ეკონომიკის ზრდის მცირედი შეფერხება საგანგაშო არ არის - კვირის პალიტრა

ეკონომიკის ზრდის მცირედი შეფერხება საგანგაშო არ არის

ბიზნესი მოლოდინის რეჟიმიდან გამოდის

ახალ 2013 წელს საქართველო ახალი რეალობით ხვდება: ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკაში ძირეული ცვლილებები ჯერ არ დაწყებულა. საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შენელება აღირიცხა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ, 2011 წლის ოქტომბერთან შედარებით, 4,6% შეადგინა. როგორც ამ უწყებაში გვითხრეს, მოგვიანებით ეს მაჩვენებელი 5,5%-ით შეცვალეს, მაგრამ ეს წინა თვეებზე მაინც ნაკლებია - წლეულს ივლისში მაჩვენებელი 8,8% იყო, აგვისტოში - 6,5%, ხოლო სექტემბერში - 7%. 2012 წლის პირველ და მეორე კვარტალში მშპ-ს რეალურმა ზრდამ 6,7% და 8,2% შეადგინა, ხოლო მესამე კვარტალში - 7,5%. წინასაარჩევნო პერიოდში დაიკლო ინვესტიციებმა. როგორ შეიძლება შეფასდეს ვითარება და როგორია საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა 2012-2013 წლების მიჯნაზე?

თემურ ბერიძე (ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): - ეკონომიკურ ზრდას, როგორც წესი, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით განსაზღვრავენ, თუმცა მოსახლეობის ცხოვრების დონესა და ეკონომიკის მდგომარეობას ზუსტად ისიც ვერ ასახავს. შესაძლოა მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყოს, მაგრამ მოსახლეობის ცხოვრების დონე იყოს დაბალი. ცნობილია, რაც უფრო განვითარებულია ქვეყნის ეკონომიკა, ზრდის ეფექტი უფრო ნაკლებად შეიმჩნევა, ჩამორჩენილ ქვეყნებში კი უფრო მეტად. ამ ქვეყნებში მოქმედებს ე.წ. მკვეთრი ზრდის ეფექტი, რომელიც ძირითადად განვითარებად სახელმწიფოებს ახასიათებს და ტრაბახი, რომ ჩვენი ეკონომიკა ბოლო წლებში საოცარი ტემპით იზრდებოდა, გადაჭარბებულია. რამდენიმეპროცენტიანი ზრდა ნიშნავს, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდება, მაგრამ სულაც არ მიუთითებს მის კეთილდღეობაზე. რაც შეეხება ინფორმაციას მშპ-ის შემცირების თაობაზე, 2012 წლის მეოთხე კვარტლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დანამდვილებით შეიძლება ვიმსჯელოთ 2013 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, ხოლო მთელი წლის სტატისტიკურ მაჩვენებლებზე - ცხრა თვის გასვლის შემდეგ, ანუ 2013 წლის შემოდგომაზე. საქართველოში ეკონომიკის განვითარების, შრომის ნაყოფიერების ზრდისა და წარმოების განვითარების ხელშემწყობი ყველა ფაქტორი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, არასახარბიელო იყო. აქედან გამომდინარე, თითქოს ერთ კვარტალში უკეთესი მდგომარეობა გვქონდა, ვიდრე მეორეში, არასერიოზულად მიმაჩნია. ჩემი აზრით, ობიექტური ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შესახებ ბოლო წლებში არ გვქონია და ახლაც არ გვაქვს.

თენგიზ ცეკვავა ("საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე): - ჩვენ ყოველთვიურად ვამზადებთ საპროგნოზო მაჩვენებლებს, რომლებიც თითქმის ყოველთვის სრულდება, ან უმნიშვნელო განსხვავებას გვაძლევს რეალურ ვითარებასთან შედარებით. ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მართლაც შემცირებული იყო და ეს ტენდენცია ნოემბერშიც გაგრძელდა. ჩვენს კომპეტენციაში არ შედის იმის გარკვევა, რატომ შემცირდა მშპ-ის ზრდის ტემპი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ციფრებს ბიზნესსექტორის საქმიანობის მიხედვით ვანგარიშობთ, ინფორმაციას კი საგადასახადო სამსახური გვაწვდის.

ოქტომბერში საწარმოების ბრუნვა მართლაც მნიშვნელოვნად იყო შემცირებული წინა თვეებთან შედარებით. რა თქმა უნდა, გაზაფხულზე, უფრო ზუსტად, 20 მარტს გამოქვეყნდება მეოთხე კვარტლის მშპ-ის ზუსტი რაოდენობა, ხოლო 2013 წლის ნოემბერში უკვე დაზუსტებული იქნება 2012 წლის მონაცემები, მაგრამ წინასწარი პროგნოზის გაკეთებაც აუცილებელია. ჩვენს გათვლებსა და რეალურ მაჩვენებლებს შორის სხვაობა საკმაოდ მცირე იყო. მაგალითად, პირველ კვარტალში ჩვენი პროგნოზით მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი იყო 6,5%, რეალურად კი 6,7% გამოქვეყნდა. მეორე კვარტალში ჩვენი პროგნოზი ზუსტ მაჩვენებელს დაემთხვა და 8,2% გახლდათ, მესამე კვარტალში კი 7,4%-იანი ზრდა ვიწინასწარმეტყველეთ, რეალურად კი 7,5% აღმოჩნდა.

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი, "ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" დირექტორი): - 2012 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ინვესტიციების შემოდინებისა და ეკონომიკური ზრდის მიხედვით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აღირიცხა. რა თქმა უნდა, ეს აისახა კიდეც ეკონომიკის ზრდაზე. ეს იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რაც არჩევნებითა და პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინით იყო განპირობებული. სექტემბერი არჩევნების წინა თვე იყო, ბიზნესს ძალიან ცუდი მოლოდინი ჰქონდა. ყველა შიშობდა, რომ მოხდებოდა დაპირისპირება, დაიწყებოდა არეულობა, რაც არ მომხდარა და ეს ძალიან კარგია. ბიზნესის მოლოდინის რეჟიმში ყოფნამ გამოიწვია ინვესტიციების კლება. არჩევნების შემდეგაც მთელი ერთი თვე მიმდინარეობდა მთავრობის დაკომპლექტება, ბიზნესისთვის კვლავაც ბევრი რამ იყო გაურკვეველი, ეკონომიკური ზრდაც შენელდა და ბიზნესაქტივობაც შემცირდა.

კარგია, რომ მოლოდინის რეჟიმი თანდათან შეიცვალა. რამდენად წარმატებული იქნება მომავალი წელი, ეს უკვე ახალ მთავრობაზეა დამოკიდებული. უკვე ვიცით, რომ გადასახადები არ გაიზრდება, 2013 წლის ბიუჯეტიც დამტკიცებულია და ბევრი რამ გარკვეულია. შესაბამისად, მოლოდინი, რომ ამ ქვეყანაში საქმის კეთება შეიძლება, უკვე არსებობს. ვერ ვხედავ ვერანაირ საშიშროებას ერთი ან თუნდაც ორი კვარტალის ჩავარდნის გამო. ამიტომ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ახალი, 2013 წელი ეკონომიკური წინსვლის წელი იქნება, ეს ჩადებულია ბიუჯეტში, პროგნოზებიც ოპტიმისტურია, ლაპარაკია რუსული ბაზრის გახსნაზე, თუმცა ყველაფერი მაინც ჩვენი მთავრობის ქმედებებზეა დამოკიდებული. თუ მნიშვნელოვან შეცდომებს არ დაუშვებენ, რეფორმებიც გაგრძელდება, მიღწეული შედეგებიც შენარჩუნდება და გადაულახავი პრობლემები ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ქვეყანაში არ უნდა გვქონდეს.

ციფრების ენით

- საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2013 წლისთვის, შესაძლოა, 6%-ს მიაღწიოს. ხოლო წლეულს ფონდი 7%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.

- თუმცა 6%-იანი ზრდის პროგნოზი რისკების ქვეშ დგას. მართალია, არსებობს რუსეთთან ვაჭრობის გაზრდისა და ინვესტიციების ახალი წყაროების გაჩენის შესაძლებლობა, მაგრამ თუ გაურკვევლობა გაგრძელდა და სავაჭრო პარტნიორების მხრიდან მოთხოვნა შემცირდა, ზრდა ნაკლები იქნება.

- 2012 წლის ძალიან დაბალი ინფლაცია გაიზრდება ნოემბერში აღრიცხული წლიური -0,5%-დან წლიურ 4%-მდე 2013 წლის ბოლოსთვის.

ხათუნა ჩიგოგიძე