ბიზნესის "გაწეწვის" ანატომია ანუ "ვიკილიქსი" ქართულად - კვირის პალიტრა

ბიზნესის "გაწეწვის" ანატომია ანუ "ვიკილიქსი" ქართულად

"ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის კრიმინალური ურთიერთობები ყალიბდებოდა", - ასე შეაფასა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარემ, გია ხუხაშვილმა კვლევის შედეგი, რომელიც ყოფილი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის მძიმე თანაცხოვრებას ასახავს. კიდევ უფრო საინტერესო და დრამატულია ამ თანაცხოვრების შედეგები, რომელიც ზოგ შემთხვევაში ხელისუფლების სასარგებლოდ დიდი "ხარკის" გაღებით, რიგ შემთხვევაში კი წილების "ნებაყოფლობით" დათმობით მთავრდებოდა. ბიზნესის "დაწიოკების" სხვადასხვა სქემის სათავეში ადეიშვილის, კეზერაშვილის და სხვა მაღალჩინოსანთა გვარები სახელდება. ცნობილი ხდება, რომ ამავე კონტექსტში სულ მალე შესაძლოა თბილისის მერის, გიგი უგულავას გვარმაც გაიჟღეროს.

გია ხუხაშვილი, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე:

- ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენი ინსტიტუტი აწარმოებდა კვლევას თუ რა ურთიერთობები ჰქონდა ყოფილ ხელისუფლებას ქართულ ბიზნესთან. ვიკვლევდით ამ ურთიერთობების ანატომიას - რა ტიპის კავშირები არსებობდა და როგორ იყო ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული. ვხვდებოდით ბიზნესის წარმომადგენლებს, ამ კომუნიკაციაში ჩართულ ადამიანებს და ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდი, ამ საკითხზე კომენტარი არ გამეკეთებინა, რათა არ დამეფრთხო ისინი, ვინც თავისი სურვილით მოდიოდა ჩვენთან ასეთ თემებზე სასაუბროდ. ახლა კი დადგა დრო, როცა ჩვენ შეგვიძლია კვლევის წინასწარი მონაცემები გავაცნოთ საზოგადოებას.

ბიზნესისა და ყოფილი ხელისუფლების ურთიერთობის სამი ტიპის კრიმინალური სქემა გამოიკვეთა: პირველი - როცა ბიზნესს აიძულებდნენ არაპროფილური ხარჯები გაეწია და თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა პროექტში ჩაედო ფული. ეს იყო ყველაზე მარტივი და შეიძლება ითქვას, ხელისუფლების მხრიდან ყველაზე რბილი ურთეირთობის ფორმა ბიზნესთან; მეორე - როცა ხელისუფლების სხვადასხვა სალაროში, პირდაპირ ქეშით მიედინებოდა ბიზნესებიდან თანხები და მესამე, როცა ხდებოდა ხელისუფლების ან მასთან დაახლოებული პირების ინტეგრაცია ბიზნესში, წილების გადანაწილება სხვადასხვა ტიპის დახმარების სანაცვლოდ.

ამ კვლევის ფარგლებში დაგვიგროვდა უამრავი ფაქტობრივი მასალა. ჩვენი მიზანი არ ყოფილა ვინმეს დევნა, უბრალოდ გვაინტერესებდა ამ ურთიერთობების ანატომია. კვლევის საფუძველზე შეიქმნა შემაჯამებელი დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნება როგორც ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, ბიზნესიდან ფაქტობრივად ხარკის აკრეფა ხდებოდა და ამას ორი სახელისუფლებო ცენტრის (თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრი) გავლით მიემართებოდა ხელისუფლებაში. რას ხმარდებოდა ეს ფული, ამას ალბათ მომავალში შევიტყობთ. აღსანიშნავია, რომ ეს სქემები ეწყობოდა პროკურატურაში და მექანიზმი, რომლითაც ბიზნესის გატარება ხდებოდა ე.წ. ხორცის საკეპ მანქანაში, პროკურატურის ხელში იყო. ამის გამო იყო არარეალურად მაღალი ფასები ბაზარზე და დღეს შეგვიძლია შევნიშნოთ, როგორ იაფდება სხვადასხვა პროდუქტი. ფასების კლება ხდება არა ბიზნესის ხარჯზე, არამედ პოლიტიკური კომპონენტის ფასწარმოქმნიდან ამოგდების ხარჯზე. ბიზნესი ფაქტობრივად ვითარების მძევალი იყო და ვერავინ ბედავდა უარის თქმას წინა ხელისუფლების მიერ დადგენილ თამაშის წესებზე.

ჩვენ არ ვართ განწყობილი, გამოვაქვეყნოთ ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის დაწიოკების ჩვენს ხელთ არსებული მასალები, მაგრამ თუ "ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება კონტრარგუმენტების მოყვანას, პირდაპირ მივმართავ - არ მიიღონ ქართული "ვიკილიქსი". მინდა აღვნიშნო, რომ ამ კვლევის ფარგლებში ჩვენ ვესაუბრეთ არა მხოლოდ ბიზნესმენებს, არამედ ამ კრიმინალურ სქემებში ჩართულ ადამიანებს, ე.წ. შუამავლებს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის.

- მზად არიან თუ არა ეს ადამიანები, რომ შემდეგში ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან, პროკურატურასთან?

- რა თქმა უნდა, მზად არიან, როცა ამის საჭიროება დადგება. შესაძლოა, ეს განცხადებები გახდეს მართლაც კომპეტენტური ორგანოების მხრიდან დაინტერესების საგანი, მაგრამ ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივ ინტერესში არ არის ამ სიბინძურეში დღეს ძალიან ღრმად ჩასვლა. ეს იყო სისტემური დანაშაული და ეს საკითხი სწორედ ამ თვალსაზრისით მაინტერესებს და არა მისი კონკრეტული ეპიზოდები.

- ადეიშვილის გარდა, იკვეთება სხვა მაღალჩინოსნების გვარები, რომლებიც ბიზნესის ტერორის სქემებში მონაწილეობდნენ?

- ეს იყო მთლიანად დანაშაულებრივი სისტემა და ამას მე დავარქმევდი "კოლექტიურ სააკაშვილს". მთელი რეჟიმი გარყვნილი და გაფუჭებული იყო. სააკაშვილის შექმნილმა სისტემამ მთელი ხელისუფლება აიყვანა მძევლად და ეს სისტემა მართავდა ყველას. ადეიშვილიც ამ სისტემის მსხვერპლია, ცოტა განყენებული გაგებით რომ ვთქვათ, სააკაშვილიც მსხვერპლია. სააკაშვილმა შობა ურჩხული, რომელმაც საბოლოო ჯამში ისიც მძევლად აიყვანა. სხვათა შორის, კეზერაშვილი იყო ერთ-ერთი ზემოთ მოყვანილი სქემის სათავეში, უშუალოდ კი ქონების გადანაწილების საქმეში.

- თქვენ კვლევის ფარგლებში ესაუბრეთ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც თავისუფლებაში იმყოფებიან, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე ათეული, შესაძლოა ასეული მეწარმე დღეს სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და უმეტესობას მიაჩნია, რომ მათი დაკავება უსამართლოდ მოხდა...

- ვფიქრობ, რომ ეკონომიკურ დანაშაულზე ამნისტირება, ყოფილი სახელისუფლებო რეჟიმის ბუნებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. როცა ხელისუფლება კარნახობს ბიზნესს თამაშის წესებს, მას არ აქვს რესურსი, რომ ხელისუფლებას წინააღმდეგობა გაუწიოს. ხელისუფლებას კი პირიქით, ყველა ინსტრუმენტი აქვს, რომ ერთ დღეში დააქციოს ნებისმიერი ბიზნესსუბიექტი. არის ინფორმაცია, რომ ყოფილი ხელისუფლება დღესაც აფათურებს ხელს ბიზნესში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ახალ ხელისუფლებაშიც გაჩნდნენ ადამიანები, ვისაც ამა თუ იმ ბიზნესის "დაკრიშვის" სურვილი გაუჩნდება და მინდა მივმართო ყველა ბიზნესის წარმომადგენელს, - მზად ვართ, გავუმაგროთ ზურგი იმისთვის, რომ მსგავსი რამ ქვეყანაში აღარ განმეორდეს".

(სპეციალურად საიტისთვის)