ქობულეთურ საკრედიტო ომში ზავი დაიდო - კვირის პალიტრა

ქობულეთურ საკრედიტო ომში ზავი დაიდო

ოჯახებს, რომლებმაც სესხები კერძო პირებისგან აიღეს, ვერაფრით ეხმარებიან

ქობულეთში საოჯახო ტიპის სასტუმროთა მფლობელების პრობლემები კარგა ხანია ცნობილია, მათ 2008 წლის აგვისტომდე ბიზნესის განვითარების მიზნით კრედიტები აიღეს, შემდეგ კი სეზონის ჩავარდნის გამო თანხის დაბრუნება ვერ შეძლეს. სასტუმროთა მფლობელების საკმაო ნაწილს ბანკების ვალი დაედო და საცხოვრებლის დაკარგვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა.

ქობულეთში გადახდისუუნაროთა მიმართ აღსრულება დროებით შეწყდება - ეს გასულ კვირაში აჭარის მთავრობისა და ბანკების რეგიონული მმართველების შეხვედრისას გადაწყდა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის შემცირებაც. 384 ქობულეთელის ოჯახი მოითხოვდა მთავრობის შუამდგომლობას ბანკებსა და ფინანსურ კომპანიებთან კრედიტის პირობების გასაუმჯობესებლად. შეიქმნა კომისია, რომელიც ამ ოჯახების პრობლემებს დეტალურად შეისწავლის.

ანზორ თხილაიშვილი (აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე): - პრობლემა პრემიერ-მინისტრის დონეზე გადაწყდა. აჭარის ახალ მთავრობას ამ კონფლიქტის დარეგულირება დაევალა. დღესდღეობით ბანკებთან მიღწეულია შეთანხმება 272 ოჯახზე. პროცენტები, რომლებიც ამ ხალხს 2008 წლის ომის შემდეგ დაეკისრა, მოიხსნა. კლიენტებსა და ბანკებს შორის ინდივიდუალური ხელშეკრულებები დაიდება გადახდის ახალი გზების მოსაძებნად. კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს, ვფიქრობ, პრობლემა ძირითადად გადაწყდება. ყოველ შემთხვევაში, ეს ადამიანები გამოსახლების რეჟიმში ჰყავდათ ბანკებს, მათი სახლებიც დაყადაღებული იყო, ახლა ეს ყველაფერი მოხსნილია, მოხსნილია ბანკის პროცენტებიც, დარჩენილია ძირი ფული, რომელიც ვალად აიღეს და ამ ფულზეც ახალი ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს, რაც კრედიტორებისთვის ძალიან დიდი შეღავათია.

ჩამონათვალში არიან პირები, რომლებსაც ბანკებთან კი არა, კერძო იპოთეკარებთან აქვთ გაფორმებული ხელშეკრულებები. მათ შეღავათები ვერ შეეხება და სამწუხაროდ, გამოსახლების პროცესში რამდენიმე ოჯახი მაინც რჩება. ამ ოჯახებს ვერ ვუშველეთ. აღსრულების პროცესი იმ ოჯახების მიმართ შეჩერდება დროებით, რომლებიც ამ ეტაპზე გადახდისუუნაროდ ითვლებიან. ვინც გადახდისუნარიანია, ბანკებთან ურთიერთობას განაგრძობს არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია პირობების გაუმჯობესება, კერძოდ, საპროცენტო განაკვეთის შემცირებაც.

ვაჟა ბერიძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): - მისასალმებელია, რომ მთავრობა მხარში ამოუდგა ადამიანებს, რომლებსაც ბანკებიდან კრედიტები აქვთ აღებული და ვერ ფარავენ. მათ გამოსახლება ემუქრებოდათ მამაპაპისეული კარ-მიდამოდან, თანაც მათი დიდი ნაწილი 2008 წლის ამბების შედეგად დაზარალდა. აღსრულების შეჩერება სწორია, რადგან ეს ნიშნავს გირაოში ჩადებული მათი სახლ-კარის გაყიდვას, რის გამოც 384 ოჯახი ქუჩაში დარჩებოდა. პროცესი შეჩერდა, მაგრამ ახლა სწორი გამოსავლის პოვნაა საჭირო. თანაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქობულეთისთვის, რადგან იქ რამდენიმე ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ჩავარდა. წინა ხელისუფლებისთვის ამ დარგის განვითარების მოდელი ცალმხრივი გახლდათ, არ იყო გათვლილი აჭარის რეგიონული განვითარების პერსპექტივაზე. ტურისტული თვალსაზრისით გამოცოცხლება იგრძნობოდა ბათუმში, ქობულეთში კი რამდენიმე სეზონი ჩავარდა. ზოგჯერ ამას ხელს უწყობდა ამინდი, ზოგჯერ - ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკა. იყო შემთხვევები, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ბევრი დამსვენებელი ჩამოჰყავდათ კერძო ტურისტულ ფირმებს, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ომისას სეზონზე შემოსავალი ასეულობით ოჯახმა დაკარგა და ბანკების ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ვფიქრობ, არის შანსი, განსაზღვრული შეღავათების გაწევითა და საკრედიტო პირობების კორექციით მათი პრობლემები გადაიჭრას.

- როგორ ფიქრობთ, ტურიზმის სექტორი საქართველოში კვლავაც პრიორიტეტული უნდა იყოს?

- ტურიზმის განვითარების კონცეფცია გადასახედია, სპონტანური და იმპროვიზაციებზე დაფუძნებული "სიღნაღიზაცია" უნდა შეწყდეს. წინა ხელისუფლება თითქოს აქცენტს აკეთებდა ტურიზმზე მაშინ, როცა ქვეყანაში ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციებიც კი მოუწესრიგებელი იყო, ეკონომიკა ზიგზაგებით ვითარდებოდა და საბოლოოდ, ტურისტი თუნდაც ჩამოსულიყო, ბინავდებოდა ყაზახი მეპატრონის სასტუმროში, მიირთმევდა თურქულ პროდუქციას, საქართველოს კი ნაკლები სარგებელი ჰქონდა. თუ ძველი პოლიტიკა შეიცვლება და ამ დარგისადმი უფრო კომპლექსური მიდგომა ჩამოყალიბდება, ტურიზმი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ქვეყნის ეკონომიკაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, ბალტიის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან შემოსულ ტურისტულ ნაკადებს. ამ ბოლო დროს გაჩნდა პერსპექტივა, რომ რუსეთიდანაც აღდგება ძველი, ტრადიციული ტურისტული ნაკადების შემოსვლა.

ხათუნა ჩიგოგიძე