საფრანგეთი მდიდრებს აფრთხობს - კვირის პალიტრა

საფრანგეთი მდიდრებს აფრთხობს

ბიუჯეტის შევსების ასეთ გზაზე საქართველომ უარი 10 წლის წინ თქვა

2012 წელი თავისი გზით წავიდა, მაგრამ ევროპიდან წასვლას არ აპირებს ეკონომიკური კრიზისი. ევროზონის დიდი მოთამაშე, საფრანგეთი, საბიუჯეტო პრობლემებსა და უმუშევრობას ამჯერად სოციალისტი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის რეცეპტით შეებრძოლება. თუმცა რა გამოვა აქედან, ოლანდის მომხრეებმაც არ იციან.

პრეზიდენტი აპირებს, ფრანგი მილიონერების ხარჯზე საბიუჯეტო დეფიციტი აღმოფხვრას და ქვეყანაში ცხოვრება საამური გახადოს. თუ პარლამენტმა ოლანდის გეგმა დაამტკიცა, 2013 წელს ყველა ფრანგი, ვისაც 1 წლის განმავლობაში 1 მილიონ ევროზე მეტი შემოსავალი ექნება, საშემოსავლო გადასახადის გვარიანად გაზრდილი განაკვეთით " 75%-ით დაიბეგრება.

თუ გავიხსენებთ, რა ხდებოდა საქართველოში 2003 წლის დეკემბერში, ოლანდის გეგმასთან პარალელების გავლება შეიძლება. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ დანატოვარი ეკონომიკური ვითარების გამოსწორება ახალი საგადასახადო პოლიტიკით სცადა. პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, სხვა ინიციატივებთან ერთად, ახალი გადასახადის შემოღების იდეა წამოაყენა. მისი გადახდის საფუძველი „სიმდიდრის გარეგნული ნიშნები“ უნდა ყოფილიყო. ატყდა ერთი ამბავი, ახალი ხელისუფლება ბოლშევიკურ წარსულში მიგვაქანებს და სადაცაა „განკულაკებები“ დაიწყებაო. თან მთავრობაში ისიც ვერ დააზუსტეს, მხოლოდ გარეგნობით როგორ უნდა დაედგინათ, შინ რა ღირებულების ავეჯი ჰქონდა პატრონს; ზოგს შემოსავალი მილიონები ჰქონდა, მაგრამ „გარეგნულად შესამჩნევს“ არაფერს ფლობდა და უსამართლო გამოდიოდა მხოლოდ მათი დაბეგვრა, ვისაც დიდი სახლი ჰქონდა, მაგრამ შემოსავალი არც არაფერი გააჩნდა.

ინიციატივის მხარდაჭერა პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ სცადა და განაცხადა, მოდით, ამ გადასახადს „სოლიდარობის გადასახადი“ დავარქვათ და რომელი მდიდარი ადამიანიც გადაიხდის, მას სიამაყის გრძნობაც დაეუფლებაო. საინტერესოა, რომ იმავე აზრის იყო ფინანსთა დღევანდელი მინისტრი ნოდარ ხადური. მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მაშინდელი ხელმძღვანელის, ჯაბა ებანოიძის კომენტარი კი ასეთი იყო: „დღემდე ვიცოდი, რომ მთავრობა სიღარიბის დაძლევის პროგრამას ამუშავებდა, რომელიც ახლა სიმდიდრის დაძლევის პროგრამაში გარდაიქმნა“.

საბოლოოდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ თავი კომიკურ ვითარებაში არ ჩაიგდო და არ შემოიღო ისეთი გადასახადი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რომლის ზუსტად ადმინისტრირებაც შეუძლებელი იქნებოდა...

იცნობს თუ არა საქართველოს უახლეს ისტორიას, ოლანდი თავისას განაგრძობს. საკონსტიტუციო სასამართლომ სოციალისტი პრეზიდენტის ინიციატივა უკანონოდ აღიარა, თუმცა ოლანდი არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას. საახალწლო სატელევიზიო მილოცვისას ოლანდმა თანამემამულეებს უთხრა, რომ კანონპროექტი გადაიხედება და პარლამენტში განსახილველად კვლავ შევა. თუმცა საფრანგეთის ლიდერს აღარ უხსენებია 75%-იანი განაკვეთი, ამიტომ გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, გადასახადის განაკვეთი შემცირდეს.

ოლანდს კი უკვე მომხრეებიც აკრიტიკებენ. მათ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილებების მისაღებად გამბედაობა არ ჰყოფნის. მისი რეიტინგი ყველაზე დაბალია მაისის შემდეგ, როცა პრეზიდენტის სავარძელი დაიკავა.

გადასახადების მნიშვნელოვნად გაზრდა მათთვის, ვისი შემოსავალიც წელიწადში 1 მილიონ ევროს აჭარბებს, ოლანდის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამგვარ გეგმებს ბიზნესის მხრიდან დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა, ზოგიერთი მდიდარი ფრანგი კი ქვეყნიდანაც გადაიხვეწა. ოლანდის გეგმები მკაცრად გააკრიტიკეს როგორც ბიზნესმენებმა, ასევე ოპოზიციის მემარჯვენე ფრთამ.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, საფრანგეთის პრეზიდენტი მაინც შეარბილებს აღებულ ეკონომიკურ კურსს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრანგებს დასაბეგრი მილიონერები გაექცევიან. საფრანგეთის უმდიდრესმა ადამიანმა და „ფორბსის“ სიით პლანეტის მეოთხეადგილოსანმა მილიარდერმა ბერნარ არნომ ($41 მილიარდი) ბელგიის მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტა. საფრანგეთის მოქალაქეობა აღარ მოისურვა ცნობილმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ. თავიდან მასაც ბელგიის მოქალაქეობა სურდა, მაგრამ ბოლოს გაირკვა, რომ რუსეთის მოქალაქე გახდა.

საქართველოსთვის კიდევ ერთი მხრივ არის ნიშანდობლივი ოლანდის ინიციატივა " ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი პრემიერ-მინისტრია. მისი ქონება იმავე `ფორბსმა~ შარშან $6,4 მილიარდად შეაფასა. დარჩება თუ საქართველოს მთავრობის მეთაური საფრანგეთის მოქალაქედ, როცა საქმე მისი შემოსავლის 75%-ით დაბეგვრას ეხება, ეს უკვე ჩვენთვის უცნობია.