გადასახადები გარდაუვალია, მაგრამ არის კი სამართლიანი?! - კვირის პალიტრა

გადასახადები გარდაუვალია, მაგრამ არის კი სამართლიანი?!

იქნება თუ არა საკმარისი მხოლოდ ჯარიმების შემცირება

საგადასახადო ადმინისტრირება მეორე კვირაა გამკაცრდა. 3 დეკემბრის შემდეგ სავაჭრო ობიექტებში ე.წ. საგადასახადო აგენტები საკონტროლო შესყიდვებს ახდენენ. მეწარმის მიერ სალარო აპარატის გამოუყენებლობა თუ ჩეკში გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება 500 ლარით ჯარიმდება, თუმცა მთავრობა სანქციების შემცირებას გეგმავს. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, მოქმედი ჯარიმები შეუსაბამოდ მაღალია. ამ მოსაზრებას შემოსავლების სამსახურშიც იზიარებენ, სადაც ჯარიმების შესამცირებლად ცვლილებები მზადდება.

ყველა აღიარებს, რომ საგადასახადო ადმინისტრირების შესუსტება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. არადა, რა დასამალია, რომ სხვადასხვა ობიექტზე მიიჩნიეს, `დრაკონი~ აღარ გვდარაჯობს, ამიტომ საშიში აღარაფერიაო და შვებით ამოსუნთქვა მაინცდამაინც ჩეკის ამოურტყმელობასთან გააიგივეს. საგადასახადო დისციპლინის მოშლა კი ისეთ პრობლემებს გააცოცხლებს, რომლებიც თითქოს დიდი ხანია, წარსულს ჩაჰბარდა. ცნობილი გამოთქმის მიხედვით, გადასახადები გარდაუვალია, როგორც სიკვდილი. მაგრამ საკითხავია, არის კი ისინი ჩვენთან მეტ-ნაკლებად სამართლიანი? ბოლოს და ბოლოს, დღეს მოქმედი დრაკონული ჯარიმებიც ხომ მემკვიდრეობით გვერგო. სამართლიანობის მოთხოვნა კი ხელისუფლების შეცვლის მთავარი მიზეზი გახდა. მცირე მეწარმეთა და ეკონომისტთა ერთი ნაწილი მოითხოვს, სანქციების შემცირების გარდა, მცირე მეწარმეები ფიქსირებულ გადასახადზე გადაიყვანონ.

ამაზე თითქოს წინა ხელისუფლებაც მუშაობდა, მაგრამ ძალიან ნელა არკვევდნენ, დარგების მიხედვით, ვის რამდენი უნდა გადაეხადა, ორიოდე ტარიფის მეტი ვეღარც შეიმუშავეს. არც მცირედ თუ მიკროდ დახარისხებული ბიზნესები დარჩენილან კმაყოფილი 3% ან 5%-იანი გადასახადებით. საკითხი კვლავ აქტუალურია. გადასახადის ოდენობასთან ერთად, მნიშვნელოვანია მეწარმეთა მშვიდი მუშაობაც, შემმოწმებელთა `ჩასაფრების~ გამუდმებული შიშის გარეშე.

ხატია მოისწრაფიშვილი (შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი): - მართალია, კანონი 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, მაგრამ თუ დაჯარიმებული პირი შემოსავლების სამსახურში განაცხადს შემოიტანს და დაამტკიცებს, რომ ეს მისთვის პირველი შემთხვევა იყო, 500 ლარი 200 ლარით შეიცვლება. თუ ის მიიჩნევს, რომ უკანონოდ დააჯარიმეს, ამ შემთხვევაშიც შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართოს. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ - უკანონობა ჩვენი თანამშრომლების მიერ თითქმის გამორიცხულია. მზად ვართ, ყველა შენიშვნა მივიღოთ და ყველა განაცხადი განვიხილოთ. როგორც ვიცი, 500-ლარიანი ჯარიმა შემცირდება, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს სანქცია ძალიან მკაცრია.

არ ვართ ჩასაფრებული, არ ვართ ორიენტირებული რაც შეიძლება მეტი დარღვევის გამოვლენაზე. ჩვენი მიზანი პრევენციაა და არა ვინმეს დასჯა. სხვათა შორის, გადამხდელები უმეტეს შემთხვევაში ცდილობენ, საქმიანობა სწორად წარმართონ. პირველ სამ დღეში 2 ათასამდე ობიექტი შემოწმდა და მხოლოდ 50 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ნინო ან.-ძე (მცირე მეწარმე): - რა გაჭირვება აღარ გამოვიარეთ ბოლო წლებში, საგადასახადოსგან დაჯარიმებასაც მივეჩვიეთ და დაყაჩაღებასაც. 500 ლარი ძალიან დიდი თანხაა. ამხელა თანხით თვეში ერთხელაც რომ დამაჯარიმონ, წელში ვეღარც გავიმართები. უამრავი ფარული თუ აშკარა ხარჯი გვაქვს, რაც სახელმწიფომაც კარგად იცის და არ მოქმედებს ამის აღსაკვეთად. მცირე მეწარმეები კარგა ხანს მოვითხოვდით ფიქსირებული გადასახადის დაწესებას. ყველა მაღაზიამ თვეში 10 ლარიც რომ გადაიხადოს, ეს მეტ მოგებას მოუტანს ქვეყანას, ვიდრე ჯარიმებსა და სანქციებს გამოდევნება. ჩეკების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ხომ შეიძლება, ხუთი-ათი მყიდველი ერთდროულად შემოვიდეს მაღაზიაში და რომელიმე მათგანს სიჩქარეში ჩეკი ვერ მივცე, ამის გამო სახელმწიფომ წელში უნდა გამწყვიტოს? ბოლო წლების გამოცდილებაც გვეუბნება, რომ მარტო ჯარიმები საქმეს ვერ შველის. მცირე და საშუალო ბიზნესმა სული რომ მოითქვას და განვითარდეს, სხვა მიდგომაა საჭირო. დიდი იმედი გვაქვს, ახალი მთავრობა მაინც არ დაგვახრჩობს ისე, როგორც ძველი გვახრჩობდა.

თემურ კოპალეიშვილი (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): - აღრიცხვა მოწესრიგებული უნდა იყოს, თუმცა ერთნაირი მიდგომა დიდი საწარმოებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისადმი, მთლად სწორი და გამართლებული არ არის. სალარო-აპარატებისა და ჩეკების პრობლემა დიდ საწარმოებში პრაქტიკულად არ დგას, ის ძირითადად ინდმეწარმეებსა და მცირე მეწარმეებს ეხება. თანაც ამ ფენას ძალიან აღიზიანებს, რომ დაბეგვრის რეჟიმი მათთვის მეტისმეტად მკაცრია. სასიხარულოა, რომ 500-ლარიანი ჯარიმის შემცირებაზე დაიწყეს ლაპარაკი. ვფიქრობ, არამარტო ამ სფეროში, ყველგან საჭიროა ამგვარი ძალისხმევა. ჩვენთან ჯარიმები ისევე მაღალია, როგორც განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მცირე მეწარმეებს შემოსავალიც მეტი აქვთ. ჩვენი მეწარმეების შემოსავალი კი იმდენად მწირია, რომ საჯარიმო სანქციები ნამდვილად შესამცირებელია.

ადმინისტრირება აუცილებელია, მაგრამ გააჩნია, როგორ განხორციელდება. დაბალშემოსავლიან პირს ისეთი ჯარიმები არ უნდა დაეკისროს, რომ მან საერთოდ დაანებოს თავი მეწარმეობას. საგადასახადო კულტურას მხოლოდ სიმკაცრე ვერ მოიტანს. ის თანდათან მკვიდრდება, მაგრამ არა საჯარიმო სანქციების წყალობით. ალბათ ახალი ხელისუფლება სხვა პრობლემებსაც გადახედავს და გაითვალისწინებს, რომ დაბეგვრის პროგრესულ სკალაზე გადასვლა აუცილებელია.

ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლა შეიძლება, მაგრამ მისი ოდენობა სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული. სპეციალურ სავაჭრო ზონებში, მაგალითად, ბაზრობებზე დასაქმებულ ადამიანებს გადასახადი იქაურმა ადმინისტრაციამ უნდა გადაახდევინოს. წესით, შემოსავლების სამსახური არ უნდა მივიდეს იქ მომუშავე მეწარმეებთან. ვფიქრობ, აქაც რაღაც შეუსაბამობა იყო და არის. ასეთ საკითხებს გულდასმით შესწავლა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში საგადასახადო სისტემა ვერც მეწარმეებს დაეხმარება და ვერც სახელმწიფოს მოუტანს სარგებელს.

მოკლედ

- 2013 წლის 1-ელ იანვრამდე ძველი საკონტროლო სალარო აპარატები რეგისტრაციიდან უნდა მოიხსნას. ამ ვადის გასვლის შემდეგ, მოუხსნელი საკონტროლო სალარო აპარატი ჩაითვლება დაკარგულად და გადამხდელს 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. ერთი აპარატის მოხსნის ღირებულება არა უმეტეს 5 ლარია.

- შემოსავლების სამსახური საკონტროლო შესყიდვებისას ვიდეოგადაღებას წარმართავს. საგადასახადო აგენტები ფარული კამერებით ისარგებლებენ, უკანონოდ და არამართლზომიერად დაკისრებული ჯარიმა ბათილად ჩაითვლება.

ხათუნა ჩიგოგიძე