სად "გარბის"კაპიტალი საქართველოდან? - კვირის პალიტრა

სად "გარბის"კაპიტალი საქართველოდან?

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2012 წლის მესამე კვარტალში საქართველოდან უცხოეთის 19 ქვეყანაში 60 მლნ აშშ დოლარის კაპიტალი გავიდა. ყველაზე მეტი კაპიტალის გადინება ჩეხეთში მოხდა - 38,323 მლნ აშშ დოლარი. კაპიტალის გადინების თვალსაზრისით ჩეხეთს მოსდევს საუდის არაბეთი, სადაც წლის აღნიშნულ პერიოდში 6 მლნ აშშ დოლარის გადინება მოხდა. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოდან ინვესტიციების გადინება აღინიშნებოდა შვედეთში – 5,050 მლნ აშშ დოლარი, შვეიცარიაში – 3,357 მლნ დოლარი, აზერბაიჯანში – 2,229 მლნ, უკრაინაში – 1,803 მლნ და ნორვეგიაში – 1,020 მლნ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან კაპიტალის გადინება აღინიშნა ისეთ ქვეყნებში, რომლებიც მანამდე ამ ნუსხაში არასდროს მოხვედრილა. მაგალითად, სენტკიტს-ნევისში საქართველოდან 724 ათასი დოლარი გავიდა. კაპიტალის გადინება ასევე აღინიშნა ყაზახეთში – 453 ათასი, იორდანია – 359 ათასი, ლიტვა – 216 ათასი აშშ დოლარი.

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2012 წლის მესამე კვარტალში საქართველოში სულ 195 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, ყველაზე მეტი ნიდერლანდებიდან - 49 მლნ აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 117 მლნ აშშ დოლარი, 2012 წლის მეორე კვარტალში კი 23 მლნ აშშ დოლარი გავიდა.

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:

- ზოგადად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, საქართველოში საინვესტიციო აქტივობა ძალიან დაბალი იყო, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. მათ შორის ის, რომ ეს იყო წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდი, რასაც ბევრი გაურკვევლობა და სიმწვავე ახლდა. შესაბამისად, ბიზნესი იყო გაურკვევლობაში, გადასული იყო მოლოდინის რეჟიმზე და შედეგად მივიღეთ, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში მხოლოდ 200 მილიონ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოსვლა აღინიშნა. საინვესტიციო აქტივობის შემცირებას შეგვიძლია დავუკავშიროთ ის, რომ პროცენტულად მაღალი სხვაობა მივიღეთ შემოსულ ინვესტიციასა და ქვეყნიდან გასულ კაპიტალს შორის. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 60 მილიონი დოლარი გავიდა ქვეყნიდან და მათ შორის ყველაზე მეტი ჩეხეთში. მართალია, ყოფილა შემთხვევები, როცა სხვადასხვა კვარტალში უფრო მეტი კაპიტალი გასულა ქვეყნიდან, მაგრამ თუ გავაკეთებთ შედარებას შემოსულ და გასულ მაჩვენებლებს შორის, ახლა პროცენტულად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება.

ქვეყნიდან ფულის გადინება შესაძლოა რამდენიმე გარემოებით იყოს გამოწვეული. ეს არ ნიშნავს პირდაპირ, რომ ქვეყნიდან კაპიტალი "გარბის". შესაძლოა ინვესტორთა ერთ ჯგუფს ქვეყნიდან მოგება გააქვთ. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ არსებობდა ჯგუფი ინვესტორებისა, ვინც მოახერხა გარკვეული ტიპის კაპიტალის ქვეყნიდან სწორედ ამ პერიოდში გატანა. თუ ვნახავთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც კაპიტალის გადინება მოხდა, პირველ ადგილზე კაპიტალის მოცულობით ჩეხეთია. 38 მილიონი დოლარი სოლიდური მაჩვენებელია. მთლიანობაში საქართველოდან კაპიტალი 18 ქვეყანაში გავიდა. ამ ქვეყნებიდან რამდენიმე პირველად მოხვდა ამ სიაში, მათ შორის ჩეხეთიც.

- როცა გარდამავალ პერიოდში ქვეყნიდან მსხვილი კაპიტალის გადინება ხდება ისეთ ქვეყნებში, სადაც მანამდე ასეთი რამ არ აღინიშნებოდა, შესაძლებელია ეს გარკვეული ეჭვების საბაბს იძლეოდეს? მაგალითად, იმის რომ მავანმა მოასწრო და მისთვის არასასურველი პოლიტიკური ვითარების მოლოდინის გამო, ფული უფრო უსაფრთხო ადგილას გაიტანა?

- ძალიან რთულია ასე გადაჭრით რამის თქმა, რადგან ჩვენ არ ვიცით რა შინაარსი იმალება ყოველი ამ მონაცემის მიღმა. თუმცა, ჩეხეთის მაგალითი თავისთავად ძალიან საინტერესოა. როგორც უკვე გითხარით, მანამდე ეს ქვეყანა არ ფიგურირებდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ხდებოდა საქართველოდან კაპიტალის გადინება. მაგალითად, წლების განმავლობაში საქართველოდან კაპიტალი გადიოდა ნიდერლანდში, რასაც თავისი ლოგიკური ახსნა ჰქონდა. იგივეს თქმა შეიძლება გაერთიანებულ საამიროებზე. ამ ქვეყნებიდან სხვადასხვა დროს ინვესტორები შემოვიდნენ საქართველოში და შემდეგ დატოვეს ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, ჩეხეთის მაგალითის ახსნა ცოტა რთულია და ბუნებრივია ბადებს კითხვას, მაინც და მაინც ახლა რატომ მოხდა საქართველოდან კაპიტალის გატანა. იგივეს თქმა შეიძლება ისეთ ოფშორზე, როგორიცაა სენტკიტს-ნევისზე. რამდენიმე საინტერესო ქვეყანა მართლაც გვხვდება ამ ჩამონათვალში.

- უნდა ხდებოდეს თუ არა უფრო დეტალური ინფორმაციის საჯაროდ გამოტანა კაპიტალის გადინებასთან დაკავშირებით თუ ეს ბიზნესეთიკის ჩარჩოს სცილდება?

- არსებობს ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა გარკვეული ტენდენციის მაჩვენებელი იყოს. ისე, როგორც ინვესტიციების შემოდინების კვლევა ხდება ქვეყნების მიხედვით, მიზეზების ახსნით. ასეთ ზოგად ჭრილში შესაძლებელია კაპიტალის გადინების მიზეზებიც იყოს დათვლილი, რათა არ გაჩნდეს ბევრი კითხვის ნიშანი. კარგი იქნება თუ მშრალ სტატისტიკასთან ერთად მოხდება განმარტება - კაპიტალის გადინება ქვეყნიდან ვალდებულებების დაფარვას ემსახურებოდა, ქვეყნიდან მოგების გატანას თუ სხვა ტრანზიტული კაპიტალის გადინებას. დღეს არსებული მონაცემებით კი შეგვიძლია მხოლოდ ჩვენი ვარაუდები გამოვთქვათ, რადგან არ ვიცით ამ კაპიტალის მოძრაობის რეალური საფუძველი.

- ერთი, რისი თქმაც დანამდვილებით შეიძლება, ტრადიციულად ხშირია ინვესტიციების შემოდინება და გადინება ოფშორულ ზონებში...

- ოფშორებიდან ხშირად შემოდის კაპიტალი საქართველოში და შესაბამისად შემდეგ გადინებაც ამ მიმართულებით აღინუსხება. თუ ქვეყნიდან გადინებული კაპიტალის ჩამონათვალში პირველად გვხვდება ისეთი ოფშორი, როგორიცაა სენტკიტს-ნევისი, სამაგიეროდ ხშირად ხდება საქართველოდან კაპიტალის გასვლა პანამაში, ტაივანში, მარშალის და ვირჯინიის კუნძულებზე. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, კაპიტალის შემოდინების და გადინების შინაარსის ანალიზი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც უფრო რეალურ სურათს მოგვცემს. რა თქმა უნდა, კონკრეტული კომპანიების შემთხვევაში ეს შესაძლოა კონფიდენციალური ინფორმაცია იყოს, მაგრამ ზოგად ჭრილში ამ პროცესების ახსნა ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა და მეტ სიცხადეს შეიტანდა ინვესტიციების მოძრაობის ზოგად სურათში.

- სამომავლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პერსპექტივა არსებობს?

- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად მოხდება ის რეფორმები და ცვლილებები, რომლებიც ინიციატივების სახით ჰქონდა ახალ ხელისუფლებას. რაც უფრო მალე მოხდება ეს და ბიზნესს ექნება მეტი სიცხადე პროცესების დაგეგმვის თვალსაზრისით, მით მეტად უნდა ველოდოთ ინვესტიციების გააქტიურებას. ამას რუსეთის ბაზრის გახსნაც შეუწყობს ხელს, რადგან აქ წარმოებული პროდუქტი საინტერესო ხდება რუსეთის ბაზრისთვის და რაც ბუნებრივია, გაზრდის ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას. რაც უფრო სწრაფად გამოიყვანს ხელისუფლება ბიზნესს გარდამავალი და მოლოდინის რეჟიმიდან, მეტი კომუნიკაციით სიცხადეს შეიტანს მთელ რიგ პროცესებში, მით უფრო მალე გავხდებით ინვესტორებისთვის აქტუალური ქვეყანა. გარდა ამისა, არ უნდა მოხდეს იმ პირობების გაუარესება, რაც დღემდე მიღწევად მიიჩნევა ინვესტორებისთვის.

(სპეციალურად საიტისთვის)