რობერტ ბოშის ომებგადახდილი ბიზნესი - კვირის პალიტრა

რობერტ ბოშის ომებგადახდილი ბიზნესი

როგორ გადაიქცა ორკაციანი საწარმო მსოფლიო გიგანტად

Bosch-ი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ბრენდია. ამის მისაღწევად რობერტ ბოშს დიდი სიძნელეების გადალახვა მოუხდა. რობერტი გერმანიის ქალაქ ალბეკში 1861 წლის 23 სექტემბერს დაიბადა. შვაბი მიწათმფლობელის ოჯახში ის თორმეტიდან მეთერთმეტე შვილი იყო. მამამისს, სერვატიუს ბოშს, ჰქონდა სასტუმრო, მედიდური სახელწოდებით "გვირგვინი", ასევე ლუდსახარში და სავარგულები და ძალიან განათლებული ადამიანის რეპუტაცია. ის შვილის განათლებას ყველანაირად უწყობდა ხელს.

რობერტმა ადგილობრივ ტექნიკურ სკოლაში ზუსტი მექანიკის კურსი 1879 წელს დაასრულა და კიოლნს მიაშურა, სადაც ძმის, კარლ ბოშის წარმოებაში დაიწყო მუშაობა სპილენძის მდნობელად. გავარვარებულ საამქროში მუშაობა მომავალ მაგნატს არ მოეწონა, რამდენიმე თვის შემდეგ სამუშაო მიატოვა და მისთვის უფრო შესაფერისი საქმის ძებნა დაიწყო. ექვსი წლის განმავლობაში რობერტმა ბევრ წარმოებაში იმუშავა, ძირითადად, ელექტროტექნიკურში, ერთხანს შტუტგარტის უნივერსიტეტში ელექტროტექნიკის ფაკულტეტზეც სწავლობდა.

ახალგაზრდა ტექნიკოსის ძიება ნიუ-იორკში გაგრძელდა, სადაც რობერტი ბერგმანისა და ედისონის კომპანიებში მუშაობდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ოცდაორი წლის ბოშმა ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებით დატოვა ამერიკა: აღტაცებული იყო წარმოების მოწინავე მეთოდებით და აღშფოთებული - პერსონალის შრომის პირობებით. ბოშმა ერთხანს ლონდონში იმუშავა ძმებ სიმენსებთან და სამშობლოში დაბრუნდა მტკიცე გადაწყვეტილებით - დაეფუძნებინა საკუთარი წარმოება.

ორკაციანი სახელოსნო

1886 წლის 15 ნოემბერს რობერტ ბოშმა მიიღო ნებართვა, შტუტგარტში საკუთარი ფირმა გაეხსნა. "ზუსტი ტექნიკისა და ელექტროტექნიკის სახელოსნოში" თავდაპირველად მხოლოდ ორი ადამიანი მსახურობდა - მექანიკოსი და ქვეოსტატი, საწყისი კაპიტალი - 10 ათასი გერმანული მარკა, რობერტმა მამის მემკვიდრეობიდან აიღო.

კომპანიამ პირველ წლებში მრავალი სიძნელე გადაიტანა. თავდაპირველად ტელეფონებს, ფოტოაპარატებსა და საბეჭდ მანქანებს არემონტებდნენ. შეკვეთები ცოტა იყო, ამიტომ რობერტი ველოსიპედით კარდაკარ დადიოდა ტექნიკის შესაკეთებლად. თანდათან კლიენტების წრე გაფართოვდა და სამუშაომაც მოიმატა, თუმცა ამანაც ვერ დაიცვა წარმოება ეკონომიკური კრიზისისგან, რომელმაც XIX საუკუნის 90-იან წლებში ძველი თუ ახალი სამყარო მოიცვა. ფირმა გაკოტრების პირას იდგა. ხარჯების შესამცირებლად რობერტმა 25 თანამშრომლიდან მხოლოდ სამი დაიტოვა, საბრუნავი თანხის გასაზრდელად კი ბანკს მიმართა. რომ არა იღბალი, არავინ იცის, ბოშის კომპანია კიდევ რამდენ ხანს გაატანდა - 1890-იან წლებში შტუტგარტის ხელისუფლებამ ქალაქის ელექტროფიცირება გადაწყვიტა და კონტრაქტი სწორედ ბოშის ფირმას გაუფორმა.

კრიზისის გადალახვის შემდეგ ბოშისთვის სიახლეთა ძიების ხანა დაიწყო და ის ავტომობილებით დაინტერესდა. კომპანიის წარმატება უკავშირდება მაგნეტოს გამოგონებას (ელექტრომაგნიტური მანქანა, რომელიც მექანიკურ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის). მაგნეტოს სტილიზებული გამოსახულება "ბოშის" ლოგოტიპს დღემდე ამშვენებს. 1887 წელს "დაიმლერ მოტორ კომპანის" მფლობელმა, ინგლისელმა ფრედერიკ სიმსმა ბოშს თხოვნით მიმართა, მათი ავტომობილების ანთების სისტემა მაგნეტოთი სრულეყო. მანამდე საავტომობილო ძრავის ჩასართავად ამფეთქ მილაკს ან ბატარეას იყენებდნენ. მაგრამ ამფეთქს ყოველ წუთს შეეძლო ხანძრის გამოწვევა, ბატარეა კი ხანგრძლივი მგზავრობისთვის არ ვარგოდა.

იმ ხანებში მაგნეტოს, უზარმაზარი გაბარიტების გამო, სპეციალური სადგამი სჭირდებოდა. ბოშმა გამოგონება გადაამუშავა, გაცილებით მძლავრი და ამავე დროს, კომპაქტური გახადა. 1897 წლისთვის ახალ მაგნეტოზე "ბოშის" შემოსავლის 55% მოდიოდა. კულმინაციად იქცა მარსელ რენოს გამარჯვება პარიზი-ვენის რბოლაში 1902 წელს ავტომობილ 14 CV-ით, რომელიც მაღალვოლტიანი მაგნეტოთი იყო აღჭურვილი. ახალგაზრდა მეწარმის სახელი გერმანიას გასცდა. 1906-07 წლებში რობერტმა თავისი გამოგონება ფართოდ განავრცო დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ბელგიაში, ავსტრია-უნგრეთსა და აშშ-ში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე კომპანიას უკვე მსოფლიოში 33 ქვეგანყოფილება ჰქონდა და მისი ბრუნვა თითქმის 27 მილიონ გერმანულ მარკას აღწევდა.

ბიზნესი ომებს შორის

ომმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა რობერტ ბოშის ბიზნესს და მსოფლიო ბაზარს მოსწყვიტა. მის ყველა პატენტს გამარჯვებული მოკავშირეები უფასოდ იყენებდნენ. ამან კომპანიას თვალის დახამხამებაში დააკარგვინა აქტივების ნახევარზე მეტი. საზღვარგარეთ "ბოშის" ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს. მაგრამ უფრო დიდი ზიანის მომტანი იყო კომპანიისთვის სახელის გატეხა - აშშ-ში მისი სახელით უხარისხო საქონელს უშვებდნენ. ომის შემდეგ ამერიკელები იმასაც შეეცადნენ, სასამართლოს გზით აეკრძალათ "ბოშისთვის" მისივე სავაჭრო ნიშნის გამოყენება აშშ-ის ტერიტორიაზე. სასამართლო მოსმენა წლობით გაგრძელდა, კომპანიამ საკუთარი სავაჭრო ნიშნის დასაცავად ოფიციალურად დარეგისტრირებული საფირმო ლოგოტიპისა და წარწერა "გერმანიის" გამოყენება დაიწყო.

ავტომობილის გაიაფება და კონკურენციის ზრდა გაცილებით იაფ კომპონენტებს მოითხოვდა. 1925 წელს "ბოშმა" მაგნეტოს კონვეიერული აწყობა დაიწყო. ის მაინც ძვირი იყო და 30-იანების დასაწყისში საშუალო სიდიდის მანქანების მაგნეტო 200 რაიხსმარკა ღირდა - "ბოშის" მუშის ორი ხელფასი და ავტომობილის ღირებულების 10%. ამიტომ კომპანია ძიებას განაგრძობდა და შეიმუშავა გაცილებით იაფი სისტემა - ანთება ბატარეით, რომლის პრინციპი მანქანათმშენებლობაში დღემდე გამოიყენება.

1926 წელი ავტოგაყიდვისთვის პირველი კრიზისული წელი აღმოჩნდა, შესაბამისად, წარმოებისთვისაც. ბაზარი გაჯერებასთან ახლოს იყო. მხოლოდ ერთ სფეროზე რომ არ ყოფილიყო დამოკიდებული, "ბოშმა" მანქანებისთვის ელექტროაქსესუარების დამზადებაც დაიწყო - ელექტროფარების, აკუმულატორის ბატარეებისა და მისი დასამუხტავი გენერატორების და სხვ. ბაზარზე, სადაც მხოლოდ მოუხერხებელი და საშიში აცეტილენის ფარები იყიდებოდა, რა თქმა უნდა, ასეთ საქონელზე დიდი მოთხოვნა იყო.

ავტომობილის ელექტროკომპონენტების მიმწოდებლიდან "ბოში" ელექტრომოწყობილობების მულტინაციონალურ მწარმოებლად იქცა. საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ელექტროინსტრუმენტები ნაწილობრივ თავად შექმნეს, ნაწილობრივ - ახალი ქვედანაყოფები შეისყიდეს ("იუნკერსი" გაზისა და წყლის გამაცხელებლებს ამზადებდა, "იდეალვერკე" და "ბაუერი" - კინოპროექტორებს).

1938 წელს ამერიკული და გერმანული განყოფილებები გაერთიანდა, როგორც American Bosch Corporation-ი, თუმცა წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა. სამი წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის ჩართვის გამო, "ბოშს" ამერიკის ხელისუფლებამ საკუთრება ჩამოართვა. გასაკვირი არ არის, რომ რობერტ ბოშს ჰიტლერი სძულდა. "თვალთმაქცობისთვის მეტისმეტად მოხუცი ვარ", - თქვა 72 წლის საქმოსანმა, როცა ხელისუფლებაში ნაცისტები მოვიდნენ. ბოში ყალბი დოკუმენტებით თავის ქარხნებში იფარავდა ებრაელებს, რომლებსაც გაზის კამერა ელოდათ. მისმა ეკონომიკურმა მრჩეველმა კარლ ჰერდელერმა კომპანიის ფულით წინააღმდეგობის იატაკქვეშა ორგანიზაცია შექმნა და ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა.

რობერტ ბოში 81 წლის ასაკში შტუტგარტში გარდაიცვალა, 1942 წელს. ანდერძში მიუთითა, კომპანიის აქციების დივიდენდები ქველმოქმედებისკენ მიემართათ. მემკვიდრეებმაც თავიანთი წილი ღობერტ Bოსცჰ GმბH-ის - საქველმოქმედო ფონდს გადასცეს, რომელიც ბოშმა თავის სიცოცხლეში ჩამოაყალიბა და რომელსაც მისი სიკვდილის შემდეგ დამფუძნებლის სახელი ეწოდა. დღეს ამ ფონდს კომპანიის აქციების 92% ეკუთვნის, ხოლო 8% - მემკვიდრეებს.

მაგნატი და მუშის ბედი

რობერტ ბოში, რომელმაც ახალგაზრდობაში ბევრჯერ იწვნია დაქირავებული მუშის სიმწარე, სოციალური თანასწორობის მარადიული დამცველი გახდა. 1894 წელს, ფირმის დაარსებიდან რვა წლის შემდეგ, სამუშაო დღე 10-დან 9 საათამდე შემცირდა, 1900 წელს კი 8-საათიანი სამუშაო დღე შემოიღეს, ორსაათიანი სასადილო შესვენებით. რადგან შაბათი სამუშაო დღე იყო, გერმანიის ქარხნების ორ მესამედში სამუშაო კვირა 57-60 საათს გრძელდებოდა, ბოშთან კი 48 საათს. 1910 წლიდან, შაბათს სამუშაო დროის შემცირებასთან ერთად, "ბოშის" თანამშრომლები შვებულებისას მატერიალურ კომპენსაციას იღებდნენ. 1927 წელს კი ჩამოყალიბდა დღევანდელი საპენსიო ფონდების ანალოგი ასაკოვანი კადრებისთვის...

რობერტ ბოშის შემდეგ კომპანიას სათავეში ჰანს ვალსი ჩაუდგა, რომელმაც უკვე მეორედ, ნანგრევებიდან აღადგინა ფირმა. მას შემდეგ მსოფლიომ "ბოშის" წყალობით უამრავი საჭირო ნივთის არსებობის შესახებ შეიტყო, მაგალითად, "ბოშის" გამოგონებაა თმის საკრეჭი ელექტრომანქანა. დღეს "ბოში" ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული ფირმაა და ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობს - ავტოდანადგარები, კავშირგაბმულობის ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საწარმოო საშუალებები. ჟურნალ "ფორჩუნის" მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიის 2012 წლის რეიტინგში "ბოშმა" 110-ე ადგილი დაიკავა. მისთვის მსოფლიოში 302,5 ათასი ადამიანი მუშაობს, შემოსავალ $71,6 მილიარდია, ხოლო მოგება - $2,43 მილიარდი.

მოამზადა ნატა ენუქიძემ