მცირე და საშუალო ბიზნესისთვის წნეხი შემსუბუქდა - კვირის პალიტრა

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის წნეხი შემსუბუქდა

"მეწარმემ დარღვევისთვის პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ჯარიმამ წელში არ უნდა გაწყვიტოს"

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში საკმაოდ ბევრი ცვლილება შეიტანა. ინიციატივის პარლამენტში დამტკიცებამდე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრას ოცამდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. როგორც სამინისტროში ამბობენ, ბევრი ინიციატივა ბიზნესმენთა უშუალო მონაწილეობით მომზადდა.

ხათუნა ივანიშვილი (ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი): - ცვლილებების მიზანი საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწაა. მთავარი კი მაინც ის არის, რომ ყველა ორაზროვანი მუხლი დაზუსტდება. ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს მთავრობა ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი კომფორტი შეუქმნან გადამხდელებს და მათთან ითანამშრომლონ. თუმცა ეს არ უნდა აღიქმებოდეს ადმინისტრირების შესუსტებად. აღარ იქნება არც ერთი პრივილეგირებული გადამხდელი. ამის პირობას ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დებს.

რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს - დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის მინიმალური სანქცია 200 ლარიდან 50-მდე შემცირდა.

საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმა 500-დან 200 ლარამდე შემცირდა, ამასთან, წესების დარღვევის პირველად გამოვლენისას საგადასახადო ორგანოები გაფრთხილებით შემოიფარგლებიან.

სასაქონლო ზედნადების გარეშე საქმიანობის პირველად გამოვლენისას 1000 ლარის ნაცვლად მეწარმე 500 ლარით დაჯარიმდება. ზედნადების გარეშე განმეორებით საქმიანობისთვის სანქცია არა 10 ათასი, არამედ 5 ათასი ლარი იქნება. საურავის ოდენობა კი 0,07%-დან 0,06%-მდე მცირდება. საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის მაქსიმალური ზღვარი 1500 ლარი იყო, ახლა კი წესდება 1000-ლარიანი ჯარიმა, ყოველ დაგვიანებულ დღეზე გადამხდელს 100 ლარის ნაცვლად 50-ის გადახდა მოუწევს.

საგადასახადო დავალიანების იძულებით გადახდევინება საგადასახადო დავის დასრულების შემდეგ დაიწყება. ხოლო საგადასახადო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, საქართველოს მთავრობა მიიღებს. სამი წლით გაიზრდება საგადასახადო დავალიანების გადავადების ერთწლიანი ვადა.

ირაკლი ლექვინაძე ("ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" დირექტორი): - საგადასახადო კოდექსის ნებისმიერი ლიბერალური ცვლილება მისასალმებელია. ეს დიდი პრობლემა იყო, თითქმის ყველა გადამხდელს შეუსაბამოდ მაღალი ჯარიმები ეკისრებოდა. კანონი განსაკუთრებით მკაცრი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ. ფინანსთა მინისტრი გვპირდებოდა კანონმდებლობის შეცვლას და კარგია, რომ ეს შესრულდა. კანონის შერბილება დადებითი ნაბიჯია, თუმცა ზოგიერთი საკითხი უფრო მეტ ჩაღრმავებასა და შესწავლას მოითხოვს. მაგალითად, ინდმეწარმეების პრობლემები... მეწარმეს, შესაძლოა, დარღვევა აღმოაჩნდეს და ამის გამო პასუხი აგოს, მაგრამ ისეთი ჯარიმა არ უნდა დაეკისროს, რომელიც წელში გაწყვეტს. იმედია, მომავალში საგადასახადო სამსახურების მიზანი დაჯარიმება და ვიღაცის გამოჭერა კი არა, პრევენცია იქნება.

- შეღავათები ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესს შეეხება...

- დიახ, ეს მეწარმეები ძირითადად საცალოდ ვაჭრობენ, სალაროს აპარატებთან დაკავშირებული დარღვევები ძირითადად სწორედ იქ გვხვდებოდა და ასეთი ჯარიმებით სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი იწნეხებოდა. მსხვილ ბიზნესს ეს პრობლემა ნაკლებად ეხებოდა, სამაგიეროდ ძალიან ხშირი იყო შემოწმებები, რევიზიები, რაც საკმაოდ ართულებდა მსხვილი კომპანიების მუშაობას, ჯარიმები აქაც საკმაოდ დიდი იყო. ლიბერალიზაცია მსხვილ ბიზნესსაც უნდა შეეხოს, ცვლილებები ორივე მიმართულებით უნდა განხორციელდეს. საგადასახადო ორგანომ კონსულტაციები უნდა გაუწიოს ბიზნესს და ითანამშრომლოს მასთან, რაც სულაც არ გამორიცხავს სამართლიან, მაგრამ მკაცრ ადმინისტრირებას.

რამდენიმე ცვლილება

- ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებები სხვა ტიპის გადასახადებსაც შეეხო. კერძოდ: მიწაზე ქონების წლიური საბაზისო გადასახადი, მთავრობის დადგენილების ნაცვლად, კანონით განისაზღვრება; საგადასახადო დავალიანების გადავადების უზრუნველსაყოფად შესაძლებელი იქნება გადამხდელის ქონების იპოთეკით დატვირთვა.

- 2012 წლის ბოლოს ანაზღაურებულად მიიჩნევა და გადახდის წყაროსთან დაიბეგრება მხოლოდ 2006-2007 წლებში გამოქვითული და აუნაზღაურებელი პროცენტები. რაც შეეხება 2008-2010 წლებში გამოქვითულ პროცენტებს, ისინი 2013-2015 წლებზე გადანაწილდება.

- თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების ვადა გაგრძელდება 2014 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო თამბაქოს ნაწარმის იმპორტისა - 2013 წლის 1-ელ ივლისამდე.

ხათუნა ჩიგოგიძე