უნივერსალური დაზღვევა თებერვლიდან ამოქმედდება - კვირის პალიტრა

უნივერსალური დაზღვევა თებერვლიდან ამოქმედდება

რამდენს გასწვდება 5-ლარიანი პაკეტი

მომავალი წლის თებერვლიდან საქართველოში დაუზღვეველი ადამიანი აღარ დარჩება, – ასეთია ახალი ხელისუფლების სურვილი. სურვილი რომ შესაძლებლობას ყოველთვის არ ემთხვევა, ძველი ამბავია, თუმცა მმართველი პოლიტიკური ძალა ამბობს, რომ ეს სავსებით რეალისტური დაპირებაა. მათი თქმით, შეიქმნება სახელმწიფო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, რომელიც "საყოველთაო დაზღვევის“ პროგრამით დაზღვეულებს მოემსახურება - მოსახლეობის 100%-ანი უფასო სამედიცინო დაზღვევა ერთი-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

საყოველთაო დაზღვევაზე საუბრისას ბევრს გაახსენდა წინა მთავრობის დროინდელი 5-ლარიანი დაზღვევა (ახალი დაზღვევის პრემიაც 5 ლარია). დაზღვევის მსურველები 1,65 ლარს იხდიდნენ, დანარჩენს სახელმწიფო ფარავდა. ანუ მცირე თანხის გადახდით ყველა ხდებოდა დაზღვეული, აგრეთვე ქვეყანაში უნდა გაზრდილიყო დაზღვევის კულტურა.

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, ამჯერად 5-ლარიან სადაზღვევო პაკეტს ის მოქალაქეები მიიღებენ, რომლებიც ამ დროისთვის დაზღვეული არ არიან. ეს დაახლოებით 2,2 მლნ ადამიანია. იმავდროულად, შენარჩუნდება 15-ლარიანი სადაზღვევო პაკეტები, რომლითაც ამჟამად 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვები, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალები, 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცები, სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მკვეთრად გამოკვეთილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სარგებლობენ. მათ მომსახურებას ჩვეულებრივ განაგრძობენ კერძო სადაზღვევო კომპანიები.

საყოველთაო დაზღვევა ორი ეტაპისგან შედგება. პირველი თებერვალში ამოქმედდება და "მინიმალურ პაკეტს“ 2,2 მლნ ადამიანი მიიღებს, ვისაც დღეის მდგომარეობით არანაირი სადაზღვევო პაკეტი არ აქვს. ეს არის პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო სპეციალისტებთან ვიზიტების შესაძლებლობა (ოჯახის ექიმი, ასევე ვიწრო სპეციალისტი), საბაზო სამედიცინო გამოკვლევები. მეორე ეტაპი, რომლის დაწყება ივლისიდან არის ნავარაუდები, გულისხმობს გადაუდებელი მდგომარეობების მართვას როგორც ამბულატორიულ დონეზე, ასევე სტაციონარულად. ზაფხულიდან 5-ლარიანი პაკეტი, სავარაუდოდ, 15 ლარამდე გაიზრდება.

ჯერ უცნობია მედიკამენტების ჩამონათვალი და მათი ლიმიტი, რომელიც თებერვლიდან ასამოქმედებელ სადაზღვევო პაკეტში შევა. იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის დანახარჯებს შორის საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ბევრს სწორედ წამალზე ხარჯავენ, ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებით, მოქალაქეებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება მედიკამენტების ოდენობას, მათ ჩამონათვალსა და თანაგადახდის პრინციპს. თუმცა მინისტრი სერგეენკო ხაზს უსვამს, რომ უნივერსალური დაზღვევა სრულიად უფასო ჯანდაცვას არ ნიშნავს. ადრინდელმა 5-ლარიანმა დაზღვევამ კი იმიტომ არ იმუშავა, რომ სადაზღვევო ინდუსტრია არ იყო საკმარისად განვითარებული და მოსახლეობის ნდობაც ნაკლები აღმოჩნდა. თანაც 5-ლარიან პაკეტში იმთავითვე მოქცეული იყო ე.წ. გეგმური სერვისებიც, რისი განხორციელებაც მაშინ თითქმის შეუძლებელი იყო.

ერთიანი სახელმწიფო ფონდის შექმნაში სპეციალისტები საშიშროებას ხედავენ. სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ნიკა რამიშვილი აცხადებს, რომ თუ სახელმწიფომ დაზღვეულებს უფასოდ ძალიან მაღალი ხარისხის დაზღვევა შესთავაზა, მოსახლეობა დამატებით მომსახურებას აღარ იყიდის და შესაძლოა, სადაზღვევო კომპანიები ჯანდაცვის სექტორში კონკურენციას გამოეთიშონ. კონკურენციის გარეშე დარჩენა კი ფასების ზრდის და ხარისხის დაცემის წინაპირობაა. 2004-2007 წლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილი დღეს ამბობს, რომ ერთიანი სახელმწიფო ფონდი კორუფციის ხელშემწყობი იყო და კორუფციული გარიგებები ხდებოდა სახელმწიფო ფინანსების განმკარგველებსა და საავადმყოფოების მთავარ ექიმებს შორის.

ვახტანგ მეგრელიშვილი: "ფაქტობრივად, მუდმივად გარიგებების საგანი იყო, რა დაფინანსებას მოიპოვებდა ესა თუ ის კლინიკა... როცა ადამიანებმა იციან, რომ სამედიცინო მომსახურებაში ფული არ უნდა გადაიხადონ, შეეცდებიან, ლიმიტები სრულად აითვისონ. ამ ფონდის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს პაციენტების ნაკადის შეჩერება სამედიცინო დაწესებულებებამდე. შესაბამისად, ძალიან ბევრი აქვთ საფიქრალი, რომ არც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიონ – არ გვემსახურებიანო, მაგრამ არც ფული გადახარჯონ“.

ორი წლის წინანდელი 5-ლარიანი დაზღვევის ჩავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სადაზღვევო პრემიის სიმცირე და შესაბამისად, დაბალი დაფარვა იყო. ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ ასე დაბალ ფასად ეფექტის მიღება შეუძლებელია და 5 ლარი არ არის პრემიის ის დონე, რომელიც კომპანიას საშუალებას მისცემს, სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება გაწიოს. ეჭვს გამოთქვამს არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი. "ღია საზოგადოება - საქართველოს" დაფინანსებით მომზადებულ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დასკვნაში ნათქვამია, რომ უმჯობესია, სახელმწიფომ უზრუნველყოს მოსახლეობის დაზღვევა კერძო სადაზღვევო კომპანიებით და შემდეგ ისინი მკაცრად გააკონტროლოს.

ჯანდაცვის სამინისტრო გაისად ბიუჯეტიდან კიდევ უფრო გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს. მხოლოდ ჯანდაცვის კუთხით დაფინანსება 2012 წელს ბიუჯეტში 380 მილიონი ლარით განისაზღვრა, 2013 წელს კი 650 მილიონ ლარამდე იმატებს. ეყოფა თუ არა ეს თანხა საყოველთაო დაზღვევას, პროგრამის ამოქმედების შემდეგ გამოჩნდება.