საახალწლოდ, როცა მსოფლიოში ფასები იკლებს, საქართველოში იზრდება... - კვირის პალიტრა

საახალწლოდ, როცა მსოფლიოში ფასები იკლებს, საქართველოში იზრდება...

საშობაო და საახალწლო ფასდაკლებები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოც თითქოს ცდილობს ფეხის აწყობას, თუმცა "სეილებს" ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი თავისებურებებიც ახლავს თან, რომლებიც მომხმარებლისთვის არცთუ სახარბიელოა.

ევროპასა და ამერიკაში შობის დღესასწაული წლის მთავარი საზეიმო მოვლენაა და ამ დღისთვის ყველა საგანგებოდ ემზადება. დიდი ფასდაკლებები ცხადდება როგორც სამოსსა და აქსესუარებზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა თუ ძვირად ღირებულ ტექნოლოგიებზე, ასევე სურსათზე. ფასდაკლებების ცენტრად გერმანია მიიჩნევა, სადაც უამრავი ტურისტი იყრის თავს, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც, ჩვენი არ იყოს, ევროპულ "სეილებამდე" ბევრი უკლიათ...

"ესპანეთში შობისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ეს დღესასწაული აქ ყველაზე მეტად უყვართ და განსაკუთრებულად აღნიშნავენ. უამრავ ტკბილეულს, საჩუქარს ყიდულობენ, როგორც თავისთვის, ასევე ახლობელ-მეგობრებისთვის. მადრიდში საშობაო ფასდაკლება 23 დეკემბერს იწყება და ფასი ყველაფერზე მცირდება, მათ შორის ტკბილეულზე, რომელიც საახალწლოდ ძალიან ბევრი იყიდება. თავიდან 25%-იანი ფასდაკლება ცხადდება, რამდენიმე დღეში "სეილი" 50%-ს აღწევს, ხოლო 12-13 იანვარს მაღაზიები მომხმარებელს 70-80%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ. ამ დროს შოპინგზე უამრავი ადამიანი გამოდის. აქაური ფასდაკლებები არაფრით ჰგავს საქართველოში გამოცხადებულ "სეილებს". ნახევარ ფასად შეგიძლია იყიდო ძალიან კარგი სეზონური ნივთები და არა ისე, როგორც საქართველოში ხდება, როცა ვიტრინაზე ფასდაკლებას გთავაზობენ და დაკლებული ფასი რეალურად მხოლოდ ძველ კოლექციაზე ან არასეზონურ საქონელზე აქვთ", - გვიამბობს ესპანეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ხათუნა შერმადინი.

თუ ევროპასა და აშშ-ში საახალწლოდ სურსათი იაფდება, საქართველოში პირიქით, 25 დეკემბრიდან ფასები საგრძნობლად იზრდება. აგრარულ ბაზრებში აღარავის უკვირს, როცა ფასი მომხმარებლის მატებას ფეხდაფეხ მიჰყვება და როგორც წესი, 30-31 იანვარს პიკს აღწევს. შემდეგ კი თითქმის ყოველ წელს ერთი და იგივე სცენარი ვითარდება - 31-ში საღამოს, მოვაჭრეებს პროდუქციის ნაწილი გაუყიდავი რჩებათ, რადგან კოლოსალური ფასნამატი მრავალი კლიენტის შესაძლებლობებს აღემატება და ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, საქონლის ჩაწოლის შიშით, პროდუქციაზე ფასები მკვეთრად იკლებს.

გასაკვირი ის არის, რომ აგრარულ ბაზრებში ფასწარმოქმნის სპეციფიკა არც ორგანიზებული ვაჭრობისთვის არის უცხო. მომხმარებელი შენიშნავდა, რომ ახალი წლის წინა დღეებში სუპერმარკეტებში ფასები გაიზარდა და მანამდე გამოცხადებული ფასდაკლების აქციები აღარ მოქმედებს. ამ აქციებსაც ერთი უცნაურობა ახლდა - ფასდაკლების პერიოდში არ მოქმედებდა დაგროვებითი ბარათები და მომხმარებელს ფასდაკლების სანაცვლოდ ბონუსების დათმობა უწევდა. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის საცალო ბაზარზე საკმაოდ ბევრი მოთამაშეა, დაკვირვებული მომხმარებელი შენიშნავდა, რომ ფასების განსხვავება მინიმალურია, რაც კონკურენციის შეზღუდვაზე მიუთითებს. როგორც "ეკოპალიტრამ" ამ ბიზნესში კარგად ჩახედული ადამიანებისგან შეიტყო, სურსათის ბაზარზე ვითარების მკვეთრად შეცვლა და უფრო დაბალი ფასებით შემოსვლა "კარფურს" სურდა, მაგრამ კონკურენტებმა არ დაანებეს. ის, რომ მომხმარებლის ინტერესები ჩვენთან უპირატესობას არ წარმოადგენს, ერთი საინტერესო დეტალიდანაც ჩანს.

მომხმარებელი ხშირად უჩივის მსხვილ სუპერმარკეტებში მოლარეების მხრიდან "უყურადღებობას", განსაკუთრებით, მრავალფეროვანი შენაძენისას. ამ "უყურადღებობის" მსხვერპლი მეც არაერთხელ გავმხდარვარ. შეუსაბამობას შენაძენსა და ჩეკში მითითებულ ჩამონათვალს შორის, მომხმარებელი მხოლოდ ჩეკის ყურადღებით გაცნობის შემდეგ თუ შენიშნავს. სამწუხაროდ, ამას მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ ან უკვე შინ ვაკეთებთ და ზედმეტად ჩაწერილი ერთი-ორი პროდუქტის გამო უკან აღარ ვბრუნდებით. თუმცა არავინ იცის, იმ კონკრეტულ დღეს კიდევ რამდენი ადამიანი აღმოჩნდებოდა ნამდვილი თუ ცრუ "უყურადღებობის" მსხვერპლი. ისეთი შემთხვევებიც ხდება, როცა პროდუქციას დახლზე სხვა ფასი აქვს მითითებული და სალაროს ჩეკში სხვა ფასი წერია. სხვათა შორის, ჩეკის ზედმიწევნით გაცნობა სალაროსთან უცხოეთში კარგ ტონად ითვლება და ამის გაკეთებას საკმაოდ შეძლებული ადამიანებიც არ ერიდებიან.

ქეთი ქავთარაძე (გერმანიაში მცხოვრები ქართველი): "გერმანიაში მომხმარებლის კულტია, რამე თუ შეეშალათ, ათას ბოდიშს მოგიხდიან და შეეცდებიან, შეცდომის კომპენსირება დამატებითი მომსახურებით მოახდინონ. რა თქმა უნდა, ჩეკს ყოველთვის გულდასმით ვეცნობი სალაროსთან და როგორი გრძელი რიგიც უნდა იყოს, არავინ მოგაძახებს უკნიდან უტაქტოდ, გაინძერიო.

წლის ამ დროს გერმანიაში უამრავი ტურისტი ჩამოდის. ბევრი ქართველი ვიცი, ვინც საგანგებოდ ამთხვევს თავის ჩამოსვლას გერმანიაში საახალწლო ფასდაკლებებს, რათა შემთხვევით ისარგებლონ და ძალიან კარგი ნივთები შეიძინონ ძალიან კარგ ფასად. თავიდან ფასები 50%-ით ეცემა, შემდეგ მთელი სეზონის განმავლობაში ფასების დაცემა გრძელდება. აქაურმა გამოცდილმა მომხმარებელმა იცის, რომ თუ დიდხანს დაელოდებიან დაბალ ფასს, შესაძლოა სასურველი ნივთი ხელიდან გაუშვან. ამიტომ როგორც კი 50%-იანი ფასდაკლება ცხადდება, განსაკუთრებით პოპულარულ მაღაზიებთან მთელი ღამის განმავლობაში ცოცხალი რიგი დგება, რათა დილით პირველებს ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ზოგჯერ პირველი მყიდველების ნაკადს მაღაზიის კარიც კი შეუტანია. საქართველოში ამას ვერ ნახავთ, რადგან ფასდაკლებები იშვიათობაა. ერთი, რაც მენიშნა გერმანიაში, ის არის, რომ საშობაო და საახალწლო პერიოდში ფასდაკლება არ ცხადდება ძვირად ღირებულ ბრენდებზე, გამონაკლისის სახით, ფასს მხოლოდ ძველ კოლექციებზე ამცირებენ.

გერმანიაში ხალხმრავლობაა საშობაო ბაზრობებზე, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებიდან იწყება და იანვრის 15-მდე გრძელდება. საშობაო ბაზრობებზეც შესაძლებელია იაფად კარგი ნივთების შეძენა, აგრეთვე გართობა და დასვენება. ყველაზე ცნობილი ბაზრობა ნიურნბერგში იმართება, მოდის მოყვარულებს კი შოპინგზე წასვლას მაინც დიუსელდორფში ვურჩევდი".

დაახლოებით ერთი კვირაა, საშობაო ბაზრობები თბილისშიც მოეწყო. მაგალითად, პარლამენტის წინ აღმართულ ნაძვის ხესთან დახლები პირდაპირ ქუჩაშია გაშლილი და ძირითადად ტკბილეულითა და საახალწლო აქსესუარებით ვაჭრობენ. ქართული ბიზნესის თავისებურებიდან გამომდინარე, ფასები აქაც საბაზრო ფასზე ერთიორად ძვირია.

საახალწლოდ ასევე ხურდება ინტერნეტვაჭრობაც. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ვირტუალური შოპინგი დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ასეთ დროს უცხოური საიტები მომხმარებლის ლოიალობის მოსაპოვებლად განსაზღვრულ ნივთებს უფასოდაც არიგებენ, მთავარია, სურვილი გამოთქვა და ე.წ. შიპინგის ფულსაც არ აგანაზღაურებინებენ.

თათული ზაკალაშვილი ("ჰოტსეილ.გეს" მარკეტინგის მენეჯერი): "ერთი თვეა, საახალწლო ფასდაკლებები დავიწყეთ და შემიძლია ვთქვა, რომ "ჰოტსეილ.გე" ონლაინგაყიდვების ლიდერია. უფრო მეტ პროდუქტს, ფასდაკლებებსა და უფრო მრავალფეროვან აქციებს ვთავაზობთ მომხმარებელს და თან უპრეცედენტოდ დაბალ ფასად. ჩვენს საიტზე პროდუქციის მინიმალური ფასდაკლება 50%-დან იწყება, მაქსიმალური კი 90%-ს აღწევს. კარგად იყიდება კონცერტების, თეატრის ბილეთები, ნაძვის ხის აქსესუარები, ფასდაკლების კუპონი თოვლის ბაბუასა და სანტა კლაუსის გამოძახებით მომსახურებაზე. მხოლოდ ერთ დღეში კონცერტის 300 ბილეთი გავყიდეთ. როცა "ფეისბუკზე" 109 ათასი "მომწონებელი" გყავს, ეს გარანტირებულ შედეგს ნიშნავს. სატელევიზიო რეკლამაც რომ გააკეთო, შესაძლოა ამდენ ადამიანს ვერ მიაწვდინო ხმა და თან დიდი ხარჯის გაწევა გიხდება. აქ კი მაქსიმალური ეფექტის მიღებაა შესაძლებელი დამატებითი ხარჯის გარეშე და მომხმარებელიც კმაყოფილია".