურად რა თანხა იხარჯებოდა კონკრეტული ნარგავების შესასყიდად, რამდენი ბუჩქი ირგვებოდა კონკრეტულ გაზონზე და რამდენჯერ ცვლიდნენ მიწის საფარს.

ასევე წლების განმავლობაში მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში იმარჯვებდა შპს "სინათლის ქალაქი", რომელიც დედაქალაქის საახალწლოდ განათებისა და მოწყობისთვის ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას იღებდა. თავის დროზე სწორედ ამ სახელწოდების პროექტი წამოიწყო მერიამ - "თბილისი - სინათლის ქალაქი". პროექტის ფარგლებში განათდა მთელი ქალაქი, რაც, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი დაუჯდა ქალაქის ბიუჯეტს, სამუშაოები კი შპს „სინათლის ქალაქმა" შეასრულა.

საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესია რეკლამა მუნიციპალურ ტრანსპორტში, რომელზეც ექსკლუზიური უფლება 2009 წელს ახალშექმნილმა შპს „აუტდორ ტრანსპორტ ედვერტაიზინგმა“ ელექტრონულ აუქციონით მოიპოვა. ამ ფირმაში 50%-ან წილს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ფლობდა, 50%-ს კი შპს „აუტდორ ტრანსპორტი“. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 100%-ანი წილის მფლობელი კი თბილისის მერია იყო. რაც შეეხება „აუტდორ ტრანსპორტს“, ის 100%-ით შპს „აუტდორ.ჯიმ“ დააფუძნა, რომელიც უგულავას მეგობრის, მოხელისა და ბიზნესმენის, დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდება.

ზაზა გაბუნია (თბილისის საკრებულოს წევრი): "აუცილებელია ძველი ტენდერების გადახედვა. საკრებულოს წევრებსაც კი არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია ტენდერებთან დაკავშირებით. პირობითად შეგვიძლია ამას სატენდერო პროცესი ვუწოდოთ, რადგან კლასიკური გაგებით ტენდერი უგულავას პერიოდში თბილისში არ გამართულა. ეს იყო, ფაქტობრივად, რესტორნებში მოწყობილი ტენდერები, ამის ტენდენცია არსებობდა. უნდა დადგინდეს და შეფასდეს ის, რაც ტენდერის სახელითა და მერიის ხელმძღვანელობით კეთდებოდა.

ქალაქის მერი გადაწყვეტილებებს იღებდა პირადი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე. ამის მაგალითია პრესის ჯიხურებთან დაკავშირებული საქმე, როცა ქალაქში სხვადასხვა გამავრცელებლის ჯიხურები მერიამ აიღო და "უაიდ დისტრიბუშენს" გზა გაუხსნა. ეს კომპანია კი ცნობილია, როგორც მისი და კეზერაშვილის ერთობლივი ბიზნესი. რასაც უგულავა აკეთებდა, მხოლოდ თანამდებობრივი გულგრილობა და უფლებამოსილების გადაჭარბება არ არის, არამედ გაცილებით მეტია და ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეაფასონ.

გუდაურში 100-ნომრიანი სასტუმროს ამშენებელი ფირმა თბილისის მერიამ ტენდერის გარეშე დაასახელა. იგივე შეიძლება ითქვას "ძველი თბილისის ახალ სიცოცხლესთან" დაკავშირებით, სადაც უგულავას სამეგობროს, სანაცნობოსა და სანათესავოს სამშენებლო და სარემონტო კომპანიები არიან ჩართული. როგორც გავიგეთ, უგულავა ამ ყველაფრიდან მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს იღებს. პროექტ "რაც შენია, შენიას" ფარგლებში, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, ასეულობით ჰექტარი საუკეთესო მიწა გაიყიდა, ამაში დიდი ფული აიღეს. თუკი სადმე თბილისში ფულის შოვნა შეიძლებოდა, უგულავა პატრონობდა ყველაფერს ან ამის მცდელობა ჰქონდა. თბილისის მერიამ განკარგულებები გამოსცა, ეკოლოგიური მოსაზრებით აეკრძალათ პოლიეთილენის პარკების გამოყენება, სანაცვლო ქაღალდის პარკებს კი მისი სიმამრი შალვა კილაძე თავის ქაღალდის გადამმუშავებელ საწარმოში დაამზადებდა. მიზეზთა გამო, მაშინ საქმე აქამდე არ მისულა. ასე რომ, თბილისის მერიას ნებისმიერი პროცედურული ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ტენდერს, კონკურსს, კონკურენციას, სრულიად დავიწყებული ჰქონდა და აქვს დღემდე. თანხები მხოლოდ ბიუჯეტიდან სხვადასხვა ფონდში და ფონდიდან ჯიბეში არ მიდიოდა, ფულს შოულობდნენ ასევე კერძო ბიზნესმენების ბაზარზე შემოყვანითა და შემდეგ პირადი ინტერესების ლობირებით. იგივე შეგვიძლია ვთქვათ "სიტიპარკთან" დაკავშირებით, როცა ებრაელ ბიზნესმენებს წილში ჩაუსხდნენ უგულავა და მერიის სხვა დიდმოხელეები. ეს იყო ჩვეულებრივი ბიზნესკარტელი, რომლის სათავეში დღემდე უგულავა დგას. ამ წლების განმავლობაში იგი უფრო ბიზნესმენი იყო პარტიული ინტერესებით, ვიდრე ქალაქის მერი".

ბევრ კითხვასა და ეჭვს ბადებდა იაფი საკვები პროდუქტების ბაზრობა, რომელმაც თბილისში ახალი ხელისუფლების მოსვლამდე რამდენიმე თვე იარსება. მაშინ უგულავა ამბობდა, რომ პროდუქტის დაბალ ფასში შეძენა მოსახლეობის თხოვნა იყო. კარვები ბაზრობებისთვის თბილისის სხვადასხვა უბანში უქმეებზე იშლებოდა. კულუარული ინფორმაციით კი იაფი ბაზრობის უკან უგულავას მეგობარი არჩილ გეგენავა იდგა, რომელიც სხვადასხვა დროს პარლამენტის წევრი და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ამ ეჭვს ისიც ამძაფრებდა, რომ იაფი ბაზრობები სწორედ მისი კუთვნილი კომპანია "ფუდ სერვისის" ავტომობილებით მარაგდებოდა. ფაქტია, მერიას, უფრო სწორად კი ქალაქის ბიუჯეტს, ეს ბაზრობები 3,2 მილიონი ლარი დაუჯდა.

დარღვევით გამართული ტენდერების ერთ-ერთი ყბადაღებული მაგალითი კი ქალაქში სამარშრუტო ტაქსების შემოყვანასა და მის მართვასთან გამართული ტენდერი იყო. მერიამ გამარჯვებულად ოთხი კომპანია დაასახელა, ტენდერის დასრულებისთანავე კი ცნობილი გახდა, რომ ეს კომპანიები ცოტა ხნით ადრე ერთ ნოტარიუსთან, ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე მისამართზე, რამდენიმეწუთიანი ინტერვალით დარეგისტრირდნენ. საბოლოოდ ისინი ერთი კომპანიის ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ.

ჯაბა სამუშია (თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე): "რატომ ხდება, რომ მაინცდამაინც ერთი და იგივე ორგანიზაციები იგებენ მერიის ტენდერებს? ამიტომ აუცილებელია მათი გადახედვა და შესწავლა. მაგალითად, სამარშრუტო ტაქსების ტენდერში თავიდანვე იყო ცნობილი, ვინ გამარჯვებდა. როგორც კომისიის წევრი, გამართვის დღიდან მისი პირობების გადახედვისთვის ვიბრძვი. მერიამ ტენდერში გაამარჯვებინა ორგანიზაციას, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის არც გამოცდილება ჰქონდა, არც შესაბამის ავტოპარკს ფლობდა და არც ფულად რესურსს, რაც ბიზნესის შემდგომ განვითარებას სჭირდებოდა. მას შემდეგ გამარჯვებულმა კომპანიამ რამდენჯერმე დაარღვია ტენდერით გათვალისწინებული პირობები, მათ შორის ავტომობილების განსაზღვრულ ვადაში შემოყვანა, რაც მისი დაჯარიმების საფუძველი უნდა გამხდარიყო. სხვათა შორის, დღემდე არ არის შემოყვანილი სამარშრუტო ტაქსების ტენდერით განსაზღვრული რაოდენობა. კომპანია $1,3 მილიონით (ეკვივალენტით ლარში) უნდა დაეჯარიმებინათ და მხოლოდ 100-ლარიანი ჯარიმა აკმარეს. რატომ არ იყო მერია ასეთი ლმობიერი სხვა ორგანიზაციების მიმართ?! ეს ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომლის საფუძვლიან გამოძიებას მოვითხოვ, როგორც კი საკრებულოში ახალი რეალობა ჩამოყალიბდება".

კოკი იონათამიშვილი (თბილისის საკრებულოს წევრი): "ყველა ტენდერი ელექტრონულად მიმდინარეობს, მონაწილეობა ნებისმიერს შეუძლია, შემდეგ ყველასთვის ცნობილი ხდება სხვისი აპლიკაცია. ალბათ ეს თემა უფრო ნათელი უნდა გაგვეხადა საზოგადოებისთვის. თემა თითქოს ყბადაღებულია, მაგრამ არც ერთი კითხვა არ იყო პასუხგაუცემელი. თბილისელების განაწყენების მესმის, რომ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა გაძვირდა, ეს ბუნებრივია, თანაც ახალი ტაქსის შენახვა უფრო ძვირი ჯდება. გარდა ამისა, ეს ბიზნესია და გადასახადებს იხდის. ძველი სამარშრუტო ტაქსები არანაირ გადასახადებს, გარდა რაღაც მოსაკრებლისა, არ იხდიდნენ. რამდენიმე მილიონი ლარია ბიუჯეტში უკვე შესული ამ ბიზნესიდან. რამდენადაც ვიცი, ბევრი მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები მგზავრობის საფასურის დაკლებას გეგმავენ.

სატენდერო კომისიის წევრი ვიყავი და ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო, ვიცი, როდის რა კეთდებოდა და არც უსამართლო და არც არაკანონიერი არც ერთ ეტაპზე არაფერი ყოფილა. პროცესი საჯარო იყო და ნებისმიერ ორგანიზაციას შეეძლო განაცხადის შემოტანა. კომისიასთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბევრჯერ შეხვდა სამარშრუტო ტაქსების მძღოლებსა და დაინტერესებულ პირებს. ბოლოს აღმოჩნდა, რომ შემოიტანეს აპლიკაციები ხუთ ლოტზე, ძველმა გაერთიანებამ და ახალმა კომპანიებმა - ერთმა ბიზნესჯგუფმა, რომელიც ოთხ ორგანიზაციად გაფორმდა, და მათ შორის ცა და დედამიწასავით იყო განსხვავება. ახლების განაცხადით, ახალ, 2011 წლის სამარშრუტო ტაქსებს შემოიყვანდნენ, ძველები კი გვეუბნებოდნენ, რომ შენარჩუნებული იქნებოდა 2000 წლამდელი ავტომობილებიც, რომლებიც უსაფრთხოც არ იყო. ნორმებზე იქ ლაპარაკიც ზედმეტია. ჩვენ ვთხოვეთ აპლიკაციის გაუმჯობესება, ეს მნიშვნელოვნად ვერ გააკეთეს. გამოსაძიებელი მაშინ იქნებოდა, თუ მე და ჩემი რომელიმე კოლეგა კონიუნქტურის გამო მივცემდით ხმას აპლიკაციას. მართალი გითხრათ, ძალიან ვიყავი დაინტერესებული, რომ ერთგან მაინც ძველი გაერთიანების წარმომადგენლებს გაემარჯვათ. მერწმუნეთ, იქ ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ და არანაირი კითხვის ნიშანი არ გასჩენიათ. იყო ლაპარაკი 100-ლარიან საწესდებო კაპიტალზეც. მაგრამ თუ გაიმარჯვებდა კომპანია, ერთ თვეში 3 მილიონი ლარის გარანტია უნდა წარმოედგინა და წარმოადგინა კიდეც. რაღაც გვარებს რომ ახსენებენ, რესტორანში დარეგისტრირებულ კომპანიაზე, მერე რა? ეს იყო ერთი ბიზნესჯგუფი. მათ ბიზნესის ორგანიზება გადაწყვიტეს ცალ-ცალკე ლოტების შემოტანით და არც უფიქრიათ რამის დამალვა. შესაძლოა, კონიუნქტურა არ მაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ მაინც ვიტყვი: მადლობელი ვარ ამ კომპანიის, რომელმაც ამ ბიზნესში 100 მილიონზე მეტი ინვესტიცია ჩადო".

ციფრების ენით

- 2010 წლის 1 დეკემბრიდან 2012 წლის 30 ივნისის ჩათვლით 30 უმსხვილეს მიმწოდებელთან სახელმწიფო შემსყიდველებმა 1438 ხელშეკრულება გააფორმეს. კონტრაქტების საერთო ღირებულებამ 588.423.920 ლარი შეადგინა.

- უმსხვილეს მიმწოდებლებს შორის არიან: "ლუკოილ ჯორჯია" (95 მლნ ლარი), "ვისოლი" (34 მლნ), "სან პეტროლიუმი" ("გალფი") – (32 მლნ ლარი), "ნიუ კონსტრაქშენ" (25,6 მლნ ლარი), ქართული კვების კომპანია (24,4 მლნ), "კავკასუს როუდ პროჯექტ" (22,5 მლნ), "გზა" (22,3 მლნ), "რომპეტროლ საქართველო" (20,4 მლნ), "ალდაგი ბისიაი" (19,2 მლნ) „ზიმო-7", „პსპ დაზღვევა", „თეგეტა მოტორსი", შპს „სინათლის ქალაქი" და შპს „სანდასუფთავება".