ტარიფები თუ ჰარიფები?! - კვირის პალიტრა

ტარიფები თუ ჰარიფები?!

ბოლო დროს ძალიან ბევრს კამათობენ დენისა და გაზის გაიაფებაზე, ხელისუფლებაში მოსული ძალა ხალხს ტარიფების შემცირებას დაჰპირდა, ერთი-ორჯერ განახევრებაც კი ახსენეს. დღეს განახევრებული ფასი დაახლოებით 8-9 თეთრი გამოდის, ასეთი ტარიფი თბილისში 2000 წელს იყო. მაშინ თბილისელებს შემოსავალიც ნაკლები ჰქონდათ და "იაფ დენსაც” ნაკლებს ყიდულობდნენ.

საქართველოში ელექტროენერგიაზე ფასი 2006 წლიდან, ხოლო გაზზე - 2005 წლიდან არ შეცვლილა. მას შემდეგ კი ენერგორესურსები საკმაოდ გაძვირდა. 2005 წელს ბენზინი "რეგულარი“ დაახლოებით 1,4 ლარი ღირდა, დღეს 2,1 ლარი ღირს. რამდენად რეალურია "ძველი კაი ფასების“ დაბრუნება? მაგალითი მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის, აშშ-ის წარსულიდან: 1910 წელს ამერიკაში 1 კგ-იანი პური 5 ცენტი ღირდა, საფოსტო მარკა - 2 ცენტი, საშუალო სახლი - $4000, ჩვეულებრივი ავტომობილი - $500, ქილა `კოკა-კოლა” - 5 ცენტი, კინოს ბილეთი - 7 ცენტი, 12 ცალი კვერცხი - 34 ცენტი, კილოგრამი ფქვილი - 6 ცენტი, ფოტოაპარატი - $7, სააბაზანო ხალათი - $1,74, ქოლგა - $1,29, კილოგრამი ხორცი - 40 ცენტი... თუმცა მაშინდელი საშუალო წლიური ხელფასი მხოლოდ $963 იყო.

ისმის კითხვა - როცა საქართველოში ადამიანს სურს მეტი ელექტროენერგიის ან გაზის ყიდვა, ისინი უნდა გაიაფდეს თუ ადამიანის შემოსავალი უნდა გაიზარდოს?

ჰენრი ფორდმა თავისი პირველი სერიული ავტომობილი "მოდელი ტი“ 1908 წელს რომ გამოუშვა, $850 ღირდა. სერიული წარმოების წყალობით, ფორდმა 1916-1917 წლებში 785 432 მანქანა გაყიდა და ამის შემდეგ ავტომობილის ფასი $350-მდე შეამცირა. თუმცა ამ ფასადაც არ შეეძლო ბევრ ამერიკელს ახალი მანქანის ყიდვა. დღეს ერთ-ერთი ყველაზე იაფი "ფორდი ფიესტა“ $10 ათასი ღირს და მისი შეძენა გაცილებით მეტ ამერიკელს შეუძლია, ვიდრეს 1917 წელს - "მოდელი ტისი“. რატომ?

ამერიკელთა კეთილდღეობა შემოსავალთან ერთად იზრდებოდა იმის მიუხედავად, რომ ძვირდებოდა პროდუქციაც. საშუალო ხელფასი აშშ-ში 1950 წელს $203 დოლარი იყო თვეში, 2011 წელს - დაახლოებით $4 ათასი. ხოლო თუ ბენზინის ფასებს შევადარებთ, 1950 წელს ამერიკელი 1 თვის ხელფასით ყიდულობდა 4213 ლიტრ საწვავს, 2010 წელს - 4375 ლიტრს.

ადამიანმა რომ მეტი იყიდოს, ან მეტი უნდა იშოვოს, ან პროდუქტი უნდა გაიაფდეს. შემოსავლის გაზრდას, სულ ცოტა, მეტი შრომა სჭირდება იქ, სადაც მუშაობ და თუ მეტს არ გიხდიან, მაშინ ისეთი სამსახურის მონახვაა საჭირო, სადაც მეტს გამოიმუშავებ. თუმცა პოლიტიკოსები ამომრჩეველს უფრო მარტივ გზას ჰპირდებიან - გავაიაფებთ დენს, გაზს, საწვავს და იმავე ხელფასით მეტს იყიდითო.

ვისაც საბჭოთა დრო და ფასების "ზემოდან“ დადგენა ახსოვს, ისიც ემახსოვრება, რა მოჰქონდა ამას: ნებისმიერი პროდუქტის დეფიციტი და ტალონები. საბჭოთა პერიოდის შემდეგ პრეზიდენტმა გამსახურდიამ სცადა პურის ფასის ზემოდან დადგენა და იაფად გაყიდვა - აღარც პური დარჩა და აღარც ტალონი. "იაფი დენიც“ დიდხანს რჩებოდა იშვიათ მოვლენად. ფასების ხელოვნურად შემცირება რომ სწორი არ არის, კიდევ ერთხელ დადასტურდა, როცა ხელისუფლებაში მოსვლიდან დაახლოებით ერთ თვეში პრემიერმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტარიფების განახევრება არ მოხდებოდა და ამომრჩეველი 10%-იანი დაკლებით დააიმედა. წინა კვირაში კი კომპანია "ინტერ-რაოში“ განმარტეს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ტარიფების თემაზე მუშაობენ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მომავალი წლის პირველი ნახევრისთვის იგეგმება.

...1995 წელს საქართველოში ლარი შემოიღეს და მალევე თბილისის "მარშრუტკებით“ მგზავრობა 50 თეთრი გახდა. ეს ფასი 2011 წლამდე უცვლელი იყო, ამჟამად კი 80 თეთრია. 1996 წელს 50 თეთრად 1 ლიტრ ბენზინი იყიდდით, ახლა კი 80 თეთრით 400 გრამი ბენზინიც არ მოვა.

ხელისუფლების საქმე ტარიფების შემცირება კი არ არის, არამედ დასაქმების ხელშეწყობაა, რაც ადამიანებს შემოსავალს გაუზრდის და მეტი პროდუქტის ყიდვის შესაძლებლობას მისცემს. დღეს კი ხელისუფლება დამსაქმებლების უფლებების შეზღუდვასა და სხვადასხვა რეგულაციის შემოღებაზე ლაპარაკობს. მაგრამ ეს არ არის მეტი შემოსავლის მიღების გზა, რომლითაც მსოფლიოში გაძვირებული ენერგომატარებლების მეტ მოცულობას შევიძენთ.