ადეიშვილის "გენიალური" იდეა - კვირის პალიტრა

ადეიშვილის "გენიალური" იდეა

"2011 წელს, სააქციო საზოგადოება "ეკრანმა" "ბანკ ქართუში" აიღო კრედიტი, დაახლოებით 400 000 დოლარის ოდენობით. იმავე წლის ნოემბერში, კომპანიის მფლობელი, ირაკლი შიხიაშვილი დაიბარა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯაბა ებანოიძემ და გაანდო "ბანკ ქართუს" გაკოტრების სქემა, რომელიც იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის იდეა იყო. მოსთხოვა არარსებული საგადასახადო ვალდებულების ნებაყოფლობით აღიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა ზურაბ ადეიშვილის სახელით. ირაკლი შიხიაშვილი დათანხმდა ჯაბა ებანოიძის წინადადებას და სახელმწიფოს წინაშე ნებაყოფლობით აღიარა 4 000 000 ლარის ოდენობის დავალიანება. ამის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნატურით გადაეცა "ბანკ ქართუს" სასარგებლოდ ვალდებულებებით დატვირთული ქონება, რომელიც პირდაპირი მიყიდვის ფორმით, კვლავ შეისყიდა მის მიერ კონტროლირებადმა კომპანია "კოლოსმა". - ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო მასალებიდან, საიდანაც ყოფილი ჩინოსნების მიერ დაგეგმილი "ბანკი ქართუს" გაკოტრების სქემა იშიფრება.

"ინტერპლასტი", "პირიმზე", "სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა", "კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი", "ეკრანი", "ლოგოსი", "თეთრი სახლი", "საქართველოს ღვინოები", "ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსი", "თოლია" - შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სქემაში, რომელიც "ბანკ ქართუს" გაკოტრებას ისახავდა მიზნად, სულ 24 კომპანია იყო ჩართული. საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც გამოძიებამ ეს სქემა გაშიფრა, რამდენიმე კომპანიის მესვეურმა გამოთქვა მზადყოფნა, სრულად დაფაროს ზარალი, რომელიც მათი ქმედებით ბანკს მიადგა. ზარალი კი საკმაოდ შთამბეჭდავია და ბანკის ინფორმაციით, ორ ასეულ მილიონს აღწევს.

ყოველივე ეს კი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას მოჰყვა... საგამოძიებო მასალებიდან ირკვევა, რომ იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, თავისთან დაიბარა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე და "ბანკი ქართუს" გაკოტრების სქემა გააცნო. სქემის თანახმად, საქართველოს პარლამენტი მიიღებდა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმად, თუ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ბანკში კრედიტი ჰქონდა აღებული და გარანტად ქონება ჩადებული, ხოლო ამავე დროს საბიუჯეტო დავალიანებაც აღმოჩნდებოდა, უპირატესი უფლება ამ ქონებით ვალის უზრუნველყოფის, სახელმწიფოს ენიჭებოდა. შემოსავლების სამსახურის მაშინდელ ხელმძღვანელს არ გაჭირვებია იმ საწარმოების ნუსხა მოეძია, ვისაც "ბანკ ქართუში" სესხი ჰქონდა აღებული,

მთავარი იყო მათ შორის ისეთები შეერჩიათ, ვინც ამ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობას დათანხმდებოდა. კერძოდ, მათ უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება, რის შემდეგაც, სასამართლო გადაწყვეტილებებით დაიწყებოდა იძულებითი აღსრულების პროცესები და გაიმართებოდა აუქციონები. აუქციონზე არ გამოვლინდებოდა გამარჯვებულები და "ბანკ ქართუში" იპოთეკით ან გირავნობით დატვირთული ქონება მოექცეოდა სახელმწიფო საკუთრებაში.

ამის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონებას გადასცემდა სხვა კომპანიებს, რომლებსაც პირდაპირ ან ირიბად ისევ ის მეწარმეები აკონტროლებდნენ, რომლებსაც კრედიტები ჰქონდათ აღებული "ბანკ ქართუში". ამ სქემით, ბანკის მიერ გაცემული კრედიტები რჩებოდა უზრუნველყოფის გარეშე.

ამონარიდი შსს-ს საგამოძიებო მასალებიდან:

"2007 წლის 7 მარტს, სს "ბანკ ქართუსა" და შპს "ინტერპლასტს" (დამფუძნებლები: იაგო ჩოჩელი, ცეზარ ჩოჩელი, დევი ოვაშვილი) შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, კომპანიამ ჯამში მიიღო 11 848 148 აშშ დოლარის კრედიტი. მიღებული სესხის დაბრუნების უზუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა შპს "ინტერპლასტის" კუთვნილი ქონება 55 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, მდებარე ქ. თბილისში, სოფელ დიდ ლილოში.

2011 წლის დეკემბერში, შემოსავლების სამსახურის უფროსის, ჯაბა ებანოიძის უშუალო დავალებით, ამავე სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, მამუკა ლაშხიამ და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ოთარ აგლაძემ, დაიბარეს შპს "ინტერპლასტის" გენერალური დირექტორი ნიკა ყუბანეიშვილი, რომელმაც მათი მითითებითა და დახმარებით, ასევე, საწარმოს დამფუძნებლებთან შეთანხმებით, საგადასახადო ორგანოში წარადგინა ყალბი საგადასახადო დეკლარაცია, თითქოსდა, კომპანიას ჰქონდა ბიუჯეტისადმი 34 მლნ ლარის დავალიანება. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, 2012 წლის 30 იანვარს დაინიშნა აუქციონი, რომელზეც უნდა გაყიდულიყო შპს "ინტერპლასტის" ქონება. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსის ნიკოლოზ მელიასა და სხვა თანამშრომლების ორგანიზებით, 301 950 ლარის საგარანტიო თანხის წინასწარ სავალდებულო გადახდის გარეშე, დაშვებულ იქნა, საამისოდ წინასწარ შერჩეული და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ოფშორული კომპანია. ამ კომპანიის მიზანი იყო, სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობა მიეღო მოჩვენებითად, შეეთავაზებინა არაგონივრული და არარეალურად მაღალი ფასი, რათა სხვა მონაწილეს არ მისცემოდა ქონების ყიდვის შესაძლებლობა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ,,ბანკმა ქართუმ", თუმცა, წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, აუქციონში გაიმარჯვა მისმა ცრუ კონკურენტმა, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, კანონით დადგენილ ვადაში, შეგნებულად არ გადაიხადა ქონების საფასური, რისთვისაც მას სააღმსრულებლო ბიუროს მოხელეების ხელშეწყობით, არ დაეკისრა ფინანსური სანქცია. რადგან აუქციონი ჩაიშალა, ,,ბანკმა ქართუმ" სააღმსრულებლო ბიუროს შესთავაზა, მოეწყო განმეორებითი აუქციონი და გამოთქვა მზადყოფნა, გადაეხადა 3 მილიონი ლარი, რითაც დაიფარებოდა სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება. მიუხედავად ამისა, ქონება მოექცა სახელმწიფო საკუთრებაში და რამდენიმე კვირაში 2 მილიონ ლარად, ანუ "ბანკი ქართუს" მიერ შეთავაზებულზე 1 მილიონი ლარით ნაკლებად, პირდაპირი მიყიდვის წესით, საკუთრებაში გადაეცა შპს ,,ტექინვესტს", რომლის 100%-იანი წილი შეისყიდა შპს ,,ინტერპლასტის" დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ ნარტყოშვილმა. შესაბამისად, ,,ბანკ ქართუ"-სთვის წართმეული ქონება შენიღბული და ფარული გზით, კვლავ აღმოჩნდა ,,ინტერპლასტის" დამფუძნებლების საკუთრებაში".

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით გიორგაძემ გამოძიებას ასევე გაუმხილა, რომ 2012 წლის დასაწყისში, ზურაბ ადეიშვილმა მას პირადად დაავალა, "ბანკი ქართუს" სასარგებლოდ ვალდებულებით დატვირთული ქონება, რომელიც იძულებითი აღსრულების გზით მოექცა სახელმწიფო საკუთრებაში, პირდაპირი მიყიდვის გზით გაესხვისებინა აღებული კრედიტების 10%-ის ფარგლებში. ხოლო, თუ ქონება წარმოადგენდა საცხოვრებელ ბინებს, მაშინ გასხვისება უნდა მომხდარიყო სიმბოლურ ფასად – 1 ლარად. ამის შემდეგ, შემოსავლების სამსახური მას უგზავნიდა იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლისთვისაც უნდა მიეყიდა ეს ქონება.

(სპეციალურად საიტისთვის)