ვინ რამდენს მოიგებს დენის გაიაფებით - კვირის პალიტრა

ვინ რამდენს მოიგებს დენის გაიაფებით

საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და წინასაარჩევნოდ გაკეთებული დაპირების – დენის გაიაფების შესრულება დაიწყო. „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 27 დეკემბრის სხდომაზე ცვლილებები შეიტანა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ #33 დადგენილებაში და სს „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები შეამცირა. ელექტროენერგიაზე უცვლელი დარჩა საფასური კახეთის რეგიონში. როგორც განმარტავენ, კახეთის სადისტრიბუციო კომპანია გაკოტრების რეჟიმში მუშაობს და ტარიფის დაკლება კომპანიის კატასტროფას გამოიწვევდა. ამიტომ მთავრობა კახეთის მოსახლეობისთვის სხვა შეღავათის მოფიქრებას აპირებს. სავარაუდოდ, მოხდება სუბსიდირება.

ახალი ტარიფი 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. 1 კვტ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ფასი 3,54 თეთრით იაფდება იმ აბონენტებისთვის, ვინც თვის განმავლობაში 300 კვტ-ზე ნაკლებს მოიხმარს.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ტარიფებს ცვლილებები აქამდეც შეეხო, როცა თბილისელი აბონენტებისთვის ელექტროენერგიაზე მიბმული დასუფთავების საფასური განახევრდა. 1-ლი ნოემბრიდან ხუთი თვის განმავლობაში თბილისელები ყოველ მოხმარებულ კილოვატსაათზე 5 თეთრის ნაცვლად 2,5 თეთრს გადაიხდიან. ასე რომ, სანამ დენისა და ნაგვის საფასური განცალკევდება, თბილისელებს დასუფთავება ორჯერ იაფი დაუჯდებათ. დასუფთავებაზე „ზამთრის ტარიფით“ აბონენტი, ვინც თვეში 100 კვტ-ს მოიხმარს, 2,5 ლარს დაზოგავს, 200 კვტ-ის მომხმარებელი - 5 ლარს და ასე შემდეგ.

მას შემდეგ, რაც მთავრობამ „თელასსა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ მიაღწია ჯერჯერობით სამთვიან შეთანხმებას, 2013 წლის 1-ლი იანვრიდან დენის ტარიფი შემცირდება. „თელასის“ აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კვტ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ-ის საფასური 13,48 თეთრის ნაცვლად 9,94 თეთრი იქნება. ვინც 101-დან 301 კვტ-მდე დახარჯავს, მისთვის ტარიფი 16 თეთრის ნაცვლად 12,46 თეთრი გახდება. ხოლო 301 კვტ-ზე მეტის მომხმარებელი აბონენტისთვის ელექტროენერგიის საფასური 17,70 თეთრი რჩება. კომპანია „ენერგო-პროს“ აბონენტები ხარჯებს იმავე ზღვრებში გადაიხდიან 1 კვტ-ზე: 9,44 თეთრს (ნაცვლად 12,98 თეთრისა), 12,98 თეთრსა (16,52 თეთრის ნაცვლად) და 17,50 თეთრს (დარჩა უცვლელი).

შესაბამისად, აბონენტების იმ კატეგორიას, რომლებიც თვეში 300 კვტ-ზე ნაკლებს მოიხმარენ, თვეში 3,54 ლარის დაზოგვის საშუალება უჩნდებათ. ხელისუფლების მტკიცებით, თვეში 300 კვტ-ზე ნაკლებს მოსახლეობის 90% მოიხმარს და შეღავათი აბსოლუტურ უმრავლესობას შეეხება.

საპარლამენტო უმცირესობამ დანაზოგის სიმცირეს გაუსვა ხაზი, ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 3,54 ლარის ეკონომია ამომრჩევლის მოტყუებაა და თავისი მთავრობის დაპირება გაიხსენა დეკემბერში 1000-ლარიანი ვაუჩერის ყველა ოჯახისთვის გადაცემის შესახებ. მერაბიშვილის ანგარიშით, ვაუჩერის თითო თვეზე გადათვლით, ყოველი ოჯახი 23 ლარის შეღავათს მიიღებდა. თუმცა ვაუჩერები რომ ციდან არ ცვივა და ბიუჯეტი ფარავს, საიდუმლო არ არის. ამიტომ ვაუჩერის დარიგება ტვირთად სახელმწიფოს აწვება და მდიდარიც და ღარიბიც ბიუჯეტის ხარჯზე მიიღებდა დენს, რაც სოციალური სამართლიანობის მხრივ უაზრობაა. ენერგოკომპანიებისთვის კი არაფერი იცვლება – მათ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს დაუფარავდნენ.

ბოლო გაიაფებით კი იცვლება მუშაობის პირობები გამანაწილებელი კომპანიებისთვის. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი სამი კომპონენტისგან - გენერაციის, გადაცემისა და დისტრიბუციისგან შედგება. როგორც კალაძე ამბობს, ტარიფის შემცირება, შეთანხმების მიხედვით, გამანაწილებელი კომპანიების შემოსავლისა და დასაბანდებელი ინვესტიციების ხარჯზე მოხდა.

მთავრობა გვაიმედებს, რომ სამი თვის შემდეგ დენის ტარიფი კიდევ უფრო შემცირდება. თუმცა ჯერჯერობით პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - თუ გამანაწილებელ კომპანიებს ინვესტიციის საშუალება აღარ ექნებათ, მაშინ ვინ გამოცვლის მწყობრიდან გამოსულ კაბელებს თუ აფეთქებულ ტრანსფორმატორებს. ასეთი რამ თბილისში (და დანარჩენ საქართველოშიც) ათიოდე წლის წინ ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ.

რას მოიმოქმედებენ ენერგოკომპანიები? საზოგადოდ, ბიზნესი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ ყოველთვის სუსტის პოზიციაშია. მაგალითად, ვენესუელის პრეზიდენტმა ქვეყანაში ეკონომიკის საკვანძო სექტორების ნაციონალიზაცია მოახდინა. მსგავსი მოწოდებები არჩევნების დროს საქართველოშიც აქა-იქ გაისმა... იმედია, რაც გვინახავს, იმავეს ნახვა არ მოგვიწევს და ტარიფის დაპირებული მორიგი შემცირება ისე დაიგეგმება, რომ დარგის განვითარება-შენარჩუნებას რამე საფრთხე არ შეექმნება. დათქმული სამი თვის შემდეგ ენერგოდისტრიბუტორებსაც მეტი ექნებათ სათქმელი იმის შესახებ, ქმნის თუ არა პრობლემას შემცირებული ტარიფები. თუმცა `ინტერ რაოს~ წარმომადგენლები საქართველოში უკვე ჩამოდიან და შესაძლოა, სიახლეები ამ დღეებშივე შევიტყოთ. იყო დრო, დენის განაწილება მომგებიანი ბიზნესი არ იყო და ამ ფუნქციის შესრულებას სახელმწიფო ცდილობდა. რა ენერგომომარაგება იყო ქვეყანაში, ძნელი გასახსენებელი არ არის.