აგროსესხები: როგორ მოვხნათ მილიარდით - კვირის პალიტრა

აგროსესხები: როგორ მოვხნათ მილიარდით

ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტად იყო გამოცხადებული ყოფილი ხელისუფლების პერიოდშიც, იმის წინა მთავრობის დროსაც და ახლაც ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად ცხადდება. გლეხებისთვის სასუქისა და საწვავის უფასოდ დარიგება, ახალი ტრაქტორებისა და ტექნიკის შემოყვანა - ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ასეთი პროგრამის მოწმე გავხდით, თუმცა შედეგი ფაქტობრივად ვერ მივიღეთ. ადგილობრივი ბაზარი ისევ იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტებით არის გაჯერებული, ადგილობრივი წარმოება კი მხოლოდ სეზონზე თუ აკმაყოფილებს მოთხოვნას.

ახალი ხელისუფლება სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალ ხედვას და მასშტაბურ დაფინანსებას გვპირდება: 1-მილიარდიანი ფონდიდან აგროსესხების გაცემა 3-8%-იანი განაკვეთით მოხდება, დაიწყო ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოყვანისა და მექანიზატორთა გადამზადების პროგრამა, ჩინეთის მთავრობისგან 4 მილიონიანი გრანტის ფარგლებში საირიგაციო სისტემის ტექნიკას მივიღებთ, მოხდება ტრაქტორისტების მომზადება, მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციების ხელშეწყობისათვის და ა.შ. დარგის ექსპერტები ფიქრობენ, რომ მხოლოდ დაფინანსება საქმეს ვერ უშველის თუ დარგის მიმართ სისტემური მიდგომა არ იქნება და მიაჩნიათ, რომ კოოპერაციების ჩამოყალიბება საუკეთესო გამოსავალია.

ზაზა საბანაძე, კოოპერაციის დანერგვის აქტიური მომხრე:

- მოდი, ძველ ხელისუფლებაზე ნუ ვილაპარაკებთ და დღევანდელ ან ხვალინდელ დღეს მათ ნამოქმედარს ნუ შევადარებთ. მათ ახალი ტრაქტორები მხოლოდ ფულის გასაკეთებლად ჩამოჰყავდათ. მოხვნა-დათესვა ამ ახალი ტრაქტორებით ისეთი ძვირი უჯდებოდა გლეხს, რომ ახალი ტექნიკა ფაქტობრივად უმოქმედოდ იდგა სოფლებში. ახალმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის სამი პრიორიტეტი დაასახელა: კოოპერაცია, ირიგაცია და ვეტერინარია. კოოპერაციის თემასთან დაკავშირებით უკვე გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, მათ შორის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, რომელსაც მეც ვესწრებოდი. ახალი ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ სოფლის მეურნეობაში კოოპერაციული სისტემის განვითარება მოხდეს, რადგან სხვა გამოსავალი ფაქტობრივად არ არსებობს. გაეროს რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლებასთან ერთად უნდა შემუშავდეს კოოპერაციის ნაციონალური პოლიტიკა, შეიქმნას ოფისი პრეზიდენტთან ან პრემიერთან, რომელიც გააკონტროლებს ამ ნაციონალური პოლიტიკის განხორციელებას და პასუხისმგებელი იქნება კოოპერაციის გეგმაზომიერ განვითარებაზე.

- იქნებ ავუხსნათ ჩვენს მკითხველს, რაში მდგომარეობს კოოპერაციის არსი, რადგან ზოგჯერ მას საბჭოთადროინდელ კოლმეურნეობასთან აიგივებენ.

- გლეხურად რომ გითხრათ, კოოპერაციის მიზანია, რომ გლეხმა კარგად იცხოვროს. კოოპერაციული მოძრაობა ერთ-ერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა მსოფლიოში, 160-წლიანი ისტორიით. დღეს არსებობს კოოპერაციის 120 ნაირსახეობა, კოოპერატივთა რიცხვი 70 ათასს აჭარბებს, ხოლო წევრთა რაოდენობა 800 მილიონ ადამიანზე მეტია. ყოველი მეხუთე გერმანელი, ყოველი მეოთხე ამერიკელი, ყოველი მესამე დანიელი და ჰოლანდიელი, ყოველი მეორე კანადელი სხვადასხვა კოოპერატივის წევრია. სხვათა შორის, საერთაშორისო კოოპერატიულ ალიანსში საქართველო ჯერ კიდევ მენშევიკებმა გააწევრეს. დავით სარაჯიშვილმა დააფინანსა და კოოპერაციის შესასწავლად გააგზავნა იტალიაში ნოე ჟორდანია. სამწუხაროდ, 2007 წელს ამ ორგანიზაციიდან გამოგვრიცხეს.

დღეს ქართველი გლეხი იძულებულია, განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტი, მიზერულ ფასად ჩააბაროს გადამყიდველს. მაგალითად, ღვინის ქარხნები გლეხისგან კილოგრამ ყურძენს საშუალოდ 50 თეთრად იბარებენ და შემდეგ ერთ ბოთლ ღვინოს 20-30 ლარად ყიდიან. იმ შემთხვევაში თუ კოოპერაციული ღვინის ქარხნები აშენდება, რაც გლეხების საკუთრება იქნება, ისინი შეძლებენ, რომ თავად მოახდინონ მოსავლის გადამუშავება და რეალიზაცია და მოგების 100% მიიღონ. რა თქმა უნდა, ამ კოოპერაციულ გაერთიანებას ხარჯიც ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, ნაცვლად 50 თეთრისა კილოგრამ ყურძენზე, საბოლოოდ ლიტრ ღვინოზე 3 ლარს მიიღებენ შემოსავლის სახით.

ამის საშუალება ბევრ გლეხს არ აქვს და მიწას დაუმუშავებელს ტოვებს. კოოპერაციულ გაერთიანებას კი თავისი ტექნიკა ეყოლება და სხვისგან ქირაობა არ დასჭირდება.

რატომღაც ზოგი კოოპერაციას კოლმეურნეობასთან აიგივებს, რაც სრულიად მცდარი წარმოდგენაა. კოლმეურნეობაში მიწა სახელმწიფოს ეკუთვნოდა, კოოპერაციის შემთხვევაში კი სავარგულები კერძო საკუთრებაა. კოოპერაციის შემთხვევაში იმას მიიღებ, რასაც მოიყვან, კოლმეურნეობის დროს კი შენი მხოლოდ ის იყო, რასაც მოიპარავდი.

კოოპერაციული მეურნეობების ამოქმედების შემთხვევაში, ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის მნიშვნელოვან ნაწილს დააკმაყოფილებს. მაგალითად, აჭარასა და გურიაში ახლა ციტრუსის რეალიზაციის პრობლემა დგას. გლეხებმა ქობულეთში კონცენტრატების ქარხანა ძლივს დაიყოლიეს ციტრუსის მიღებაზე და იქაც მინიმალური ფასი შესთავაზეს - კილოგრამზე 10 თეთრი, რასაც ბუნებრივია, გლეხების აღშფოთება მოჰყვა. მოკლედ, ვითარება მანამ არ განიმუხტა, სანამ ციტრუსის რეალიზაციის პროცესში აჭარის მთავრობა არ ჩაერია და ქარხანა დაიყოლიეს, რომ ციტრუსის ჩაბარების ფასი 5 თეთრით გაეზარდა. ყველა ეს პრობლემა მოხსნილი იქნება სოფლის მეურნეობაში კოოპერაციული გაერთიანებები რომ არსებობდეს. კოოპერატივი იქნება გლეხების გაერთიანება, სადაც ერთობლივი ძალებით შეძლებენ მიწის დამუშავებას, მოსავლის მოყვანას, მის მოწევას, შენახვას და რეალიზაციას. იაფი დაფინანსება, კრედიტი და ახალი ტექნიკა სწორედ ამ გაერთიანებებს უნდა გადაეცეთ. აგრონომის მომსახურება იქნება საჭირო, ვეტერინარის თუ იურისტის, ეს პრობლემა ყველა გლეხს - კოოპერატივის გამგეობის ყველა წევრს თავად კოოპერატივმა უნდა მოუგვაროს. გლეხს ყანაში მუშაობის საშუალება და იმის გარანტია უნდა მისცეს, რომ თავისი შრომის საფასურად მაღალ შემოსავალს მიიღებს. გლეხი დამატებით არ უნდა ზრუნავდეს მოსავლის შენახვასა და მის რეალიზაციაზე. კოოპერაციული არა მარტო წარმოება, არამედ შუალედური სადისტრიბუციო რგოლიც უნდა შეიქმნას. აქ პროდუქციას შეისყიდიან და შემდეგ საცალო ქსელში განაწილდება.

სასურველია ქალაქად კოოპერაციული მაღაზიების შექმნა, სადაც პროდუქცია ოპტიმალურ ფასში გაიყიდება.

დღეს უკრაინაში 14 000 ასეთი მაღაზია მუშაობს, 3 000 კოოპერაციული კაფე-ბარი და რესტორანია, 2000 გადამამუშავებელი საწარმო. რუსეთში 50 000 კოოპერაციული მაღაზია აქვთ და 4000 გადამამუშავებელი საწარმო. მერწმუნეთ, კოოპერაციული სისტემის დანერგვით გლეხიც მოგებული დარჩება და მომხმარებელიც. ახლა მთავარია, გლეხებმა ამ კოოპერატივში გაერთიანების სურვილი გამოთქვან, რადგან სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი ფონდი მათი კეთილდღეობისთვის უნდა დაიხარჯოს და მთავარია, ამ თანხის ეფექტურად გამოყენება მოხდეს.

თუ ასეთი მიდგომები იქნება, უკვე შემოდგომაზე ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანას შევძლებთ. ძალიან ბევრი საინტერესო იდეა არსებობს. მაგალითად, შესაძლებელია, რომ საქართველოში თხილის საკონდიტრო გადამუშავება მოხდეს და ნედლეულად არ გაიყიდოს, როგორც ეს ახლა ხდება. არსებობს იდეა, რომლის მიხედვით ყურძნის წვენისგან შესაძლებელია კარამელისა და თხილთან ერთად ქართული ტკბილეულის დამზადება, რომელიც ბევრ იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას.

(სპეციალურად საიტისთვის)