რას გვიქადის 2013 წელი - კვირის პალიტრა

რას გვიქადის 2013 წელი

არჩევნებით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა ბუნებრივი მოლოდინი და მოთხოვნა, გაუმჯობესდეს მძიმე სოციალური ფონი, პენსიები გაიზარდოს და საეჭვოდ დაანგარიშებულ საარსებო მინიმუმს გასცდეს; შემცირდეს მაღალი კომუნალური ტარიფები და ბიზნესი პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდეს, რაც უმუშევრობის დაძლევას შეუწყობს ხელს. გასული წლის ამბები არაერთხელ შეფასდა, საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ დამდეგ 2013 წელს.

დემურ გიორხელიძე ("ქართული ოცნების" ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი): "2013 წელი გამორჩეული და განსაკუთრებული ვერ იქნება. შეუძლებელია ასე სწრაფად რამე ხელშესახები შედეგის მიღება. მთავარია, ტენდენცია გამოიკვეთოს და კარგისკენ მოძრაობა დაიწყოს, ადამიანებმა იგრძნონ, რომ ვითარება იცვლება.

2013 წელი არ იქნება 2012-ზე უარესი, თუ რამე ძალიან ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მომავალი წელი რთული იქნება ახალი ხელისუფლებისთვის, მაგრამ მან უნდა მოახერხოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომ ეკონომიკური აქტივობა გაძლიერდეს, საკუთრება დაცული იყოს და ადამიანებს შეეძლოთ ერთიანი თამაშის წესებით მოქმედება, მათი ნიჭისა და უნარის შესაბამისად.

საკმაოდ ძლიერი სექტორია საქართველოში არალეგალური ეკონომიკური საქმიანობა. ვფიქრობ, მთავრობას ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს ამ მიმართულებით, რადგან მონოპოლიზებულ ეკონომიკაში, სადაც ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების გავლენები საკმაოდ ძლიერია, ვითარების ადვილად გამოსწორება შეუძლებელი იქნება. მთავარია, ყველაფერი სამართლიან ფარგლებში მიმდინარეობდეს, თუმცა ხელისუფლებას ხისტი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. არა მხოლოდ მონოპოლიების დასაშლელად, არამედ ელიტურ კორუფციაში ჩაბმული მაღალი თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასასმელად. თუ ეს არ მოხდა და ასობით მილიონი შერჩათ, ეს ისევ განუკითხაობის პრეცედენტს შექმნის, რისი მოთოკვაც შემდეგ ძალიან ძნელი იქნება.

- ხალხს იმის მოლოდინი უფრო ჰქონდა, რომ პენსიები, სოციალური დახმარება გაიზრდებოდა, შემცირდებოდა დენის, გაზისა და სხვა გადასახადები...

- რა თქმა უნდა, მოსახლეობის სოციალური ფონი უნდა გაუმჯობესდეს და ამისთვის საჭიროა გაძლიერდეს ეკონომიკური აქტივობა, სასწრაფოდ გატარდეს ქმედითი ღონისძიებები მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. თუ ის პასიური იქნება და არასწორ ნაბიჯებს გადადგამს, შესაბამისი რეაქცია რამდენიმე თვეშია მოსალოდნელი. წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება ანბანური ჭეშმარიტებაა, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს და პოლიტიკურ შეცდომას უშვებს ხელისუფლებაში მყოფი არაერთი მაღალი თანამდებობის პირი, როცა ამბობს, რომ წინასაარჩევნო დაპირებები გადამეტებული იყო. თვლა თუ არ იციან - სხვა საქმეა, თუ გაკეთება არ შეუძლიათ, მაშინ სახლებში უნდა წავიდნენ. ვალდებულებები რეალურია, გამომდინარეობს არსებული რესურსიდან და მთავრობა აუცილებლად უნდა მისდევდეს საკუთარ დანაპირებს, რადგან არც ერთი სიტყვა არ ყოფილა თვალის ასახვევად ნათქვამი და არც ერთი ციფრი არ დასახელებულა საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად. ყველაფერი ძალიან კარგად იყო დათვლილი.

დღეს უპასუხისმგებლო განცხადებები მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მიგვანიშნებს, რომ მათ არა მხოლოდ პოლიტიკური ზრდა არ აქვთ დასრულებული, არამედ ძალიან შორს არიან პოლიტიკისგან და შემთხვევით, ბიძინა ივანიშვილის დახმარებით აღმოჩნდნენ იქ, სადაც არ უნდა იყვნენ".

ლევან კალანდაძე (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში): "ველოდი, რომ წინა წლებში რაც იყო დამკვიდრებული ეკონომიკაში, საბიუჯეტო მოწყობაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, გამოსწორდებოდა და რაღაც ახლებური ხედვა, მიდგომები ჩამოყალიბდებოდა ახალი ხელისუფლების მიერ. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით დღეს სკეპტიკურად ვარ განწყობილი. დღემდე გადადგმული ნაბიჯები პოზიტიური ცვლილებების მოლოდინს არ მიჩენს. გრძელდება ძველი დამოკიდებულება საბიუჯეტო პროცესისადმი, რჩება კითხვები განსაზღვრული სოციალური დანაპირების შესრულებასთან დაკავშირებით. ზოგადად, ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკისადმი, ეკონომიკური და სოციალური პრიორიტეტებისადმი მიდგომა, სამწუხაროდ, არ შეცვლილა.

საგადასახადო ადმინისტრირების წნეხის შემსუბუქება იყო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ბიზნესსაზოგადოების მხრიდან და ამას ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია კარგად აცნობიერებდა. ველოდი, რომ ესეც გამოსწორდებოდა. სანაცვლოდ კი საპირისპირო რამ მივიღეთ, მკაცრი ადმინისტრირების პოლიტიკა ქვეყანაში არათუ არ შერბილებულა, პირიქით გამწვავდა. ანუ ის ყველაფერი, რაც ამუხრუჭებს, ხელს უშლის ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში, რეალურად არ შეცვლილა.

- როგორი იქნება 2013 წელს ეკონომიკური ზრდის რეალური მაჩვენებელი?

- ჩემი მოკრძალებული პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ქვეყანაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გვექნება და ეს, პირველ რიგში, საინვესტიციო პოლიტიკას უკავშირდება. სამწუხაროდ, შემცირდება უცხოური შიდა ინვესტიციები, ამ ყველაფერს განსაზღვრავს ის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ვერ ჩამოყალიბდა. ახლა მოდურია ე.წ. კოჰაბიტაციაზე ლაპარაკი. სამწუხაროდ, დღეს არსებული ორივე სახელისუფლებო შტო - პრეზიდენტისა და მთავრობის - იმის ნაცვლად, რომ ორიენტირებული იყვნენ კონკრეტული პროგრამებზე და შესაბამისი ჯანსაღი პირობების ჩამოყალიბებაზე, შედიან კონფრონტაციაში და ეჭვქვეშ აყენებენ ჯანსაღ საბიუჯეტო პროცესს. იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას პოლიტიკურ თუ პიროვნულ ამბიციებს არ გადააყოლებს".

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში): "2012 წლის მეორე ნახევარში შენელდა ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების შემოდინების ტემპები, რაც მწვავე წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდმა გამოიწვია. მიღწევებს შორის აღსანიშნავია, რომ ინფლაცია მთელი წლის განმავლობაში მინიმალურ დონზე იყო და ასევე სტაბილური იყო ეროვნული ვალუტის კურსი. ვერ მოხერხდა უმუშევრობის პრობლემის მოგვარება. საგარეო სავაჭრო ბრუნვა მზარდია, რაც კარგია, მაგრამ ექსპორტის ზრდის ტემპი იმპორტის ზრდის მაჩვენებელს ჩამორჩება.

რაც შეეხება 2013 წელს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ახალი მთავრობის მიდგომებსა და რეფორმებზე. ვფიქრობ, ბიზნესის რეგულირება გამკაცრდება. გვექნება ზრდა სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის სექტორებში, რუსეთის ბაზრის გახსნის და 1-მილიარდიანი სახელმწიფო პროგრამების განხორციელების შედეგად. სტაბილურად იზრდება, და მომავალი წელიც არ იქნება გამონაკლისი, ტრასპორტისა და ლოჯისტიკის სფერო. განვითარების ტემპები, სავარაუდოდ, შემცირდება ენერგეტიკის სექტორში, ტარიფის შემცირებისა და დიდი ჰესების პროექტების შეჩერების ინიციატივის შედეგად. საბანკო სექტორში მნიშვნელოვანი ძვრები, სავარაუდოდ, არ მოხდება, უნდა ველოდოთ რამდენიმე ბანკის გააქტიურებას საცალო ბაზარზე. ბოლო კვარტალში კრედიტაქტივობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც საბანკო სექტორის განვითარების ტემპებს 2013 წელს შეამცირებს. გაიზრდება სახელმწიფო რეაგირება და წნეხი ფარმაცევტულ კომპანიებზე და პირველი ანტიმონოპოლიური ქმედებები მათ მიმართ განხორციელდება. ტურიზმის სექტორში აგრესიული მარკეტინგის პოლიტიკის შეჩერების გამო ქვეყანაში შემომსვლელთა რიცხვი, სავარაუდოდ, სტაბილურ დონეზე დარჩება და მნიშვნელოვანი ზრდა არ იქნება. გარკვეულ გამოცოცხლებას და ფასების ზრდას ველი უძრავი ქონების ბაზარზე. აქტუალური იქნება ბიზნესდავები სასამართლოებში. ასევე ველოდები, რომ იქნება გადაწყვეტილებები, რომლებმაც, შესაძლოა, ბიზნესის წარმოების პირობები დაამძიმოს.

ინვესტიციების შემოდინების ზრდა უკავშირდება რუსული ბაზრის გახსნას, პოლიტიკურ სტაბილურობას, ლოდინის რეჟიმის მალე დასრულებას, რადგან ბიზნესი ჯერ კიდევ ელის და აქტიურობას არ ჩქარობს. პოლიტიკური სტაბილურობა ჯერ კიდევ მყიფე რჩება. ვფიქრობ, ინვესტიციების მოცულობა, სავარაუდოდ, $1,2-$1,5 მილიარდის ფარგლებში იქნება. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლო გაზრდილი სოციალური ხარჯებით მოსახლეობის კეთილდღეობა გაიზრდება. მთლიანობაში სახელმწიფოს ისედაც მაღალი წილი ეკონომიკაში 2013 წელს კიდევ უფრო მოიმატებს. თუმცა დღეს ძალიან ძნელია რამე ტენდენციის გამოკვეთა, რადგან ამ პოლიტიკური კონიუნქტურის პირობებში გამწვავების საფრთხე რჩება და მოვლენები შეიძლება ძალიან ხშირად შეიცვალოს სხვადასხვა მიმართულებით, რაც გავლენას მოახდენს ქვეყანაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაზე".

ნოდარ ჭიჭინაძე ("ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე): "რამე მკვეთრი ცვლილება ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში დაგეგმილი არ არის, ამიტომ ჯერჯერობით არ გვაქვს იმის წინაპირობა, რომ 2013 წელს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რამე განსაკუთრებულ შედეგს მივიღებთ. 2013 წელს არ უნდა ველოდოთ ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრ ცვლილებას, რადგან ბოლო თვეებში არათუ დაბალანსებული ინფლაცია, დეფლაციაც კი იყო. ამ ფონზე გაცილებით ადვილი იქნება ინფლაციური პროცესების მართვა, ვიდრე თუნდაც 2010 წელს, როცა ის 15%-ს აღწევდა. მიზნობრივი ინფლაცია დღეისთვის 6%-ია და სამომავლოდ მისი 3%-მდე შემცირებაა შესაძლებელი - ვფიქრობ, გაისად ამის მიღწევა შესაძლებელი იქნება.

2013 წელს შედარებით დიდი თანხა გავა ქვეყნიდან საგარეო ვალის მომსახურებისთვის, უფრო ნაკლებს ავიღებთ ვალად და რადგან ექსპორტისა და ინვესტიციების მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის, ქვეყანაში საგრძნობლად შემცირება უცხოური ვალუტის მასა. ეს გამოიწვევს ლარის გაუფასურებას დოლარის მიმართ და ლარი-დოლარის გაცვლით კურსში მცირე ცვლილებას უნდა ველოდოთ. ეს შესაძლებელია აისახოს იმპორტის გაძვირებაში. დაახლოებით $1,3-$1,4 მილიარდამდე შეიძლება ავიდეს ინვესტიციები. ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის მიმართ 1,8%-ია, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ხელს შეუწყობს, რომ ინფლაციური პროცესები არ გამწვავდეს.

რაც შეეხება დასაქმებას, სამუშაო ადგილები ინვესტიციებმა უნდა შექმნას, და რამე მკვეთრ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. მით უფრო, რომ ერთი წელიწადი არ არის ის ვადა, უმუშევრობა მკვეთრად შემცირდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსური მხარდაჭერა ძალიან დიდი იქნება, ვფიქრობ, სოფლის მეურნოებაში ზრდა უნდა იყოს. თუმცა ეს სფერო ბოლო წლებში საკმაოდ დასუსტდა და მშპ-ის მეათედზე ნაკლებია, ამიტომ 2013 წელს ამ მიმართულებით ნახტომისებური ცვლილება არ არის მოსალოდნელი.

ახალი ხელისუფლება ადასტურებს, რომ ტურიზმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო იქნება, მაგრამ არა მთავარი ძალა ქართული ეკონომიკის. თუ ვითარება (მათ შორის, პოლიტიკური) სტაბილური იქნება, ამ სექტორში ზრდა უნდა მივიღოთ. საარჩევნოა მომავალი წელიც და ეს გარემოებაც გასათვალისწინებელია. თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ მომავალი არჩევნები უფრო მეტად სამართლიანი და დემოკრატიული იქნება, რადგან ქვეყანაში არ არის ერთი დომინირებული ძალა, რომელიც წყვეტდა ყველაფერს. პოლიტიკური ვითარება დაბალანსდება მეტ-ნაკლებად და შემცირდება პოლიტიკის გავლენა ეკონომიკაზე.