ციტრუსის ბაზარზე ბოლო მძიმე წელია?! - კვირის პალიტრა

ციტრუსის ბაზარზე ბოლო მძიმე წელია?!

2013 წლისთვის მეციტრუსეებს რამდენიმე გადამმუშავებელ საწარმოს ჰპირდებიან

ბოლო წლებში საქართველოში ციტრუსის გაყიდვა ძალიან გართულდა. გასაღების ბაზრის სიმწირე, მაღალი საბაჟო გადასახადი, დამამზადებელი პუნქტებისა და საწყობ-მაცივრების ნაკლებობა - ეს იმ დაბრკოლებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ქართველ მეციტრუსეებს აფერხებდათ და დღესაც ასეა. იმედის მომცემია, რომ ქართული ციტრუსი რუსეთის ბაზარზე უკვე შევიდა, - ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. ციტრუსით დატვირთული პირველი კონტეინერი ბელორუსიის გავლით რუსეთში შევიდა, რასაც კიდევ ორი კონტეინერი მიჰყვა. წინა კვირის ბოლოსთვის საქართველოდან, სხვადასხვა ქვეყნის გავლით, რუსეთში 400 ტონამდე ციტრუსი იყო გაყიდული.

სტანდარტული მანდარინის ექსპორტის წასახალისებლად სამინისტრომ დამატებით 1,5 მილიონი ლარი გამოყო, რომელიც აჭარა-გურიის რეგიონისთვის არის გათვალისწინებული. თანხა ციტრუსის ექსპორტის ხელშეწყობას მოხმარდება. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, რომ მთავრობა იმოქმედებს, რათა სხვა პროდუქციასთან ერთად რუსეთის ბაზარზე ციტრუსების შეტანა წლეულსვე მოესწროს. ჩვენ დავინტერესდით, რა ხდება ამ მხრივ აჭარაში, მეციტრუსეობის ტრადიციულ რეგიონში.

როსტომ შერვაშიძე (აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე): - აჭარაში ციტრუსი ძირითადად ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მოჰყავთ. სამწუხაროა, მაგრამ 17 შემფუთავი ქარხნიდან ამჯერად მხოლოდ ექვსი მუშაობს. ძირითადად ჩვენი ციტრუსი უკრაინასა და ბელორუსიაში გადის, თუმცა გასაღების ბაზრები გვაქვს სომხეთში, უზბეკეთში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ავსტრიაშიც კი - ამ ქვეყანაში წლეულს ქართული ციტრუსი უმნიშვნელო რაოდენობით გავიდა, სულ რაღაც 18 ტონა. უკრაინასა და ბელორუსიაში ერთი თვის წინ ვიყავი და იქაური საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან გვქონდა საკმაოდ შედეგიანი მოლაპარაკებები. უკრაინაში თუ ადრე 1 ტონა ციტრუსის შეტანაზე საბაჟო გადასახადი $240 იყო, დაგვიკლეს და ამჟამად უკვე $120-ია, ბელორუსიელები კი 1 ტონაზე უფრო ცოტას - $92-ს გვახდევინებენ. რუსეთთან კავშირის აღდგენაზეც ვმუშაობთ, ვლადიკავკაზის საბაჟოსთანაც გვქონდა მოლაპარაკებები და შეგვპირდნენ, რომ მომავალში ციტრუსების გატანის მხრივ პრობლემა არ გვექნება. ეს პროცესი 2013 წელსაც გაგრძელდება და იმედი გვაქვს, არცთუ უშედეგოდ.

ამირან ბერიძე (შპს "სხალთა 22-ის" დირექტორი): - აჭარაში მანდარინის საბითუმო ფასი წლეულს 40-50 თეთრია. ის, როგორც წესი, ხარისხის მიხედვით დგინდება. არასტანდარტულ, ანუ დაბალი ხარისხის ნაყოფს, რომელიც საექსპორტოდ აღარ გამოდგება, ხელისუფლება 20 თეთრადაც კი იბარებს. წლეულს ძალიან დიდი კონკურენციაა უკრაინის ბაზარზე, რადგან მთელ მსოფლიოში ციტრუსის უხვი მოსავალი მოვიდა, ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზა კი უკრაინაა. ესპანეთი, მაროკო, ტუნისი, პაკისტანი, თურქეთი - ძალიან ბევრ ქვეყანას შეაქვს უკრაინაში ციტრუსი. ძირითად ბაზარზე პროდუქციის სიჭარბემ, ბუნებრივია, ფასის დაცემა გამოიწვია, რადგან ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნილება განაპირობებს მის ფასსაც. თუ რუსეთის ბაზარი გაიხსნება, ეს ძალიან დიდ შეღავათს მისცემს ყველას - ციტრუსის მომყვანსაც და მის რეალიზატორსაც.

ანზორ თხილაიშვილი (აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე): - ციტრუსის წლევანდელი მოსავალი შეიძლება შეფასდეს, როგორც საშუალო. კერძოდ, აჭარაში 56 ათას ტონა მოსავალს ველოდებით. გასაღების მხრივ პრობლემები შეგვექმნა მთელი წყება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო. პირველი: წინა ხელისუფლებას იმ ტრადიციულ ქვეყნებთან, სადაც ჩვენ ციტრუსი შეგვქონდა, ნორმალური ხელშეკრულებებიც კი არ ჰქონდა გაფორმებული. მაგალითად, ისეთ ტრადიციულ ქვეყანასთან, როგორიც უკრაინაა, დაწესებული ჰქონდათ არასასურველი საბაჟო ტარიფი - 1 ტონაზე $240, რაც ჩვენს პროდუქციას ამ ქვეყნის ბაზარზე კონკურენტუუნაროს ხდიდა. საბედნიეროდ, მოლაპარაკებების გზით შევძელით, ეს ტარიფი $120-მდე ჩამოგვეყვანა. ამ ეტაპზე საქართველოდან ექსპორტით უკვე გატანილია 21 ათასი ტონა ციტრუსი, მოგვარებულია სიტუაცია უკრაინასთან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბელორუსიასთან და მეზობელ სომხეთთანაც. სამწუხაროდ, ვერაფრით ვერ მოვაგვარეთ აზერბაიჯანთან საბაჟო გადასახადის საკითხი, იმიტომ რომ თვითონ აზერბაიჯანს აქვს წლეულს ძალიან მაღალი მოსავალი, ამიტომ ეს ქვეყანა ტარიფის აწევით ცდილობს თავისი პროდუქციისა და ბაზრის დაცვას. აზერბაიჯანი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენთვის კიდევ იმიტომ, რომ ბოლო წლებში სწორედ აზერბაიჯანის გავლით გადის ციტრუსი საქართველოდან რუსეთში.

- წლეულს ციტრუსის ფასი შედარებით დაბალია, რამ გამოიწვია ეს?

- პირველ რიგში იმან, რომ ციტრუსის მწარმოებელ ქვეყნებში არნახულად მაღალი მოსავალია. მეორე, ბევრია ე.წ. არასტანდარტული მოსავალი, რაც შხამქიმიკატების უხარისხობით, ან არასწორი გამოყენებით არის გამოწვეული. ასე რომ, ფასების კლება წლეულს ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. აჭარის მთავრობა ცდილობს, როგორღაც გამოასწოროს არსებული სიტუაცია: კერძოდ, ქობულეთში გაიხსნა არასტანდარტული ნაყოფის მიმღები ქარხანა, რომელიც 12 თეთრს იხდის 1 კილოგრამ ნაყოფში, ხოლო სახელმწიფო ამ მოსავლის 8-თეთრიან სუბსიდირებას ახდენს, ანუ 1 კილოგრამს იბარებს 20 თეთრად. ციტრუსის ჩაბარებაში არის შეფერხებები, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ ეს სეზონი ნორმალურად წარვმართოთ. იმედის მომცემია ისიც, რომ ჩვენი ციტრუსი წლეულს რუსეთშიც გავიდა, მაგრამ ამავე დროს მოხმარება ქვეყნის შიგნითაც უნდა გაიზარდოს. ამიტომ, გაისად ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონებში უზარმაზარი სამაცივრე კომბინატების აგება იგეგმება, სადაც ფერმერები თავიანთ პროდუქციას შეინახავენ. იგეგმება აგრეთვე ხილის გადამმუშავებელი ქარხნების მშენებლობა შუახევსა და ხულოში. ეს იქნება საკმაოდ კომპაქტური და ძლიერი ქარხნები. ახალი, 2013 წლისთვის პირობას გაძლევთ, რომ ამჟამინდელი პრობლემები ჩვენს მეციტრუსეებს აღარ ექნებათ.

ციფრების ენით

- ოზურგეთის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურში ცომმერსანტ.გე-ს შეატყობინეს, რომ არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების ფასი 10 თეთრია, საშუალო ხარისხის - 45-50 თეთრის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მაღალი ხარისხის მანდარინს გურიაში 80 თეთრად იბარებენ.

- აჭარის ტელევიზიას ქობულეთელმა ფერმერებმა განუცხადეს, რომ კარგ მანდარინში, რომლისთვისაც შარშან 2 ლარს უხდიდნენ, ახლა 0,50-ს სთავაზობენ. მოსავალი ბევრი არის და უხარისხო ნაყოფიც საკმაოდ ბევრია.

ხათუნა ჩიგოგიძე