ანტიმონოპოლური სამსახურის შექმნამდე, მეწარმეებს უკვე შეუძლიათ დახმარების მოთხოვნა - კვირის პალიტრა

ანტიმონოპოლური სამსახურის შექმნამდე, მეწარმეებს უკვე შეუძლიათ დახმარების მოთხოვნა

ეკონომიკის სამინისტროში ანტიმონოპოლიური ცხელი ხაზი ამოქმედდა - მათთვის, ვინც სხვადასხვა კარტელური შეთანხმების გამო ვერ ახერხებს ბაზარზე შემოსვლასა და საქმიანობას. ყოველდღიურად ცხელ ხაზზე ათეულობით ზარი შედის, თუმცა ხშირად სულ სხვა შინაარსისა. სამინისტროში ამბობენ, რომ კონკურენციის სააგენტოს შექმნამდე ბიზნესმენების მხარდასაჭერად სამინისტროში, მინისტრის ხელმძღვანელობით, ჯგუფი იმუშავებს. ბაზარზე კარტელური ურთიერთობებისა და მონოპოლიების მოშლა, როგორც ჩანს, სწრაფად ვერ მოხერხდება.

გიორგი ციკოლია (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი): "როგორც ნებისმიერ ცხელ ხაზზე, აქაც მოქალაქეებს შეუძლიათ თავიანთი პრობლემები, წამოჭრილი კითხვები ხელისუფლების ყურამდე მიიტანონ. უმეტესად ითხოვენ დამატებით დაფინანსებას სახელმწიფოსგან. ზოგს ბიზნესის განვითარებისთვის ტრეინინგი, საინფორმაციო ხასიათის დახმარება სჭირდება. არის ზარები პრობლემურ სესხებთან დაკავშირებითაც. მაგალითად, როცა ბიზნესს ბანკიდან სესხი აქვს აღებული, გადახდის პრობლემა უდგას და დახმარებას სახელმწიფოსგან ელის. ყველა ეს საკითხი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და მტკივნეულია, მაგრამ უშუალოდ არ ეხება თემას, რისთვისაც ეს ცხელი ხაზი შეიქმნა. ჩვენი პირველი და უმთავრესი ამოცანაა, გამოვავლინოთ პრობლემები, რომლებიც მონოპოლიასა და ანტიმონოპოლიურ საქმიანობას ეხება და ჩვენი მხრიდან, განსაზღვრული დახმარება გავუწიოთ ბიზნესს ამ მიმართულებით. ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო მეტად გაიხსნას ბაზარი და ბიზნესსაქმიანობისთვის მეტი რესურსი და შესაძლებლობა გაჩნდეს.

ანტიმონოპოლიურ ცხელ ხაზზე დღეში საშუალოდ 30-35 ზარი შემოდის და აქედან 3-5% თუ ეხება მონოპოლიურ საქმიანობას ან კარტელურ გარიგებებს. არის ზარები, როცა ბიზნესს პრობლემა აქვს ქვეყანაში განსაზღვრული ტიპის ტვირთის შემოტანასთან დაკავშირებით, ჩივიან საბაჟო სამსახურთან არსებულ პრობლემებზეც. ასეთი რამ შესაძლოა არაპირდაპირ, მაგრამ დაკავშირებული იყოს მონოპოლიურ საქმიანობასთან.

ეკონომიკის სამინისტროში ახლად შექმნილი ჯგუფი, ცხელ ხაზზე შემოსული ზარების გაანალიზების შემდეგ, უკვე მიმდინარე კვირიდან უშუალოდ დაუკავშირდება და მოუსმენს იმ ადამიანებს, ვისაც ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით, მონოპოლიური სუბიექტების მხრიდან პრობლემები შეექმნათ. თუ ამბავი დადასტურდება, ინფორმაციას მინისტრს მივაწვდით და მისი უშუალო ხელმძღვანელობით შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება. რეაგირების გარეშე არც ერთი ასეთი ზარი არ დარჩება. ხოლო თუ შემოსული ზარის საფუძველზე გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნება".

შალვა გოგიაშვილი (ეკონომიკის დოქტორი, სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე): "ცხელი ხაზი აწ გაუქმებულ ანტიმონოპოლიურ სამსახურში ძირითადად მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეკლამის რეგულირების სფეროს ემსახურებოდა. დროებით ასეთი სამსახურის შექმნა შეიძლება, სანამ უწყება ჩამოყალიბდებოდეს (და ის აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს). საბოლოოდ კი არ არის აუცილებელი ველოსიპედის ხელახლა გამოგონება. ყოველდღიური ზარები, რომ სადღაც რაღაც დაირღვა, ანტიმონოპოლიური ორგანოსთვის არ უნდა იყოს დამახასიათებელი, რადგან ეს რთული, შრომატევადი საქმეა და შედეგიც ძნელად მოდის. უნდა გავიზიაროთ ანტიმონოპოლიური სახელმწიფო უწყებების მუშაობის მსოფლიო გამოცდილება. არსებობს კონკურენციის სააგენტოები, ანტიკარტელური, ანტიმონოპოლიური სამსახურები - სახელს მნიშვნელობა არ აქვს; მთავარია, შესაბამისი უფლებამოსილებებით იყვნენ აღჭურვილი.

მონოპოლიური გაერთიანებების გამოვლენა და მათ მიმართ ზომების მიღება ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ კომპეტენციას საჭიროებს. აუცილებელია ბაზრის ღრმა და საფუძვლიანი ანალიზი, რასაც დიდი დრო, ენერგია და საგანგებოდ მომზადებული ხალხი სჭირდება. ადამიანური რესურსი, შესაძლოა, ერთბაშად ვერ იქნეს მოძიებული, მაგრამ როცა დასავლეთში დაინტერესებული არიან ჩვენს ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის ჩამოყალიბებით, შესაძლოა, მათ იკისრონ კადრების მომზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება. რაც მთავარია, სახელმწიფო ნება უნდა არსებობდეს. როგორი ძლიერი ანტიმონოპოლიური სამსახურიც უნდა შექმნა, თუ პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომელიც მას დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას მიანიჭებს, შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდება. ანტიმონოპოლიურ სამსახურს ძალიან დიდ კაპიტალთან მოუწევს ბრძოლა და ხელისუფლების მხრიდან საგრძნობი მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაუჭირდება.

საკმაოდ პრობლემურია აგრეთვე მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ვფიქრობ, რომ უწყების ჩამოყალიბება ამ მიმართულებითაც საჭიროა. გვაქვს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, მაგრამ სახელმწიფო სამსახური, რომელიც ამ დაცვას უზრუნველყოფდა - არა. იმ მოტივით, რომ მოქალაქეებს თავად შეუძლიათ თავიანთი უფლებები სასამართლოში დაიცვან, სახელმწიფომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგულირებაზე უარი თქვა. ამიტომ მგონია, რომ პირველ ეტაპზე, მანამ, სანამ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია დამკვიდრდება, საჭიროა სახელმწიფოს ზრუნვა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებითაც. შემდგომ კი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საუკეთესო გარანტი სწორედ კონკურენციაა. სადაც კონკურენციაა, იქ ხარისხი და ფასი ავტომატურად რეგულირდება".